ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა, თუმცა უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე გეგმავს შუამდგომლობების დაყენებას. ასევე, დაცვის მხარე მოითხოვს, სასამართლო სხდომას დაესწროს თავად ნიკა მელია.
“გირაო აღარ არსებობს, ნიკა მელიას შეფარდებული აქვს პოლიტიკური პატიმრობა, არც კანონის და არც სხვა თვალსაზრისით გირაოს გადაწყვეტილება არ არსებობს. ვერც ვერავინ გადაიხდის და დიდი სურვილის შემთხვევაში ასეთი რამ ტექნიკურად შეუძლებელია”, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
მისივე თქმით, 8 აპრილს უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოს პირით:
“მოსამართლემ უნდა თქვას, უნდა დარჩეს ნიკა პატიმრობაში, თუ უნდა გათავისუფლდეს. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს თუ თვითინიციატივით გააკეთებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
ფაქტია, 8 აპრილს უნდა მოვისმინოთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოს პირით, ანუ რჩება პატიმრობაში, თუ თავისუფლდება.”
____________________________
● ყოფილი ელჩები და დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია
● პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?
● ნიკა მელიას დაკავება: პირველი რეაქციები ფეისბუკზე
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელია ყოფილი მმართველი გუნდის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა. ეს პარტია საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, რომელიც ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, რადგან მასზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დიდი ალბათობით, ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებენ.
ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილვის საქართველოში ვიზიტის გამო პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
2019 წელს სასამართლომ მელია არ დააკავა. ის 30 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და ხელზე ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს, რომლის ტარების ვალდებულება ჰქონდა, რათა სამართალდამცავებს სცოდნოდათ თუ სად გადაადგილდებოდა იგი.
2020 წლის ნოემბერში, აქციაზე, რომელზეც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, მელიამ დემონსტრაციულად, პროტესტის ნიშნად მოიხსნა სამაჯური და მას უსამართლობის სიმბოლო უწოდა.
საპასუხოდ ოპოზიციონერს გირაოს თანხა კიდევ 40 ათასი ლარით გაუზარდეს, რომლის გადახდაზეც მან უარი თქვა. სწორედ გირაოს გადაუხდელობა გახდა ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიას დაკავების შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე პარლამენტმა მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახალხო დამცველი და საქართველოს საერთშორისო პარტნიორები მუდმივად მიუთითებდნენ საქმეში არსებულ სამართლებრივ პრობლემებზე და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.
მელიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში საქართველოს მეგობარი ქვეყნის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერის, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი იყო ჩამოსული, რომელიც მისი თქმით, ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ მელიას დაპატიმრებას უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვებოდა.
ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოში ჩამოვიდა მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონიც, თუმცა მისი 5-დღიანი ვიზიტი ჩავარდა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დანიელსონი საქართველოში მეორეჯერაც ჩამოვიდა, თუმცა მოლაპარაკება ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა.