"ქართული ოცნება" ხელს აწერს დანიელსონის გეგმას. რას აპირებს ოპოზიცია?
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მზადაა ხელი მოაწეროს ე.წ. “დანიელსონის გეგმას” – პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გეგმას, რომელიც შემოთავაზებულია ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა დოკუმენტს ხელი ამ დრომდე იმიტომ არ მოაწერა, რომ ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდა.
“დღეს, ქართული ოცნება, საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაზეც არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში. დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ”, – თქვა თალაკვაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ დანიელსონის გეგმა არ გულისხმობს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იზიარებს ოპოზიციის ბრალდებებს 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში.
ამავდროულად, ქართული ოცნება გამოხატავს მზადყოფნას განიხილოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი შემოდგომაზე, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველმა პარტიამ აარჩევნებში ხმების 40% -ზე ნაკლები მოიპოვა. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ მერის არჩევნები ერთგვარი პლებისციტი გახდება.
„გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით,” – თქვა თალაკვაძემ.
____________________________________________________________________________
31 მარტს თბილისში, ქრისტიან დენიელსონმა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრებს წარუდგინა დოკუმენტი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ხედვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სისტემური საარჩევნო რეფორმების განხორციელებას და მართლმსაჯულების სექტორში ცვლილებებს. ორივე მხარემ უარი თქვა ამ გეგმის ხელმოწერაზე და პასუხისმგებლობა დააკისრა ერთმანეთს.
დანიელსონის დოკუმენტი შეიცავს შემდეგ პუნქტებს:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
- მომავალი არჩევნები
____________________________________________________________________
თითქმის ნახევარი წელია საქართველო პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში ცხოვრობს. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, რადგან არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია.
კრიზისის მოგვარების საქმეში ევროკავშირი ჩაერთო.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მარტში ორჯერ ეწვია მიშელის პირადი წარმომადგენელი, დიპლომატი ქრისტიან დანიელსონი. მისი რამდენიმე შეხვედრა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, უშედეგოდ დასრულდა.
ოპოზიცია უარს ამბობს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვს ახალ არჩევნებს. ხელისუფლება არჩევნების გაყალბების ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
რას აპირებს ოპოზიცია?
ოპოზიციური პარტიების უმმრავლესობა უარს ამბობს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული გეგმის ამჟამინდელი ვერსიის ხელმოწერაზე.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” პრინციპული მოთხოვნაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხის “მთავარ არხის” თანამფლობელის, გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლება. ამ მოთხოვნას ოპოზიციის უმრავლესობა უერთდება. მელიას და რურუას ისინი პოლიტპატიმრებად თვლიან.
“ნიკა მელიას და გიორგი რურუას თემის დახურვის გარეშე, ცხადია, ჩვენ დოკუმენტს ხელს ვერ მოვაწერთ,” – ამბობს სალომე სამადაშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან”.
“ნაციონალური მოძრაობა” არც ვადამდელი არჩევნების თემის დათმობას აპირებს:
“რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, დოკუმენტში, რომელიც მედიატორმა წარმოადგინა, იქ ვადამდელ არჩევნებზე საერთოდ არ იყო საუბარი… ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი უნდა ამოიწუროს,” – ამბობს სამადაშვილი.
იგივე პოზიცია აქვს “ევროპული საქართველოსაც”.
მისი ლიდერის გიგი ბოკერიას განცხადებით, ნებისმიერი შეთანხმება უნდა შეიცავდეს როგორც პოლიტპატიმრების თემას, ასევე პუნქტს ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის ჩატარების შესახებ.
“[დოკუმენტს, რომელშიც] ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, [ხელს არ მოვაწერთ]. უკვე ვთქვით ეს მაშინვე”, – ამბობს ბოკერია.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც არ აპირებს ხელი მოაწეროს დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ გეგმას.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი არა შეთანხმებას, არამედ ოპოზიციის კაპიტულაციას ნიშნავს.
„ოცნებაში” ზუსტად იციან, რომ ამ დოკუმენტზე ოპოზიცია ხელს არ მოაწერს. შესაბამისად, მათი ერთადერთი მიზანია, რომ საკუთარი თავის დემონსტრირება მოახდინონ პოზიტიურ ჭრილში… აქედან დარჩება ის, რომ „ოცნება“ გამოჩნდება კონსტრუქციულ ძალად, რომელიც დათანხმდა ევროპელების მიერ შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერას… თავიდან ბოლომდე პიარია, მეტი არაფერი,“ – ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელისმოწერა დამაზიანებელია ქვეყნისთვის, რადგან მისი აზრით, ეს დოკუმენტი არა რეალურად გამოასწორებს სიტუაციას, არამედ თვალის ახვევაა, თითქოს პოლიტიკური კრიზისი მოგვარდა:
“მგონია, რომ ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად „გაბლატავდება“, კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაგვაგდებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
განსხვავებით “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და “გირჩი – მეტი თავისუფლებისგან”, რომლებმაც ცალსახად განაცხადეს, რომ “დანიელსონის შეთანხმების” ამ ვერსიას ხელს არ მოაწერენ, “სტრატეგია აღმაშენებელში” აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” განცხადება ქმნის დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას.
“ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაიხია თუ არა უკან „ქართულმა ოცნებამ“. იმიტომ, რომ არ არის ნათელი სურათი, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზეც გზები მოცემული არაა. ეს განცხადება მოლაპარაკების გაგრძელების შანსს აჩენს, დანარჩენი საკითხები მხარეებმა მოლაპარაკებებზე პირისპირ უნდა გავიაროთ. განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა მოლაპარაკების გაგრძელებისთვის, რისთვისაც ჩვენც მზად ვართ,” – ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.
პარტია “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მიიჩნევს, რომ საჭიროა მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, რათა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.
თუმცა, “ლელოც” და “სტრატეგია აღმაშენებელიც” მიიჩნევენ, რომ საბოლოო შეთანხმებაში პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხი გათვალისწინებული უნდა იყოს.
“ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს… ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბატონი დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა”, – წერს ხაზარაძე ფეისბუკზე.
“გირჩი” – ალტერნატიული ხედვა
ერთადერთი პარტია, რომელიც განსხვავებულ პოზიციაზეა, ეს არის პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”.
პარტია „გირჩი” მომავალი ორშაბათიდან წყვეტს საქართველოს პარლამენტის ბოიკოტს, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა.
”ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობასთან”, – თქვა მარგველაშვილმა.
“გირჩის” სამი წარმომადგენელი აპირებს ნაწილობრივ შეასრულოს საპარლამენტო უფლებამოსილებები – ისინი ივლიან სხდომებზე და იქედან აჩვენებენ “ბოიკოტის სტანდარტს”.
ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო ხელფასებზე და არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში.
თუმცა, “გირჩის” ეს სამი წევრი ყველა საპარლამენტო პრივილეგიაზე უარს არ ამბობს – ისინი ისარგებლებენ სადეპუტატო იმუნიტეტით და იარაღის ტარების უფლებით [ეს პარტია იარაღის ტარების დაკანონების მომხრეა _JAMnews].
მანამდე “გირჩმა” შვიდი მოთხოვნა წარუდგინა “ქართული ოცნების” მმართველ გუნდს. “გირჩი აცხადებდა, რომ თუ ამ შვიდი მოთხოვნიდან ერთი მაინც დაკმაყოფილდებოდა, ისინი პარლამენტში შევიდოდნენ. პუნქტებს შორისაა – ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. “გირჩი” ასევე მოითხოვს მარიხუანის სრულად ლეგალიზაციას და ქვეყანაში სხვადასხვა ვალუტის მიმოქცევას.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “გირჩმა” ხმების 2,89 პროცენტი დააგროვა და საკანონმდებლო ორგანოში ოთხი ადგილი მოიპოვა. დეკემბერში პარტიაში განხეთქილება მოხდა, ზურაბ ჯაფარიძემ “გირჩი” დატოვა და ახალი პარტია სახელწოდებით “გირჩი – მეტი თავისუფლება” დააფუძნა.
დღეს 150 მანდატიან პარლამენტში მხოლოდ 96 ადგილია დაკავებული. აქედან 90 მმართველ პარტიას ეკუთვნის. ოპოზიციიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსი დეპუტატი შევიდა – ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეების” ორი წარმომადგენელი და ასევე ოთხი დეპუტატი, რომლებიც “პატრიოტთა ალიანსის” სიით გავიდნენ, ამ პარტიას გამოეყვნენ და “ევროპელ სოციალისტთა პარტია” დააფუძნეს.
დანარჩენი ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, რადგან 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
თუ “გირჩი” პარლამენტში შევა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, ოპოზიციას ცხრა წევრი ეყოლება.