რუსული ფაქტორი თურქული საფრთხის წინააღმდეგ: ვინ „გადაარჩენს“ სომხეთს
2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის ყოველი დღე, აიძულებდა სომხურ საზოგადოებას სულ უფრო და უფრო მეტად შეპარვოდა ეჭვი იმ მითებისა და პოლიტიკური ნარატივების ჭეშმარიტებაში, რომლებიც წლების განმავლობაში იყო ფესვგადგმული ადამიანების გონებაში.
და ომის შემდეგაც, სომხეთში, არ წყდება მათი განხილვა და ახლების გამოჩენა. ბოლო თვეებში, სომხეთში, სხვადასხვა მედიაწყაროდან შემოვიდა ნარატივი იმის შესახებ, რომ თურქეთი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება.
ამის შესახებ დაწერა ირანულმა ტელეგრამ-არხმა Azariha და საინფორმაციო პლატფორმამ InfoBrics, რომელიც რამდენიმე ქვეყანას აერთიანებს. ძალიან მალე, ეს ინფორმაცია გამოჩნდა სომხურ გამოცემებშიც.
ცნობები თურქეთის მხრიდან შეტევის მზადების შესახებ არ დადასტურდა, სომხეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას ოპოზიცია ავრცელებდა. მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა.
თურქეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე და მოსალოდნელი ტერიტორიული დანაკარგები, ჯერ კიდევ დიდ შიშს იწვევს საზოგადოებაში, რუსეთი კი აღიქმება ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც თურქული აგრესიული მისწრაფებების შეკავება შეუძლია.
ეს სტატია არის მცდელობა, გაერკვეს, როგორ ჩამოყალიბდა ნარატივი, რომ „მხოლოდ რუსეთს შეუძლია ჩვენი თურქული საფრთხისგან დაცვა“, როგორ ვრცელდება ეს მოსაზრება და რამდენად გამართლებულია.
- სომხური მხარის მარცხის მიზეზები: ყარაბაღის მეორე ომის მითები და რეალობა
- საინფორმაციო იარაღი ყარაბაღის მეორე ომში – შეფასება სომხეთიდან
- სომხური მხარის მარცხის მიზეზები: ყარაბაღის მეორე ომის მითები და რეალობა
ნათელია, რომ ამ ნარატივის წყარო მხოლოდ ოპოზიცია არ არის, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა აღნიშნა და პრობლემას გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს.
განვიხილოთ ამ ნარატივის გავრცელების სამი მთავარი წყარო: თურქული, რუსული და სომხური.
ეს უკანასკნელი, დიდწილად, თურქული და რუსული საინფორმაციო პოლიტიკის რეპროდუქციაა.
თურქული პოლიტიკა
ამ ნარატივის ჩამოყალიბების პირველი და მთავარი წყარო თურქული პოლიტიკაა, ის თურქეთიდან წამოსული განცხადებებისა და ქმედებების შედეგად გაჩნდა.
რა თქმა უნდა, დასავლელი მეზობლის მიმართ სომხების შიშის მთავარ მიზეზად 1915 წლის გენოციდი რჩება, რომელიც სომხებთან დაკავშირებით ოსმალეთის იმპერიაში განხორციელდა. თუმცა, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბევრი სხვა ინციდენტი მოხდა, რომელმაც არსებული შიშები გაამყარა.
აი, 1990-იანი წლების დასაწყისიდან არსებული ვითარების შესწავლის შედეგები.
1991 წლის 24 დეკემბერს, თურქეთმა სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ისე ჩანდა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იწყებოდა. თურქეთის ელჩმა მოსკოვში, ვოლქან ვურალმა განაცხადა კიდეც, რომ თურქეთი ერევანში საკონსულოს გახსნას გეგმავდა.
მაგრამ ყარაბაღის პირველი ომის დროს (1992-1993 წწ.) ვითარება შეიცვალა.
ეს აგრესიული განცხადებები და მოქმედებები ომში არ გადაზრდილა. თუმცა, თურქეთი ამ დრომდე უარს აცხადებს სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე.
1993 წელს, თურქეთმა ცალმხრივად ჩაკეტა სომხეთთან საზღვარი, მისი მეგობარი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის ინტერესების დაცვის მოტივით და მისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონების დაბრუნება მოითხოვა, რომელსაც სომხური ძალები აკონტროლებდა.
ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ეს რაიონები ოფიციალური ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა და თურქეთს აღარ აქვს მიზეზი, ისევ ჩაკეტილი ჰქონდეს სომხეთთან სახმელეთო საზღვარი.
თუმცა, სომეხ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საზღვრის გახსნის სანაცვლოდ, ახლა ოფიციალური ანკარა ერევნისგან მე-20 საუკინის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების გენოციდის საერთაშორისოდ აღიარებაზე უარის თქმას მოითხოვს.
სხვათა შორის, სომხეთთან საჰაერო საზღვარი საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, ჯერ კიდევ 1995 წელს გაიხსნა.
თურქეთი და მეზობლები
თურქეთის საგარეო პოლიტიკამ ასევე დიდწილად შეუწყო ხელი სომხეთში ფრთხილი დამოკიდებულებისა და მისი მხრიდან მომავალი შესაძლო აგრესიის მიმართ შიშის შენარჩუნებას.
მოკლედ, ბოლო წლებში, თურქეთის მეზობლებთან ურთიერთობის შესახებ – სლაიდზე:
ქურთი ბოევიკები, როგორც შეჭრის მიზეზი
სომეხი პოლიტოლოგების დაკვირვებით, თურქეთი ხშირად ამართლებს ხოლმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას „ტერორისტული ელემენტების განეიტრალების“ განზრახვით. აღსანიშნავია, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული, თურქეთი სომხეთს ქურთების მუშათა პარტიის „ბოევიკებთან“ თანამშრომლობასა და მათ სომხეთის შეიარაღებულ ძალებაში მიღებაში ადანაშაულებდა.
1996 წლის მაისში კი თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქურთი „ბოევიკები“ სომხეთის ტერიტორიით სარგებლობდნენ თავიანთი მიზნებისთვის და ამის გამო, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე რეჟიმი გაამკაცრა.
1998 წლის ნოემბერში, სომხეთის ქურთების მუშათა პარტიასთან კავშირის შესახებ ანკარის მორიგი ბრალდებების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვარდან ოსკანიანმა ხაზი გაუსვა, რომ „ქურთების მუშათა პარტიის ლიდერი, აბდულა ოჯალანი არასოდეს ყოფილა, არც იმყოფება და არც არასოდეს იქნება სომხეთის ტერიტორიაზე“.
ასეთი ბრალდებები ისმოდა ყარაბაღის მეორე ომის დროსაც – როგორც თურქეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. და ამ დრომდე, ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა ამის დამადასტურებელი ვერცერთი საიმედო ფაქტის წარმოდგენა. მაგრამ ეს ბრალდებები – კიდევ ერთი მიზეზია, ექსპერტებს მიაჩნდეთ, რომ თურქეთი შემოჭრის მიზეზს ამზადებს.
საიდუმლო დოკუმენტები თურქეთის გეგმების შესახებ პრესაში
2020 წლის ივნისში, სომხურ პრესაში ფართო გავრცელება ჰპოვა შვედური ვებგვერდის, Nordic Monitor-ის პუბლიკაციებმა იმის შესახებ, რომ თურქეთმა სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გეგმა შეიმუშავა. სტატიის ავტორი აბდულა ბოზქურთი იუწყებოდა, რომ თურქეთის სამხედრო გეგმების შესახებ ცნობილი გახდა მის ხელში მოხვედრილი საიდუმლო დოკუმენტის ასლით, რომელიც 2016 წლის 23 მაისით იყო დათარიღებული და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ იყო ვიზირებული.
მოგვიანებით, Regionmonitor.com-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვებგვერდი Nordic Monitor-ი ეკუთვნის არაკომერციულ ორგანიზაცია Nordic Research Monitoring Network-ს. მას კოორდინირებას უწევენ თურქი ჟურნალისტები, აბდულა ბოზქურთი, ლევენთ ქენეზი და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი, მურად ჩეთინერი. და თითოეული მათგანი რადიკალურად ოპოზიციურად არის განწყობილი თურქეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ.
მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია სომხეთის მიმართ საბრძოლო მოქმედებების გეგმის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. Regionmonitor.com-ის ექსპერტების მონაცემებით, ამ მასალების ანალიზი არანაირად არ იძლევა ასეთი დოკუმენტის არსებობის მტკიცების ან უარყოფის შესაძლებლობას.
რუსული მხარე – ნარატივის აქტიური გამავრცელებელი
თურქული საფრთხის შესახებ საუბრობენ რუსული წყაროებიც. და რუსეთის ფედერაცია წარმოდგენილია ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც სომხეთის დაცვა და რეგიონში ომის შეჩერება შეუძლია.
მაგალითად, პოლიტიკური მიმომხილველი პიოტრ აკოფოვი 2020 წლის სექტემბერში წერდა, რომ რუსეთი არ დაუშვებს ფართომასშტაბიან ომს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და არაერთი არგუმენტი მოჰყავდა. ასეთი ფორმულირებები ისმოდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და ექსპრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის მხრიდანაც. ცხოვრებამ კი აჩვენა, რომ მთელი ეს მტკიცებები – პოლიტიკური მითებია.
ყარაბაღის მეორე ომის დროს კი, სომხეთში შეჭრის შესახებ ერდოღანის გეგმების შესახებ წერდა ბოლო პერიოდში სომხეთში დიდად პოპულარული ტელეგრამ-არხი WarGonzo.
ამ ინფორმაციის შესამოწმებლად, სომხური ვებგვერდი 168.am გაესაუბრა თურქოლოგ რუბენ საფრასტიანს, რომელმაც ინფორმაცია სარწმუნოდ მიიჩნია და ხაზი გაუსვა: თურქეთის შემაკავებელი მექანიზმია სომხეთში განთავსებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზა და რუსეთი, როგორც მოკავშირე.
ამასთან, აღნიშნულმა თემამ ახალი იმპულსი მიიღო ომის შემდეგ, როდესაც სომხეთის ხელისუფლებამ თურქეთთან დიალოგის მზაობის შესახებ განაცხადა.
მაგალითად, ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტის“ ხელმძღვანელმა, გევორგ გევორგიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს რუსული ბაზების გაყვანის ზუსტი გეგმა აქვს:
„თუკი აქ ყველაფერი თურქული იქნება, ვისგან დაიცავს რუსეთი სომხეთს: თურქებს თურქებისგან? შედეგად, რუსეთი რეგიონიდან გავა, სომხეთი კი დამონებულ სომხებთან ერთად თურქეთის კონტროლქვეშ მოექცევა“.
თუკი ომამდე ამბობდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია ფართომასშტაბიან შემოჭრას არ დაუშვებდა, ომის შემდეგ ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ სომხეთი ახლა ძალიან სუსტია და შესაბამისი დახმარების მიღება შეუძლია ჩრდილოელი მეზობლისგან, თუ მას უპირობო ლოიალურობას დაუდასტურებს.
ამრიგად, tert.am-თან საუბრისას, პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნე ალექსეი მასლოვმა აღნიშნა:
„თავისი პოზიციების სისუსტის მიუხედავად, სომხეთს სერიოზული მხარდაჭერის მიღება შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების სწორად აგების შემთხვევაში ანუ ყველა საკითხთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ნათელი პრორუსული პოზიციების პირობებში“.
თურქოლოგმა ანაიტ ვეცირიანმა JAMnews-ს განუცხადა, რომ სომხეთისთვის საფრთხე წარსულში არ არის, რადგან 2015 წლიდან, თურქეთი აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა გახდა.
ბოლო წლებში, ერდოღანის პოლიტიკა ხელს უწყობს საზოგადოებაში ამ ნარატივების განმტკიცებას. თუმცა, სამხედრო შეჭრა მას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია. თურქოლოგის აზრით, თუკი აზერბაიჯანს დამოუკიდებლად შეუძლია ბრძოლა, თურქეთის პირდაპირი ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.
პოლიტიკურ მიმომხილველ აკოფ ბადალიანს არსებითად არ მიაჩნია, აქვს თუ არა თურქული საფრთხის შესახებ ნარატივს თურქული ან რუსული წარმომავლობა. მთავარია, როგორ დარეგულირდება ეს საფრთხე:
„თუკი ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საფრთხის წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთი გამოდის, რუსულ-თურქული ურთიერთობების ისტორია გვაიძულებს, როგორც მინიმუმ, გადავხედოთ თურქული საფრთხის შეკავების სხვა საშუალებებსაც.
ჩვენ ხომ რეალურად გვინახავს, რომ თურქული საფრთხიდან დაცვის რუსულმა მექანიზმმა არ იმუშავა – არც ისტორიულ კონტექსტში და არც თვეების წინ, როდესაც ჩვენთან ომის შემდეგ, თურქეთმა პოზიციები გაიმყარა კავკასიაში, ფაქტობრივად განსაზღვრა ახალი საზღვრები. რუსეთმა არა მხოლოდ არ დაგვიცვა თურქული შევიწროებისგან, არამედ, კიდევ ერთხელ წავიდა ტრადიციულ შეთქმულებაზე თურქეთთან“.
მიმომხილველის აზრით, რუსეთის ფედერაცია თურქეთს კვლავ მთავარ პარტნიორად განიხილავს კავკასიაში თავისი პოზიციებისთვის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: არის თუ არა რუსეთი ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც თავდაცვის საშუალებას მოგვცემს, თუკი ჩვენ განგვიხილავს როგორც სავაჭრო მონეტას თურქეთთან მოლაპარაკებებში.
აკოფ ბადალიანის თქმით, რუსეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ერთადერთი:
„რა თქმა უნდა, რუსეთი და თურქული კავკასიისთვის იბრძვიან. სტრატეგიული თვალსაზრისით, ისინი მიისწრაფვიან მეორე მხარის შევიწროებისკენ ან გავლენის შემცირებისკენ, მაგრამ, ამავდროულად, ერთიანი არიან ამ არენაზე ნებისმიერი მესამე მხარის არდაშვების სურვილში. და ეს ჩვენთვის სერიოზული განხილვის საკითხი უნდა იყოს: ასეთ შემთხვევაში, რამდენად შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ რუსეთს თავდაცვის სფეროში“.
ალტერნატივის სახით, მიმომხილველი საუბრობს თურქეთთან დიალოგის შესახებ, თანაც მას მხედველობაში აქვს არა სრული პატიება, არამედ გარკვეული კომუნიკაციის დამყარება, პოლიტიკური კავშირების აღდგენა, რომლის ამოქმედებაც შესაძლებელი იქნება გამონაკლის შემთხვევებში, რათა მოიხსნას დაძაბულობა. პირდაპირი ურთიერთობების დამყარება, როგორც თავდაცვის დამატებითი მექანიზმისა, გარდაუვალი ხდება.
ბადალიანის თქმით, თურქეთისთვისაც სასარგებლოა ახლანდელი ვითარება, რადგან დიალოგის შემთხვევაში, რეგიონში მისი ყოფნა კონკურენციის საკითხი ხდება. ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების პირობებში, რეგიონი შეიძლება გაიხსნას სხვა მოთამაშეებისთვის, რომელთან კონკურენციის გაწევასაც ის ვერ შეძლებს.
და შეიძლება, თურქეთს ასევე ხელს აძლევდეს რუსულ-თურქული ფორმატი, რადგან ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში, ისინი რეგიონს კეტავენ სხვა მოთამაშეებისთვის და პერიოდულად ახორციელებენ რეგიონის ციკლურ გადანაწილებას.