ბოლო ექვსთვიანი პოლიტიკური სტაგნაციის შემდეგ, ცხინვალის რეგიონში ცვლილებებია
ცხინვალის რეგიონში ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტა, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მიაღწია თავისი მთავარი მოთხოვნის შესრულებას: გენერალური პროკურორის გადადგომას.
დეპუტატები მთავრობასთან დისკუსიებს დაუბრუნდნენ, ანატოლი ბიბილოვმა კი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ განაცხადა. თუმცა, საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პერსპექტივას.
12 მარტს, პარლამენტი პირველად შეიკრიბა სრული შემადგენლობით 2020 წლის სექტემბრის შემდეგ. პარლამენტში სამუშაო რეჟიმში დაბრუნება, ოპოზიციას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნია, რადგან ეს ხელისუფლების კონტროლის ერთ-ერთი გზაა.
სხდომაზე, მთავრობის მეთაური დაამტკიცეს – ეს თანამდებობა გენადი ბეკოევმა დაიკავა. თუმცა, დეპუტატებმა მაინც ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა ყველაზე მწვავე საკითხზე – პარლამენტის 16 თებერვლის სესიის არაუფლებამოსილად გამოცხადებაზე. იმ დღეს, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, კვორუმი არ შედგა. მაგრამ, ამის მიუხედავად, 18-მა პროსახელისუფლებოდ განწყობილმა დეპუტატმა, რეგლამენტის დარღვევით, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
მოდი, გავერკვეთ სამხრეთ ოსეთში არსებულ არეულ ვითარებაში: რატომ გამოუცხადა ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი, რატომ დაბრუნდა და როგორ შეიძლება განვითარდეს მომავალში მოვლენები.
30 წლის ჯაბიევის სიკვდილი და დეპუტატების პროტესტი
ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი 2020 წლის 7 სექტემბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტში გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დაყენებაზე.
დეპუტატების ასეთი მოთხოვნის მიზეზი სამხრეთ ოსეთის 30 წლის მცხოვრების, ინალ ჯაბიევის ისტორია გახდა. ის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე 2020 წლის 18 აგვისტოს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ის დაკითხვის დროს გარდაიცვალა. სოციალურ ქსელებში კი მისი სხეულის ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა.
ცხინვალში, მასობრივი პროტესტი დაიწყო, ხელისუფლებამ კი გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი, სწორედ მას ადანაშაულებდა.
- პროტესტი ცხინვალში: დაკრძალვა, ცემა, „ქართული კვალი“
- ცხინვალში დეპუტატების დაშინება უნდათ? პარლამენტის სხდომას 200 სამხედრო დაესწრო
- ცხინვალი: ციხეში დაახლოებით ოცმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა
პრეზიდენტის სახელზე წერილს მაშინ პარლამენტის 34 დეპუტატიდან 23-მა მოაწერა ხელი და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა სრულად პარალიზებული აღმოჩნდა, რადგან სესიებს, სულ მცირე, დეპუტატთა საერთო რაოდენობის 2/3 მაინც უნდა ესწრებოდეს.
კანონის იგნორირების წინადადებით გამოვიდა არა ვიღაც, არამედ თავად სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი. 12 თებერვალს, ის პარლამენტში მივიდა და განაცხადა, რომ „რეგლამენტი – კანონი არ არის“.
„არ დაელოდოთ მათ, ვინც არ ფიქრობს ხალხზე. გააკეთეთ ის, რაც უნდა გააკეთოთ საკუთარი ხალხისთვის… იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩვენ ცოტათი რეგლამენტის წინააღმდეგ წავალთ, ამას ათასობით ადამიანისთვის გავაკეთებთ და ისინი გვეტყვიან მადლობას“, – განაცხადა ბიბილოვმა.
დეპუტატები ასეც მოიქცნენ და კვორუმის გარეშე მიიღეს ბიუჯეტი. ეს პრეცედენტი კვლავ ოპოზიციისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება.
ჯაბიევის ოჯახმა ქუჩის პროტესტი შეწყვიტა, დეპუტატები ბრძოლას პარლამენტში გააგრძელებენ
გენერალური პროკურორის გადადგომა იყო ინალ ჯაბიევის ოჯახის ქუჩის პერმანენტული აქციების მთავარი მოთხოვნა. თუმცა, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე თითქმის 3 თვის გატარების შემდეგ, 26 თებერვალს, მისი მეუღლე და დედა იძულებულები გახდნენ აქცია შეეწყვიტათ ისე, რომ თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ მიაღწიეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაღუპულის დედა, მაია ცისკაძე საავადმყოფოში მოხვდა ჰიპერტონული კრიზით. „სასწრაფომ“ ის პირდაპირ მოედნიდან წაიყვანა.
„ჩვენ მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტეთ. პირიქით. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვერდით ადამიანები დადგებიან. ყველას ჰყავს შვილი, მე თვითონ ორი ბიჭი მყავს. რატომ უნდა მეშინოდეს, რომ ისინი გაიზრდებიან და მამის ბედს გაიზიარებენ? ყველამ უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის მეუღლემ, ოქსანა სოტიევამ.
ოჯახს გადაწყვეტილი აქვს, მიაღწიოს სამართლიან დასკვნას გარდაცვალების მიზეზის შესახებ. სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში ჩატარდა, ამბობს, რომ ინალ ჯაბიევი აბსტინენტური სინდრომით გარდაიცვალა ანუ „ნარკომანის ლომკით“. თუმცა, სამხრეთოსეთელმა ექსპერტმა, ზარინა ძაგოევამ დაასკვნა, რომ ჯაბიევი „მიღებული ტრავმების შედეგად გულის უკმარისობით გარდაიცვალა“.
ოჯახს, საზოგადოების ბევრ წარმომადგენელსა და ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ სწორედ გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი უშლის ხელს სამართლიან გამოძიებას და ამიტომ ითხოვს მის გადადგომას.
დაუბრუნდეს საპარლამენტო საქმიანობა კანონიერ კალაპოტს
დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან, „ნიხასი“ და „სახალხო პარტია“, რომლებიც ბოიკოტის შემდეგ დაუბრუნდნენ პარლამენტს, ინიციატივით გამოვიდნენ, უკანონოდ გამოცხადდეს პარლამენტის იმ სესიის გადაწყვეტილება, რომელმაც კვორუმის მოთხოვნის იგნორირება მოახდინა და ახლიდან განიხილონ საკითხები, მათ შორის, ბიუჯეტი.
თუმცა, ის დეპუტატები, რომლებმაც რეგლამენტი დაარღვიეს, არ დათანხმდნენ იმას, რომ საკუთარი ქმედებით კანონი დაარღვიეს. ეს საკითხი, ისევე როგორც კონფლიქტი, ღიად რჩება.
„არანაირი კრიზისი არ არის, საჭიროა უბრალოდ კონსტიტუციის განახლება“, – პრეზიდენტი ბიბილოვი
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და ამის შესახებ, ტელეარხ „Ир“-ის ეთერში, მორიგი ინტერვიუს დროს განაცხადა. მაშინვე გამოთქვა მოსაზრება ახალი კონსტიტუციის მიღების შესახებ.
მიზეზად მან „შინაგანი წინააღმდეგობები“ დაასახელა, კერძოდ, უმოქმედო ნორმა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე საპარლამენტო ოპოზიციას კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადება მხოლოდ არასაპარლამენტო პარტია „ფიდიბასტამ“ გააკეთა, რომელიც ეთანხმება იმას, რომ კონსტიტუციამ „თავისი ისტორიული მისია შეასრულა“ და უნდა განახლდეს.
პარტიაში, მთავარ პრობლემად ხელისუფლების გადაჭარბებული ცენტრალიზება დაასახელეს, „რაც სამხრეთ ოსეთში ხისტი ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა და ახლა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ ძირითად კატალიზატორად იქცა“.
ამის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთში ბევრს მიაჩნია, რომ რეფორმის შესახებ განცხადების მიუხედავად, ანატოლი ბიბილოვი ძალაუფლების განაწილებას სულაც არ აპირებს. ამაზე საკმაოდ ნათლად მეტყველებს ბოლო თვეების მოვლენები.
ამ დროს, ერთ წელზე მეტი დრო რჩება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლის აპრილშია დაგეგმილი. და სამხრეთ ოსეთში აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ არჩევნებამდე ამდენი ხნით ადრე, ასეთი დაძაბული ვითარება ყოფილიყო.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო