„ომის შედეგები უცვლელი დარჩება“ - ილჰამ ალიევმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
რა ხდება სომხეთში? როგორ სრულდება 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების პირობები? რატომ იყენებენ აზერბაიჯანში ჩინურ ვაქცინას? რა ბედი ელის სომხეთის 60 მოქალაქეს, რომლებიც ყარაბაღში დაატყვევეს? ამ ყველა კითხვას ილჰამ ალიევმა უპასუხა.
- სამოქალაქო ომის ზღვარზე? ერევანში ერთდროულად ორი მიტინგი გაიმართა
- პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?
26 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრესკონფერენცია გამართა ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის, რომელიც ოთხ საათს გაგრძელდა.
სომხეთში არსებული ვითარების შესახებ
„მოვლენები, რომელიც სომხეთში ვითარდება – ეს სომხეთის შიდა საქმეა.
დღეს, სომხეთი ისეთ მძიმე ვითარებაშია, რომ იქ მიმდინარე პროცესები, დიდწილად, ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. ამაში დამნაშავეები არიან სომხეთის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები, რადგან ოცი წლის განმავლობაში, კოჩარიანი-სარგსიანის ხუნტას ფაქტობრივად უფსკრულისკენ მიჰყავდა სომხეთი და ამ კრიზისულ სიტუაციამდე მიიყვანა“, – განაცხადა ალიევმა.
„ჩვენ თანმიმდევრულად მოვახდინეთ სომხეთის იზოლირება ყველა საერთაშორისო და რეგიონული პროექტიდან. ჩვენი პოლიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ სომხეთისთვის ეკონომიკურად ძირი გამოგვეთხარა, გაგვენადგურებინა და იზოლაციაში მოგვექცია. მე ეს არასოდეს დამიმალავს და არაერთხელ მითქვამს, რომ მანამდე, სანამ ჩვენი მიწები ოკუპირებულია, ჩვენ გავყვებით ამ პოლიტიკას“, – დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სამმხრივი განცხადების პირობების შესრულებაზე
„ომის შედეგები რჩება და უცვლელი დარჩება. 10 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადება სრულდება და სრულად უნდა შესრულდეს. ამ დებულების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია. მაგრამ არის კითხვები, რომლებიც დღეს განხილვის საგანია.
2020 წლის 10 ნოემბრის განცხადებამ, რომელსაც ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მოაწერეს, წერტილი დაუსვა ყარაბაღის მეორე ომს, რომელიც 44 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
იმედი მაქვს, რომ სომხეთში შექმნილი ვითარების მიუხედავად, 10 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადება შესრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ანუ, სომხეთის წინაშე ახლა უკვე არც ისე დიდი არჩევანი დგას“, – განაცხადა ალიევმა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ
აზერბაიჯანში, მოსახლეობის ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ალიევმა განაცხადა: „ვაქცინაცია 18 იანვარს დავიწყეთ, სულ რაღაც ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ევროპაში დაიწყეს ვაქცინაცია. ჩვენ ჩინური წარმოების ვაქცინა CoronaVac-ით ვიცრებით.
უკვე დიდი ხანია AstraZeneca-ს ვაქცინა უნდა მიგვეღო – ვერ მივიღეთ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვერ მივიღეთ. „სპუტინიკი“ ვერ მივიღეთ. COVAX-ით უნდა მიგვეღო Pfizer-ი და Moderna – ვერ მივიღეთ. და არ გვეუბნებიან, როდის მივიღებთ. კარგია, რომ ჩვენი ჩინელი პარტნიორები ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას. ჩვენ ვაქცინის შეძენის საშუალება გვაქვს. და რა გააკეთონ მათ, ვისაც არ აქვს? ეს ადამიანები რა – მოკვდნენ? ე.ი. მდიდრები თვითონ აიცრებიან, წაიღებენ წარმოებას თავისთვის, როგორც ამბობენ, ადამიანური ქცევის ელემენტარული ნორმების სრული იგნორირებით, ღარიბი ქვეყნები კი უნდა იტანჯონ. რომელ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ?
რაც შეეხება CoronaVac-ის ვაქცინებს, 4 მილიონ დოზაზე კონტრაქტი უკვე დადებულია. უკვე ყოველდღიურად მაწვდიან ცნობებს, რომ ხანდახან დღეში, დაახლოებით, 15-20 ათასი ადამიანი იცრება. ასე რომ, ამ მიმართულებით ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. შესაბამისი ფინანსური საშუალებები ამისთვის გამოყოფილია. უბრალოდ, მწარმოებლისგან დაველოდებით ვაქცინის მოწოდებას“.
ყარაბაღში დაპატიმრებული სომხეთის 60 მოქალაქის შესახებ
„საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ჩვენი მონაცემებით, 20 ნოემბრისთვის, სომხეთიდან – შირაქის რაიონში, ქალაქი გიუმრიდან და მიმდებარე რაიონებიდან გაგზავნეს 60-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ქვედანაყოფი, რომელიც, გაუგებარია როგორ, ლაჩინის დერეფნის გავლით აზერბაიჯანის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
გაირკვა, რომ ეს არის დივერსიული ჯგუფი, რომელმაც თავდასხმები განახორციელა როგორც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე, ისე მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამ დივერსიების და ტერაქტების შედეგად, ოთხი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი დაგვეღუპა – ეს არის ერთ-ერთი მობილური კომპანიის ოპერატორის თანამშრომელი, რომელიც ქალაქ შუშაში მიდიოდა და ჩასაფრებაში მოყვა – და რამდენიმე დაიჭრა.
ბუნებრივია, კონტრტერორისტული ოპერაცია განვახორციელეთ, რომლის შედეგადაც რამდენიმე ტერორისტი სრულად გავანეიტრალეთ, 60-ზე მეტი კი – დავატყვევეთ. დღეს, როდესაც ცდილობენ მათ სამხედრო ტყვეები უწოდონ, ვფიქრობ, რომ შეგნებულად ამახინჯებენ საკითხის არსს. სამხედრო ტყვე არ შეიძლება იყოს ომის დასრულებიდან 20 დღის შემდეგ. სამხედრო ტყვეები, რომლებიც გვყავდა, ყველა დავაბრუნეთ. თანაც, უფრო ადრე გადავეცით, ვიდრე ჩვენებს დაგვიბრუნებდნენ. ეს ადამიანები ამ კატეგორიაში ვერ ხვდებიან. ისინი არიან ტერორისტები და დივერსანტები. და ნებისმიერი სპეკულაცია სომხეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან, უადგილოა“, – აღნიშნა ალიევმა, რომელმაც ყარაბაღში ომისშემდგომი ვითარების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.