აფხაზეთის საგზაო მილიციას რუსული ავტომობილების შემოწმება აუკრძალეს
აფხაზეთში საგზაო-საპატრულო სამსახურს უცხოური სანომრო ნიშნიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგზაო პოლიციის საგუშაგოების გარეთ გაჩერება და დათვალიერება აეკრძალა. თუმცა, იქაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული უცხოური ავტოტრანსპორტის შემოწმება, თუკი მიღებულია ოპერატიული ინფორმაცია კონკრეტული დარღვევის ან ორიენტირების შესახებ.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ასლან კობახიას ამგვარ განკარგულებას ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს – აფხაზეთის საგზაო მილიციის თანამშრომლების მიერ უცხოელი ავტომობილის მფლობელებისგან (ძირითადად რუსი ტურისტებისგან) უკანონო გამოძალვის მასობრივი შემთხვევები.
სხვადასხვა ტურისტულ ფორუმზე აფხაზი „გაიშნიკი“ უკვე იგავის პერსონაჟად არის ქცეული:
“რუსეთის საზღვრიდან სოხუმში მივდიოდით. სულ რაღაც 100 კმ-ის მანძილი იყო გასავლელი, თუმცა რვაჯერ გაგვაჩერეს. თითქოს დამცავი ღვედებიც შეკრული გვქონდა, სიჩქარეც დასაშვები იყო, სააფთიაქო ყუთიც – წესრიგში, მაგრამ სანამ ერთ-ორ ასიანს არ მისცემ, თავს არ განებებენ, და თუ მართლა რაიმე დაარღვიე, მაშინ უკვე ერთიანად გაგყვლეფენ“.
“ადგილობრივი სანომრე ნიშნებიანი მანქანები ГАИ-ს საგუშაგოების წინ ბოინგებივით დაშხუიან, და რატომღაც მხოლო კანონმორჩილ ტურისტებს აჩერებენ“.
„ყველაზე მეტი პრობლემა გხვდება, როდესაც რუსეთის მიმართულებით მიემგზავრები. ან ჯარიმა გადაიხადე, ან მართვის მოწმობის გარეშე მოგიწევს გამგზავრება. რასაკვირველია, მოწმობა რომ არ ჩამოგართვან, ფულს იხდი“.
„სხვათა შორის, აფხაზეთის საგზაო პოლიციას მხოლოდ ტურისტები არ აკრიტიკებენ, არამედ თავად მისი ხელმძღვანელობაც. რესპუბლიკის სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელმა ნაურ სმირმა ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ თავისი უწყების თანამშრომელთა 99 პროცენტს სამსახურიდან დაითხოვდა, „მაგრამ ისინი, ვისაც მათ ნაცვლად მოიყვან, უფრო უარესები აღმოჩნდებიან“.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ახლად შემოღებულ კანონს ყველაზე ხშირად განიხილავენ სოციალურ ქსელებში.
ბლოგერებიდან არავინ უარყოფს, რომ ადგილობრივი საგზაო პოლიცია ტურისტებს გასაქანს არ აძლევს. თუმცა, ამავე დროს ავტომობილების უცხოელი მფლობელების ამგვარი შერჩევითი დაცვით ადგილობრივი მოქალაქეების უფლებები ირღვევა.
“ესე იგი, სტაციონარული პოსტების მიღმა ისევ შესაძლებელი იქნება აფხაზურ სანომრე ნიშნიანი მანქანის მძღოლების გაყვლეფა“.
„ამ დადგენილებას უნდა დაექვემდებაროს ყველა მანქანა, თუკი წესებს არ არღვევენ. და თუ არღვევენ – ნებისმიერი სანომრე ნიშნიანი მანქანა უნდა გააჩერონ! ლოგიკურად ასეა. მაგრამ, სად ლოგიკა და სად ჩვენი ხელისუფლება…“
„პრობლემა ერთია – გადაუხადეთ ნორმალური ხელფასი ინსპექციის თანამშრომელს, და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, და თანამშრომლებიც წესიერად იმუშავებენ!“
“კარგი ხელაფსი ყველას სჭირდება, მაგრამ საიდან უნდა მოიტანონ, თუკი მთელ ფულს არჩევნებზე ფლანგავენ? ხოლო „უფლებამოსილი“ ორგანოები, სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტად, საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ.“
“ვიდეოკამერები უნდა დაიდგას, რომ ქრთამის აღება გამოირიცხოს. თითოეულ სტაციონარულ პოსტთან შეიძლება დაიდგას ტერმინალი, სადაც ადგილზევე გადაიხდიდნენ ჯარიმებს – ქვითრებითა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. სტაციონარულების გაკონტროლება უფრო ადვილია, ვიდრე საგზაო ყაჩაღების. მძღოლებს კი ვურჩევდი, ცოტაოდენი ფული დახარჯონ ვიდეორეგისტრატორზე, და ამით გაიიოლონ ცხოვრება.“