"ევროპაში" პურის საყიდლად. უკრაინული სოფლის ცხოვრება ფრონტის ხაზზე
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება მწვავდება. მიმდინარეობს ინტენსიური პოზიციური ბრძოლები უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულ ფორმირებებს შორის. მაგრამ ამ დროს ხალხი ფრონტის ხაზზე ცხოვრებას განაგრძობს. ხშირად – არსებობისთვის აუცილებელი პირობების გარეშე. უკრაინულმა ტელეკომპანიამ Hromadske-მ ერთი ასეთი სოფელი მოინახულა.
ნოვოალექსანდროვკა, სავარაუდოდ, უკრაინაში საცხოვრებლად ყველაზე ცუდი ადგილია. აქ არ არის გაზი, არც ელექტროენერგია, არც გზა. ამ ყველაფრის მიუხედავად, სოფელში 10 ადამიანი ისევ ცხოვრობს. ისინი თითქოს დროის მანქანამ ასი წლის წინანდელ დროში გადაიყვანა.
ორნახევარ კილომეტრიანი ტალახიანი გზის ფეხით გავლას საათნახევარს ვანდომებთ.
- უკრაინა და რუსეთი დიდი ომის ზღვარზე
- მოსაზრება: რა უნდა გააკეთონ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად კრიზისის პირობებში
- აფხაზეთს, ცხინვალს, დნესტრისპირეთს და დონბასს რუსეთის მიერ ანექსიისთვის ამზადებენ?
სინამდვილეში, გზად ის სამხედროებმა აქციეს, რომლებმაც ის ტყესა და მინდორზე გაჭრეს. მაგრამ რადგან ამ ტალახიან გზაზე ძირითადად მძიმე სამხედრო ტექნიკა მოძრაობს, მსუბუქი მანქანით, თუნდაც თბილ სეზონზე, აქ გავლა შეუძლებელია. ზამთრის შემდეგ, როდესაც თოვლი დნება, მაგრამ მიწა ჯერ არ გამომშრალა, ფეხი თითქმის ყოველ ნაბიჯზე ტალახში გეფლობა.
ცხოვრება იზოლაციაში
„ნახეთ ჩვენი სილამაზე! აქ ხალხი ცხოვრობდა. მერე ომს გაექცა”, – ადგილობრივი მკვიდრი ვლადიმირი სოფელს გვაჩვენებს.
”აქ ფარდულები იყო. საცხოვრებელი სახლი. სამზარეულო. ახლა აღარაა“
ისინი აღარაა დიდი ხანძრის შედეგად, რომელიც ნოვოალექსანდროვკაში 2020 წლის 1 სექტემბერს მძვინვარებდა.
ვლადიმირი ბილიკს გვიჩვენებს და ამბობს, რომ ამ გზით ევროპაში დადის და დრამატული პაუზის შემდეგ განმარტავს: ” ჩვენ პოპასნას (მეზობელ დასახლებას) ევროპას ვეძახით!”
უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ევროპად მოხსენიება პოპულარული ხუმრობაა ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს შორის.
თუმცა, ნოვოალექსანდროვკა ოკუპირებული არასოდეს ყოფილა. 2014-2018 წლებში ის “ნაცრისფერ ზონაში” იყო – ტერიტორია უკრაინის არმიის და “ბოევიკების” პოზიციებს შორის. 2018 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელზე კონტროლი აიღეს.
ამასთან, ნოვოალექსანდროვკა კვლავ იზოლირებულია – მასთან ნორმალური გზა არ მიდის. არანაირი ტრანსპორტი აქ არ მოძრაობს, არც მაღაზია მუშაობს. 2014 წლიდან სოფელში ელექტროენერგია არ არის.
გზის პრობლემაა ფრონტის ხაზზე მდებარე ზოგიერთ სხვა სოფელშიც. უგზოობა აქ არ არის უნიკალური.
მაგრამ ელექტროენერგიის არარსებობა დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილად უნიკალური სიტუაციაა. ნოვოალექსანდროვკას გარდა, იგივე პრობლემა არსებობს მხოლოდ დონეცკის ოლქის სოფელ ოპიტნოეში, – იქ 30-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ელექტროენერგიის გარეშე.
ნოვოალექსანდროვკის პრობლემების მოგვარება ძალიან ნელა მიმდინარეობს. მისი ადმინისტრაციული დაქვემდებარების საკითხიც კი იმ სოფლის საბჭოსთვის, რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, თითქმის ორ წელზე გაიწელა მას შემდეგ, რაც სოფელი უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს. ოფიციალური პირები ენერგომომარაგების საკითხის მოგვარებასაც დაპირდნენ და აქამდე პირდებიან.
”თუ ჩვენ გარანტირებულნი ვიქნებით, რომ დუმილის (ცეცხლის შეწყვეტის) რეჟიმი იქნება, ელექტროენერგიის მიწოდებას აღვადგენთ, ყველაფერს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი გარანტია არ მოგვცეს,” – ამბობს ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.
წითელი ჯვრის იმედად
”ზაფხულში ძაღლებივით ვცხოვრობთ. ხორცს ვყიდულობთ და საღამომდე ვჭამთ. ძეხვს ვყიდულობთ და საღამომდე ვჭამთ. თუ არა, მაშინ დილით ძაღლს ვაძლევთ”, – აღწერს თავის ყოფას 57 წლის ნიკოლაი.
მისი თქმით, წითელმა ჯვარმა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მზის პანელები და დიზელის გენერატორები შეიძინა. პირველი საკმარისია მხოლოდ ტელეფონის დასატენად. მეორის მუშაობისთვის კი საწვავია საჭირო, რომელიც არა მხოლოდ უნდა იყიდოთ, არამედ კანისტრით სახლამდე მოიტანოთ.
”ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენი დახმარება შეზღუდულია, რადგან იქ შეუძლებელია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, – ამბობს ოლექსანდრ ვლასენკო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრესმდივანი უკრაინაში. – შეუძლებელია ადგილობრივი მეწარმეობის, მიწის დამუშავების ხელშეწყობა, რადგან ეს მათ საფრთხეში ჩააგდებს. ამიტომ, ჩვენ იმით შემოვიფარგლებით, რომ მათ ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას ვურიცხავთ [ყველას ცალ- ცალკე]. ასევე დეკემბრის დასაწყისში საწვავი შევიტანეთ, რომლითაც ხალხს საკუთარი სახლის გათბობა შეეძლო.”
ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი წითელ ჯვარს ახსენებს. ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელთა არსებობა, როგორც ჩანს, აქ დიდი ხანია დაავიწყდათ.
რატომ არ მიდიან?
ომის დაწყებამდე ნოვოალექსანდროვკაში 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა მხოლოდ ათი დარჩა.
”მე სოფელს არ დავტოვებ! ვინ მიხედავს?! ვინ შეაკეთებს?! მე თვითონ მშენებელი ვარ. ხან სახურავს გავასწორებ, ხან ფანჯრებში შუშებს ჩავსვამ. ცოტა ხნის წინ იყო აფეთქება, შევაკეთე! “ – ვლადიმირი ცოტა პათეტიკურად იცავს თავის უფლებას იცხოვროს თავის პატარა სამშობლოში.
მოგვიანებით მან კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა:
”მე არ ვტოვებ ჩემს სახლს, რომ არ გაძარცვონ. ერთხელ პურის საყიდლად “ევროპაში” წავედი და გამქურდეს!”
იგი წითელი ჯვრის შემწეობით და თანასოფლელებზე კვერცხის გაყიდვით მიღებული შემოსავლით ცხოვრობს.
მას სამი ქალიშვილი და შვილიშვილები ჰყავს. მაგრამ ისინი დიდი ხანია არ უნახავს – მას უბრალოდ არ აქვს საშუალება სადმე წავიდეს. ისინი კი არ ჩამოდიან, რადგან “2014 წელსაც საკმარისი დაბომბვები ნახეს, საკმარისია!”
ასეთივე ამბავია ნიკოლაის შემთხვევაში – მისი ქალიშვილი კიევში ცხოვრობს, ხოლო ვაჟი – საქართველოში, ბათუმში. თუმცა თავად წასვლას არ აპირებს.
“ვინ აღარ მკითხა, რატომ არ მივდივარ, – ამბობს აღშფოთებული – მაგრამ ეს კითხვა რიტორიკულია. შენ მაჩუქებ შენს საცხოვრებელს? ჩემსაზე გაცვლი? რამდენად შემიძლია გავყიდო ჩემი სახლი? ნულად. არ მინდა სადმე სამათხოვროდ წავიდე”.
და დასძენს:”აქ დავიბადე, სახლი ავაშენე, რომ პენსიაზე კარგად მეცხოვრა. ისე, რომ შვილები და შვილიშვილები აქ ჩამოდიოდნენ. არაფერს ვჩივი, ყველაფერი მაქვს. მხოლოდ სიცოცხლე მაცალეთ!”.
“მედიქსელის” მხარდაჭერით.