სატრანსპორტო კოლაფსი ბაქოში
აზერბაიჯანში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკარანტინო შეზღუდვა მოიხსნა, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრიდან არ მუშაობს მეტრო. სატრანსპორტო კოლაფსი ბაქოში, პირველ რიგში, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. ქალაქის მცხოვრებლები დაჟინებით მოითხოვენ მეტროს გახსნას, მაგრამ ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს და მათ უარით ისტუმრებს.
2020 წლის ოქტომბერში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის გამო, ბაქოში, გადაადგილების მთავარი საშუალება – მეტრო – დაკეტეს. იმავე პერიოდიდან, ერთადერთი დარჩენილი სატრანსპორტო საშუალება – ავტობუსი – არ დადის შაბათ-კვირას.
კარანტინი დასრულდა, მაგრამ ტრანსპორტზე აკრძალვა არ მოიხსნა
2020 წლის 18 იანვარს, აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი ლოკდაუნი დასრულდა. ის 2020 წლის 14 დეკემბერს გამოაცხადეს და 35 დღეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, ადამიანებს აკრძალული ჰქონდათ სახლის დატოვება დღე-ღამეში 3 საათზე დიდი ხნით.
ადამიანების გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა აკრძალვა ძალაში დარჩა.
ამრიგად, ბაქოში არ მუშაობს მეტრო, ავტობუსები დადიან მხოლოდ სამუშაო დღეებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შაბათ-კვირას, აზერბაიჯანის დედაქალაქში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით.
სამსახურში მოსიარულეებს დაემატნენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები
ქვეყნის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სკოლებში წავიდნენ V-IX კლასების მოსწავლეები, ასევე, სტუდენტების ნაწილი. უმაღლეს სასწავლებლებში, დასწრებული სწავლება აღდგა იმ სპეციალობებისთვის, რომელიც სტუდენტის ფიზიკურ მონაწილეობას მოითხოვს. ამ სიაში მოხვდნენ მომავალი მედიკოსები და ინჟინრები.
სატრანსპორტო კოლაფსი ბაქოში: მგზავრები ალყაში აქცევენ გაჩერებებზე ავტობუსებს
ბუნებრივია, ამ ფაქტორმა გაზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა რიცხვი და მთელ ქალაქში წარმოიშვა საცობებისა და უკმაყოფილების ტალღა.
სატრანსპორტო კოლაფსი ბაქოში და მგზავრების აღშფოთება
მთელი 15 თებერვლისა და 16 თებერვლის დღის პირველ ნახევარში, სოციალური ქსელების აზერბაიჯანული სეგმენტი და მასმედია აჭრელდა ბაქოს ქუჩებიდან საცობების ამსახველი ვიდეოებითა და ფოტოსურათებით.
ზოგიერთი მომხმარებელი აღშფოთებული წერს პოსტებს. აი, მათი ნაწილი:
„მეტრო უნდა გაიხსნას და ეს განხილვასაც კი არ ექვემდებარება. დაე, ვინმემ ადამიანურად აგვიხსნას ამ აკრძალვის აზრი“;
„ზამთრის პარკიდან აჰმედლიმდე (დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილი) ორსაათნახევარში მივაღწიე. მეტროთი ამას მაქსიმუმ ნახევარი საათი დასჭირდებოდა“;
„საქმე იქამდე მივიდა, რომ მუშაობა დაიწყეს სამარშრუტო ტაქსებმა (საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა ბაქოში რამდენიმე წლის წინ აკრძალეს)“.
ოპოზიციონერები უკმაყოფილოებს შეუერთდნენ
ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნატიკ ჯაფარლი ბაქოში საგზაო მოძრაობის ახალ წესებზე ჩივის.
საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ, გზებზე ავტობუსებისთვის სპეციალური ხაზები გამოჩნდა. ჩვეულებრივ ავტომობილებს ამ ზოლში მოძრაობა ეკრძალებათ და დამრღვევებს აჯარიმებენ.
ჯაფარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ეს ზოლები ცარიელია შაბათ-კვირასაც კი, როდესაც ავტობუსები არ დადის:
„არავის თავი არ შეუწუხებია, რომ გამოსულიყო და ხალხისთვის ეთქვა, რომ შაბათ-კვირას ამ ზოლზე მოძრაობის აკრძალვა არ მოქმედებს. თუკი ამ ზოლში გადახვალ, დაგაჯარიმებენ. იკითხავ, რატომ? გეტყვიან, რომ ეს ავტობუსების ზოლია. და სად არის ავტობუსები? ავტოფარეხში“.