ყარაბაღის გამყოფ ზოლზე სიმშვიდე ისევ დაირღვა
ფოოტო: გევორგ კაზარიანი
სომხეთი
დღეს 17 ივნისს, გამყოფ ზოლზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ისევ დაირღვა, დილით დაახლოებით 09:40 სთ-ზე მთიანი ყარაბაღის დაცვის არმიის სამხედრო მოსამსახურემ, ნარეკ გასპარიანმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის მედია, ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მიღებულია მთიანი ყარაბაღის სამინისტროს განცხადებაც, რომლითაც დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. მასში ასევე ნათქვამია, რომ „შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უადგილო განცხადებებით შთაგონებული მოწინააღმდეგის მოქმედებებზე პასუხი მიზანმიმართული და არათანაბარზომიერი იქნება“.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის მკვეთრი განცხადება იმით არის გამოწვეული, რომ გუშინ 16 ივნისს 18:05 სთ-ზე გამყოფ ზოლზე სასიკვდილო ჭრილობები მიიღო თავდაცვის არმიის სამმა სამხედრო მოსამსახურემ – არაიკ მატინიანმა, ბიგენ პეტროსიანმა და ვარდან სარკისიანმა. სომხეთის მედია გადმოსცემდა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნი დანადგარებიდან ცეცხლი თავდაცვის არმიის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის თავდაცვითი მონაკვეთის მიმართულებით გახსნეს.
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა დავიდ ბაბაიანმა გუშინდელი მოვლენების კომენტირებისას განაცხადა: „აზერბაიჯანის მოქმედებებში უცნაური არაფერია. ამ ქვეყანამ… მორიგი ტერორისტული ნაბიჯი გადადგა“.
დავიდ ბაბაიანის აზრით, აზერბაიჯანის მოქმედებების წამახალისებელი არის თურქეთი, რომელთან ერთადაც ის ერთობლივ ფართო სამხედრო სწავლებებს ატარებს. გარდა ამისა, ის გამყოფ ზოლზე მომხდარ გამწვავებას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა საგანგებო განცხადებასაც უკავშირებს. ბაბაიანი დარწმუნებულია, რომ თანათავმჯდომარეები ახლაც საგანგებო და ძალიან მკაცრი განცხადებით უნდა გამოვიდნენ.
მთიან ყარაბაღში სომხეთის პოლიტიკური პარტიების ფორუმზე მყოფი ეროვნული საკრებულოს სპიკერი არა ბაბლოიანი გამყოფ ზოლზე მომხდარი გუშინდელი ინციდენტის თაობაზე Fаcebook-ის საკუთარ გვერდზე წერს: „ბაქოს რეჟიმის მიერ რეალიზებულ ამ მოქმედებას მკვლელობად ვაფასებ. ბაქოს მხარემ კარგად იცოდა, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დაუსჯელი არ დარჩებოდა, და მაინც პოლიტიკური კაპრიზი ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დააყენა. გაუგებარი ისაა, რომ აქამდე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა“.
სომხური გამოცემის პოლიტიკური მიმომხილველი ლრაგირ აიკაზიანი წერს:
„ნახიჩევანში თურქეთთან ერთობლივი წვრთნების შემდეგ აზერბაიჯანი 19 ივნისს ფართომასშტაბიან სწავლებებს იწყებს, რომელში მონაწილეობას მიიღებს 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის -ავიაციაც. საერთოდ, ამგვარი სამხედრო სწავლებების დროს ასეთი ინციდენტები აღინიშნება ხოლმე“.
მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის პოზიციებს დაარტყა. მანამდე აზერბაიჯანული მხარე დიდხანს ამზადებდა დადგმას „სომხური მხარის პოზიციების განადგურება“, და აი, გუშინ კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდა. თუმცა, სომხურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულია ცნობები, რომ დანაკარგები სნაიპერების სროლების შედეგი იყო.
ეს დიდი ინციდენტი იმ სიტუაციაში ხდება, როდესაც აზერბაიჯანი დაინტერესებული გარეშე ძალების მხრიდან კონფლიქტის პოლიტიკურად და ომის გზით გადაწყვეტაზე „უარებს“ იღებს, მაგრამ გამყოფ ზოლზე თავის პოლიტიკას მაინც აგრძელებს.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, სომხური მხრიდან 5 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას ადასტურებს.
„მტრულმა მხარემ არა სამი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, როგორც ამას ოფიციალურად ამტკიცებენ, არამედ კიდევ ორი მძიმედ დაჭრილი – მიასნიკ ოვანისიანი და ვარდან ხარუტუნიანი.
სომხური მხარე, როგორც ყოველთვის, საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების შიშით, ისევ მალავს თავის დანაკარგებს“, – გადმოსცემს სააგენტო АПА აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ფრონტის ხაზზე სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვამდე ორი დღით ადრე აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცი სუტან შაჰველედოვი მოკლეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ შაჰველედოვი „სომხეთის მხრიდან პროვოკაციის მოწყობის მცდელობის აღკვეთის დროს დაიღუპა“. სამხედრო მოსამსახურე 16 ივნისს დაასაფლავეს აზერბაიჯანში, მშობლიურ გუსარსკის რაიონში.
ანალიტიკური ცენტრი „ატლასის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ელჰან შაინოღლუმ ასეთი კომენტარი გააკეთა ფრონტის ხაზზე მომხდარი ახალი გამწვავების შესახებ:
“სომხურმა მხარემ მთიან ყარაბაღში სამი სამხედრო მოსამსახურის დაკარგვა აღიარა. საერთოდ, ამგვარ ინფორმაციას პირველად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იძლევა ხოლმე, და აცხადებს, რომ მტრულმა მხარემ დანაკარგი განიცადა. და ყოველ ჯერზე ოფიციალური ერევანი ცდილობს, რომ საკუთარი დანაკარგი დაფაროს. ამჯერად ეს პირიქით მოხდა. სომხეთის მხარემ დაასწრო და განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხრიდან ნაღმმტყორცნებისს სროლის შედეგად მათ დანაკარგი განიცადეს. როგორც ჩანს, ისინი ამ გზით შეეცადნენ საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის მიეწვდინათ თავიანთი მესიჯი იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანული მხარე ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარების შეცვლის მცდელობას აგრძელებს. ჯარის შესაქმნელად მილიარდობით დოლარი იმისთვის კი არ დაგვიხარჯავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შევინარჩუნოთ“.