პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და უშინაარსოა.
“ეს ის პრეზიდენტია, რომელიც წარადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ მათ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის, ან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ყოველთვის მოკლებულია შინაარსობრივ მდგომარეობას,” – განაცხადა ზარდიაშვილმა.
ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ხელმეორედ გაასაჩივრებს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურმის თქმით, კამპანია ”ეს შენ გეხება” ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს როგორც საკონსტიტუციო ასევე სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრებს და დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო სექტორი ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეს აუცილებლად მოიგებს.
გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ წარდგენილ კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე, შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.
1 მარტს პარლამენტმა 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს, ორშაბათს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე დაანონსა,რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება,რისთვისაც პარლამენტს 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.