პარლამენტში შესულმა ოპოზიციის ნაწილმა ახალი ფრაქცია შექმნა
გაზიარება
გაზიარება
პარტია “ლელომ” დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არმაზ ახვლედიანთან, სალომე სამადაშვილთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ახალი ფრაქციის სახელწოდება იქნება “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება.
სალომე სამადაშვილმა მანდატი “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით მოიპოვა, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტზე დამოუკიდებლად ხელმოწერის შემდეგ, პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო, “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.
არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე პარლამენტში “ევროპული საქართველოს” სიით მოხვდნენ, თუმცა თავად “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
“პირველი ოპოზიციური ფრაქციაა “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”. სწორედ, ეს ფრაქცია იქნება გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნეს წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარების, სისტემურ დატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
სალომე სამადაშვილის განმარტებით, ის პარტიაში არ წევრიანდება, ეს არის ფრაქცია საერთო პოლიტიკური ამოცანებისთვის. მისივე თქმით, ფრაქციის მთავარი მიზანი იქნება, როგორც პარლამენტის შიგნით, ისევე საზოგადოებასთან, პარლამენტს გარეთ შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად შესრულება.
დამოუკიდებელი დეპუტატების გარდა, ახალი ფრაქციის წევრები იქნებიან “ლელოს” პარტიული სიით პარლამენტში გასული მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი და დავით უსუფაშვილი.
ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემაც. ბაქრაძე ამბობს, რომ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს და არც საპარლამენტო თანამდებობის დაკავებას გეგმავს.
“მე გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დავტოვე “ევროპული საქართველო”, ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების დეპუტატების ნაწილმა მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც საპატიმრო დატოვეს “მთავარი არხის” მეწილემ გიორგი რურუამ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ასევე იყო საპარლამენტო საქმიანობის დაწყება.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია. მათი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში მიიღებენ.