აზერბაიჯანული ელიტის ფარული ქონება ჩეხეთში. რა გამოიძიეს ჩეხმა ჟურნალისტებმა
მდიდარი და კარგი კავშირების მქონე აზერბაიჯანელი ინვესტორები მილიარდობით ჩეხური კრონის ღირებულების უძრავ ქონებას ყიდულობენ ცნობილ ჩეხურ კურორტებზე, მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, აზერბაიჯანული სათვისტომო ყველაზე შესამჩნევი არ არის ამ ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელთა შორის.
გამოძიებას აქვეყნებს ჩეხური გამოცემა investigace.cz (რუსული სრული ვერსია ვებგვერდზე Meydan TV).
აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტის მამა დიდ სასტუმროს ფლობს საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარის ცენტრთან ახლოს, ალიევის ქალიშვილი კი იქვე ვილას ფლობდა, რომელიც მოგვიანებით მათდამი ლოიალურად განწყობილ დეპუტატზე გადააფორმეს. დაუდგენელი წარმოშობის აზერბაიჯანული ინვესტიციები შევიდა სხვა ჩეხურ ქალაქებში, დედაქალაქ პრაღის ჩათვლით.
ახლა კი რეპორტიორებმა სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში აზერბაიჯანელების კიდევ ერთი ფულიანი ბუდე აღმოაჩინეს, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს.
აზერბაიჯანულ საზოგადოებაში, ოჯახი განიხილება, როგორც სამშენებლო მასალა და ეს გულისხმობს, რომ თუკი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდება, ეს მთელი კლანისთვის ტრამპლინად იქცევა. ასეთმა ოჯახურმა სოლიდარობამ, ფაქტობრივად, საზღვრები არ იცის. „მაგალითად, თუკი ჩეხეთში ცხოვრობს ვინმე საიმედო და კვალიფიციური ადამიანი, სრულიად ბუნებრივია, რომ მისი უნარები სწრაფად მიაღწევს პოტენციურ ინვესტორებთან ან ნებისმიერთან, ვისაც დახმარება ესაჭიროება“, – განმარტავს ცენტრალური აზიის ქვეყნების ექსპერტი, პრაღის კარლის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სლავომირ გორაკი.
ამიტომ, თუკი ერთი ინვესტორი იყიდის სასტუმროს ამ „ფიქსატორის“ შუამავლობით, მას მალე მიჰყვებიან დანარჩენები. იმისგან დამოუკიდებლად, თუ საიდან მოდის ეს საინვესტიციო თანხები.
სამხრეთ ბოჰემიაში აზერბაიჯანული ინვესტიციები საიდუმლოებით არის მოცული. ყოველ შემთხვევაში – ფართო საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანიდან ნებისმიერი ინვესტიცია შეიძლება პრობლემატური იყოს, განსაკუთრებით, თუკი მას გაურკვეველი წარმომავლობა აქვს. აზერბაიჯანულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ დახარჯონ გარკვეული ქონება უძრავ ქონებაზე ან ფუფუნების საგნებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათი ოფიციალური ხელფასი ამის საშუალებას არასოდეს მისცემდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, დევნის ოპოზიციის ნებისმიერ ფორმას და ნავთობიდან მიღებული შემოსავლის უზურპირებას ახდენს, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ რჩეულებს ერგებათ. მაგრამ ხაფანგი ის არის, რომ ამ რჩეულებმაც არ იციან, როდის აქცევთ ზურგს ბედი და რამდენ ხანს გაძლებს თვითონ რეჟიმი. და ეს აიძულებს მათ, საზღვარგარეთ დამალონ საკუთარი აქტივები – მაგალითად, ლონდონში, ან ჩეხეთის პატარა საკურორტო ქალაქში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიშში, განსაკუთრებით აღნიშნულია ჩეხეთში უძრავი ქონების მოცულობის ზრდა, რომელიც უცხოელებს ეკუთვნის და მოუწოდებენ მკაცრი ზომების გატარებისკენ უძრავი ქონების ბაზარზე ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, ლიბორ კაზდა განმარტავს, რომ ყველა ინვესტორის საქმის შემოწმება არც ისე ადვილია, როგორც ჩანს.
„არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ საფინანსო ინსტიტუტს არ გააჩნია ფულის წყაროს შემოწმების შესაძლებლობა. თუკი ბანკი იღებს მხოლოდ წერილობით განცხადებას თავისი კლიენტისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ფული მიღებულია კანონიერი გზით და რა შეუძლია გააკეთოს? – კითხულობს კაზდა. – მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემდგომი შემოწმება არ განხორციელდება. სინამდვილეში, მხოლოდ წერილობითმა მტკიცებამ ეჭვი უნდა გააჩინოს“. თუმცა, კაზდა ასევე აღნიშნავს, რომ ჩეხეთში წერილობითი განცხადება, როგორც წესი, საკმარისია რათა ფულის წყაროს ასახსნელად.
ძვირადღირებული ნანგრევები
სამხრეთი ბოჰემია ხშირად ასოცირდება ულამაზეს ქალაქ ჩესკი-კრუმლოვთან ან ლიპნოს წყალსაცავთან, რომელსაც ჩეხეთის ზღვას უწოდებენ. იდეალური ადგილი რესტორნისთვის ან სასტუმროსთვის. როგორც ჩანს, ეს თავში მოუვიდა რამდენიმე აზერბაიჯანელ ინვესტორს, რომლებიც იმდენად ენდობოდნენ თავიანთ ბიზნესგეგმას, უყოყმანოდ მოახდინეს ასობით მილიონი ჩეხური კრონის (1 მილიონი CZK = დაახლოებით, 48 000 USD) ინვესტირება. მაგრამ ერთ-ერთი გეგმა ბიუროკრატიულ კოშმარად იქცა და ახლა ლიპნოს სანაპიროზე ნანგრევებს წარმოადგენს, სხვები კი ძირითადად დახურული და არა ღია სასტუმროები და რესტორნები იყო, რომელზეც ინვესტორმა უარი თქვა.
„რაღაც ძალიან მასშტაბური დაიწყო, ისინი (ინვესტორები) აქ ყოველდღე მოდიოდნენ, ვიღაც ცნობილმა პრაღელმა შეადგინა მშენებლობის გეგმა… მათ ჩვენი ოჯახური ბიზნესის ყიდვაც სურდათ. შემდეგ კი მოულოდნელად გაუჩინარდნენ და ყველაფერი შეჩერდა, – გვიყვება მცირე მეწარმე ლიპნოს მიმდებარე ტერიტორიიდან, – მსმენია, რომ ადგილობრივებმა არ ისურვეს მათი აქ ყოფნა, რაღაც პრობლემები შეიქმნა დიდ ფულთან დაკავშირებით“.
სოფლის მერი, სადაც გემის ფორმის მდიდრული სასტუმროს ნაცვლად, ახლა თავს ნანგრევები იწონებს, მხოლოდ მხრებს იჩეჩავს:
„თავად ხედავთ, რა გამოვიდა ამ გრანდიოზული გეგმებიდან. ნაგვისა და ქვების გრანდიოზული წყება. კარგია, რომ მათ ამ ყველაფერს ღობე შემოარტყეს და ვიღაც, შემთხვევით, ხელ-ფეხს არ მოიტეხავს“.
ეს ადგილი, რომელსაც გურკა ეწოდება, ერთ-ერთია ლიპნოს გარშემო მდებარე რამდენიმე სოფლიდან, სამხრეთ ბოჰემიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებიდან. „ტბა“ ავსტრიის საზღვართან მდებარეობს და განთქმულია იმით, რომ მდიდარ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს იზიდავს.
პირველი, რაც აქ თვალში გხვდებათ – ეს არის ღობე, რომელიც გარს აკვრავს რაღაცას, რაც სამშენებლო მოედანს ჰგავს, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ იქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც იქ მდებარე ძველი შენობები 2018 წელს დაანგრიეს.
დღეისათვის ამ ადგილას აშენებული უნდა ყოფილიყო შუშისა და ხისგან დამზადებული გემის ფორმის მდიდრული გამაჯანსაღებელი ცენტრი. მაგრამ პროექტი შეჩერდა ბიუროკრატიული ხარვეზებისა და კოვიდშეზღუდვების გამო – ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ინვესტორები. მიწა კომპანია ALPS s.r.o.-ს ეკუთვნის, რომელიც კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს რეგიონის დედაქალაქთან, ჩესკე-ბუდეიოვიცესთან ახლოს მდებარე სწრაფად მზარდ სატელიტ-ქალაქში.
მეორე ამბიციური აზერბაიჯანული პროექტი დაიწყო ორი შენობის შეძენით ცნობილ ტურისტულ ქალაქ ჩესკი-კრუმლოვში და ერთი შენობის – ფრიმბურგში – ლიპნოს პირას მდებარე პატარა ქალაქში. მაგრამ ეს გეგმაც მხოლოდ გეგმად დარჩა. ჩესკი-კრუმლოვში ერთი რესტორანი არც არასდროს გახსნილა, ძვირადღირებული რესტავრაციის შემდეგაც კი, მეორე ინვესტიცია – სასტუმრო, შედარებით ნორმალურად მუშაობდა, მაგრამ ახლა ვიღაც სხვა მართავს. რაც შეეხება რესტორანს ფრიმბურგში, მან ორი სეზონი იმუშავა (ორი ზაფხული და ზამთარი) და დაიკეტა 2018 წელს. მფლობელი გაუჩინარდა.
„ის უკვე წელიწადზე მეტია არ მინახავს, – ამბობს ჩესკი-კრუმლოვში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე, – მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და დაიკარგა“.
მფლობელები – ვინ არიან ისინი?
კომპანია ALPS ჯუმა აჰმედზადეს ეკუთვნის – ლონდონში, მდიდრულ და გაურკვეველი მფლობელის სახლში მცხოვრებ აზერბაიჯანელს. აჰმედზადეს მამა, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს აზერბაიჯანის მთავრობაში დაკავებული თანამდებობიდან.
არსებობს კიდევ ერთი ფირმა, რომელიც იმავე ჩეხურ მისამართზეა დარეგისტრირებული რეგიონულ დედაქალაქ ჩესკე-ბუდეიოვიცეში – LECO-CB. მისი მფლობელი – ზამირა ჰაჯიევაა, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი დირექტორის მეუღლე.
თავად ჰაჯიევი ახლა აზერბაიჯანულ ციხეში იმყოფება ფინანსური დანაშაულების ბრალდებით. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზამირა ჰაჯიევა ლონდონში ცხოვრობს, დაახლოებით, 11.5 მილიონი ფუნტის ღირებულების აპარტამენტში. მის პირდაპირ მდებარეობს ძვირადღირებული უნივერმაღი Harrods, რომელშიც, როგორც ამბობენ, ათი წლის განმავლობაში, 16 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა, მათგან დაახლოებით 6 მილიონი – იმ ბანკის საკრედიტო ბარათის გამოყენებით, რომელსაც მისი ქმარი ხელმძღვანელობდა. დღეისათვის, ბრიტანეთის ხელისუფლება ჰაჯიევების ოჯახური სიმდიდრის წყაროს იკვლევს და ამ დროის განმავლობაში, მათი ანგარიშები გაყინა.
კორუფციის თავისებურებები აზერბაიჯანში
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს აზერბაიჯანული ელიტის მენტალიტეტი. ყველა სახელმწიფო საწარმო – ეროვნული ბანკის ჩათვლით – მათთვის აღიქმება, როგორც მმართველი კლასის ყულაბა. ამიტომ, თუკი კარგი კავშირების მქონე პირს დასჭირდება ფული – მაგალითად, ბანკის CEO-ს ნათესავს – მისთვის ყოველთვის მოიძებნება ფულის შოვნის საშუალება“, – განმარტავს გორაკი. თუმცა, მისი აზრით, ეს არ არის რაღაც უნიკალური და მხოლოდ აზერბაიჯანისთვის დამახასიათებელი.
მეორე მხრივ, მათ, ვისაც არ აქვს კავშირები ზევით, საკმაოდ უჭირთ. საერთო ჯამში, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მმართველი ელიტა ფულს იღებს სახელმწიფო ხაზინიდან, ასევე საგრძნობი უთანასწორობაა სხვა სფეროებში – იქნება ეს მედიცინა, განათლება თუ სოციალური დაცვა. კორუფცია და მაფიოზური მეთოდები შესამჩნევია პოლიტიკაშიც.
როდესაც, 2017 წელს, აზერბაიჯანს ეკონომიკურმა კრიზისმა დაარტყა, რომელიც ნავთობზე ფასის დაცემამ გამოიწვია, პრეზიდენტმა ალიევმა კიდევ უფრო მკაცრად დაიწყო ოპოზიციის ნებისმიერ ფორმაზე ზეწოლა, ვიდრე ადრე. გარდა ამისა, მან ზომები გადადგა, რათა საკუთარი ხელისუფლების კონსოლიდირება მოეხდინა – მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა საკუთარი ცოლი, რითაც ის თავის მემკვიდრედ აქცია.
მიუხედავად ცნობილი ავტორიტარიზმის, კორუმპირებულობის და რეჟიმის არადემოკრატიულობისა, აზერბაიჯანი ჩეხეთის მსხვილ სავაჭრო პარტნიორად რჩება. უფრო მეტიც, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და იმპორტის მთავარი საგანია ნავთობი. სწორედ აზერბაიჯანიდან მიიღო ჩეხეთმა 2020 წელს იმპორტირებული ნავთობის მესამედი. და ჩეხეთის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, აზერბაიჯანში ბიზნესს აწარმოებს ათობით ჩეხური კომპანია.