ყარაბაში ჩატარდება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ამ თანამდებობაზე 2020 წლამდე დარჩება
ფოტო: ანაიდ დანიელიანი
19 ივლისს მთიან ყარაბაღში გარდამავალი ეტაპის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი – მოქმედი პრეზიდენტი ბაკო სააკიანი, და მთიანი ყარაბაღის პარლამენტის დეპუტატი ედუარდ აგაბეკიანი.
საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, რომელიც 20 თებერვალს ჩატარდა, ყარაბაღში საპრეზიდენტო მართველობა დამტკიცდა, ის 2020 წლიდან შევა ძალაში. მაგრამ უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ყარაბაღში გარდამავალი პერიოდის მმართველობის რეჟიმი დამყარდება. და ამ ეტაპზე მთიან ყარაბაღს უხელმძღვანელებს პრეზიდენტი, რომელსაც ახლა პარლამენტი აირჩევს.
ყარაბაღის ხუთი საპარლამენტო ძალიდან სამი – „თავისუფალი სამშობლო“, „არცახის დემოკრატიული პარტია“ და სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი“ – ბაკო სააკიანის კანდიდატურას ემხრობა. ფრაქცია „მოძრაობა-88“, რომელიც სამ მანდატს ფლობს, ბუნებრივია, მხარს უჭერს თავისი ლიდერის ედუარდ აგაბეკიანის კანდიდატურას, რომელიც სხვათა შორის, 2004-2007 წლებში სტეპანაკერტის მერი იყო, ხოლო 2008 წელს – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
ყარაბაღის საპარლამენტო ძალებიდან მხოლოდ ოპოზიციურ ფრაქცია „აღორძინებას“ არ ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი. ფრაქციის ერთდერთი წარმომადგენელი აიკ ხანუმიანი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საკუთარ არჩევანში. მან მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს განუცხადა, რომ ხმას ერთმნიშვნელოვნად მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ მისცემს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, მისცემს თუ არა ხმას აგაბეკიანის სასარგებლოდ.
არცახის ხელისუფლება მიესალმება მეორე კანდიდატის წამოყენებას. სახელისუფლებო ფრთის დეპუტატმა ვარგდეს ბაგრიანმა თქვა, რომ ედუარდ აგაბეკიანის კანდიდატურისადმი ყველა პატივისცემით არის განწყობილი, და მეორე კანდიდატურის წამოყენების წყალობით, არჩევნები კონკურენციის პირობებში ჩატარდება.
„ვფიქრობ, აგაბეკიანს გამარჯვების დიდი შანსი არ აქვს. როგორც იცით, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. ხოლო სამი ძალა, რომელიც ეროვნული საკრებულოს უმრავლესობას შეადგენს, ბაკო სააკიანს კანდიდატურას უჭერს მხარს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია, რომ ალტერნატივა არსებობს“, – აღნიშნა მან.
სამი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა, რომლებიც მოქმედ პრეზიდენტს მხარს უჭერენ, განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილება მოულოდნელი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი ბაკო სააკიანს წინა ორ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ემხრობოდნენ. მმართველი ფრთის დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ამ გზით ბაკო სააკიანს გადაუწყვეტელი საქმეების გაგრძელების საშუალებას აძლევენ.
ყარაბაღის ოპოზიცია კი ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმების პერიოდში აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბაკო სააკიანისთვის საპრეზიდენტო ვადის გასაგრძელებლად კეთდება, და ეს გეგმა ყველას თვალწინ ხორციელდება. მათი აზრით, ახალი კონსტიტუცია საშუალებას მისცემს ბაკო სააკიანს, რომ 2020 წლის შემდეგაც წამოაყენოს თავისი კანდიდატურა, რაც ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამორიცხავს ხელისუფლების შეცვლას.
ედუარდ აგაბეკიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში არსებობს მთელი რიგი პრობლემები, და რომ ის ბაკო სააკიანის ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა. ის ეთანხმება იმ აზრს, რომ მისი არჩევის შანსი ნაკლებია, თუმცა როგორ აღნიშნა, ის არჩევნებში იმისთვის მონაწილეობს, რომ წინა პლანზე წამოსწიოს და გაახმაუროს ყარაბაღში არსებული პრობლემები.
ყარაბაღში მიდინარე პროცესებზე სომხეთის პოლიტიკური მოღვაწეებიც გამოთქვამენ აზრს.
სომხეთის ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა თქვა, რომ დემოკრატიული პრინციპები სულაც არ დაირღვევა, თუკი ბაკო სააკიანი 2020 წლამდე დარჩება თანამდებობაზე. „ფრანკლინ რუზველტი (აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი) პრეზიდენტის თანამდებობას 1932 წლიდან იკავებდა და ოთხჯერ იყო არჩეული. და იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიის ნაკლებობას ვერავინ დასწამებდა“, – თქვა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
პოლიტოლოგმა სურენ ზოლიანმა, თვის მხრივ, განაცხადა, რომ ყარაბაღში გარდამავალი პერიოდის საპრეზიდენტო არჩევნები – ეს პოლიტიკური პროცესი კი არა, ტრივიალური პროცედურაა, რომელიც წინასწარი გეგმის მიხედვით სრულდება. „თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ბაკო სააკიანს კი არა, ვინმე სხვას აირჩევენ, ასეთი ახლებური ხედვის ადამიანს სიამოვნებით შევხვდებოდი“, – დასძინა ირონიულად ზოლიანმა.
ტერმინები, ტოპონიმები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ისა და მისი ცალკეული თანამშრომლების შეხედულებებსა და მოსაზრებებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციების ისეთი კომენტარები, რომლებიც შერაცხმყოფელად, მუქარისა და ძალადობის მოწოდების შემცველად იქნება მიჩნეული, ანდა მიუღებელი აღმოჩნდება ეთნიკური ან რაიმე სხვა მიზეზით