„ფოლადი“ „ხავერდის“ ნაცვლად - ფაშინიანმა ახალი რევოლუციის შესახებ განაცხადა
სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს არის დანიშნული. პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის მთავარ მოედანზე ამომრჩევლებთან დასკვნითი შეხვედრა გამართა. სიტყვით გამოსვლის დროს, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ „ხავერდოვან“ რევოლუციას, რომელმაც მისი გუნდი ხელისუფლებაში მოიყვანა, „ფოლადის“ რევოლუცია შეცვლის. ასე მან თავის იმ მომხრეებს უპასუხა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ის არასაკმარისად მკაცრად ებრძოდა „წარსულს“
თავდაპირველად, მიტინგის გამართვა იმავე ადგილზე, თუმცა, 18 ივნისს იგეგმებოდა. მაგრამ ის 17 ივნისისთვის გადმოსწიეს. როგორც ფაშინიანმა განაცხადა – შესაძლო შეტაკებების თავიდან ასაცილებლად. საქმე ისაა, რომ ერევანში, იმავე მოედანზე, 18 ივნისს, მიტინგის გამართვას გეგმავს ამ არჩევნებზე პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ მთავარი ოპონენტი – ბლოკი „აიასტანი“ (სომხეთი), რომელსაც ექსპრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი უდგას სათავეში.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში იმ კრიზისის გადასალახად იმართება, რომელიც ქვეყანაში ყარაბაღის მეორე ომში, სომხური მხარის მარცხის შემდეგ შეიქმნა. მასში დიდი რაოდენობით პოლიტიკური ძალები მონაწილეობენ – 21 პარტია და 4 ბლოკი.
- ფაშინიანი მზად არის, თავისი ვაჟიშვილი სომეხ ტყვეებში გაცვალოს, რომლებიც აზერბაიჯანში არიან დაკავებულები
- ყველა პირობა დაცულია: სომხეთის პარლამენტი დაიშალა. წინ არჩევნებია
ნიკოლ ფაშინიანის მიტინგის დაწყებამდე, ერევანში მორიგი სკანდალი მოხდა. პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ სააგიტაციო პლაკატები ეროვნული გალერეის შენობაზე გამოფინეს, დედაქალაქის ცენტრში – რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მიტინგი უნდა ჩატარებულიყო. წინა საღამოს, მთავრობის სახლის შენობაზე, რომელიც იმავე მოედანზეა განთავსებული, იმავე თემატიკის ვიდეოპროექცია გაუშვეს. არჩევნების კონტროლზე პასუხისმგებელმა კომიტეტმა ეს კანონის დარღვევად მიიჩნია.
მიტინგის დეტალები
ერევნის მთავარ მოედანზე, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის მხარდამჭერების მრავალრიცხოვანი მიტინგი სომხეთის ჰიმნით გაიხსნა, რასაც წუთიერი დუმილი მოჰყვა – შეკრებილებმა პატივი მიაგეს ყარაბაღის მეორე ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ნიკოლ ფაშინიანი დასკვნით მიტინგზე თავის ოჯახთან ერთად მივიდა, რომელთა შორის იყო უმცროსი, 6 წლის ქალიშვილიც.
გამოსვლის დროს ის იმ საკითხებზე საუბრობდა, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს საზოგადოებას და რომლის გამოც მას ყველაზე მეტად აკრიტიკებენ არჩევნების სხვა მონაწილეები.
კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ უარყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ. საუბარია სახმელეთო გზაზე აზერბაიჯანსა და მის ანკლავს, ნახიჩევანის ავტონომიას შორის:
„სომხეთს არ განუხილავს და არც განიხილავს რაიმე დერეფნის შექმნის საკითხს. სრულიად გამოვრიცხავთ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის რაიმე სტატუსის ცვლილებას კომუნიკაციების გახსნის ფარგლებში“.
ფაშინიანმა აბსურდი უწოდა თურქეთისა და სომხეთის ლიდერების განცხადებას, სომხეთის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე დერეფნის უზრუნველყოფის თაობაზე:
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ წარმოვადგინეთ საკუთარი პოზიცია. რეგიონში ეკონომიკური კომუნიკაციები უნდა გაიხსნას. ამ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს ქვეყნები თანაბრად მიიღებენ, როგორც ეს გაწერილია მოსკოვში, 11 იანვარს მიღებულ ერთობლივ განცხადებაში. სომხეთი მზად არის, სისრულეში მოიყვანოს ამ განცხადების პუნქტები“.
მთავრობის მეთაურის თქმით, კომუნიკაციების გახსნის პერსპექტივას ხელს უშლის აზერბაიჯანის აგრესიული განცხადებები, მის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და სომეხი სამხედრო ტყვეების პატიმრობაში დატოვება, რომლებსაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ამ დრომდე არ აბრუნებენ სამშობლოში.
მიტინგის ბოლოს, ფაშინიანმა შეკრებილებს გზის დათმობა სთხოვა, რათა მისთვის საშუალება მიეცათ წასულიყო წინასაარჩევნო დებატებზე საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში. მან შემთხვევითაც ისარგებლა და მათში მონაწილეობის მისაღებად თავისი ოპონენტებიც მიიწვია, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებდნენ მის გუნდსა და პირადად მას.
ეს პირადად ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან მისი პოლიტიკური ოპონენტების პირველი მიპატიჟება არ იყო – მიეღოთ მონაწილეობა დებატებში და განეხილათ ყარაბაღის საკითხი. თუმცა, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგეებმა – ისინი ყველა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები არიან – უარყვეს ეს წინადადება.
რა დაარღვია ფაშინიანის პარტიამ
Facebook-ის სომხური სეგმენტის მომხმარებლებს არ მოეწონათ, რომ „სამოქალაქო ხელშეკრულების“ უზარმაზარი სააგიტაციო პლაკატები ეროვნული გალერეის შენობაზე გამოიფინა.
ამომრჩევლების კრიტიკა იმდენად მკაცრი იყო, რომ ნიკოლ ფაშინიანის პარტია განმარტებით გამოვიდა:
„კითხვების საპასუხოდ გაცნობებთ, რომ დღეს, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ მიტინგი, რომლის ფარგლებშიც, სცენის უკან გამოფენილი იქნება პლაკატები, რომლებიც მიტინგის გაფორმების ნაწილს წარმოადგენს“.
თუმცა, ამ განმარტებამ არ დააკმაყოფილა კომიტეტი, რომელიც არჩევნების კონტროლზეა პასუხისმგებელი. მათ განცხადება გამოაქვეყნეს იმის შესახებ, რომ კანონი ასეთი სააგიტაციო მასალის გამოყენების საშუალებას იძლევა უშუალოდ სააგიტაციო ღონისძიების დროს და არა მის დაწყებამდე 8-10 საათით ადრე. კომიტეტმა ამ დარღვევის აღმოფხვრა მოითხოვა.