როგორი კონსტიტუცია უნდა “ქართულ ოცნებას”?
“ქართული ოცნება” რომ კონსტიტუციის შეცვლას აპირებდა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვიცოდით; მეტიც, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება ამ გუნდს ჯერ კიდევ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა დაანონსებული, თუმცა მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავდა და ეს ვერ გააკეთა.
ახლა სხვა სიტუაციაა. პარლამენტის 150 წევრიდან 115 “ქართული ოცნების” წარმომადგენელია და ამას ემატება 2 დეპუტატი, რომლებიც პარლამენტში მმართველი პარტიის სახელით არ გასულა, მაგრამ რეალურად ამ გუნდს ყველა საკითხში მხარდაჭერას უცხადებს. კონსტიტუციის შესაცვლელად 113 დეპუტატის თანხმობაა საჭირო და ამიტომ, მმართველ გუნდს კონსტიტუციის შეცვლა არ გაუჭირდება.
პარლამენტი მუშაობის დაწყებისთანავე შეუდგა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობასაც.
ხელისუფლება ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლას ჩქარობს. ამბობს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი აპრილის ბოლოს უნდა იყოს მზად და პარლამენტში განხილვის პროცედურა უნდა დაიწყოს. მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციური ცვლილებისთვის პროექტის ჯერ ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვა უნდა გაიმართოს და შემდეგ ის პარლამენტის ორ სხვადასხვა სესიაზე უნდა დამტკიცდეს. კანონმდებლობით, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდი ორ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებად იყოფა. ანუ, ხელისუფლებას სურს, რომ ცვლილებების პროექტი წლის ბოლომდე დამტკიცებული იყოს.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორები ამ სიჩქარეში პრობლემებს ხედავენ – ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის პარტიული ინტერესებისთვის მორგება ხდება.
რა მთავარი ცვლილებები შედის კონსტიტუციაში:
პრეზიდენტი
საკონსტიტუციო ცვლილებების ეპიცენტრში პრეზიდენტის ინსტიტუტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ მას ეხება.
პრეზიდენტის არჩევის წესი
მთავარი ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესია. პროექტის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აღარ აირჩევს. ანუ, საპრეზიდენტო არჩევნები აღარ იქნება. პრეზიდენტს, სავარაუდოდ, პარლამენტი აირჩევს. (არის მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ე.წ. საარჩევნო კოლეგიამ აირჩიოს, რომელიც პარლამენტარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. თუმცა, ამ ვარიანტს ნაკლები შანსი აქვს, რადგან მმართველი გუნდი პარლამენტის მიერ არჩევას უჭერს მხარს. )
ხელისუფლების მთავარი არგუმენტი: საქართველო მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს მართვის საპარლამენტო მოდელს, ამიტომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა საჭირო აღარ არის, რადგან საპარალამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, პრეზიდენტს სწორედ არაპირდაპირი წესით ირჩევენ.
ოპოზიციის მთავარი არგუმენტი : საქართველო სუსტი დემოკრატიის ქვეყანაა და ამიტომ სჭირდება დამოუკიდებელი არბიტრი, რომელიც ხელისუფლების შტოებს დააბალანსებს. ეს როლი დღეს კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი კი მთლიანად საპარლამენტო უმრავლესობისა და ერთი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ფიგურა გახდება და არბიტრის და შუამავლის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. ასევე, არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ძირითადად არის ორპალატიანი პარლამენტის პირობებში, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეზიდენტის ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არჩევა. საქართველოში კი ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ მოხერხდება, რადგან ზედა პალატა ტერიტორიული ერთეულებისგან იქმნება და ეს საკითხი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე ვერ გადაწყდება.
პრეზიდენტის უფლებამოსილებები
არჩევის წესი ერთადერთი ცვლილება არ არის, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს შეეხება. მმრთველი გუნდი პრეზიდენტისთვის ფაქტობრივად ყველა არსებითი ფუნქციის ჩამორთმევას გეგმავს.
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. რაც მთავარია, არის მთავარი დამაბალანსებელი ხელისუფლების შტოებს შორის. შესაბამისად, მისი ფუნქციებიც აქედან გამომდინარეობს.
საკონსტიტუციო კომისიაში მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტისთვის ჩამოსართმევი უფლებები:
პრეზიდენტს აღარ ექნება მთავარსარდლის სტატუსი, გარდა საომარი და საგანგებო ვითარებისა. უშიშროების საბჭო გაუქმდება და შეიქმნება თავდაცვის საბჭო, რომელიც თავდაცვის მინისტრს ან პრემიერს დაექვემდებარება. პრეზიდენტს კი თავდაცვის საბჭოს მოწვევა მხოლოდ ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს შეეძლება.
პრეზიდენტს ეზღუდება უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.
პრეზიდენტს, შესაძლოა, ჩამოერთვას რეფერენდუმის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებაც.
ასევე პრეზიდენტს ვეტოს დადების საკითხშიც პრემიერის თანხმობა დასჭირდება .
პრემერის თანხმობა დასჭირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ელჩების წარდგენის საკითხში. (ასევე განიხილება ვარინტი, რომლის თანახმად, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენის უფლება საერთოდ ჩამორთმევა და მის ნაცვლად, ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკეთებს.)
ასევე, შესაძლოა, პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს მოქალაქეობის მინიჭების და თავშესაფრის მიცემის უფლება.
ყველაზე სადავო ამ ეტაპისთვის კონტრასიგნაციის საკითხია, რომელიც პატიმრების შეწყალებას შეეეხება. ამაზეც პრეზიდენტს ასევე პრემიერის თანხმობა დასჭირდება.
პრეზიდენტს აღარ ექნება სახელმწიფო ჯილდოების, უმაღლესი სამხედრო სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების უფლება.
ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში შევა, სავარაუდოდ, არა მომავალი – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, არამედ 2023 წლიდან ამოქმედდება.
სად იქნება პარლამენტი?
პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქი ქუთაისი კონსტიტუციაში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2011 წლის ივლისში ჩაეწერა. 2009-2012 წლებში ქუთაისში აშენდა პარლამენტის ახალი შენობა, რომლის მშენებლობაზეც, 326 მილიონი ლარი გამოიყო.
“ნაციონალური მოძრაობის” მთავარი არგუმენტი ასეთი იყო – საქართველო აღარ უნდა იყოს თავკომბალა ქვეყანა და მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც უნდა გადანაწილდეს. მაგალითად, იმავე პერიოდში გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში უნდა გადასულიყო.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ამ საკითხის ირგვლივ დავა არ წყდება – ეს თემა პოლიტიკური პრინციპის საკითხად იქცა. ყოფილი ხელისუფლების მომხრეები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ითხოვენ, “ქართული ოცნება” და მისი მომხრეები კი – თბილისში გადმოტანას.
დღეს ასეთი მდგომარეობაა – პარლამენტი ორივე ქალაქში ფუნქციონირებს – ქუთაისში, ახალ შენობაში და თბილისში, ძველ შენობაში, რუსთაველის გამზირზეც, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საკონსტიტუციო ცვლილებების დღის წესრიგში პარლამენტის მთლიანად თბილისში გადმოტანის საკითხი დგას.
ორივე მხარის არგუმენტები უცვლელია. სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ ეს პარლამენტის ქუთაისში დარჩენა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო ხელისუფლების მომხრეები ამბობენ, ქუთაისის პარლამენტის შენობის შენახვა და დეპუტატებისა თუ აპარატის თანამშრომლების ქუთაისში საცხოვრებლით უზრუნველყოფა ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება.
გვჭირდება თუ არა მაჟორიტარები?
სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებისგან განსხვავებით, ეს ის ცვლილებაა, რომელსაც, პირიქით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აქტიურად ითხოვს, ხელისუფლება კი უფრო თავშეკავებულია.
საქმე ეხება საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა არჩევის მაჟორიტარულ წესს.
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანია და 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან 77 ირჩევა პროპორციული წესით, 73 კი – მაჟორიტარული წესით, საარჩევნო ოლქების მიხედვით.
ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, რომ სისტემა არც თუ ისე სამართლიანია. მაგალითად, “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა მისცა ხმა, მიუხედავად ამისა, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე მოხდა.
ამ სისტემის გაუქმებას, თავად „ქართული ოცნება“ ხალხს ჯერ კიდევ 2012 წელს, ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰპირდებოდა. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის შეცვლას აღარ ჩქარობენ, რადგან ეს სისტემა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი ბერკეტია.
ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდში. ნაწილი არსებული მაჟორიტარული სისტემის შეცვლის და მისი განახლების მომხრეა, ნაწილი კი ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა აუცილებელია, რათა ყველა რეგიონს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის არგუმენტი კი ის არის, რომ მძლავრი ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით, რომელსაც საარჩევნოდ ყველა ხელისუფლება იყენებს, სახელისუფლებო კანდიდატებს მაჟორიტარული ოლქების მოგება, როგორც წესი, გარანტირებული აქვთ, რაც უსამართლო მდგომარეობაში აყენებს სხვა პარტიების წარმომადგენლებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაჟორიტარები, რომლებიც დღევანდელ პარლამენტში არიან, სავარაუდოდ, არასდროს მისცემენ ხმას ამ სისტემის გაუქმებას. მათი ხმების გარეშე კი (პარლამენტში 73 მაჟორიტარია) საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 დეპუტატი ვერ მოგროვდება.
რა არის ოჯახი?
კონსტიტუციაში შევა კიდევ ერთი ცვლილება – მმართველი პარტიის ინიციატივით კონსტიტუციაში განისაზღვრება, თუ რა არის ქორწინება.
“ქართულ ოცნებას” კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება უნდა: „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“.
დღეს მოქმედ კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი არსებობს: „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“ (მუხლი 36.1).
რატომ არის ეს ცუდი: ოპოზიცია აცხადებს, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი პოპულიზმია და ხელისუფლებას ამ გზით უბრალოდ ტრადიციული ამომრჩევლის გულის მოგება სურს. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია, რადგან გამოდის, რომ დაუქორწინებელი ადამიანი და მისი შვილი საქართველოში ოჯახად არ ჩაითვლება. ამ ჩანაწერის აზრს ვერ ხედავენ ვერც კონსტიტუციონალისტები. მათი თქმით, ოჯახის დეფინიცია სამოქალაქო კოდექსში ისედაც არსებობს და კონსტიტუციაში „ოჯახის“ ცნების შეტანა საჭირო არ არის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციამ მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განიცადა. მისი პრეზიდენტობის დროს კონსტიტუციაში 25 ცვლილება შევიდა.
2004 წელს კონსტიტუციაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაჩნდა. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურად გამოცხადდა. ამას გარდა, პრეზიდენტისა და დეპუტატებისთვის აიკრძალა სამეწარმეო საქმიანობა. პროკურორებს და პოლიციის თანამშრომლებს კი, პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალათ.
მოსამართლეების ასაკმა 28 წლამდე დაიწია, დეპუტატად არჩევა კი 21 წლიდან გახდა შესაძლებელი.
სააკაშვილის მმართველობის ბოლოსკენ – 2010 წელს კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დრამატულად შეიცვალა. პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეიკვეცა, გაიზარდა მთავრობისა და პარლამენტის უფლებამოსილებები, თავად პარლამენტი კი თბილისიდან ქუთაისში გადავიდა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბოლო ოთხწელიწად ნახევრის განმავლობაში, კონსტიტუციაში ცვლილებები პრაქტიკულად არ შესულა. ამის მთავარი მიზეზი იყო მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის არარსებობა და შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებისთვის არასაკმარისი რაოდენობის ხმები. ბოლო ოთხ წელიწადში პარლამენტმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ნაწილობრივ დააბრუნა პარლამენტის მუშაობა ქუთაისიდან თბილისში. ასევე, მიღებული იყო რეგულაცია, რომლის თანახმადაც, თუ პარლამენტი ზედიზედ სამჯერ არ გამოუცხადებს ნდობას მთავრობას, პრეზიდენტს უფლება აქვს პარლამენტი დაითხოვოს.