სნაიპერები, ყუმბარები და სამხედროები: სომხეთში ოპოზიციის მორიგი მიტინგი გაიმართა
სომხეთში აქტიურად განიხილავენ პარლამენტის შენობის გაძლიერებული დაცვის თემას, რომლის მოპირდაპირე მხარესაც, ოპოზიციის მორიგი მიტინგი იმართებოდა. ამ დროს, ეროვნულ კრებაში, მთავრობის მონაწილეობით სხდომა მიმდინარეობდა.
შეიძლება, სწორედ ამიტომ, პარლამენტის შენობას იცავდნენ არა მხოლოდ სამხედროები, რომლებიც ტერიტორიაზე დასეირნობდნენ, არამედ სნაიპერებიც.
გარდა ამისა, მიტინგის დაწყებამდე პოლიცია გაფრთხილებით გამოვიდა და განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია მიტინგის დროს შესაძლო პროვოკაციების შესახებ. ამის გამო, ადამიანებს მოუწოდეს, „თავი შეეკავებინათ უკანონო მოქმედებებისგან და არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს“.
ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, სადაც შეიარაღებული სნაიპერები ჩანან, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართულებით იყურებიან. პარლამენტის ეზოში კი დამონტაჟებული იყო ხმაურ-მანათობელი ყუმბარები „შტორმ-2“.
ამასობაში, პარლამენტში დეპუტატების მთავრობასთან ყოველკვირეული შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელშიც თავად პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც მონაწილეობდა. თუმცა, პრემიერისთვის დასმული კითხვების დიდ ნაწილს, ვიცე-პრემიერი პასუხობდა.
ყველა დეტალი, თუ რა განიხილებოდა პარლამენტში და რა ხდებოდა ამ დროს მიტინგზე.
- პარალელური რეალობა ერევანში: ოპოზიციამ და ხელისუფლებამ კვლავ ერთდროულად გამართეს აქციები
- „სომხეთი ნიკოლის გარეშე“: ვიდეო ერევნიდან, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქციები განახლდა
ომბუდსმენის განცხადება პარლამენტის გაძლიერებულ დაცვაზე
ადამიანის უფლებების დამცველ არმან ტატოიანს მიაჩნია, რომ ეროვნული კრების შენობის ფანჯრიდან ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება – უსაფრთხოების არაპროპორციული ზომაა, რომელიც სახელმწიფომ გამოიყენა.
„სახელმწიფომ უნდა მიიღოს უსაფრთხოების ზომები, მაგრამ მათ თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ კონკრეტული სიტუაცია და არ უნდა გამოიწვიონ შეშფოთება, და არ უნდა ჰქონდეს ისეთი ხასიათი, რაც აქციაში მონაწილეობას შეუშლის ხელს“, – დაწერა ომბუდსმენმა Facebook-ში.
დეპუტატების კითხვები მთავრობას
დეპუტატების კითხვების უმრავლესობის ადრესატი პირადად პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ მათზე, რატომღაც, ვიცე-პრემიერი, ტიგრან ავინიანი პასუხობდა.
დეპუტატებს აინტერესებდათ, მართლაც არსებობს თუ არა საიდუმლო შეთანხმება აზერბაიჯანთან, რომლის შესახებაც, თებერვლის დასაწყისში, სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გრან ბაგრატიანმა განაცხადა. ის გაუხმაურებლად ხელმოწერილ დოკუმენტზე საუბრობდა.
ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა 11 თებერვალს დაადასტურა, რომ არის შეთანხმებები, რომლებიც ეხება სიუნიქის ოლქში სომხურ დასახლებებს, გორისსა და დავიდ-ბეკს შორის გზის მონაკვეთს, „რადგან იქ გზა სადავო მონაკვეთებზე გადის“.
ამან ქვეყანაში რეზონანსი გამოიწვია, რადგან მანამდე, ოფიციალურად მხოლოდ ორი დოკუმენტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც მოსკოვში მოაწერეს ხელი სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ხელმძღვანელებმა.
პირველ მათგანს – ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ – ხელი 2020 წლის შემოდგომაზე მოეწერა. 2021 წელს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე კი მხარეები ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც პირველი განცხადების კონკრეტულ პუნქტებს განახორციელებს.
ახლა, პარლამენტში, პირდაპირი პასუხი ისევ არ გაცემულა კითხვაზე. პრემიერის ნაცვლად, კითხვებზე, მართლაც მოეწერა თუ არა ხელი აზერბაიჯანთან მემორანდუმს, კონკრეტულად ვინ მოაწერა მას ხელი და მოეწერა თუ არა დოკუმენტს ხელი ზეწოლის შედეგად, ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა უპასუხა:
„ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მოხდა. რუსულმა მხარემ შეათანხმა აზერბაიჯანთან. და ამ ტრიბუნიდან განვაცხადე ამის შესახებ, დავადასტურე ის, რაც 19 დეკემბერს გამოცხადდა. დამატებითი განმარტებების აუცილებლობა არ არსებობს“.
„თუკი ხელისუფლებამ დამოუკიდებლად გაუკეთა ყველაფერს ორგანიზება და უკვე ასრულებს ამ დოკუმენტს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უზურპირებულია“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ტარონ სიმონიანმა.
საქმე ისაა, რომ ასეთი დოკუმენტი, როგორც დეპუტატი ამტკიცებს, მხოლოდ პარლამენტის რატიფიცირების შემდეგ შეიძლება ამოქმედდეს.
ვიცე-პრემიერმა კი საპასუხოდ მხოლოდ განაცხადა, რომ „არანაირი სამართლებრივი პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს და არც იარსებებს“.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მხოლოდ დამოუკიდებელი დეპუტატის, არმან ბაბაჯანიანის კითხვას უპასუხა ხელისუფლების განზრახვაზე, ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები 2021 წელს:
„ჩვენ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც საზოგადოებრივი სოლიდარობის აღდგენის საშუალებას. და არჩევნები – ამ საკითხის გადაწყვეტის მექანიზმია, შესაძლებლობა ხალხისთვის, რომ გამოხატოს საკუთარი თავი. რომ მოსაზრება გამოხატონ არა მხოლოდ ჩვენმა იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც სამთავრობო ან ოპოზიციურ მიტინგებში მონაწილეობის დრო აქვთ, არამედ ყველამ“.
ეს არის პასუხი ოპოზიციისა და მისი მომხრეების მოთხოვნაზე, თანამდებობა დატოვოს პრემიერმა, რომელმაც ხელი მოაწერა სომხური მხარისთვის არახელსაყრელ დოკუმენტს, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ნიკოლ ფაშინიანმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ პოსტი საერთო-სახალხო არჩევნებით დაიკავა და მას მხოლოდ მაშინ დატოვებს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემა.
ოპოზიციის მიტინგი
პარლამენტის ტერიტორიის უპრეცედენტო დაცვასთან დაკავშირებით, მიტინგის დროს ისაუბრა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა, არტურ ვანეციანმა:
„ჩვენ უკვე მერამდენე დღეა ვმართავთ აქციებს და მიტინგის მონაწილეების მხრიდან პროვოკაციის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ვრჩებით კანონის ფარგლებში, ვზრდით საზოგადოებრივ ზეწოლას და მივაღწევთ ჩვენი მიზნების განხორციელებას (საუბარია პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე)“.
მიტინგის მთავარი მიზეზი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. ამ წინადადებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გენშტაბის ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა და მისი გადადგომა მოითხოვა.
ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის ქმედება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და პრეზიდენტს გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის სამსახურიდან გაშვების თხოვნით მიმართა.
თუმცა, პრეზიდენტმა უკვე ორჯერ დაუბრუნა დოკუმენტი ხელმოწერის გარეშე. თანაც, 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ მეორეჯერ, არმენ სარგსიანის უარს, ხელი მოეწერა გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებაზე, თან ახლდა განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში. მასში, პრეზიდენტი ითხოვს გადაიხედოს ცვლილების კონსტიტუციურობის საკითხი, რომელიც „სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში შევიდა. ეს არის კანონი, რომელიც არეგულირებს, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების საფუძვლებს.
მიტინგის დროს, ვაზგენ მანუკიანმა, რომელიც ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მაინც არ გაგზავნა ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში:
„იურისტებმა გამოძებნეს ერთი საშუალება, რომლის თანახმადაც, ონიკ გასპარიანს თანამდებობიდან 8 მარტამდე ვერ გაათავისუფლებენ. ამ პერიოდში პრეზიდენტი ისევ უნდა ჩაერიოს. ეს დაპირება, და სიტუაციაც აუხსნეს ჩვენს დელეგაციას (დღისით ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ). ანუ ჩვენ ვერ მივიღეთ ყველაფერი, რაც გვსურდა, თუმცა გამოსავალი არსებობს“.