აფხაზეთი: ერთი წელიწადი აბორტების გარეშე
აფხაზეთში ერთი წელი გავიდა სრულიად აბორტების გარეშე.
2015 წლის დეკემბერში აფხაზეთში სახალხო საკრებულომ აბორტის სრულიად აკრძალვის შესახებ მიიღო კანონი. მაშინ 26 დეპუტატი იყო ამის მომხრე, და მხოლოდ სამი – წინააღმდეგი.
2016 წლის თებერვალში კანონი სრული ძალით ამოქმედდა.
მთავარ მიზეზად რესპუბლიკაში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მწვავე აუცილებლობა დასახელდა. არგუმენტად ამგვარი არითმეტიკა მოჰყავდათ:
- საშუალოდ სწელიწადში 700 ოფიციალურად დარეგისტირტებული აბორტის შემთხვევაა. მათგან მხოლოდ 15 სამედიცინო ჩვენებით.
- საშულოდ წელიწადში 2000 ბავშვი იბადება.
დეპუტატების ლოგიკის მიხედვით, საკმარისი იყო აბორტები სისხლის სამართლით დასჯად საქმიანობად მიჩნეულიყო – და აფხაზეთი წელიწადში დამატებით ათასამდე ბავშვს მიიღებდა.
და აი, წელიწადი გავიდა. რა შედეგი მივიღეთ?
შობადობის დონე იგივეა
მოკლედ რომ ვთქვათ – აბორტების აკრძალვამ არანაირად არ იმოქმედა შობადობაზე. 2016 წლის საბოლოო მონაცემები ჯერ არ არსებობს, თუმცა ეს არასრული მონაცები იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩა.
ყველაფრისთვის ქალებმა უნდა აგონ პასუხი
ფოტო:იბრაგიმ ჭკადუა
მართალია, ციფრების მხრივ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ადამიანების ცხოვრებაში ბევრი სერიოზული ცვლილება მოხდა.
მადინას (სახელი შეცვლილია) სამი შვილი ჰყავს, ორი გოგონა და ვაჟი. ის და მისი ქმარი სოფლიდან ქალაქში გადმოსახლდნენ და ოჯახის ფეხზე დაყენებას ცდილობენ. მადინა – დიასახლისია, მისი ქმარი ავტოგასამართ სადგურში მუშაობს, დაბალი ხელფასი აქვს, ფული მუდმივად არ ჰყოფნით.
აბორტისთვისაც დიდი თანხაა საჭირო – რადგან ამისთვის ქალებს აფხაზეთიდან გამგზავრება უწევთ.
აფხაზეთიდან საქართველოში აბორტებისთვის არ ჩადიან
კონფლიქტური კონტექსტისა და საზოგადოებისგან ერთხმად მიღებული გაკიცხვის მიუხედავად, აფხაზეთიდან არცთუ ცოტა ადამიანი ჩადის საქართველოში სამედიცინო დახმარების მისაღებად. JAMnews-მა ამ საკითხის ირგვლივს ცალკე გამოკვლევა ჩაატარა.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს აბორტებს არანაირად არ ეხება.
აფხაზეთთან ყველაზე ახლომდებარე ქართული ქალაქის ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებში აფხაზეთიდან აბორტის გაკეთების მიზნით ქალების ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არავინ დაადსტურა.
როგორც პოლიკლინისკის ხელმძღვანელმა თამაზ ჯანაშიამ JAMnews-ს განუცხადა, აფხაზეთიდან ჩასული ფეხმძიმე ქალები იქ არასდროს დარეგისტრირებულან.
ზუგდიდის კლინიკა „ლაიფის“ ექიმი-გინეკოლოგის თეა ლაშხიას თქმით, ორსულობის პერიოდში მათ აფხაზი ქალები მიმართავენ ხოლმე, ოღონდ – უმეტესად გალის რაიონიდან (რომელიც ძირითადად ქართველებითაა დასახლებული – JAMnews); მაგრამ მიზეზი აქაც ან მშობიარობაა ან გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. „ორსულობის შეწყვეტის მიზნით, აფხაზეთიდან არსდროს არავის მოუმართავს“, – თქვა თეა ლაშხიამ.
ზუგდიდის რეგიონულ საავადმყოფოში JAMnews-ს განუცხადეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აბორტების სტატისტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
ორმილიონიან თბილისში ანალოგიური სტატისტიკის შემოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ეს მოსალოდნელი შედეგი იყო; როგორც ის, რომ სრულიად სხვა სურათი გამოვლინდა სოჭში.
მოთხოვნაზე „აბორტის გაკეთება სოჭში“, Google-მა სოჭის 16 სამედიცინო დაწესებულების მისამართები და ტელეფონები მოგვცა. ამ ჩამონათვალიდან რომელიღაც პირველივე ნომერეზე დარეკვის შემდეგ გაირკვა, რომ იმ მანიპულაციის ჩატარება, რომელსაც პრაისში შენიღბულად „მენსტრუაციული ციკლის კორექცია“ ეწოდება, სულ ერთი ვიზიტით არის შესაძლებელი.
ყველაფერზე ერთად – ულტრაბგერითი გამოკვლევის, მანიპულაციისა და პოსტოპერაციული დაკვირვების ჩათვლით – ორი-სამი საათი დაგეხარჯებათ. ღირებულება – 5,500 -დან 11,000 რუბლამდე [$100-დან $200-მდე] მერყეობს, გააჩნია ფეხმძიმობის ვადას.
„შემიძლია თუ არა ანონიმურობის დაცვის იმედი მქონდეს, და რამდენად მნიშვნელოვანია კლინიკისთვის ჩემი მოქლაქეობის შესახებ ინფორმაცია?“ – ვიკითხეთ ჩვენ.
„ყველაფერი აბსოლუტურად ანონიმურია, თქვენს ხელშეკრულებაში მომსახურება კოდით იქნება მითითებული, მოქალაქეობა კი არ გვაინტერესებს“.
გამოდის, რომ თავისუფლად გადაადგილების და გადახდისუნარიან აფაზეთის მოქალაქე ქალს ამ ჩანაფიქრის განხორციელება ერთ დღეში შეუძლია.
სინამდვილეში ყველაფერი არც ისე მარტივადაა. აბორტის საფასურს კიდევ სოჭში ჩასვლის საფასურიც უნდა დავუმატოთ. აფხაზეთში საბიუჯეტო ხელფასზე მყოფი ადამიანის საშუალო ანაზღაურება 6-დან 10 ათას რუბლამდე მერყეობს. ასე რომ, ქალების უმრავლესობისთვის ის თანხა, რომელიც რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ კვალიფიციური და უსაფრთხო აბორტის გასაკეთებალდ არის საჭირო, ხელმისაწვდომი არ არის.
კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს ანზორ გოოვას ამ კანონისადმი თავიდანვე ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა.
მინისტრი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები ცდილობდნენ, ამ კანონპროექტის დამტკიცებისას დეპუტატები დაერწმუნებინათ, რომ არსებობს ისეთი სამედიცინო მაჩვენებლები, გართულებები, რომლებიც შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს დედის და ბავშვის სიცოცხლესაც.
სიტყვა „შუა საუკუნეები“ ახსენა სოხუმის მკვიდრმა კრისტინა ბაზბამაც:
დღეს აფხაზეთში ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას მხოლოდ სამი და მეტი შვილის დედები იღებენ. დახმარება, საშუალოდ, თითო ბავშვზე თვეში ერთ ათას რუბლს შეადგენს (დაახლოებით $15).
ახლახან აფხაზეთში შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი „აზხარა“, რომელიც 100 ათას რუბლს (დაახლოებით $1,700) გადაიხდის ყოველ მესამე და მომდევნო გაჩენილ შვილზე – მაგრამ მხოლოდ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს. ყოველ შემთხვევაში , სწორედ ასე განსაზღვრა ფონდის მიზნები 2016 წლის ოქტომბერში ერთ-ერთმა მისმა დამაარსებელმა, იმ დროს პარლამენტის დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ.
აბორტის სრული აკრძალვის კანონის მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, შეხედულებათა უფრო ფართო სურათის მისაღებად, JAMnews-მა სოხუმში ბლიც-გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთაგან ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არც ერთი მამაკაცი არ დათანხმდა. ამიტომ, რესპონდენტები მხოლოდ ქალები არიან.
ვიდეო გამოკითხვა: ანაიდ გოგორიანი
სიცოცხლისთვის საშიში აბორტები
ასლან აგრბა, ორი შვილის მამა, ამბობს, რომ აბორტის აკრძალვა – უაზრობაა.
„ვისაც აბორტის გაკეთება უნდა, საამისოდ მრავალ ხერხს გამონახავს. თუკი წყვილი გადაწყვეტს, რომ ბავშვის გაჩენა არ უნდა – ვერანაირი კანონი მათ ვერ შეაკავებს“.
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მათ ვერ შეაჩერებს ვერც იმ სერიოზული თანხის არქონა, რაც ამ ოპერაციისთვის არის საჭირო.
„აბორტის სახლის პირობებში გაკეთების უამრავი საშუალება არსებობს, – ამბობს ექიმი-გინეკოლოგი ილონა აგრბა-კობახია. ტექნიკურად ყველაფერი ძალიან მარტივია. ეს სულ სამი დღის და პროსტაგლანდინის შემცველი 5 ტაბლეტის საქმეა“
მედიკამენტური აბორტის პრაქტიკა ბოლო წლებში ფართოდ გავრცელდა რუსეთში. სააგენტო DSM Group-ის მონაცემებით, რომელიც რუსული ფარმაცევტული ბაზრის ანალიზს აკეთებს, სააბორტო პრეპარატები არამხოლოდ კლინიკებში გამოიყენება, არამედ ჩვეულებრივ აფთიაქებშიც იყიდება, და არცთუ მცირე რაოდენობით.
სოჭის სააფთიაქო ქსელების საცნობარო ტელეფონის საშუალებით რამდენიმე ისეთი აფთიქის მისამართი შევიტყვეთ, სადაც ამგვარი პრეპარატების შეძენა შეიძლებოდა – თუმცა, იმის მითითებით, რომ ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიცემა.
მაგრამ შესაძლებელია ამ პირობის მარტივად უგულებელყოფა და ტაბლეტების ინტერნეტით შეკვეთა. სოჭში მათ ჩამოტანას 2-3 დღე სჭირდება; აბორტისთვის აუცილებელი დოზის საფასური 4,000 რუბლია (დაახლოებით $70).
მათი არგუმენტები, ვინც აბორტების სრული აკრძალვის გადაწყვეტილებას ისევ ემხრობა
მამა იგნატის აზრით, თანამედროვე მედიცინის წყალობით, ქალებს კარგად ესმით, რაზეც მიდიან.
„ყველას უნახავს საშვილოსნოს შიდა სურათები, რომლებიც ბავშვის განვითრებას ასახავს. როგორც წესი, ქალს ამაზე ფიქრი არ სურს, ის ეგრეთ წოდებულ „საზოგადოებრივ აზრს“ არის აყოლილი. საზოგადოებრიივი აზრი კი იმას ეუბნება, რომ მას უფლება აქვს, არჩევანი თავად გააკეთოს. ეკლესია იმაზე კი არ ამახვილებს ყურადღებას, რომ აბორტის გაკეთება ცოდვაა. ჩვენ ქალები იმ აზრამდე მიგვყავს, რომ ორსულობის პირველი კვირებიდანვე ეს უკვე ცოცხალი ადამიანია“, – ამბობს მამა იგნატი.
არასასურველი ორსულობის ამბავი, რასაკვირველია, ყოველთვის და ყველასთვის აბორტით არ სრულდება. ასიდა, მეორე სოხუმელი ახალგზრდა ქალი, რომელმაც თავისი ნამდვილი სახელის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ უკვე მზად იყო აბორტისთვის რუსეთში გასამგზავრებლად:
„ორი შვილი უკვე მყავდა, და უცებ – ახალი შემთხვევითი ფეხმძიმობა, უკვე კანონის გამოსვლის შემდეგ. მაგრამ ქმარს დაიჩემა, რომ არავითარი აბორტი არ უნდა გამეკეთებინა, – სადაც ორი, იქაც მესამე პირიო. რა თქმა უნდა, ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მაგრამ ჩემი გოგონა უკვე რვა თვისაა, სოფია ჰქვია, და ძალიან გვიყვარს. ახლა იმის გაფიქრებაც კი უცნაურია, რომ მისი არსებობა ვინმეს არ უნდოდა“.
კანონდამცველები ისევ პროტესტს გამოთქვამენ
ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა
აფხაზური კანონდამცავი მოძრაობის რამდენიმე წარმომდგენელი ისევ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აბორტების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაირღვა.
“ეს არის ქალის უფლებების სრული შელახვა, – ამბობს უფლებადამცველი ლეილა ლუშბა. ორსულობის შეწყვეტის სრული აკრძალვის შემოღება ეს პრობლმის ილუზორული გადაწყვეტაა, რაც უამრავ ქალს აბორტის ფარულად გაკეთებისთვის წირავს. იმ ადამიანებს, რომლებიც ქრისტიანულ ფასეულობებს ქადაგებენ, სხვებისთვის გმირობის დაძალების უფლება არ აქვთ“.
- აბორტის სრული აკრძალვის შესახებ კანონის მიღებით აფხაზეთი შემდეგი ქვეყნების რიგში ჩადგა: ანგოლა, ავღანეთი, ბანგლადეში, ვენესუელა, გვატემალა, ჰონდურასი, ეგვიპტე, ინდონეზია, ერაყი, ირანი, ირლანდია, იემენი, კოლუმბია, ლიბანი, ლიბია, მავრიტანია, მალი, ნეპალი, ნიკარაგუა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ომანი, პარაგვაი, პაპუა ახალი გვინეა, სალვადორი, სირია, ჩილე და ფილიპინები.
- 2015 წელს რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა იმ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც სამედიცინო მაჩვენებლების გარეშე ჩატრებული აბორტისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. რუსეთში აბორტების რიცხვი – წელიწადში 5 მილიონიდან 8 მილიონამდე მერყეობს.
- 2013 წელს საქართველოს პარლამენტში ასევე შევიდა წინადადება, მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციასთან დაკავშირებით, აბორტების აკრძალვის შესახებ. მაგრამ ამან საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია და ეს წინადადება უარყვეს. დღეს საქართველოში ორსულობის 12 თვის ვადამდე შესაძლებელია აბორტის გაკეთება.
- მსოფლიოში, საშუალოდ, ორსულობების 21 პროცენტის ხელოვნურად შეწყვეტა ხდება. აქედან აბორტების 25 პროცენტი დედის სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო კეთდება, 12 პროცენტი კი – ნაყოფის ანომალური განვითარების გამო.
იბრაგიმ ჭკადუას ფოტოსერიიდან “ქალბატონები აფხაზეთში გასაფხულზე”