არჩევნები რუსეთში - პუტინის პარტია იმარჯვებს, Google და Apple რუსული ოპოზიციის წინააღმდეგ
არჩევნები რუსეთში – სახელმწიფო დუმის არჩევნებში, მოლოდინისამებრ სახელისუფლებო პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების თანახმად, დუმაში კიდევ ოთხი პარტია იქნება წარმოდგენილი. არჩევნების წინ, რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, მოსახლეობისთვის ინტერნეტში ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდა და ამაში მას მსოფლიო გიგანტები, Google და Apple დაეხმარნენ.
რუსეთში, სამდღიანი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი, 19 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, მმართველმა პარტიამ, დაახლოებით, ხმების 43% მიიღო. დუმაში შედიან ასევე კომუნისტური პარტია 23%-ით, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია – 8.7% და სამართლიანი რუსეთი – 7%.
- ნავალნი, უკრაინა, კიბერთავდასხმები – რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა პირველი ოფიციალური შეხვედრისას
- მოსაზრება: რატომ არ გამოდიან ქართველები ქუჩაში?
„ტრადიციული“ საპარლამენტო პარტიების გარდა, დუმაში შეიძლება შევიდეს ცოტა ხნის წინ შექმნილი პარტია „ახალი ადამიანები“, რომელიც ბიზნესმენმა ალექსეი ნიჩაევმა შექმნა. ხმების 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, ამ პარტიას, დაახლოებით, 7% ჰქონდა.
ამავდროულად, ტელეგრამ-არხები აქვეყნებენ „არაოფიციალური ეგზიტპოლების“ შედეგებს, რომლის თანახმადაც, ახალ სახელმწიფო დუმაში „ერთიანი რუსეთი“ 47%-ს იღებს, კომუნისტური პარტია – 19%-ს. მათ გარდა პარლამენტში ასევე ხვდებიან „რუსი კომუნისტები“ და „პენსიონერების პარტია“, ასევე, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, „ახალი ადამიანები“, „სამართლიანი რუსეთი“ და „იაბლოკო“.
არჩევნები რუსეთში – Google და Apple რუსული ოპოზიციის წინააღმდეგ
სახელმწიფო სათათბიროს ეს არჩევნები რუსეთში უპრეცედენტოდ იქცა არა თავისი შედეგებით და კენჭისყრის მიმდინარეობით, არამედ იმით, რომ არჩევნების წინ, ხელისუფლებამ პირველად მოახერხა მოქალაქეებისთვის ინტერნეტში ინფორმაციაზე წვდომის საგრძნობი შეზღუდვა.
როგორც რუსული „ნოვაია გაზეტა“ იტყობინება, 16 სექტემბრის საღამოს „რუსული ინტერნეტისთვის ისტორიული მოვლენა მოხდა“: მსხვილმა პროვაიდერებმა დაიწყეს Google Docs-ის დაბლოკვა, რომელიც საკვანძო ინსტრუმენტია იმ დოკუმენტებთან სამუშაოდ, რომელსაც რუსეთში თანამედროვე ბიზნესებში ჩართული მილიონობით ადამიანი იყენებს – მარკეტინგიდან დაწყებული, განათლებით დამთავრებული.
Google-ის დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ სწორედ ამ პლატფორმაზე გამოაქვეყნეს რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა „ჭკვიანი კენჭისყრის“ შედეგები – რეკომენდაციები მოქალაქეთა კონსოლიდირებული საპროტესტო ნების შესახებ.
„ჭკვიანი კენჭისყრის“ არსი, რომელიც ნავალნის მხარდამჭერებმა ჯერ კიდევ 2019 წელს შეიმუშავეს – „საპროტესტო ხმების“ მობილიზებაა ოპოზიციის იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელსაც გამარჯვების შედარებით მეტი შანსი აქვს. თანაც, აუცილებელი არ არის, რომ ეს კანდიდატი დემოკრატიული ოპოზიციის შეხედულებებს უჭერდეს მხარს.
მთავარი – „ერთიანი რუსეთის“ ხელისუფლებაზე მონოპოლიის დანგრევაა. თუნდაც, ის დაამარცხოს ე.წ. სისტემური ოპოზიციის წარმომადგენელმა, რომელსაც ხელისუფლება არჩევნებზე უშვებს.
თავად ნავალნის, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ასევე მის მხარდამჭერებს, არჩევნებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ შეუძლიათ. მათ პარტიად არ არეგისტრირებენ, ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციები კი ექსტრემისტულად არის გამოცხადებული და აკრძალულია.
ამიტომ, „ჭკვიანი კენჭისყრით“ ექსპერტები არკვევენ ამა თუ იმ რეგიონში სხვა პარტიებიდან ყველაზე უფრო სასურველი კანდიდატის ვინაობას, რომელსაც სახელისუფლებო პარტიის დამარცხება შეუძლია და ამომრჩეველს სწორედ მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ.
ყველაზე სადავო და რუსული ოპოზიციისთვის მტკივნეული აღმოჩნდა მსოფლიო გიგანტების, Google-ისა და Apple-ის გადაწყვეტილება, წაეშალათ Google Play-დან და App Store-იდან აპლიკაცია „ნავალნი“.
ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ივან ჟდანოვმა გამოაქვეყნა Apple-ს განმარტება. კომპანია ამბობს, რომ აპლიკაციის დაბლოკვის მიზეზი გახდა ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, რუსეთის ხელისუფლების ვერსიით, აპლიკაცია „რუსეთში აკრძალულ კონტენტს“ შეიცავს და „არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობას იძლევა“.
ჩაყრა, „კარუსელები“, ახალი პასპორტები
ოპოზიცია და დამკვირვებლები სამდღიანი კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებული უამრავი დარღვევის შესახებ იტყობინებიან. მათ შორის, არაერთგზის ხმის მიცემაზე – ე.წ. კარუსელებზე, ხმის მიცემის იძულების ნიშნებზე, საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრაზე, დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლასა და საჩივრების განხილვაზე უარის თქმაზე.
გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იტყობინება, დაახლოებით, 200 ადამიანის შესახებ, რომლებიც არჩევნების პირველ დღეს უკრაინული დონბასიდან როსტოვის ოლქის ქალაქ კრასნი სულინში ჩაიყვანეს. ბევრ მათგანს პასპორტი პირდაპირ ხმის მიცემის წინ გადასცეს.
კემეროვოში, საარჩევნო უბანზე განთავსებულმა კამერამ ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი დააფიქსირა – ქალი, კამერებისგან ხელის დაფარვას ცდილობს და ურნაში ფურცლების დასტას აგდებს.
პუტინის ხმის მიცემა
17 სექტემბერს გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხმას ონლაინ აძლევს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კრემლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მისი გარემოცვიდან ბევრი დაავადდა კორონავირუსით.
პუტინის ხმის მიცემის კადრებმა სოციალური ქსელების მომხმარებლები შეაშფოთა. მაგალითად, ვიდეოში გამოტოვებულია SMS-ით სავალდებულო იდენტიფიკაციის მომენტი. და, რადგან პრეზიდენტი საჯაროდ აცხადებდა, რომ მას მობილური ტელეფონი არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებსავარაუდოა, მას საიდენტიფიკაციო კოდი პირად ნომერზე მიეღო. კრემლში ფაქტების ამ შეუსაბამობის ახსნას იმით შეეცადნენ, თითქოს პუტინმა თანაშემწის ტელეფონით ისარგებლა.
გარდა ამისა, ჩანაწერში ჩანს პრეზიდენტის საათი Blancpain Leman Grande Date: ციფერბლატის ქვედა ნაწილში არსებულ კალენდარზე მითითებულია 10 რიცხვი. ამავე დროს, ვიდეო გამოქვეყნდა კენჭისყრის პირველ დღეს, 17 სექტემბერს. პრეზიდენტს 10 სექტემბერს ხმის მიცემა არ შეეძლო – წინასწარი ონლაინხმის მიცემა ამ წელს გათვალისწინებული არ იყო.
პრეზიდენტის პრესმდივანმა საათზე არასწორი თარიღი იმით ახსნა, რომ პუტინი ამ ფუნქციით არ სარგებლობს.