ქალები ერაყიდან
ჩვენ სამი ერაყელი ქალის ისტორია მოვისმინეთ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. რას გამოექცნენ, რაზე ფიქრობენ და რაზე ოცნებობენ.
იფთისამს, ჰაიამს და ნადიას ვთხოვეთ აერჩიათ სამი ნივთი, რომელიც მათ წარმოდგენაში ასოცირდება სამ კონკრეტულ სიტყვასთან – სამშობლო, საქართველო, ოცნება.
იფთისამ ალსურაი
“2012 წლის 26 სექტემბრი. ძალიან ცხელოდა. დილიდან ვემზადებოდით. სადილი გავამზადეთ, სტუმრებს ველოდებოდით, თან ბარგიც უნდა ჩაგველაგებინა. არასოდეს იცი, რა ჩადო ჩანთაში, როდესაც შენს სახლს სამუდამოდ ტოვებ. იმ საღამოს ნათესავები და მეგობრები მოვიდნენ. ყველაფერი გავიხსენეთ, რაც გვაკავშირებდა და რაც გამოვიარეთ. ხან ვიცინიდოთ და ხან ვტიროდით. იქნებ ბოლოჯერ ვხედავდით ერთმანეთს.
“ის მომენტი მახსენდება, როდესაც ტაქსიში ჩავსხედით და ბოლოჯერ შევავლეთ თვალი ჩვენს სახლს. უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტამდე რამდენჯერმე გამოვიცვალეთ ტრანსპორტი. ერაყში არ უყვართ, როცა ადამიანები ქვეყანას ტოვებენ.”
სამი ნივთი, რომელიც იფთისამ ალსურაის წარმოდგენაში ასოცირდება სამშობლოთან, საქართველოსთან და ოცნებასთან:
სამშობლო
“ეს ქვაბი ჩემი ბებიას და ბაბუას სახლიდან წამოვიღე. ბებია აქ ხარშავდა სადილებს. ისინი ახლაც სულ მენატრებიან. ეს ქვაბი იმ დროს მახსენებს, როდესაც ყველანი ერთად ვიყავით.
დიდ მაგიდას შემოვუსხდებოდით და ერთად ვსადილობდით. ჩვენი ოჯახი ახლა დაფანტულია, ზოგიც ცოცხალი აღარ არის. ეს ქვაბი კი აქ არის ჩემთან და მათთან მაკავშირებს“.
საქართველო
“როდესაც მშვიდობა იყო, ერაყში ხშირად ვაწყობდით პიკნიკებს. წავიღებდით საჭმელს და ვსადილობდით ბუნებაში. თან სულ დაგვქონდა თქვენი დოლის მსგავსი საკრავი, ვმღეროდით სიმღერებს.
როდესაც მცხეთაში ვიყავი, იქ ერთი კაცი წითელ დოლს ყიდდა. საქართველო თითქოს უფრო ახლობელი გახდა, როდესაც ეს დოლი ვიყიდე. საქართველოშიც ხშირად დავდივართ პიკნიკზე და ეს დოლი მიგვაქვს“.
ოცნება
“ამ ვერცხლის ლანგარს ხშირად ვიყენებდით ერაყში იმ ბედნიერ დროს, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიყავით.
ის მაკავშირებს ჩემს ოცნებასთან, დავბრუნდე ერაყში, ჩემი ოჯახის წევრებთან“.
“მინდა ქართული ვიცოდე. პროგრამა „ღია სახლის“ ფარგლებში ქართული ენის კურსებზე დავდივარ. ჯერჯერობით მხოლოდ „გამარჯობა,“ „ნახვამდის,“ „რა ღირს“და კიდევ რამდენიმე მარტივი სიტყვა ვიცი.
ქართველი მეგობრები არ გვყავს. რამდენიმე მეზობელი უკვე თბილად მესალმება. ეს ძალიან მსიამოვნებს“.
ჰიამ ალსურაი
“ქალები საქართველოში თამამები არიან. გარეთ გასვლა დღის ნებისმიერ დროს უსაფრთხოა, ერაყში ეს ასე არ იყო. მაგალითად, თუ ჰიჯაბი არ გაიკეთე, შეიძლება ვინმე თავს დაგესხას. ქალები ცდილობენ საერთოდ ბევრი არ იარონ. მანქანებიდან ზედმეტად არ გამოდიან და ქუჩაში ფეხით არ დადიან. დანიშნულების ადგილამდე მიდიან და სწრაფად შედიან შენობებში. თბილისის ქუჩებში სიამოვნებით და თამამად დავდივართ “.
სამი ნივთი, რომელიც ჰიამ ალსურაის წარმოდგენაში ასოცირდება სამშობლოთან, საქართველოსთან და ოცნებასთან:
სამშობლო
“როდესაც ბარგს ვალაგებდი, ყავის ფინჯნებიც ჩავდე. მეუბნებოდნენ, რად გინდა ესენი, განა თბილისში ყავის ფინჯნებს ვერ იშოვიო.
ამ ფინჯნებიდან ჩემი მშობლები სვამდნენ ყავას. ასეთ ნივთებს ადამიანი უნდა გაუფრთხოლდეს. ისინი ყოველთვის მახსენებს ჩემს სამშობლოს“.
საქართველო
“პირველი ადამიანი, რომელიც საქართველოში გავიცანი, ჩვენი მეზობელი, მასწავლებელი ქალი იყო. ძალიან დავმეგობრდით – ერთმანეთთან სტუმრად დავდიოდით, კერძებით ვუპანსპინძლდებოდით.
შემდე ბინა გამოვიცვალეთ და მან მეგობრობის ნიშნად ეს წმინდა გიორგის გულსაკიდი მაჩუქა. სადაც არ უნდა წავიდე, ეს გულსაკიდი საქართველოს გამახსენებს“.
ოცნება
“ეს კრიალოსანი ლოცვის დროს მჭირდება. როდესაც ღმერთს ველაპარაკები, ამ კრიალოსნის მძივებს სათითაოდ გადავთვლი და ყველა ჯერზე ერთ რამეს ვთხოვ, რომ მშვიდობა იყოს“.
სამშობლოდან ჩამოტანილ ნივთებს ჰიამი და მისი და – იფთისამი, განსაკუთრებით უფრთხილდებიან. არავინ იცის, დაბრუნდებიან თუ არა იქ ოდესმე.
ნადია
“ჩვენი ოჯახის ერთი წევრი ჩემი შვილების თვალწინ მოკლეს. მე აღარ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ეს კიდევ ერთხელ ენახათ. ჩვენს ოჯახში სუნიტები არიან, მაგრამ ბაღდადში შიიტების დასახლებაში ვცხოვრობდით. ამის გამო სულ გვემუქრებოდნენ. წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემს ქმარს რამდენჯერმე შემოუთვალეს, რომ მისი ოჯახი საფრთხეში იყო”.
“მე დღესაც ხშირად ვბრუნდები ერაყში ფიქრებით. ერაყი, სადაც მე ვბრუნდები, ძველი ერაყია, ომამდელი. თუმცა, მე ცხოვრებამ მასწავლა, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა მისცე არჩევანი. მე არასოდეს ვაიძულებ ჩემს შვილებს იცხოვრონ იქ, სადაც მე მინდა. ჩემი შვილები ზრდასრულები არიან და არჩევანს თავად გააკეთებენ, დაბრუნდნენ თუ არა სამშობლოში”.
სამი ნივთი, რომელიც ნადია წარმოდგენაში ასოცირდება სამშობლოთან, საქართველოსთან და ოცნებასთან:
სამშობლო
“ეს ორი გულსაკიდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ორივე დედამ მაჩუქა. ერთი სულ ბავშვობაში. იმ დღეს, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ის დავკარგე. მაშინ ბევრი ვიტირე. და იცით, 10 წლის შემდეგ ვიპოვე, უჯრაში ღრმად ჩაკარგული.
დიდ გულსაკიდზე ჩემი დისა და მისი მეუღლის სურათებია ამოტვიფრული. ისინი ავარიაში დაიღუპნენ. დედამ ასეთი გულსაკიდები მე და ჩემს მესამე დას მოგვცა, რომ მოგონებები მათზე სულ ჩვენთან იყოს”.
საქართველო
“თბილისში ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. აქ სიმშივიდეა და საზრუნავიც ნაკლები. როდესაც შვილებს სასწავლებლებში გავაცილებ, ხატვას ვიწყებ. ერაყშიც ვხატავდი, მაგრამ იშვიათად.
ჩემს ნახატებზე ომამდელი ერაყია. ქალებს ჩვენთან შავები აცვიათ – ტრადიციული სამოსი, აბაია. ომამდეც ეგ ეცვათ. თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვედი და თქვენი მრავალფეროვანი ქვეყანა ვნახე, დავიწყე ხატვა სხვადასხვა ფერებში. თბილისის ქუჩებსა და სახლებსაც ვხატავ“.
ოცნება
“ეს ფოტოები საოჯახო ალბომიდანაა, ჩემი ოჯახის ისტორიაა. მე მშვიდობა მინდა და იქ დაბრუნება, ჩემს ოჯახთან. მინდა რომ ყველა ისევ ერთად ვიყოთ, ისე როგორც ადრე, იმ ბედნიერ დროს, როდესაც იქ ვცხოვრობდი და ომი არ იყო.“
“მე დავიბადე და გავიზარდე ერაყში, ვნახე მისი კარგი და ცუდი პერიოდები.როგორც კი იქ მშვიდობა იქნება, მე ჩავალაგებ ბარგს და ერაყში დავბრუნდები“.