როგორ აფინანსებს აზერბაიჯანში სახელმწიფო კინემატოგრაფს და რა გამოდის აქედან
აზერბაიჯანულ კინემატოგრაფში კრიზისი 1990-იან წლებში გაშმაგებული აქტივიზმის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. და მიზეზებს შორის შეიძლება გამოვყოთ ერთი ძალიან ბანალური, მაგრამ ძალიან არსებითი – არასაკმარისი ფინანსები. ფული არასაკმარისია იმისათვის, რომ კინო გადაიღო და თუკი მაინც გადაიღე, მაშინ გაქირავებიდან არ მოდის ფული.
ამ ვითარების გამოსწორების პირობას კინოს სახელმწიფო სააგენტო დებს, რომლის შექმნაზეც ახლა კულტურის სამინისტრო მუშაობს. მართალია, ეს დაპირება ბევრმა მიიღო სკეპტიკურად (როგორც დაპირებების უმრავლესობა, რომლებსაც სახელმწიფო გასცემს), მაგრამ ჩვენ კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელის, რუფატ გასანოვის დახმარებით შევეცდებით გავერკვეთ, როგორ აფინანსებს სახელმწიფო კინოს აზერბაიჯანში და რით დაკავდება ახალი სააგენტო.
სახელმწიფო ფული სახელმწიფო სტუდიებისთვის
ახლა, სახელმწიფო დაფინანსებასა და ყველა მსგავს საკითხზე, რომელიც კინოს უკავშირდება, პასუხისმგებელია კულტურის სამინისტროს შესაბამისი განყოფილება. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან კინემატოგრაფზე გამოიყოფა, დაახლოებით, 5-7 მილიონი მანათი (დაახლოებით, 3-4 მილიონი დოლარი). ეს არის ფული „ყველაფრისთვის და ყველაფერზე“: ახალი ფილმების გადაღებებიდან დაწყებული, ღონისძიებების ორგანიზებით დასრულებული.
კინოწარმოების სახელმწიფო დაფინანსება არის ხანდახან სრული (და მაშინ ეს სახელმწიფო შეკვეთაა) ან ნაწილობრივი – როდესაც სახელმწიფო მწარმოებელი სტუდიის ხარჯების ნაწილს ფარავს.
უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსებას სახელმწიფოსვე სტუდიები იღებენ. ასეთი სულ შვიდია, მაგრამ მხატვრულ კინოზე ძირითადად სპეციალიზებულია კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმი“. 2016-დან 2020 წლის ჩათვლით, სახელმწიფო დაკვეთით გადაიღეს 19 მხატვრული ფილმი, მოკლემეტრაჟიანების ჩათვლით. მათ შორის, მაგალითად, დეტექტივი „სიკეთისა და ბოროტების ცეკვა“ (2016) ჩინგიზ აბდულაევის რომანის მიხედვით და ოჯახური დრამა „ბროწეულის ბაღი“ (2017), კერძო სტუდია Buta Filmi-ს მონაწილეობით.
რაც შეეხება კერძო სტუდიებს, თეორიულად მათი მხარდაჭერაც შეუძლია სახელმწიფოს. მაგრამ ფაქტობრივად ეს არ ხდება. იმიტომ რომ, სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად, სახელმწიფოს არ შეუძლია პირდაპირი კონტრაქტი გააფორმოს კერძო სტუდიასთან ტენდერის გამოცხადების გარეშე. მაგრამ ტენდერი ითვალისწინებს გარკვეულ ნორმებსა და სტანდარტებს პროდუქციისთვის. კრეატიულ ინდუსტრიაში კი, როდესაც საუბარია ხელოვნების ნაწარმოებებზე, ნორმები და სტანდარტები მიუღებელია, რადგან თითოეული ნაწარმოები უნიკალურია. ეს სტუდიები არსებობენ ძირითადად რეკლამებისა და სხვა კომერციული პროექტების გადაღებით, აქირავებენ აპარატურას და ამ ფულით იღებენ ფილმებს. ან დაფინანსებას საზღვარგარეთულ ფონდებში ეძებენ, თუმცა, ესეც პრობლემატურია იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი არ არის მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომლებიც კინოწარმოებას უჭერენ მხარს, მაგალითად, ევრიმაჟის (Eurimages).
გაქირავება, რომელიც არ არის
მას შემდეგ, რაც ხაზინის ფულით ფილმი გადაღებულია, იდეაში, ის გაქირავებაში უნდა მოხვდეს. მაგრამ ვერ ხვდება.
პირველ რიგში, აზერბაიჯანში, ძალიან ცოტა კინოთეატრია: თხუთმეტამდე მთელ ათმილიონიან ქვეყანაში (სულ, დაახლოებით, 90 დარბაზი/ეკრანი). ამავდროულად, კინოთეატრების უმრავლესობა კერძოა და შეუძლიათ აირჩიონ, რა აჩვენონ და რა არა. აზერბაიჯანელი რეჟისორები ინტერვიუებშიც და კერძო საუბრებშიც ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანული კინო კინოთეატრებში წარმოდგენილია ძირითადად კერძო სტუდიების აშკარად საშინელი ხარისხის კომედიებით. მეტ-ნაკლებად სერიოზული ფილმების აღება არავის უნდა. გამქირავებლების პოზიცია განსხვავებულია.
„ჩვენ ვიღებთ ნებისმიერ ფილმს, რომელსაც გვთავაზობენ, ჟანრის მიუხედავად. მაგრამ თუკი ფილმი წარმატებული არ არის, თუკი მაყურებლები არ დადიან, ჩვენ მას გაქირავებიდან ვხსნით. და ისე გამოდის, რომ სწორედ კომედიები ავსებენ დარბაზებს და ამიტომ ისინი სხვებზე დიდხანს რჩებიან რეპერტუარში. დანარჩენი აზერბაიჯანული ფილმები კი დისტანციიდან ძალიან მალე გადიან“, – ამბობს კინოთეატრების ქსელის Park Cinema მარკეტინგის დირექტორი, მუსა ახუნდოვი.
მისი თქმით, შედარებით შემოსავლიან სამამულო ფილმებს გაქირავებიდან, დაახლოებით, 1 მილიონი მანათი (დაახლოებით, 588 ათასი დოლარი) მოაქვთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხუთი ასეთი ფილმი იყო (და ყველა კომედია). მაყურებლებს მოეწონათ სამი პროვინციელის ისტორია, რომლებიც იოსებ სტალინის საგანძურს ეძებდნენ („სტალინის თავი“, 2017), ხილით მოვაჭრე, რომელიც ნარკომაფიისგან გადარჩენას ცდილობს („ბეგქონდარა, 2017) და სხვა მსგავსი ტიპის ისტორიები.
ამ წესისგან იშვიათი გამონაკლისი შეგვიძლია ვუწოდოთ ტრილოგიას სახელწოდებით „ფარდა“ (2016-2019), რომელიც წარმოადგინეს, როგორც სოციალური დრამა და თავის დროზე, არცთუ ისე პატარა ხმაური გამოიწვია. სამივე ფილმის ჩვენების დროს, დარბაზებში პირდაპირ იჭრებოდნენ, იმიტომ რომ, ფილმებში საუბარი იყო აზერბაიჯანულ საზოგადოებაში „სამარცხვინო“ და გასაიდუმლოებულ თემებზე, მაგალითად, როგორიც არის მეუღლის ღალატი.
მუსა ახუნდოვი ასევე დასძენს, რომ ნებისმიერი ფილმის წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებს რეკლამა (ასე იყო „ფარდის“ შემთხვევაშიც). მაგრამ არც სახელმწიფო და არც კერძო კინოსტუდიები, როგორც წესი, ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
რუფატ გასანოვი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე გადაღებული ფილმების ბიუჯეტში, საერთოდ არ არის გათვალისწინებული რეკლამის ხარჯები.
გამოდის, რომ აზერბაიჯანში ფილმების გადაღება ვერანაირად ვერ ფარავს ხარჯებს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პუბლიკა, ხშირად, საერთოდ ვერ იგებს მათ არსებობას.
რა საჭიროა კინოს სააგენტო
ასე იყო საქმე ბოლო დრომდე. 2020 წელს, გასაგები მიზეზების გამო, კინოწარმოება და კინოგაქირავება არც ისე აქტუალური იყო. 2020 წლის მაისში, სკანდალი ატყდა – კულტურის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი დააპატიმრეს გაფლანგვის ბრალდებით, მინისტრი კი გადააყენეს. მალე, მისი ადგილი დაიკავა ახალმა მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა, რომელმაც გუნდი განაახლა, მათ შორის, კინოს განყოფილებაშიც. რეფორმირებული განყოფილება აქტიურად შეუდგა საქმეს და ძირითად ფსონს იქ სწორედ კინოს სააგენტოზე აკეთებენ. ძირითადი მიზანი – შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მასზე გადავიდეს კინოსთან დაკავშირებული მთელი საზრუნავი.
ყველაზე მთავარი, სააგენტო, სამინისტროსგან განსხვავებით, შეძლებს დამოუკიდებლად მოიპოვოს ფული საკუთარი საჭიროებებისთვის და არ ჰქონდეს გათვლა მხოლოდ სახელმწიფოზე.
„სამინისტროს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს თავისი კომერციული ანგარიში. ამიტომ, ბევრი მომსახურება – მაგალითად, გაქირავების სერტიფიკატების გაცემა – უფასოდ ხდება. სააგენტოს კი შეუძლია, ჰქონდეს თავისი ანგარიში და დამატებითი ფინანსები მოიძიოს. ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, ასე შეიძლება დამატებით 4 მილიონი მანათის (დაახლოებით, 2.3 მილიონი დოლარი) გამომუშავება წელიწადში“, – ამბობს რუფატ გასანოვი.
კიდევ ერთი პოტენციური პლუსი, გასანოვის თქმით – ეს არის დამოუკიდებელი სტუდიებისთვის სახელმწიფო დახმარების მიღების პროცესის გამარტივება. ანუ სტუდიები შეძლებენ პირდაპირ მიმართონ სააგენტოს დაფინანსებაზე. სავარაუდოდ, ეს „კერძო სექტორის“ სტიმულირებას მოახდენს.
ასევე, სააგენტოსთან შეიქმნება კინოკომისია, რომლის მოვალეობებშიც შევა აზერბაიჯანში უცხოელი კინემატოგრაფების „მოზიდვა“, რომლებიც გადასაღებ ადგილებს ეძებენ და მათი დახმარება გადაღებების ორგანიზებაში:
„გადასაღები ადგილების შერჩევისას, უცხოური კინოსტუდიები ორიენტირებულები არიან არა მხოლოდ გარემოს სილამაზეზე, კლიმატსა და შესაბამის არქიტექტურაზე, არამედ ისეთ ფაქტორებზე, როგორებიც არის გადასახადები და სხვა სარგებელი. თუკი ჩვენ მათ სასარგებლო პირობებს შევთავაზებთ, ეს რეგიონის სხვა ქვეყნებთან ჩვენს კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ეს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს სტიმულირებას ნიშნავს, სასტუმრო ბიზნესისა და ბევრი სხვა სფეროს ჩათვლით. მაგალითად, გასულ წელს, ამერიკელებმა საქართველოში გადაიღეს ფილმი „ფორსაჟი“ და იქ 11 მილიონი დოლარი დახარჯეს. ამასთან, ეს ადგილობრივი მსახიობების, ოპერატორებისა და სხვა სპეციალისტების პროცესში ჩართვასაც ნიშნავს“.
მაგრამ ახალი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა დროს მოითხოვს, მანამდე კი კინოს განყოფილება თურქეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე ერთობლივი ფილმისა და სერიალის გადაღებაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Netflix-თანაც და უკვე დაიწყო თანამშრომლობა კერძო სტუდიებთან რამდენიმე ერთობლივ პროექტსა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაატარეს, რათა გამჭვირვალობა უზრუნველეყოთ.