თურქული კვარტალი ბათუმში. რა ხდება კარადენიზის ნაპირას
ძველ ბათუმში პატარა საჩაიეში დილიდან ხალმრავლობაა. დღეს, გაზაფხულის მზიანი შაბათია და საჩაიეს მუდმივმა სტუმრებმა კაფეს წინ, ტროტუარზე მდგარ მაგიდებთან მოიყარეს თავი. მათი ნაწილი მომცრო, წელში გამოყვანილი ჭიქებით ჩაის სვამს და გაზეთის კითხვით ირთობს თავს, ნაწილი კი მზის მცხუნვარებას თავს აფარებს კაფეში, სადაც ბანქოს და დომინოს თამაშია გაჩაღებული.
იალჩინ იბრაიმაოგლუ თანამემამულეებს თამაშში არ უერთდება, ის საჩაიეს წინ ზის და თავისი ახალი მანქანისთვის მყიდველებს ეძებს. უკვე რვა თვეა, რაც ბათუმში ცხოვრობს და თავს ახალი ბიზნესით – მანქანების ჩამოყვანა-გაყიდვით ირჩენს.
იალჩინ იბრაიმოგლუ, საჩაიეს წინ, ქუთაისის ქუჩა, ე.წ. თურქული კვარტალი
‘აქ ჩამოსვლამდე სატვირთოზე ვმუშაობდი და ერთი ქვეყნიდან მეორეში მიწევდა მოგზაურობა. ბათუმში პირველად, როგორც ტურისტი, ისე ჩამოვედი, შემდეგ კი მეგობრების რჩევით საცხოვრებლად ჩამოსვლა გადავწყვიტე. მითხრეს, რომ ბიზნესის კეთება აქ მარტივია. ძალები უნდა მოვსინჯო, იქნებ გამიმართლოს,’ – ამბობს იალჩინი.
იალჩინის მშობლებს სტამბოლში სამშენებლო ბიზნესი აქვთ. მომავალში ისიც ფიქრობს, რომ ბათუმში მშენებლობით დაკავდება. ამ ეტაპზე კი, სანამ იუსტიციის სამინისტროსგან საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლებას მიიღებდეს, თავისუფალ დროს ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე თანამემამულეებთან საუბარსა და ჩაის სმაში ატარებს.
ბათუმში ქუთაისის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიას ადგილობრივები ‘თურქულ კვარტალს’ უწოდებენ. ქუჩაზე, რომელიც ძველ ბათუმში, პორტიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს, ათეულობით თურქული რესტორანი, კაფე, საჩაიე, მარკეტი, სილამაზის სალონი, სასტუმრო, დისკო და პოკერ კლუბია განთავსებული.
[YoutubeVideo_0bdb1ce40115437f8e2513f1924653d2]
ძველი ბათუმის ‘თურქული კვარტალი’ აქ მცხოვრები თუ სტუმრად მყოფი თურქების თავშეყრის ადგილია. გარდა იმისა, რომ აქ ბევრი გასართობი დაწესებულებაა, თურქებითვის აქაურობა იმითაცაა მიმზიდველი, რომ ახლოს ბათუმის მთავარი მეჩეთია, საიდანაც ლოცვის ხმა ამ უბანში ყოველ დღე ისმის.
ბათუმის ორთა ჯამე – ქუთაისის ქუჩაზე
ამ პატარა ქუჩაზე ჩავლისას, თავი სტამბოლში გეგონებათ. ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს რესტორნებიდან გამოძახილი ‘ხოშგელდი’ (მობრძანდი), თურქული მუსიკა და ჰაერში დატრიალებული შაურმის სუნი.
სულეიმანი – რესტორან ‘კარადენიზი’-ს ქართველი მზარეული ამბობს, რომ ქალაქში საუკეთესო შაურმას ამზადებს
‘თურქულ კვარტალში’ მოქმედი ობიექტების უმრავლესობას თურქი მეპატრონე ჰყავს, თუმცა აქ დასაქმებული პერსონალი, ძირითადად, ქართველები არიან. მათ შორის არიან მუსლიმი მესხებიც, რომლებიც ბათუმში ბიზნესის საკეთებლად არიან ჩამოსულები.
‘საქართველოში კარგი სისტემაა. თუ გადასახადებს გადაიხდი, მაშინ არანაირი პრობლემები არ გექნება. ჩემს რესტორნაში მუშა პერსონალი ერთ მუჭად ვართ შეკრულნი. ესაა ჩემი სახლი,’ – გვიხსნის 45 წლის მურად ოზგენჩი-გენჯალოღლი, რესტორან ‘კარადენიზის’ მეპატრონე.
მურად ოზგენჩი-გენჯალოღლი, რესტორან ‘კარადენიზი’-ს მეპატრონე. კარადენიზი თურქულად შავ ზღვას ნიშნავს
მურადი წარმოშობით ქართველია. მისი წინაპრები, საუკუნეზე მეტია, თურქეთში ცხოვრობენ. ისიც თავის შვიდ და-ძმასთან ერთად ართვინში გაიზარდა. იმისთვის, რომ ფინანსურად წელში გამართულიყო, ბევრი გაჭირვება გამოიარა. 11 წლიდან მშენებლობაზე ტვირთს ეზიდებოდა, თუმცა როგორც ამბობს, ამან შრომის ფასი ასწავლა. ამჟამად სარესტორნო ბიზნესი, ბათუმის გარდა, აქვს თურქეთშიც, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
’11 წლიდან ვმუშაობდი ‘კაჭკაზე’. კარგად ვიცი შრომის ფასი. 45 წლის ვარ და ჯერ 15 დღეც არ დამისვენია. დილით რვაზე ან შვიდზე მოვალ, ბაზარში მივდივარ და საღამოს 12-მდე აქ ვარ. ისეთი გაჭირვება გვაქვს გამოვლილი…
ხორბალი არ იყო, სიმინდი არ იყო და დედაჩემი აფხაზეთიდან ეზიდებოდა გასაყიდად,’ – იხსენებს მურადი.
მურადის რესტორანი ‘კარადენიზი’, რაც ქართულად შავ ზღვას ნიშნავს, ქუთაისის ქუჩაზე პოპულარობით სარგებლობს. როგორც მასპიძელი ამბობს, მას ხშირად სტუმრობენ ქართველები, რომელთა შორისაც სიამაყით ადგილობრივი მთავრობის წევრებს გამოყოფს. მურადმა რესტორანი 2009 წელს გახსნა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ახლა კვირაში ორ დღეს ცოლ-შვილთან ართვინში ატარებს, დანარჩენს კი – ბათუმში, საკუთარ რესტორანში.
თურქული რესტორნის თანამშრომლები მზეს ეფიცხებიან
ქუთაისის ქუჩა, პორტთან სიახლოვის გამო, ყოველთვის იყო ეთნიკურად მრავალფეროვანი. ბათუმის ამ პატარა უბანში ბერძნები, სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და ქართველები წლების განმავლობაში ერთად თანაცხოვრობდნენ.
თურქი ტურისტები თურქულ უბანში
90-იანი წლების შემდეგ ქუჩას ნელ-ნელა ტოვებდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ‘თურქული კვარტლის’ გაშენება აქ 2003 წლის შემდეგ დაიწყო. თურქული რესტორნები, სასტუმროები, პოკერ კლუბებები და სხვა გასართობი ობიექტები სოკოებივით მომრავლდა.
ჩილიმი აქ აუცილებელი ინვენტარია
კვირა თურქულ კვარტალში. თურქი სტუმრები საჩაიეს წინ
ნელ-ნელა დაიწყო ადგილობრივების უკმაყოფილება და საჩივრის წერილები ბათუმის მერიაში. ისინი დღესაც ეჭვის თვალით უყურებენ მომრავლებულ თურქულ დაწესებულებებს.
’45 წელია აქ ვცხოვრობ. რადგან პორტთან ახლოსაა, ამ ქუჩაზე ყველა ჯურის ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ერთმანეთს არავინ აწუხებდა. ახლა კი ღამით ქუჩაში ვერ გავსულვართ, ისე გამომწვევად იქცევიან და სააშკარაოზე ახტებიან ერთმანეთს თავზე. შემოვლითი გზით მივდივარ სახლში, რომ ამათ არ გადავეყარო,’ – ამბობს 75 წლის მაყვალა ჯიჯავაძე სასტუროებისა და დისკო კლუბების სტუმრების დახასიათებისას.
ეს იტალიური ეზო ქუთაისის ქუჩაზე ‘თურქულ კვარტალის’ წინაა. აქაურები თურქული რესტორნებიდან და ბარებიდან გამომავალ ხმაურს უჩივიან
იგივე პრობლემებზე ლაპარაკობს 56 წლის ახმედ ყადიძეც. ის 20 წელია, ქუთაისის ქუჩაზე, პატარა, მყუდრო იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ყადიძე ამბობს, რომ უბანში ბევრ თურქს იცნობს და ბევრთან მეგობრობს კიდეც, თუმცა უკმაყოფილებას მაინც ვერ მალავს.
‘ჩვენი ქუჩა ქალაქში ერთ-ერთი მშვიდი და მყუდრო ადგილი იყო. აქ დასვენება შეიძლებოდა. ისეთი უბანი იყო, ცოლ-შვილს რომ გარეთ გაუშვებ და არ გეშინია, ვინმემ რამე არ აკადროს. ახლა კი გეშინია, ცუდი თვალით არ შეხედონ,’ – ამბობს ახმედი.
რეჯებ აიდინი-ბარამიძე ხორცის მაღაზიის მეპატრონეა. აჭარაში, 10 წელია, ცხოვრობს. როცა კლიენტები არ ჰყავს, მეგობრებთან ერთად ჩაის სმით ირთობს თავს
თურქები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ ესმით ადგილობრივების უკმაყოფილების. ხშირად გრძნობენ აგრესიას, თუმცა კონფლიქტურ სიტუაციებამდე საქმე არ მისულა.
‘როგორაა იცი? ახლა შენი სახლი ზემოთ იყოს და მე ქვემოთ მუსიკა ჩაგირთო მთელი ღამე, როგორ მოგეწონება? მაგალითად, ჩვენ დასალევიც კი არ გვაქვს გაყიდვაში, რომ არ იხმაურონ მერე მთვრალებმა. აქ მცხოვრები თურქების 100 კაციდან მხოლოდ 20-ია ნორმალური. დანარჩენები სამეზობლოში ყუმარს თამაშობენ, ზოგს დისკოთეკები აქვს და ხმაურობენ. მე არ მიყვარს ასე,’ – ამბობს მურად ოზგენჩი-გენჯალოღლი.
ქუთაისის ქუჩაზე არსებული ობიექტები თურქებსა და მუსლიმ-მესხებს უმეტესად ნაქირავები აქვთ. ქუჩის მაცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ ერთ დღესაც კომერციული ფართების მეპატრონე ქართველები მეზობლების აზრს გაითვალისწინებენ და ფართებს თურქებს აღარ მიაქირავებენ.
‘მესმის, რომ ამდენ დოლარს ფართში ადგლობრივები არ გადაუხდიან ჩვენს მეზობლებს, თუმცა მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენს აზრს გაითვალიწინებენ. არ გვინდა, თურქების გამო საცხოვრებელი ბინა შევიცვალოთ, მათ კი მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება ჩვენ უბანში,’- ამბობს მაყვალა ჯიჯავაძე.
თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს. ბევრს ეს აღმოსავლური სიჭრელე და მრავალფეროვნება ხიბლავს კიდეც.
‘მომწონს ჩემს ქალაქში, რომ ეს უბანი არსებობს. ყველა ევროპულ ქალაქში, სადაც ვყოფილვარ, არის ქუჩები და მთელი კვარტლები, სადაც თურქები, ჩინელები, არაბები კომპაქტურად ცხოვრობენ და თავიანთი კულტურისთვის დამახასიატებელი შტრიხები შეაქვთ. რაც უნდა ვიწუწუნოთ ბათუმელებმა, თუ განვითარება გვინდა, აშკარაა, რომ ეს აუცილებელი და გარდაუვალი პროცესია,’ – ამბობს ბათუმელი გიორგი დავითაძე.
- იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის მონაცემებით, აჭარაში 1591 თურქეთის მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის 269 საქართველოს მოქალაქის, 1002 დროებითი, ხოლო 89 მუდმივი ბინადრობის სტატუსით.
- 2015 წლის მონაცემებით, კერძო სექტორის მიერ აჭარის რეგიონში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტს თურქული წარმოშობის ინვესტიციები შეადგენდა (107.5 მლნ. აშშ დოლარი), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 66%-ით მეტია.
- ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ, თურქეთი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, პირველია. საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს რეგიონს 78 633 თურქი ტურისტი სტუმრობდა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +1,2 %-ით მეტია.
მასალა პირველად გამოქვეყნებულია: 08.04.2016