„აი, გულაგზე არ დაიწყოთ!“ - რუსეთში პატიმრები მიგრანტების ნაცვლად იმუშავებენ?
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ კალაშნიკოვმა გაახმოვანა გეგმა – რუსეთში, პატიმრები გაუშვან მსხვილ მშენებლობებზე სამუშაოდ მიგრანტი მუშების ნაცვლად.
იდეა განპირობებულია რუსეთში სამუშაო ძალის ქრონიკული დეფიციტით, რადგან პოსტსაბჭოთა სივრციდან მიგრანტ მუშებს არ შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში.
კალაშნიკოვს ესმის, რომ გარდაუვალია შრომითი ბანაკების სისტემის ანალოგია პატიმრების იძულებით მძიმე შრომასთან, სტალინის დროს 1930-1950 წლებში, გულაგის სახელით ცნობილ სისტემაში.
მან უკვე გააკეთა განცხადება:
„ეს გულაგი არ არის. სრულიად სხვა პირობები იქნება. ადამიანები იმუშავებენ და იცხოვრებენ კომუნალურ სახლებში ან საერთოდ იქირავებენ ბინას და იცხოვრებენ ოჯახებით, ვინც მოისურვებს. იქ მათ კარგად გადაუხდიან“.
კალაშნიკოვი ამბობს, რომ მიგრანტი მუშების დეფიციტის პირობებში, პირველ რიგში შუა აზიიდან ჩამოსულების, დაახლოებით 188 ათასმა პატიმარმა უნდა მიიღოს მუშაობის შესაძლებლობა თავისი პატიმრობის ვადაში.
რუსეთის იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინ ჩუიჩენკომ უკვე მოიწონა ინიციატივა. მან განაცხადა, რომ მსჯავრდადებულები ამით „შეძლებენ რეალიზება მოახდინონ საკუთარი უფლების, შეეცვალოთ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მუშაობით“.
ჩუიჩენკო ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო და რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს რამდენიმე საწარმოსთან, რათა უახლოეს მომავალში გაიხსნას პირველი შრომითი ბანაკები სტალინის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე.
„გულაგები სიკვდილის ბანაკები არ იყო, ეს იყო სიცოცხლის საგზური“
ინიციატივის მხარდასაჭერად გამოვიდა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის მიმომხილველი, ვიქტორია ნიკიფოროვა.
სტატიაში, სახელწოდებით – „ჩვენი შრომა – ღირსების საქმე“, ის გულაგის შესახებ შეხედულების გადახედვას ახდენს, რომელიც, მისი აზრით, „საერთოდაც არ იყო სიკვდილის ბანაკები, როგორც მას ბევრი წარმოადგენს“.
„ელიტისთვის გულაგი უსიამოვნო კონტრასტს ქმნიდა „ასტორიასა“ და „მეტროპოლთან“ შედარებით, მაგრამ ასობით ათასი რიგითი ადამიანისთვის ის ხდებოდა, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს – სოციალური ლიფტი“, – წერს ნიკიფოროვა.
„ეს იყო ნამდვილი „სიცოცხლის საგზური“. ის ყოფილ კრიმინალურ ელემენტს საშუალებას აძლევდა, შერეოდა კანონმორჩილი მოქალაქეების რიგებს. არ დავივიწყოთ, სხვათა შორის, რომ სწორედ სისხლის სამართლის დამნაშავეები – არა პოლიტპატიმრები – შეადგენდნენ გულაგების კონტინგენტის აბსოლუტურ უმრავლესობას.“
ის აღიარებს, რომ საბჭოთა ეპოქის ზოგიერთი შრომითი ბანაკი ნამდვილად ცნობილი იყო მძიმე პირობებით:
„მაგრამ მათი უმრავლესობა სამაგალითო იყო, ადამიანებს სთავაზობდა საჭმელს, თბილ საცხოვრებელს, კარგ ანაზღაურებად პროფესიას და საბოლოოდ, ყოფილ დამნაშავეს ეხმარებოდა, დაბრუნებულიყო საზოგადოებაში.“
ნიკიფოროვას მიაჩნია, რომ ამ პროგრამას შეუძლია შექმნას „დამატებითი „დრაივი“ რუსეთში შრომის ბაზრისთვის და დაეხმარება პატიმრებს საზოგადოებაში რეინტეგრაციაში. ასევე, ჩამოყალიბდება „უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება ფიზიკური შრომისადმი.“
ალტერნატიული მაგალითის სახით, ის წერს „აშშ-ის კერძო ციხეებში იძულებითი შრომის შესახებ“ და ასკვნის:
„რუსულ რეალობაში მსგავსი სისასტიკე უბრალოდ წარმოუდგენელია.“
სოციალური ქსელების რეაქცია
ამ სტატიამ აღშფოთება გამოიწვია რუსულ სოციალურ ქსელებში. Twitter-ის ათასობით მომხმარებელი დასცინის სტატიას და წერს რუსეთის მომავლისადმი შიშის შესახებ:
„ჩვენ, ნორმალური სოციალური ლიფტები გვჭირდება, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია“.
„ეს არის ყველაზე საზიზღარი, სევდიანი და ამაზრზენი ტექსტი, რომელიც წამიკითხავს. მინდა, რომ შხაპში შევიდე 10 საათით, შემდეგ კი ძალით ჩავსვა ყველა მეგობარი და ახლობელი თვითმფრინავში ქვეყნიდან წასასვლელად“.
„ეჰ, გამიშვებდნენ ახლა გულაგში, კარიერულ კიბეზე ავმაღლდებოდი, უცებ გავმდიდრდებოდი, პატიმრიდან მილიციელად გადავიქცეოდი“.
მოსაზრება გამოთქვა ანტიკორუფციულმა ფონდმაც, რომელიც პატიმრობაში მყოფი რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის შექმნილია. რუსეთის ხელისუფლება აპირებს, უახლოეს მომავალში ფონდს ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭოს:
„დავასრულოთ რეფორმები ასე (ეს არ იქნება გულაგი).