ქალის ადგილი აფხაზეთში: რას ფიქრობენ ამის შესახებ თავად ქალები
როგორია იყო ქალი აფხაზეთში და ამავე დროს დამოუკიდებლად აშენო შენი კარიერა ან ბიზნესი? რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ამისათვის? რამდენიმე ქალმა აფხაზეთიდან საკუთარი ცხოვრების ისტორია და შეხედულებები გაგვიზიარა.
ნანა
ნანა ანჩაბაძე 29 წლისაა, აქედან 10 წელი სილამაზის სალონს ფლობს, ასევე ფრჩხილების სერვისის სასწავლო ცენტრის და კოსმეტიკისა და სილამაზის სალონებისთვის აქსესუარების მაღაზიის მფლობელია. დღეს ის ოთხ ობიექტს მართავს და ამავე დროს, ნანა ორი შვილის დედა და ბედნიერი მეუღლეა.
- გამოკითხვა: ქართველები მზად არიან აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის?
- ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკა გრძელდება
- აფხაზეთი: ერთი წელიწადი აბორტების გარეშე
ნანა ადრე გათხოვდა და 17 წლის ასაკში, უკვე ბავშვით ხელში, მანიკურის შესწავლა გადაწყვიტა და ამისთვის სოჭში გაემგზავრა. ამ ერთი შეხედვით გიჟურ იდეას მაშინ მხარი მხოლოდ მისმა მეუღლემ დაუჭირა.
”წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. ჩემს მშობლებს უნდოდათ ჩემი მომავალი ბევრად უფრო ნათელი ყოფილიყო და მანიკურის სპეციალისტის კარიერა მათთვის ამ ცნებაში არ ჯდებოდა”, – ღიმილით ამბობს ნანა.
იგი სოჭში 10 თვის ვაჟთან ერთად წავიდა. სანამ ნანა სასწავლებელში იყო, შვილს მისი და უვლიდა. შემდეგ კი, როდესაც ის დაბრუნდა და დღეში 12 საათი დაიწყო მუშაობა – მეუღლე.
”ვცდილობდი ყველა კლიენტი მიმეღო. უარს არავის ვეუბნებოდი და ვცდილობდი ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო. როდესაც მივხვდი, რომ მსურველი ძალიან ბევრი იყო და უკვე საკმარისი გამოცდილება მქონდა, რომ საქმე სხვებისთვის მესწავლებინა, საკუთარი სალონის გახსნა გადავწყვიტე, – ამბობს ნანა, – და აქ მეუღლემაც მხარი დამიჭირა. ორგანიზაციული სამუშაოები დღემდე მის კისერზეა”.
Аҧҳәыс днырхаҩуп – წარმატებული კაცის უკან კარგი ცოლი დგას – ამბობს აფხაზური ანდაზა. ნანას ოჯახში პირიქით მოხდა, მაგრამ გოგონა საკუთარ თავს ოჯახის თავად არ მიიჩნევს.
”მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესი მე დავიწყე, მასში სული და გული ჩავდე, მეუღლის დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ჩემს ყველა იდეას რუსლანთან ერთად განვიხილავ. თუ ის არ ეთანხმება, უარს ვამბობ. ბოლო სიტყვა ყოველთვის მამაკაცზეა. ჩვენ ხომ კავკასიაში ვცხოვრობთ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არღვევს ჩემს თავისუფლებას, მე ვიტყოდი, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებები გარკვეული პასუხისმგებლობისგან მათავისუფლებს”, – ამბობს ნანა.
ტატა
ტატა ბოჯგუა ორი ვაჟის დედა, ბლოგერი, ტურისტული აგენტი და ბიზნესვუმენია. მას მრავალი პროექტი აქვს – ფოტოსესიები ბლოგის კონტენტისთვის, დაქირავებული სასტუმრო, ცხელი კაკაოსა და ტკბილეულის ჯიხური სოხუმის ცენტრში.
გოგონების უმეტესობისგან ტატა არა მხოლოდ ენერგიითა და შრომისუნარიანობით, არამედ იმითაც განსხვავდება, რომ საკუთარ განქორწინებაზე და მის მიზეზებზე გულახდილად და საჯაროდ საუბრობს სოციალურ ქსელ Instagram– ზე. განქორწინებამდე ტატას მთელი ოჯახის რჩენა თავად უწევდა. იგი ბავშვთა ცენტრში მასწავლებლად მუშაობდა და აფხაზურ ენაში კერძო გაკვეთილებს ატარებდა.
ტატა დარწმუნებულია, რომ ქალები თავად არიან დამნაშავე იმაში, რომ კაცები დღეს უკვე ოჯახის თავები აღარ არიან, როგორც ეს წარმოდგენილი აქვთ ტრადიციულ საზოგადოებაში: ანუ, არ არიან ოჯახის მარჩენლები.
”დღეს ქალები ზრდიან მამაკაცებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გახდნენ ღირსეული ქმრები, – ამბობს ტატა. – გოგო ვალდებულია გაუფრთხილდეს სახლს, შვილებს, ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა. და ბიჭი? ის ხომ კაცია. ის ოჯახზე მხოლოდ სიტყვებით არის პასუხისმგებელი. კაცი კულტია, ყველას უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს მხოლოდ იმიტომ, რომ კაცია”.
ტატა თავის შვილებს განსხვავებულად ზრდის, მათ მაქსიმალურად სიყვარულს უზიარებს და არჩევანის უფლებას აძლევს, რათა სწორი გადაწყვეტილებების მიღება ასწავლონ. მაგრამ ამავე დროს, იგი აცნობიერებს, რომ ბავშვებთან ერთად უნდა აღზარდოს საკუთარი თავი, როგორც პიროვნება და პროფესიონალი.
”მე ჩემს პატარა ოჯახს ვარჩენ. სოციალურ ქსელებში ტრენინგებს, აქციებსა და კონკურსებს გავდივარ. ინტელექტუალურად და სულიერად სავსე უნდა ვიყო, რომ შვილებისთვის გადასაცემი რამე მქონდეს”, – ამბობს ტატა.
ის ახალგაზრდა და ენერგიულია, ბევრი იცის და ბევრის ატანა შეუძლია. ის ოჯახის უფროსიცაა, მარჩენალიც, შვილების დედაც და მამაც. მაგრამ ამავე დროს, ის ქალად რჩება, რომელიც ოცნებობს მამაკაცზე, რომელიც მისი საზრუნავის ნაწილს თავის თავზე აიღებდა.
”მინდა გაჩერება შემეძლოს, ვთქვა, რომ ყველაფრისგან დავიღალე და დასასვენებლად წავიდე. მაგრამ ახლა ამის საშუალება არ მაქვს. თუნდაც სიყვრულის. ქალს ეს, სულ მცირე, შთაგონებისთვის სჭირდება“, – ამბობს ტატა.
ადიცა
ადიცა აფხაზეთის პარლამენტის რეფერენტი და ეტიკეტის კონსულტანტია. მას საკუთარი საავტორო კურსი მიჰყავს და ბავშვებსა და ზრდასრულებს ეტიკეტს და მოქცევის წესებს ასწავლის.
თავად ადიცა თავს ფემინისტებს მიაკუთვნებს, თუმცა არა ისეთებს, ვინც იბრძვის უფლებისთვის არ იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე მამაკაცების მოსაწონად. არამედ ისეთებს, ვინც ცდილობს იგივე პოზიციები დაიკავოს, რაც მამაკაცებმა ისე, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩაიცვას და მანქანიდან გადმოსვლისას გამოწვდილ ხელზე უარი არ თქვას.
”ფემინიზმი ნიშნავს გქონდეს საშუალება იმდენი ფული იშოვო, რაც მამაკაცმა, გქონდეს იგივე ავტორიტეტი პროფესიაში. ამაზე ჯერ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია“, – ამბობს ადიცა.
ის დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში ქალს არ გაუჭირდება იმ საქმის კეთება, რაც მას ნამდვილად სურს. მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ არსებობს სფეროები, სადაც ქალისთვის საკუთარი თავის დამკვიდრება უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცისთვის. ადიცა, როგორც აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი, ხედავს, რომ აფხაზეთში 35 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი ქალია და ამ სიტუაციიდან საკუთარ დასკვნებს აკეთებს.
”პოლიტიკა, რა თქმა უნდა, წმინდა კაცური საქმეა; ის არა მხოლოდ ინტელექტს, არამედ ხასიათსა და ძალასაც მოითხოვს. ქალს ეს ობიექტურად აკლია. პარლამენტში მხოლოდ ერთი ქალი გვყავს. თუმცა ძალიან მებძოლი ხასიათის”, – ამბობს ადიცა.
ნატალი
ნატალი სმირის კაბინეტი თითქმის არ განსხვავდება მამაკაცი კოლეგების კაბინეტებისგან, გარდა იმისა, რომ მაგიდაზე საფერფლის ნაცვლად ტკბილეულით სავსე ლარნაკი დგას. ფანჯრის რაფაზე ყვავილებია. როგორც ის ამბობს, დეპუტატს სქესი არ გააჩნია, თუმცა საუბარში აღიარებს, რომ კოლეგები მის მკაცრ განცხადებებს და ემოციურ გამოსვლებს მაინც “გენდერული ფილტრით” აღიქვამენ.
“აქ არ მეუბნებიან “გაჩუმდი, ქალო “, მაგრამ ზოგჯერ კოლეგები ამბობენ: კაცი რომ ყოფილიყავით, სხვანაირად დაგელაპარაკებოდითო. ანუ ისინი ჩემს ხმამაღალ საუბარს მპატიობენ. აბა ამის გარეშე პარლამენტში რა გამოვა? თუ გინდა რომ მოგისმინონ, ზოგჯერ ხმას უნდა აუწიო”, – ამბობს ნატალი სმირი.
ნატალი სმირი აფხაზეთის პარლამენტის ერთადერთი ქალი დეპუტატია.
იგი იმას უჩივის, რომ აფხაზი ქალები თავად არ ისწრაფვიან პოლიტიკისკენ და ამავე დროს, როგორც თავად ამბობს, იმავე პარლამენტს ქალის ხელი ძალიან აკლია.
”როგორც წესი, კანონპროექტი ჯერ განიხილება კომიტეტში, სადაც ჩვეულებრივ მთავარი დებატები იმართება და შემდეგ წარედგინება სესიას, სადაც უკვე მშვიდად განიხილება. მაგრამ ჩვენში ეს პირიქითაა. სხდომაზე ყველაზე მწვავე დებატები მიმდინარეობს და ეს იმიტომ ხდება, რომ დეპუტატების ნახევარი კომიტეტში არ მოდის. ასე მგონია, ქალების მონაწილეობით ყველაფერი უფრო ორგანიზებული იქნებოდა”, – ამბობს ნატალი სმირი.
დეპუტატის თქმით, აფხაზეთში არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. მაგრამ რატომღაც, მთელი ამ წლების განმავლობაში ასეთი შესაძლებლობას არ იყენებენ:
”ჩვენთან ჭკვიანი, განათლებული ქალების თაობა გაიზარდა. ისინი ახლა სამინისტროებში და დეპარტამენტებში შემსრულებლებად მუშაობენ, მაგრამ მათ პრეზიდენტობაც კი შეუძლიათ. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება”.
ნატალი სმირს ეჭვი არ ეპარება, რომ ქალის მიდგომა პოლიტიკის მიმართ უფრო კონსტრუქციული იქნებოდა.
”მაგალითად, ავიღოთ უძრავი ქონების [უცხოელებზე – JAMnews] გაყიდვის საკითხი. ქალები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ამ პრობლემას. ქალისთვის მნიშვნელოვანია მიწის შენარჩუნება შვილებისთვის. ქალი ფიქრობს ოჯახის მომავალზე, უნდა ყველაფერი მოაწყოს ისე, რომ იყოს თბილი, ლამაზი და მყუდრო. ჩვენ აშკარად გვაკლია ქალები ხელისუფლებაში”, – ამბობს ნატალი სმირი.
რაც შეეხება გენდერულად მგრძნობიარე კანონპროექტებს, პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარლამენტს არაერთხელ თხოვნით მიმართეს მოსმენების დაწყების თაობაზე, მაგრამ ერთადერთმა ქალმა დეპუტატმა მაშინ მამაკაცი კოლეგების პოზიცია გაიზიარა.
სამი წლის წინ ნატალი სმირი ასეთი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან, მისი აზრით, ოჯახის საქმეები ოჯახში უნდა დარჩენილიყო. მაგრამ დღეს, მისი აღიარებით, ის მომხრე იქნებოდა: ”ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი ქალი დაიღუპა. ქალი, ბავშვი, მოხუცი და მამაკაციც კი კანონით უნდა იყონ დაცული”, – ამბობს დეპუტატი.
ნათელა
პოლიტიკას არა უბრალოდ ქალები, არამედ გენდერულად მგრძნობიარე ქალები სჭირდება, ამბობს ნათელა აკაბა, აფხაზეთის პარლამენტის პირველი მოწვევის დეპუტატი, საზოგადოებრივი პალატის ყოფილი მდივანი და 1999 წელს შექმნილი აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ნათელა აკაბას თქმით, პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლბა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონს არ მიიღებს, რადგან დღევანდელი დეპუტატები მის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებენ.
აფხაზეთის ქალთა ასოციაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, ნათელა აკაბამ იცის, რომ ოჯახში ძალადობა დღეს აფხაზეთში ბევრი ქალის ყოველდღიური ცხოვრებაა. ეჭვიანობით მოტივირებული მკვლელობები, ანგარიშსწორება ქალების მიმართ, რომლებიც, მამაკაცების აზრით, ოჯახს არცხვენენ, ცოლებისა და შვილების ცემა, რის შესახებაც მხოლოდ მეზობლებმა შეიძლება იცოდნენ – აფხაზეთში ამ ყველაფერს კვალიფიკაცია არ აქვს, თუმცა მსოფლიოში ამას ოჯახურ ძალადობას უწოდებენ.
ნათელა აკაბა მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ქალების აზრი თითქმის არ ისმის იმის გამო, რომ არ არსებობს ქალების სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და პოლიტიკური კულტურის დონე დაბალია. აფხაზეთში არჩევნებში ბევრი ქალი მონაწილეობს, მაგრამ პრაქტიკულად არავის ირჩევენ.
”ჩვენ ხმას ვაძლევთ ნათესაობის პრინციპით, ან დაპირებული თანამდებობისთვის ან ახალი სტატუსისთვის. პოლიტიკური წიგნიერება და კულტურა არ არსებობს“, – ამბობს ნათელა აკაბა.
ნათელა აკაბა ბოროტების სათავეს აფხაზეთის იზოლირებაში ხედავს და გამოსავლად მისი დაძლევა მიაჩნია. რთულია რეფორმების გატარება, ახალგაზრდების განათლება და ზოგადად განვითარება, როდესაც არ არსებობს მსოფლიოსთან ღიად კომუნიკაციის შესაძლებლობა.
”ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების მყარი მხარდაჭერა, რათა აქტიურად ვიმუშაოთ. აფხაზეთის იზოლირება და ნაწილობრივ აღიარებული სტატუსი ხელს არ გვიწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში”.
იგი განმარტავს, რომ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში რატიფიცირებულია გაეროს რეზოლუცია 1325, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია ქალის როლის განმტკიცება, მიღებულია მისი განხორციელების ეროვნული გეგმები და ამისათვის გარკვეული ნაბიჯები იდგმება.
”ჩვენ მივმართეთ პოლიტიკოსებს კითხვით, უნდა მოვახდინოთ თუ არა ამ რეზოლუციის რატიფიცირება, მაგრამ ისინი გვპასუხობდნენ: ”ისინი არ გვცნობენ, ჩვენ გაეროს წევრები არ ვართ. რაში გვჭირდება ეს”. ასე რომ, ეს ნაწილობრივი აღიარება ხელს არ უწყობს აფხაზეთში ქალის სტატუსის განმტკიცებას”, – ამბობს ნათელა აკაბა.
პოლიტიკოსები, საქმიანი ქალები, ბლოგერები, ფემინისტები – არცერთი ქალი აფხაზეთში, ვინც თვითრეალიზაციის თავისუფლებისთვის ბრძოლის გზას დაადგა, არ საუბრობს წინაღობებზე მამაკაცების მხრიდან. ის, რისი გადალახვაც მათ უწევთ, არ არის გენდერული ხასიათის. მტერი შიგნითაა: სტერეოტიპებში, რომელთა მეშვეობით ქალები თავად ცდილობენ თავიანთი სამყარო დაცვას. მაგრამ დღეს ეს დაცვა გადაიქცა აბჯრად, რომელიც მათ ზრდის საშუალებას არ აძლევს და ის როგორ უნდა მოიცილონ, მხოლოდ ახლა სწავლობენ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო