ორმხრივი სროლა ყარაბაღში: ბაქო სამშვიდობოებს ადანაშაულებს, ირანს ნოტა გაუგზავნეს
აზერბაიჯანმა ყარაბაღში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტი იმაში დაადანაშაულა, რომ მათი უმოქმედობის გამო, აზერბაიჯანის ამ რეგიონში სომხეთის შეიარაღებულ ძალებს გადაჰყავს სამხედრო მოსამსახურეები. აზერბაიჯანმა ნოტა გაუგზავნა ირანს და გაკვირვება გამოხატა ირანული სატვირთო ავტომობილების ყარაბაღის იმ ნაწილში ჩასვლის გამო, რომელიც ამ მომენტში აზერბაიჯანის კონტროლქვეშ არ არის.
რა ხდება? JAMnews-ი შეეცადა შეეკრიბა ამ დროისთვის არსებული ყველა ინფორმაცია. ასევე, სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა.
- რატომ გრძელდება ესკალაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. პასუხები ერევნიდან
- რა არის მიზეზი იმისა, რაც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ხდება. კომენტარი ბაქოდან
სომეხი სამხედრო მოსამსახურეების გადასროლა ყარაბაღში
2021 წლის 9 აგვისტოს, აზერბაიჯანულმა გამოცემა caliber.az-მა, რომელიც ცნობილია ქვეყნის ხელისუფლებასთან სიახლოვით, სენსაციური მასალა გამოაქვეყნა ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო მოსამსახურეების გადასროლის შესახებ.
„…სომხეთმა იქ გადაისროლა პირადი შემადგენლობა თორმეტი КамАЗ-ით, სამი Урал-ით და ასევე, რამდენიმე КУНГ-ით. გარდა ამისა, ხორციელდება სომხეთიდან ყარაბაღში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მებრძოლების გადაყვანა მსუბუქი ავტომობილებით“, – ნათქვამია სტატიაში.
განსაკუთრებით აღინიშნება, რომ ეს ქმედებები რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მდუმარე თანხმობით ხდება.
სამშვიდობოებმა ორმხრივი სროლის შესახებ განაცხადეს
მომდევნო დღეს, 2021 წლის 10 აგვისტოს, ყარაბაღში მყოფი რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების მეთაურობის საინფორმაციო ბიულეტენში გაჩნდა ინფორმაცია მათი პასუხისმგებლობის ზონაში ორმხრივი სროლის შესახებ:
„… 9 აგვისტოს, 17:45 საათზე, დასახლებულ პუნქტ შუშას მახლობლად მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა და დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.
რუსი მშვიდობისმყოფელების ძალისხმევით სროლა შეწყდა, დაშავებულები არ არიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურობის მიერ, აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან ერთად მიმდინარეობს საქმის განხილვა“.
ბაქოში მაშინვე მიაქციეს ყურადღება იმას, რომ სამშვიდობოებმა რიტორიკა შეცვალეს ყარაბაღში სომხურ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. სამშვიდობო ძალების მეთაურობის წინა ანალოგიურ შეტყობინებაში, ისინი მოხსენიებული იყო, როგორც „სომხეთის შეიარაღებული ძალები“.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სამშვიდობოები დაადანაშაულა
2021 წლის 11 აგვისტოს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ხისტი განცხადებით გამოვიდა, რომელშიც, პირველად რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ყარაბაღში განთავსების შემდეგ, ფაქტობრივად უმოქმედობაში დაადანაშაულა რუსული კონტინგენტი.
„სრულად არ არის უზრუნველყოფილი სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანა, სადაც დროებით განლაგებული არიან რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების თანახმად, რომელსაც ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბოლო დღეებში, სომხეთი, სამმხრივი შეთანხმების უხეში დარღვევით, საკუთარი შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გადასროლას ახორციელებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით დისლოცირებული არიან რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები, დგამს ახალ სომხურ პოსტებს დასახლებული პუნქტების, მუხთარქენდის, შუშაქენდის, ასევე, აღმოსავლეთ მიმართულებით, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან.
აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს იღებს ამის აღსაკვეთად. სომხური მხარე მიზანმიმართულად მიმართავს მსგავს პროვოკაციებს სიტუაციის გასამწვავებლად.
ეს ყველაფერი ხდება სომხეთის თავდაცვის ახალი მინისტრის, არშაკ კარაპეტიანის უპასუხისმგებლო და პროვოკაციული მოწოდების ფონზე, ყველა საშუალებით სომხეთის არმიის მიერ ძალის გამოყენების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავიდ ტონოიანიც ასევე გამოდიოდა პროვოკაციული სამხედრო დოქტრინით, სახელწოდებით „ახალი ომები, ახალი ტერიტორიები“. მისი სამარცხვინო ბედი ყველასთვის ცნობილია.
აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ ზომებს მიიღებს.
რუსმა სამშვიდობოებმა წერტილი უნდა დაუსვან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თავიანთი დისლოკაციის ადგილებში სომხეთის შეიარაღებული ძალების განთავსებას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ნოტა ირანს
იმავე დღეს, აზერბაიჯანმა ნოტა გაუგზავნა ირანის ისლამურ რესპუბლიკას.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
შეხვედრაზე, ელჩის ყურადღება მიაპყრეს გამოვლენილ არასასურველ ფაქტებს, ყარაბაღში ირანის ისლამური რესპუბლიკის მფლობელობაში მყოფი სატვირთო ავტომობილების უკანონო მოგზაურობის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც, მეორე მხარეს ნოტა გადაეცა.
მასში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში, ირანული ნომრების მქონე სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილები მუდმივად შედიან და გადიან აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიაზე ოფიციალური ბაქოს ნებართვის გარეშე.
ირანის მისამართით რამდენიმე ხნის წინ სიტყვიერად გამოთქმული უკმაყოფილება, ირანის ელჩის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ირანის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს ისეთი საგანგაშო შემთხვევების შესაჩერებლად, რომლებიც არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
კომენტარი ბაქოდან
„ხანქენდიში (სომხური მხარე ამ ქალაქს სტეპანაკერტს უწოდებს – JAMnews) მხოლოდ ერთი გზა მიდის – ლაჩინიდან, ქალაქ შუშის მახლობლად. და ამ გზას არ შეიძლება „დერეფანი“ ეწოდოს, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის ის მოხსენიებული დერეფნის როლში. ამიტომ, ამ გზას, რომელიც დროებით რუსეთის კონტროლქვეშაა, დერეფანს არ დავუძახებთ“, – აღნიშნა აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნატიკ ჯაფარლიმ.
მისი თქმით, ეს გზა რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არის. „არც ჩვენი ჯარისკაცები, არც მესაზღვრეები, არც მებაჟეები არ აკონტროლებენ სიტუაციას ამ გზაზე – ე.ი. ჩვენი ქვეყნის ამ ნაწილში აზერბაიჯანის სუვერენიტეტი არ არის უზრუნველყოფილი“, – განაგრძო მან საკუთარი მოსაზრება.
„და თუკი გზას რუსეთი აკონტროლებს, ბოლო დღეებში სომხეთიდან ხანქენდიში ჯარისკაცებისა და ოფიცრების გადასროლა კრემლის ნებართვით ხორციელდება.
და თუკი ეს კრემლის საქმეა, მაშინ მას გარკვეული გეგმა აქვს, მოდი განვიხილოთ ვერსიები:
1. მიზანში ფაშინიანია ამოღებული. ვერ შეძლო რა ნიკოლ ფაშინიანის დამარცხება ვერც ომში დამარცხების, ვერც არჩევნების გზით, კრემლმა ჩაიფიქრა, ის კიდევ უფრო მძიმე მარცხის წინაშე დააყენოს და ამით საბოლოოდ მოუკლას სომხურ ელიტასა და საზოგადოებას დასავლეთისადმი სიყვარული. ასეთმა სცენარმა შეიძლება ისიც კი მოიტანოს, რომ სომხეთი დათანხმდება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ან „მოკავშირე სახელმწიფოობას“ (იქვე შევა ბელარუსი). ამის შემდეგ ჩვენ უკვე საზღვარი გვექნება არა სომხეთთან, არამედ სწორედ ამ „მოკავშირე სახელმწიფოსთან“, ხანქენდიში ამ სახელმწიფოს პასპორტები გაიცემა და ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ამ რეგიონს“.
2. მიზანში აზერბაიჯანია. რუსეთი აზერბაიჯანისგან მოითხოვს, გახდეს ევრაზიის კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, ალიევი ამაზე გამართლებულად ამბობს უარს და ამ მიზეზით, კრემლი კონტრშეტევას ამზადებს სომხეთის დახმარებით, რომელიც შეიძლება დაგვირგვინდეს რამდენიმე წარმატებული სამხედრო ოპერაციით. და აზერბაიჯანი იძულებული გახდება, შევიდეს ამ ორგანიზაციებში. პარალელურად რუსეთი აღიდგენს სომხურ საზოგადოებაში დაკარგულ ავტორიტეტს და სომხეთიც პირს ჩრდილოელი მეზობლისკენ იბრუნებს.
3. მიზანში თურქეთია. ყველამ ვიცით, რომ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები, შეიძლება ითქვას, ყოველ ნაბიჯზე ეჯახება ერთმანეთს და ისინი იძულებული არიან დარჩნენ „საყვარელი მტრების“ სახით. მოსკოვისთვის მიუღებელია აზერბაიჯანსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ავტორიტეტის ზრდა. ყარაბაღში დაძაბულობის გაზრდით, კრემლი პირდაპირ ვაჭრობაზე მიდის თურქეთთან და ყარაბაღი ამ ვაჭრობის მხოლოდ ერთი ნაწილი ხდება. მოსკოვი და ანკარა საკუთარ პრობლემებს გადაჭრიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩება, შევეგუოთ ამ შეთანხმებას.
ეს სამივე ვერსია ჩვენთვის საფრთხის წყაროა, სერიოზული ხაფანგი. მასში რომ არ მოხვდეს, აზერბაიჯანი სასწრაფოდ უნდა წავიდეს ქვეყნის მართვის რთულ მექანიზმზე, პარლამენტი უფრო მოქმედ სტრუქტურად აქციოს. მილი მეჯლისი (აზერბაიჯანის პარლამენტი – JAMnews) იღებს დოკუმენტს, რომლითაც სამშვიდობოები „უკანონო“ სტატუსს იძენენ, პრეზიდენტი ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს და ამით მოსკოვთან ვაჭრობის საგანი იქმნება. სწორედ ამ მიზეზით ვუწოდეთ ჩვენ სწორი ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის პარლამენტის თანხმობის გარეშე განთავსების გადაწყვეტილებას. ეს ფაქტი მანევრირების შესაძლებლობას იძლევა.
როგორც ერი და სახელმწიფო, სერიოზული გამოცდის წინაშე ვართ და ამ ეტაპიდან ჩვენი გამოყვანა შეუძლია მხოლოდ „ჩანაქკალეს“ სულს (მხედველობაში აქვს ბრძოლა ჩანაქკალესთან – ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ათათურქის ხელმძღვანელობით თურქეთის დასავლელ ოკუპანტებთან ბრძოლაში – JAMnews). გასაგებია, რომ ჩვენ რუსეთთან ბრძოლა არ შეგვიძლია, გასაგებია, რომ თურქეთი ჩვენ გამო არ დაიწყებს ომს რუსეთთან. მაგრამ არის ერთი გამოსავალი: ქვეყნის მართვის ახალი მექანიზმი. სხვა გზას ვერ ვხედავ. ილჰამ ალიევი პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების განაწილებაზე უნდა წავიდეს და ეს ისე დახვეწილად უნდა გააკეთოს, რომ ჩვენ ეს გამოწვევები გადავლახოთ. ჩვენ მზად ვართ, მას ამაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ჯაფარლიმ.