მოსაზრება: რამდენად სავარაუდოა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამოკავშირეო შეთანხმება?
გეოპოლიტიკური ცვლილებები რეგიონში, რუსეთის მზარდი ზეწოლა მეზობელ ქვეყნებზე – ყოფილ სსრკ-ის რესპუბლიკებზე – რეალურ საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას. პოლიტიკოსის, ნატიკ ჯაფარლის აზრით, ქვეყნის ერთადერთი ხსნა, შესაძლოა, თურქეთთან სამოკავშირეო შეთანხმება გახდეს.
- კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
- ახალი ძველი საზღვარი: რატომ აღმოჩნდა სომხური სოფლები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
- „ბოდიში, ერდოღანმა ყირიმი არ აღიარა“. რატომ შეწყვიტა რუსეთმა თურქეთთან ავიამიმოსვლა
აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნატიკ ჯაფარლის მიაჩნია, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი და სახიფათო პროცესები მიმდინარეობს, რომელიც ემუქრება როგორც აზერბაიჯანის, ისე სხვა ახალი სუვერენული სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, რომლებიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ შეიქმნა.
„ჯერჯერობით რუსეთი იმარჯვებს“
„რუსეთი აძლიერებს თავის როლს, დასავლეთმა კი ჯერ ისევ არ იცის, რა ნაბიჯები გადადგას და ჯერჯერობით ყოველ ნაბიჯზე ჩამორჩება. შეიძლება, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, დასავლეთი ისევ დაწინაურდეს, მაგრამ ახლა აშშ-სა და ევროკავშირს სერიოზული პრობლემები აქვთ ლიდერობის თვალსაზრისით. ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ეს დღევანდელი დღის პრობლემა არაა – რუსეთის პოზიციების გაძლიერება გრძელდება 2007 წლის მიუნჰენის კონფერენციიდან მოყოლებული“, – წერს ჯაფარლი.
„შემდეგ მოხდა საქართველოში ომი – დასავლეთმა ისევ ვერაფრის დაპირისპირება ვერ შეძლო, შემდეგ ყირიმი, დონბასი, ბელარუსის მოვლენები და ბოლოს, ე.წ. სამშვიდობოების სახელით, რუსეთმა თავისი არმია ჩვენს ტერიტორიაზე შემოიყვანა – და მოვლენების მთელ ამ ჯაჭვში, ჯერჯერობით რუსეთი იმარჯვებს“, – აგრძელებს პოლიტიკოსი.
დასავლეთმა ან პოსტსაბჭოთა სივრცე არ იცის, ან არ სურს იცოდეს და შეისწავლოს ის, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მას რუსეთს აბარებს, თამაშობს რა შორეულ პერსპექტივაზე, ფიქრობს ჯაფარლი.
„არჩევნების შემდეგ დასავლეთმა შეცდომა დაუშვა“
„დასავლეთს გათვლა იმაზე აქვს, რომ დატვირთავს რა რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა პრობლემით, კრემლი გატყდება და, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი, რომელიც ვერ გაუძლებს მატერიალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტვირთს, დათმობს. ჩემი აზრით, ეს ძალიან სარისკო გეგმაა და იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი განხორციელება მოხერხდება, ეს გეგმა ანადგურებს ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების დღევანდელობას, აშინებს მათ მოსახლეობას.
ბოლო წლებში, დასავლეთმა ყველაზე დიდი შეცდომა ბელარუსში დაუშვა – მართალია, ლუკაშენკო დიქტატორი და ავტორიტარული ლიდერია, ყირიმისა და დონბასის შემდეგ მას შეეშინდა, მოსკოვიდან დისტანცირება და დასავლეთთან დაახლოება სურდა. ევროკავშირსა და აშშ-სთან მოლაპარაკებებიც კი დაიწყო, შედგა სერიოზული ვიზიტები, ხელი მოეწერა დოკუმენტებს, მზადდებოდა უფრო მნიშვნელოვანი ხელმოწერები.
სწორედ ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსის დამოუკიდებლობას ამჯობინებდა, უშლიდა ხელს რუსეთთან „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნას. მაგრამ ბოლო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კრემლმა იქ სცენარი გაითამაშა – ლუკაშენკოს ძირითადი ოპონენტები იქ სწორედ კრემლის ხალხი იყო, არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე, რუსულმა ტელეარხებმა ლუკაშენკოს დამცირება დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ „ოპოზიციის“ ტრიბუნად გადაიქცა რუსული ტელეკომპანიები. არჩევნების შემდეგ კი დასავლეთმა შეცდომა დაუშვა და ფაქტობრივად „ბატკას“ კრემლისკენ უბიძგა.
„ჩვენთვის რთული დროება დადგება“
22 აპრილს, ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გაიმართება შეხვედრა. მოსკოვმა უკვე შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ „ბატკა“ ახლა ყველაფერზე თანახმაა – მეჩვენება, რომ 22 აპრილს განაცხადებენ რუსეთ-ბელარუსის ახალი, უფრო ინტეგრირებული სამოკავშირეო სახელმწიფოს შესახებ – და ეს შეიძლება სსრკ-ის აღორძინების საფუძველი გახდეს.
ამის შემდეგ, რუსეთი მარტივად „გადაყლაპავს“ ყირგიზეთს – ხელისუფლების ბოლო ცვლილებები იქ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რის მერეც ყაზახეთის რიგი დადგება, შემდეგი ნაბიჯი დონბასის შეერთება იქნება, ყველაზე სახიფათო კი ჩვენთვის სომხეთია. თუკი ზაფხულში, კრემლი იქ საკუთარ ჩანაფიქრს განახორციელებს, ოფიციალური ერევანიც ასევე შევა ახალ სსრკ-ში, ომში დამარცხებამ არსებითად ამას ჩაუყარა საფუძველი – სომხეთმა გაიგო, რომ დათვის დახმარების გარეშე, მისი არსებობა, როგორც ქვეყნის, კითხვის ქვეშ დარჩებოდა.
რთული ვითარებაა, თუკი ეს სცენარი განხორციელებას დაიწყებს, რთული დროება დაგვიდგება, კრემლი უკვე ღიად იმუქრება დუგინის პირით და აზერბაიჯანს „სსრკ“-ში ექაჩება“.
„თუკი არჩევანი დარჩება სსრკ-სა და თურქეთთან კონფედერაციას შორის…“
და რა გავაკეთოთ?! თუკი 22 აპრილს, მოსკოვში, „სსრკ“-ის აღორძინებას გამოაცხადებენ, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვაწეროთ ხელი თურქეთთან სამოკავშირეო შეთანხმებას, თურქეთის არმიას ჩვენს ტერიტორიაზე საკუთარი ბაზების შექმნის უფლება უნდა მივცეთ. სხვა გზა არ არის, თუკი არჩევანი დარჩება სსრკ-სა და თურქეთთან კონფედერაციას შორის, ვფიქრობ, საფიქრალი არაფერია, არჩევანი გასაგებია, მხოლოდ ახალ კონფედერაციულ სახელმწიფოში, ანკარისა და ბაქოს მოკავშირეობით შევძლებთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
სამწუხაროდ, კოლექტიური დასავლეთი ჩვენთან უფრო შორეულ პერსპექტივაზე თამაშობს, ახლო პერსპექტივაში კი ჩვენ ყველას კრემლის ხახაში გვაგდებს, იცის, რომ რუსეთი ამას ვერ მოინელებს და საბოლოოდ დაიხრჩობა, მაგრამ ამისათვის დიდი დროა საჭირო. ჩვენ კი ეს დრო არ გვაქვს – შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს დამოუკიდებლობა – ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა…
P.S. თუკი 24 აპრილს, ბაიდენი 1915 წლის მოვლენებს „გენოციდს“ უწოდებს, ეს გაზრდის დაძაბულობას დასავლეთსა და თურქეთ-აზერბაიჯანს შორის, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. თუკი აშშ-ში ამას გააკეთებენ, ისინი ჩამოშორდებიან თურქეთსა და აზერბაიჯანს, ჩვენ კი წასასვლელი არსად გვაქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთად უნდა ვიაროთ“, – დაწერა ნატიკ ჯაფარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.