სახელმწიფო ღალატის საქმე. შეტევა პრორუს პოლიტიკოსებზე უკრაინაში
უკრაინაში პრორუს დეპუტატსა და ოლიგარქს ვიქტორ მედვედჩუკს, რომელსაც ვლადიმირ პუტინთან დაახლობულ პიროვნებად მიიჩნევენ, სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. სასამართლომ ის შინაპატიმრობაში გაუშვა. მედვედჩუკი უკრაინის ერთ – ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია – ოლიგარქი, მედიამაგნატი და უდიდესი ოპოზიციური პარტიის ერთ – ერთი ლიდერი. ექსპერტების აზრით, მედვედჩუკის დევნა, რაც წინა პრეზიდენტმა ვერ გაბედა, უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან პირადად ვლადიმერ პუტინის გამოწვევაა.
კიევის სასამართლომ 13 მაისს საღამოს აღკვეთის ღონისძიების სახით დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკს შინაპატიმრობა განუსაზღვრა. უკრაინის ახალი კანონმდებლობით, დეპუტატები იმუნიტეტით არ სარგებლობენ.
11 მაისს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ხელი მოაწერა განკარგულებას მედვედჩუკის, ასევე როგორც მისი კოლეგის, ”პარტია სიცოცხლისთვის” ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატის ტარას კოზაკის, ეჭვმიტანილებად ცნობის შესახებ, იუწყება უკრაინული ტელეარხი Hromadske.
- უკრაინა და რუსეთი დიდი ომის ზღვარზე
- მოსაზრება: რა უნდა გააკეთონ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად კრიზისის პირობებში
- უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ
დეპუტატებს ბრალი ედებათ ყირიმის ანექსიის აღიარებაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასა და „ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკის სახლში და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.
19 თებერვალს, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დააწესა დეპუტატების მედვედჩუკისა და კოზაკის წინააღმდეგ, ტერორიზმის დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით. სანქციების შედეგად უკრაინაში შეწყდა სამი ტელეარხის – NewsOne, 112-უკრაინა და ZIK-ის მაუწყებლობა, რომლებსაც პრორუსულად მიიჩნევდნენ. ტელეარხები ფორმალურად ტარას კოზაკს ეკუთვნის, თუმცა უკრაინაში მათ ნამდვილ მფლობელად მედვედჩუკი ითვლება.
ვინ არის მედვედჩუკი
ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ნათელმირონია – ვლადიმირ პუტინი მისი ქალიშვილის ნათლიაა.
მედვედჩუკი ღიად გამოხატავს თავის პრორუსულ პოზიციას და აცხადებს, რომ რუსეთს აგრესორ ქვეყნად არ მიიჩნევს. ის ხშირად დადის მოსკოვში და ურთიერთობს რუსეთის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ვლდიმირ პუტინთან. ამავე დროს, ის საჯაროდ ამტკიცებს, რომ დონბასი და ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.
მედვედჩუკი ოპოზიციური პარტიის “პლატფორმა სიცოცხლისთვის” ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმაღლეს რადაში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა. პარტია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა.
მედვედჩუკი ხშირად ცდილობს შუამავლის როლი შეასრულოს კიევსა და მოსკოვს შორის. იგი კონფლიქტის მხარეებს შორის პატიმართა და მსჯავრდებულთა გაცვლის ერთ-ერთ ორგანიზატორად არაერთხელ გამოსულა.
რაში ადანაშაულებენ მედვედჩუკს
ტარას კოზაკს და ვიქტორ მედვედჩუკს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს: სახელმწიფო მინერალური რესურსების გაფლანგვა, საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გადაცემა და დივერსიული საქმიანობა.
პირველი ეპიზოდი. გამოძიებამ დაადგინა, რომ მედვედჩუკმა და კოზაკმა რუსულ მხარეს გადასცეს ოფშორული გაზის საბადო გლუბოკაია აზოვის ზღვაში. 2015 წელს მედვედჩუკმა და კოზაკმა კომპანია ხელახლა, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად დაარეგისტრირეს, რაც პრაქტიკულად რუსეთის იურისდიქციაში გადასვლას ნიშნავს. საზოგადოებას წარუდგინეს მტკიცებულებები – დოკუმენტები და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მედვედჩუკის საუბრების აუდიოჩანაწერები.
მეორე ეპიზოდი მოხდა 2020 წლის აგვისტოში. მაშინ მედვედჩუკმა, სავარაუდოდ, რუსეთს გაუგზავნა საიდუმლო ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საიდუმლო სამხედრო ნაწილის ადგილმდებარეობისა და შეიარაღების შესახებ.
მესამე ეპიზოდი ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას ინფორმაციის სფეროში: საუბარია მედვედჩუკისა და კოზაკის მიერ პროექტის მომზადებაზე, რომელიც ითვალისწინებს “გავლენის ინფრასტრუქტურის შექმნას” უკრაინელ შრომით მიგრანტებს შორის: უკრაინელები უნდა წაეხალისებინათ, რათა რუსეთში სამუშაოდ წასულიყვნენ, ხოლო სახლში დაბრუნების შემდეგ მათ უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ პროპაგანდაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
12 მაისს ვიქტორ მედვედჩუკი კიევის გენერალური პროკურატურის ოფისში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებს.
მისივე თქმით, ის სამართალდამცავებისგან დამალვას არ აპირებს.
”მე მზად ვარ დავიცვა ჩემი თავი, რადგან არაფერში ვარ დამნაშავე. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არის პოლიტიკური რეპრესიების შედეგი, ზეწოლა ჩემზე, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელზე, პირზე, რომლის ქმედებებიც ამა თუ იმ მიზეზით არ მოსწონს ხელისუფლებას ”, – განაცხადა მედვედჩუკმა.
რატომ ახლა?
სერგეი რუდენკო, უკრაინელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გუნდი მედვედჩუკის საქმით ერთდროულად სამ მოწინააღმდეგეს ურტყამს – თავად მედვედჩუკს, მის ნათელმირონ ვლადიმირ პუტინს და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.
”პუტინი მედვედჩუკის საქმეს პირად გამოწვევად აღიქვამს. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ ზელენსკი მას აიძულებს ვიქტორ ვლადიმიროვიჩის (მედვედჩუკის) და მისი მეუღლის მომავალზე შეწუხდეს. იმისათვის, რომ სიტუაცია მოაგვაროს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს სჭირდება დიალოგის წარმოება ვლადიმირ ზელენსკისთან, რომელსაც თავის ტოლად არ თვლის, ” – აცხადებს რუდენკო “დოიჩე ველე”-სთან საუბრისას.
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს და ზელენსკის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, პეტრო პოროშენკოს, მიმომხილველის აზრით, ეს საქმე მას “გარკვეულ უხერხულობას” შეუქმნის – ხელისუფლებაში ყოფნისაც იგი მედვედჩუკს არ შეხებია და არც რეაგირება მოუხდენია იმ ფაქტებზე. რაც ახლა ბრალდების საფუძველი გახდა.
თავის მხრივ, პოლიტოლოგი იური რომანენკო მედვედჩუკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს “შოუს” უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, მედვედჩუკისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციების შემოღებით დაიწყო.
”სანამ მედვედჩუკის პოლიტიკაში ყოფნის საკითხი არ გადაწყდება, უკრაინა ვერ შეძლებს დაშორდეს რუსულ სამყაროს. მისი, როგორც პოლიტიკურ მოთამაშის, რაიმე ფორმით განეიტრალება აუცილებელია,” – მიიჩნევს რომანენკო.
თუმცა, მისივე თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ თავს ასეთ ამოცანას არ უსახავს და მას უფრო მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” რეიტინგის დაცემა აწუხებს. მით უმეტეს, რომ გამოძიებას ახალი არაფერი წარმოუდგენია და ეს ფაქტები 2017-2018 წლებიდან არის ცნობილი.
რომანენკო მიიჩნევს, რომ მედვედჩუკი უკან არ დაიხევს, მით უმეტეს, რომ მას უკრაინის სასამართლოებზე გავლენა აქვს. ”ის ფსონს დადებს პროცესზე, რომელიც ხმაურიანი იქნება, რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები პრორუსულ ფლანგზე.”