ევროკავშირის ელჩები: 5 ივლისის მოვლენები ჩრდილს აყენებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს
ევროკავშირის წევრი 24 ქვეყნის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს ერთობლივ განცხადებას 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე.
ელჩები ამბობენ, რომ 5-6 ივლისის მოვლენებმა “ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს”. ასევე, მათი თქმით, მნიშვნელოვნად დაზიანდა “საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯი”.
წერილის მთავარი ადრესატი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია. თუმცა, განცხადების ასლები გაეგზავნა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.
___________________________________________________________________________
● “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს
● “ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა” – ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს
● “პრემიერი უნდა გადადგეს” – აქცია საქართველოს პარლამენტთან
● რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ?
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
___________________________________________________________________________
განცხადების მთავარი აქცენტი იმაზეა, რომ 5 ივლისს ადამიანებმა ვერ ისარგებლეს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის უფლებით, ხელისუფლებამ არ დაიცვა არც ლგბტქი+ აქტივისტები და არც ჟურნალისტები ძალადობისგან.
წერილში ელჩები ღიად მიანიშნებენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. წერილიდან შეიძლება სამი ასპექტის გამოყოფა, რაც ელჩების აზრით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს:
1) ელჩები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღია განცხადებაში არ დაიცვეს სამოქალაქო აქტივისტები: “ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა საჯარო მოწოდება, რათა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნავდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.”
2) ელჩების წერილში ასევე წერია, რომ ხელისუფლებამ საჯარო განცხადებების გარდა სხვა ზომებიც არ მიიღო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად: “არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები.”
3) დაბოლოს, ელჩები მიუთითებენ იმაზე, რომ მაშინაც კი, როდესაც უკვე ღია ძალადობის ფაქტები დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ შეასრულა თავისი ფუნქცია და სათანადოდ არ დაიცვა მოქალაქეები: ხელისუფლებამ “არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.”
ასევე, საელჩოები “საგანგაშოს” უწოდებენ რადიკალების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტსაც. მსგავსი რამ 5-6 ივლისს ორჯერ მოხდა.
-
5 ივლისის მოვლენები და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება. მოკლე ცნობა
5 ივლისს, თბილისში, Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა.
საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. იგი თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქვეყნის “გაუკუღმართებული ცხოვრების წესისგან” დაცვისკენ მოუწოდებდა.
5 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები დილიდან გამოვიდნენ პარლამენტთან. მათ ჯერ პარლამენტთან თვეების განმავლობაში მდგარი ოპოზიციური კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ამ ამბის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დაერივნენ.
5 ივლისს თბილისში ნამდვილი ნადირობა მოეწყო ჟურნალისტებზე – რადიკალები 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს.
შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის” – ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.
როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, მოძალადეთა ქმედებები წააქეზა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისს გაკეთებულმა განცხადებამ. ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის“” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი “ღირსების მარში” მისთვის “მიზანშეუწონელი” და საფრთხის შემცველი იყო. ასევე მან თქვა, რომ ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.
“ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.
როგორც ჟურნალისტები ამბობდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული არასაკმარისი პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, “რისი საშუალებაც იყო”.
როგორც მედიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ჰომოფობები მათ მიზანმიმართულად დასდევდნენ. ზოგ ჟურნალისტს ქირურგიული ოპერაცია და სერიოზული სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
მათ შორის იყო ლექსო ლაშქარავა, ტვ პირველის ოპერატორი. ძალადობრივმა ჯგუფები ლაშქარავას და მის კოლეგას, ტვ პირველის ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიას თავს დაესხნენ ორგანიზაციის “სირცხვილიას” ოფისში. როგორც ბაღათურია ამბობს, ლაშქარავას 20 ადამიანი სცემდა. თვითმხილველთა თქმით, მოძალადეებს შორის სასულიერო პირებიც იყვნენ.
ლაშქარავა საავადმყოფოში გადაიყვანეს სახის ძვლების მოტეხილობით, მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
სამი დღის შემდეგ მან კლინიკა დატოვა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 10 ივნისს, იგი ტვ “პირველის” შუადღის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.
ლაშქარავა 11 ივლისს დედამ საკუთარ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ოჯახის ახლობლების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ იგი მიყენებული დაზიანებების შედეგად, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი კრიმინალისტებმა ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს. მამაკაცის ცხედარი ლურჯ პარკში გახვეული გამოიტანეს სახლიდან, საკაცის გარეშე და სირბილით მიიტანეს მანქანამდე. გარდაცვლილის მიმართ ასეთი მოპყრობა საზოგადოების უკმაყოფილების კიდევ ერთ მიზეზად და სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ლაშქარავას გარდაცვალებიდან ძალიან მალე, ხელისუფლებასთან ასოცირებულმა საიტებმა დაიწყეს გავრცელება ინფორმაციის, თითქოს ლაშქარავა ნარკოდამოკიდებული იყო და იგი ზედოზირებით გარდაიცვალა.
იმავე დღეს, 11 ივლისს საღამოს, შსს-მ გამართა ბრიფინგი, სადაც უწყებამ იგივე ვერსიის გავრცელება დაიწყო, რომ ლაშქარავა “არაფხიზელ მდგომარეობაში” იყო.
ხელისუფლების ვერსიას უნდობლობას უცხადებენ ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მათი თქმით, დროშაზე ორჯერ თავდასხმა “საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაა”.
წერილში ხაზგასმულია, რომ კონტრაქციის მონაწილეები მოქმედებდნენ “ორგანიზებულად” და მათი კონკრეტული სამიზნე აქტივისტებთან ერთად ჟურნალისტები იყვნენ.
“შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია,” – აღნიშნულია წერილში.
წერილში ასევე წერია, რომ ქართული დემოკრატია დგას “დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ“. ელჩების განცხადებით, რადიკალები, რომლებიც დევნიან აქტივისტებს, საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ “დაუცველ მოქალაქეებს” არამედ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ელჩები მოუწოდებენ გომელაურს და საქართველოს ხელისუფლებას მიიღონ საჭირო პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები – გამოიძიონ ძალადობის ფაქტები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.
ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვან საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა და მიიღონ პრევენციული ზომები სიძულვილის ენის აღსაკვეთად:
“ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები,” – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ელჩები ასევე ყველა დაპირისპირებულ მხარეს მიმართავენ:
“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს“.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
- ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო
- ბელგიის სამეფოს საელჩო
- ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო
- დანიის სამეფოს საელჩო
- ესპანეთის სამეფოს საელჩო
- ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო
- ირლანდიის საელჩოს
- იტალიის რესპუბლიკის საელჩო
- ლატვიის რესპუბლიკის საელჩო
- ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო
- ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო
- ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
- პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო
- პორტუგალიის საელჩო
- რუმინეთის საელჩო
- საბერძნეთის საელჩო
- საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო
- სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო
- სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო
- უნგრეთის საელჩო
- ფინეთის საელჩო
- შვედეთის სამეფოს საელჩო
- ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო