სომხეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება: საპროტესტო აქციების მეორე დღე
სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ღრმავდება. ის 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერისთანავე დაიწყო. ოპოზიციამ და ათასობით მოქალაქემ პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა, რომელმაც სომხური მხარისთვის ამ არახელსაყრელ დოკუმენტს მოაწერა ხელი.
25 თებერვალს დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა – ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელობამ მოითხოვა.
სამხედროების განცხადების შემდეგ, ერევანში, ერთდროულად ორი მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა – გაერთიანებული ოპოზიციური პარტიებისა და პრემიერ-მინისტრის მომხრეების.
მაგრამ სიტუაცია არანაირად არ შეცვლილა – ოპოზიციასა და ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის განსხვავებული გზები აქვთ, შეხების წერტილები კი ჯერჯერობით მოძებნილი არ არის.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზების მოსაძებნად, საპარლამენტო ოპოზიცია 26 თებერვალს ეროვნული კრების საბჭოს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მაგრამ ის კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა – მმართველი ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდნენ.
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი გენშტაბის ხელმძღვანელს შეხვდა, ასევე, კონსულტაციები დაიწყო საპარლამენტო ფრაქციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობაში“ არიან გაერთიანებული.
ყველა დეტალი იმის შესახებ, რაც ერევანში ხდება – პრეზიდენტისა და ოპოზიციის მოქმედებები.
- სამოქალაქო ომის ზღვარზე? ერევანში ერთდროულად ორი მიტინგი გაიმართა
- „სომხეთი ნიკოლის გარეშე“: ვიდეო ერევნიდან, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქციები განახლდა
ღამისთევა კარვებში პარლამენტის შენობასთან
ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ღამე ბაგრამიანის გამზირზე გაათენეს, სადაც პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. ოპოზიციონერებმა ზუსტად ეროვნული კრების პირდაპირ გაშალეს კარვები და დადგეს ღუმელები.
26 თებერვლის დილას, მოძრაობის ლიდერმა და ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. მან, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუწოდა მათი ბრძოლისთვის შეერთებისკენ, რათა მოძრაობამ საერთო-ეროვნული ხასიათი მიიღოს. ოპოზიციონერის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიღწევა.
მმართველმა ბლოკმა პარლამენტში განხილვა ჩააგდო
ოპოზიციური ფრაქციები ინიციატივით გამოვიდნენ, პარლამენტის საბჭოს სხდომაზე განეხილათ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და რიგგარეშე პლენარული სხდომა მოეწვიათ, სომხეთში საომარი მდგომარეობის გასაუქმებლად. ის 2020 წლის სექტემბერში, ყარაბაღის მეორე ომის დაწყებისთანავე გამოცხადდა.
სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა. მმართველ უმრავლესობას საკმარისი მანდატები აქვს, რათა მიიღოს ან ჩააგდოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. და ერევანში საუბარი კვლავ საპარლამენტო ოპოზიციის უუნარობაზე დაიწყეს.
მმართველი ბლოკის ბოიკოტთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიის, „განათებული სომხეთის“ ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა, სპიკერის, არარატ მირზოიანის სახით, არაფერს აკეთებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად და უარს ამბობს დიალოგზე:
„ეს ყველას მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაა. ასეთი ქცევა მე საშუალებას მაძლევს, ვთქვა, რომ ეროვნულ კრებას თავმჯდომარე არ ჰყავს. ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, მე ვიტყოდი – ნერვიული. ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ პოლიტიკური დისკუსიები გვჭირდება“.
ოპოზიციონერებმა მსვლელობა მოაწყვეს
პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით გაემართნენ მოთხოვნით, არ მოაწეროს ხელი ბრძანებას გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
„ჩვენ პრეზიდენტისგან უნდა მოვითხოვოთ, არ დაემორჩილოს ფაშინიანის შანტაჟს, ნათლად ჩამოაყალიბოს თავისი პროტესტი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობის კონსტიტუციურობის განსახილველად (გენშტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ)“, – განაცხადა მოძრაობის კოორდინატორმა, იშხან საგატელიანმა.
პრეზიდენტი ოპოზიციონერებსა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდა
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა კონსულტაციები გამართა საპარლამენტო ფრაქციების, მათ შორის, მმართველი ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის“ წარმომადგენლებთან. მსგავსი შეხვედრების ჩატარება მან გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ამგვარად, პრეზიდენტი გამოსავლის პოვნას ცდილობს.
მან ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერებიც მიიღო. შეხვედრის დეტალების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არტურ ვანეციანმა განაცხადა:
„არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება უკიდურესად რთულია და სახეზე გვაქვს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად კი საჭიროა კონკრეტული და ოპერატიული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ყველა მხარემ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად“.