ფაშინიანი მზად არის, თავისი ვაჟიშვილი სომეხ ტყვეებში გაცვალოს, რომლებიც აზერბაიჯანში არიან დაკავებულები
სომხეთში, სოციალურ ქსელებში, მკაცრად გმობენ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის მზად არის, თავისი ერთადერთი ვაჟიშვილი ყველა ტყვეში გაცვალოს, რომლებიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანში არიან დაკავებულები. ამასთან, კატეგორიული მოთხოვნით გამოვიდა სახალხო დამცველი, რომ „შეწყდეს წინასაარჩევნო პოლიტიკური მანიპულაციები ტყვეების საკითხით“.
ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება 8 ივნისს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, წინასაარჩევნო კამპანიის მეორე დღეს გააკეთა. მისმა შვილმა, აშოტ ფაშინიანმა მხარი დაუჭირა მამას და განაცხადა, რომ მზად არის აზერბაიჯანში წავიდეს, სომეხი ტყვეების დაბრუნების პირობით.
სომხეთში, 20 ივნისს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მხოლოდ არჩევნებს შეუძლია გადაჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეიქმნა. სომხური მხარის დამარცხების შემდეგ, ოპოზიციამ პრემიერის გადადგომა მოითხოვა. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის საყოველთაო კენჭისყრის შედეგად არის არჩეული და თანამდებობიდან მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერების მოთხოვნით არ წავა.
აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნება ამომრჩევლებთან შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომლებიც წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობენ. ამის გამო, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან ტატოიანმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული ტყვეების დაბრუნების თემით სპეკულირება დაუშვებელია“, მით უფრო, როდესაც საუბარია „ტყვეების სხვა ადამიანებში გაცვლასა და ამისათვის მზაობაზე“.
ყველა დეტალი – რატომ გამოვიდა ფაშინიანი ასეთი განცხადებით, რით არის უკმაყოფილო ომბუდსმენი და რას წერენ ამ ყველაფერზე სოციალურ ქსელებში.
- რას განიხილავენ და რისი განხილვა შეწყვიტეს ერევანმა, ბაქომ და მოსკოვმა
- “გააღე პანსიონის კარი!” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა აქცია გამართეს
პრემიერის განცხადება – ექსპრეზიდენტის საპასუხოდ
პრემიერ-მინისტრის შვილის პატიმრებზე გაცვლის შეთავაზების ისტორია წინასაარჩევნო კამპანიის პირველივე დღეს დაიწყო – ფაშინიანსა და სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შორის დაუსწრებელი დიალოგის სახით. ორივე პოლიტიკოსი ამომრჩეველს ხვდებოდა სხვადასხვა დასახლებაში.
არმავირის პროვინციის მცხოვრებლების წინაშე გამოსვლისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სომეხი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ბაქოს ციხეებში იმყოფებიან, არსებითად სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვიან“. ამიტომ, მისი აზრით, ეს ადამიანები აპატიებენ მას ტყვეობაში ყოფნას კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში, მაგრამ არ აპატიებენ, თუკი ხელისუფლება მათი თავისუფლებისთვის ქვეყნის თავისუფლებას გაიღებს.
მის ამ განცხადებას რეაგირება მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანისგან, რომელიც ამომრჩეველს ქალაქ აშტარაკში ხვდებოდა:
„როგორ შეიძლება ტყვეებზე ასე ლაპარაკი, როდესაც მათ ნებისმიერი რამ შეიძლება დაემართოთ. ადამიანები ყოველდღე ელიან, რომ მათ რაღაც საშინელებას გაუკეთებენ: რომ მათ აწამებენ, გააუპატიურებენ ან მოკლავენ. ფაშინიანს საერთოდ ესმის, რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები?! დაე, თავისი აშოტიკი (აშოტი – ნიკოლ ფაშინიანის შვილი) გაცვალოს 20-25 ჯარისკაცზე, რომლებიც აზერბაიჯანში არიან ტყვეობაში“.
ფაშინიანმა სარგსიანის ამ განცხადებას უპასუხა:
„თანახმა ვარ. ოფიციალურად ვუცხადებ ალიევს: ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ. სერჟიკას (სერჟ სარგსიანი) და რობიკას (რობერტ კოჩარიანს – სომხეთის ექსპრეზიდენტებს), როგორც ადამიანებით ვაჭრობის სპეციალისტებს, სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებ, მოლაპარაკებები აწარმოონ ამ საკითხზე. თუკი თქვენ ამით რამდენიმე ათას დოლარს გამოიმუშავებთ, ვფიქრობ, თქვენს ჯიბეს არ აწყენს“.
შემდეგ, მისმა შვილმა, აშოტ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ მზად არის აზერბაიჯანში წავიდეს „სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების პირობით, რომლებიც იქ ტყვეების ან სხვა სტატუსით იმყოფებიან“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამ თემით სპეკულირებს, მაგრამ სამშობლოს სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „საკუთარი მე“.
ისტორია გაგრძელდა მომდევნო დღეს, ნიკოლ ფაშინიანის შირაქის პროვინციის სოფელ მეწ-მანთაშის მცხოვრებლებთან შეხვედრისას. იქ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაავალა, ოფიციალურად გადასცენ აზერბაიჯანს მისი ვაჟიშვილის ყველა სომეხ ტყვეზე გაცვლის წინადადება.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ტყვეების სამშობლოში დასაბრუნებლად“, მაგრამ არ დაიწყო დეტალებზე საუბარი, რათა ამ პროცესს ხელი არ შეუშალოს.
ომბუდსმენის რეაქცია
იმდენად, რამდენადაც სამხედრო ტყვეების თემა ძალიან მტკივნეულია საზოგადოებისთვის და მუდმივად განიხილება ყველა პოლიტიკოსის მიერ, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ, არმან ტატოიანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ამ საკითხით „სპეკულირება“ და მით უფრო, საუბრები ტყვეების სხვა ადამიანებით ჩანაცვლებაზე: „ამით, აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის უბრალოდ იზრდება „დაბრუნების“ საფასური. და, რა თქმა უნდა, ეს აშკარად უპატივცემულო დამოკიდებულებაა ტყვეებისა და მათი ოჯახების მიმართ, მათი გრძნობებისადმი“.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ამ საკითხით სპეკულირების შეწყვეტა მოითხოვა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტში, ძირითადად, ნიკოლ ფაშინიანის წინადადების მწვავე კრიტიკა ისმის, რომელიც თავისი შვილის ტყვეებზე გაცვლის ინიციატივით გამოვიდა:
რამდენიმე სახასიათო კომენტარი:
„წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ყველანაირი მანიპულაციები უნდა აღიკვეთოს ნებისმიერი კანდიდატის მხრიდან. მათ შორის, არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, მუქარა, არეულობებისკენ მოწოდება“.
„თამაშობენ ახლობლებისა და ნათესავების გრძნობებით. ტყვეებს აკავებენ, რათა თავად შეიძინონ პოლიტიკური დივიდენდები. მათი დივიდენდები – ეს ჩვენი დანაკარგებია (სუვერენიტეტის, მიწის)“.
„ეს აბსოლუტურად სამარცხვინო ვითარებაა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდან გამოიყენება სამხედრო ტყვეების თემა. ეს ერთნაირად ამაზრზენია“.
„ეს მორიგი საშინელი ფუჭსიტყვაობაა“.