მელია თბილისის მერად, ხოშტარია - საკრებულოს თავმჯდომარედ. ოპოზიციამ კანდიდატები წარადგინა
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.
თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს.
ამავდროულად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის არცერთ უბანში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს საერთო კანდიდატებს დაუჭერს.
რაც შეეხება ვიცე-მეობის კანდიდატს, ამ პოზიციაზე განიხილება პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრი. თავად პარტიის თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე პრეზენტაციას ვერ დაესწო, რადგან მას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯაფარიძის თქმით, 2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელ საქართველოში და ყველა მუნიციპალიტეტში, “გირჩი – მეტი თავისუფლება” ეცდება, ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები.
“გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია, მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას. ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცემერისა და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი”, – ამბობს ჯაფარიძე.
ჯერ-ჯერობით, კანდიდატურებს მხარს სამი პარტია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და გირჩი-მეტი თავისუფლება” უჭერენ.
ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობას” 2014 წელს, წაგებული არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ შეუერთდა და მალევე იქცა ერთ-ერთ მთავარ ლიდერად.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში იგი კენჭს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რაიონში, გლდანში იყრიდა. მელია ერთადერთია ოპოზიციონერ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, ვინც ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ხელისუფლების კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო.
ნიკა მელია ასევე გახდა პირველი დეპუტატი, რომელსაც ორი მოწვევის პარლამენტმა პროკურატურის მოთხოვნით, სადეპუტატო უფლებამოსილება ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ შეუჩერა. პროკურატურამ მელიას ბრალი 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის დროს, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობაში დასდო.
საბოლოო, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ნიკა მელია პარტიის ოფისზე შტურმის შემდეგ დააპატიმრეს. მელიას დაპატიმრებამდე თანამდებობა დატოვა ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ, ხოლო მის ნაცვლად მმართველმა პარტიამ პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
მის დაკავებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისგან. ელჩები და აშშ-ის კონგრესის წევრები გამოხატავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ შტურმით აიღო მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით შეკრებილი იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი.
საბოლოოდ, მელიას გათავისუფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ჩართულობით მოხერხდა – მისი გირაო ევროკავშირმა გადაიხადა, “ნაციონალური მოძრაობა კი პარლამენტში შევიდა.
კანდიდატების წარდგენა არასტანდარტულ ფორმატში წარიმართა – ღონისძიებას მხოლოდ კანდიდატები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა არც მედია და არც სტუმრები.
„ჩვენი კანდიდატი ვინც იქნება, ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კალაძე არის დამარცხებული, ვინაიდან ოთხი წელია, არაფერი გაუკეთებია”, – თქვა რომან გოცირიძემ პრეზენტაციის დაწყებამდე.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პარტიებს, რომლებსაც სხვადასხვა საკითხზე, შესაძლოა, გასხვავებული პოზიცია ჰქონდეთ, კარგად ესმით “რამხელა საფრთხეა ივანიშვილის რეჟიმი.”
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი – მათ მოქმედი მერი, კახა კალაძე 20 ივლისს, ოფიციალურად წარადგინეს.
_____________________________________________
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
●კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
_____________________________________________
თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხელმოწერით ახალი დოკუმენტი შექმნა.
30 აპრილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდა, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.
თუმცა, ნიკა მელიას თქმით, პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და არ დაიკავებს არცერთ საპარლამენტო თანამდებობას. მიშელის დოკუმენტში მთავარი წინაღობა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ პუნქტია.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.