ელა კესაევა: „მე ვნახე, როგორ ისროდნენ ტანკიდან. ახლა ვინ რას დამიმტკიცებს?“
ტერაქტი ბესლანში
ელა კესაევა ქალაქ ბესლანში ცხოვრობს და თხების მოშენებით არის დაკავებული. ის პროფესიით მიკრობიოლოგია, თხების მოშენება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2004 წელს 1-3 სექტემბერს ბესლანის სკოლაში მომხდარ იმ საშინელ ტრაქტში მისი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, ხოლო ქალიშვილი – ზარინა დაიჭრა, მაგრამ გადარჩა.
„ტერაქტიდან ორი წლის შემდეგ თხების და ძროხების მოშენება გადავწყვიტე. მამაჩემმა ისინი ისე შეიყვარა, რომ როდესაც პატარა ციკნები გაჩნდნენ, მიუხედავად ხორცის დიდი სიყვარულისა, მათი დაკვლა აგვიკრძალა. ხორცს აღარც მე ვჭამ, არ მინდა ცხოველების დახოცვა. ყველს ვამზადებ და რძეს ვყიდი. ჩემი დაც ვეგეტარიანელობისკენ მიისწრაფვის და კიდევ, კვირაში ერთ დღეს არც არანაირ საკვებს იღებს და არც სასმელს. ვფიქრობ, ის ამგვარად ისჯის თავს იმისთვის, რომ ცოცხალი დარჩა“, – ამბობს კესაევა.
რის მიღწევას ცდილობს ელა კესაევა
ელა კესაევა – ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთშიც განთქმული სახელია. ეს სახელი ბევრ სხვა ქვეყანაშიც სმენიათ. ელა კესაევა, სხვა ბესლანელი ქალების ჯგუფთან ერთად, უკვე 12 წელია, ირწმუნება, რომ იმ საზარელი ორნახევარი დღის მოვლენების გამოძიება ჯერაც არ მომხდარა; და ცდილობს, გამოძიების ჩატარებას მიაღწიოს.
მაშინ ტერორისტებს დანაღმულ შენობაში ორნახევარი დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული 1,128 ადამიანი – ბავშვები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები. საბოლოოდ 334 მათგანი დაიღუპა, მათ შორის – 186 ბავშვი.
კესაევა იმ 435 ადამინს შორის იყო, რომლებმაც 2007 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილ სარჩელს მოაწერეს ხელი. პროცესი ისევ გრძელდება, და მიახლოებითი ინფორმაციაც კი არ არსებობს, თუ როდის გამოიტანენ გადაწყვეტილებას.
ამ 12 წლის განმავლობაში ტერაქტის გარემოებებს იძიებდა რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კომისია და ექსპერტთა ჯგუფი. მაგრამ, ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მისვლა ვერ მოხერხდა. მომხდარის ბევრი ასპექტი დღემდე სადავოა. უპირველეს ყოვლისა ის საკითხი, თუ რამდენი ტერორისტი იყო?
ბესლანის მკვიდრთათვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. ოფიციალური ინფორმაციით, ალყიდან მესამე დღეს სკოლის შენობის აღების შედეგად 32 ტერორისტი მოკლეს, ერთი ცოცხლად აიყვანეს და ამჟამად სამუდამო პატიმრობაში იმყოფება. თუმცა, რამდენიმე დამოუკიდებელი გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შესაძლოა, უფრო მეტი ტერორისტი ყოფილიყო, და ზოგი მათგანი გაიქცა.
დიდი აზრთა სხვადასხვაობაა მეორე პუნქთან დაკავშირებითაც – ეს არის ხელისუფლების ქმედებები ტერორისტებთან მოლაპარაკებებისას, შენობაზე შეტევის გადაწყვეტილება, და ის, თუ როგორ განხორციელდა ეს შეტევა.
მესამე პუნქტი, რომელსაც კომისიები იძიებდნენ და კესაევა და მისი კოლეგები აქამდე იკვლევენ – არის იმის გარკვევა, თუ რატომ აშუქებდნენ რუსული ტელეარხები და გამოცემები ასე შეზღუდულად და ურთერთსაწინააღმდეგოდ ტერაქტის მოვლენებს ტერაქტის დროსაც და მის შემდეგაც – მთელი ამ წლების განმავლობაში.
„ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე – როგორ ისროდნენ სკოლის მიმართულებით; ვყვიროდი: „რას შვრებით? იქ არავინ არ გადარჩება!“. ვნახე, როგორ ისროდნენ ტანკიდან. ახლა ვინ რას დამიმტკიცებს?“, – მშვიდად ამბობს ელა კესაევა.
ის ამბობს, რომ როდესაც 12 წლის წინათ საკუთარ გამოძიებას იწყებდა, მასაც და სხვა ქალებსაც ეგონათ, რომ აი, ახლა ყველაფერი გაირკვევა, და დამნაშავეები დაისჯებიან.
„შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პირიქით – სწორედ ჩვენი გაჩუმება უნდათ. ეს თავიდან ისეთი გასაოცარი იყო. ბოლოს მივხვდით, რომ ჩვენი შვილების სიკვდილი იმის არგუმენტად გამოიყენეს, რომ ხელისუფლების ვერტიკალის შესახებ კანონი მიეღოთ და საკუთარი ძალაუფლება უფრო მეტად გაემყარებინათ“.
ბესლანის ტერაქტიდან სულ მალე, ჯერ კიდევ 2004 წლის ბოლომდე რუსეთში გაუქმდა გუბერნატორებისა და ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელების პირდაპირი არჩევის წესი. რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტების უმაღლესი თანამდებობის პირები ტერიტორიის საკანონმდებლო საკრებულოების მიერ, სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით უნდა არჩეულიყვნენ.
რა მოხდა მაშინ
„იმ დღეს დედაჩემი სკოლაში რომ ყოფილიყო – ნამდვილად მოკლავდნენ“ – ჩემი ქალიშვილი ჩემზე სულ ამას ამბობს, იმიტომ, რომ რაც ენაზე მომადგება ვამბობ, და გაჩუმება არ შემიძლია“, – ამბობს ელა კესაევა.
„ჩემი დისშვილები 1 სექტემბერს სკოლაში წასვლას არ აპირებდნენ – უფროსი თექვსმეტნახევარი წლის იყო და თავი „ხაზზე გამწკრივებისთვის“ ძალიან დიდებად მიაჩნდათ, ჰყვება ის, – ფული ჰქონდათ შეგროვილი და მეგობრებთან ერთად ქალაქში გასართობად უნდოდათ წასვლა. მაგრამ მოულოდნელად მათი მამა მოვიდა და სკოლაში წასვლა აიძულა“.
„და წავიდნენ – ჩემი დის ორი ვაჟი, მათი მამა და ჩემი ქალიშვილი. მე სახლში შევრჩი და ვაპირებდი, მალევე დავწეოდი მათ. რომ გავედი, დავინახე, როგორ მოვიდა მანქანა, და როგორ მირბოდნენ ტერორისტები სკოლისკენ… ეს ყველაფერი დავინახე, ჩვენი სახლი ხომ სკოლის გვარდითაა. იქით გავიქეცი, მაგრამ ვიღაცამ ხელი მტაცა და უკან გამომათრია – ჩვენი მეზობელი კაცი იყო“.
„მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემს თავს ვეკითხები – რატომ დავრჩი. მე მორწმუნე ადამიანი ვარ, და ალბათ ეს ღმერთის ნება იყო“.
ელა კესაევას ოჯახმა ტერაქტის დროს სამი ადამიანი დაკარგა. ელას ორი დისშვილი დაიღუპა, მათი მამა კი პირველივე დღეს დახვრიტეს ყველას თვალწინ, როდესაც ბავშვების დაწყნარებას ცდილობდა ოსურ ენაზე, რაც ტერორისტების მიერ აკრძალული იყო. ელას ქალიშვილი ზარინა დაიჭრა, მაგრამ გადარჩა.
რა ხდება ახლა
ელა კესაევა ამბობს, რომ 12 წლის წინათ მისთვის ვინმეს რომ ეთქვა, – ამდენი ხნის შემდეგაც სამართლის მოლოდინში იქნებითო, – არ დაიჯერებდა.
ოფიციალური სამთავრობო გამოძიების შედეგები არ არის და ფორმალურად, არც სისხლის სამარლთლის საქმეა დახურული. თუმცა, არც ამ საქმეზე მუშაობის რაიმე ნიშნები შეიმჩნევა.
„დიდი დროა გასული, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენს სიმართლეს საბოლოოდ მაინც მივაღწევთ“.
როდესაც კესაევა ამბობს „ჩვენ“ – მას მხედველობაში ჰყავს თავის მეგობარი ქალები, ისეთივე დედები, რომლებმაც 2004 წელს ეს უბედურება გადაიტანეს. ისინი, დიდი ხანია, გაერთანდნენ ორგანიზაციაში „ბესლანის ხმა“. 2008 წელს მათ იურიდიული სტატუსი ჩამოართვეს, მაგრამ სინამდვილეში, არც მათთვის და არც იმ ადამიანებისთვის, ვისი ყურადღების მიქცევასაც ისინი ცდილობენ, არაფერი შეცვლილა.
გასული 12 წლის განმავლობაში, „ბესლანის ხმის“ მოთხოვნებისა და სარჩელების საფუძველზე, ასზე მეტი სასამართლო სხდომა შედგა. უკანასკნელი სასამართლო 2016 წელს ჩატარდა და სკანდალური იყო. ელა კესაევამ და მისმა ოთხმა კოლეგამ ტერაქტის წლისთავზე აქცია მოაწყვეს – მათ ეცვათ მაისურები წარწერით „პუტინი – ბესლანის ჯალათი“.
აქციის ყველა მონაწილე დააკავეს. დაკავებისას ქალებიდან ზოგს ხელიც კი მოხვდა.
შემდეგ ხუთივეს განაჩენი გამოუტანეს – საზოგადებრივი საქმიანობა და 20 ათასი რუბლის (დაახლოებით $80) ოდენობის ჯარიმა.
მაგრამ „ბესლანის ხმა“ გაჩერებას არ აპირებს.
ახალი ანტიგონე
2016 წლის დეკემბერში მოსკოვის დოკუმენტური პიესის თეტრში “Театр.doc” გაიმართა სპექტაკლ „ახალი ანტიგონეს“ პრემიერა. ის ჟურნალისტ ელენა კოსტიუჩენკოს სასამართლო სხდომების მასალების მიხედვით დაიდგა. კოსტიუჩენკო 2016 წლის სექტემბერში ბესლანში იმავე აქციაზე იმყოფებოდა და ასევე დაპატიმრებული აღმოჩნდა.
„ანტიგონე“ – სოფოკლეს ტრაგედიაა, რომელიც ორნახევარი ათასი წლის წინათ არის დაწერილი. პიესის გმირი წინ აღუდგა ხელისუფლებას, და სინდისის ხმას მიენდო. ანტიკურმა ანტიგონემ იცოდა, რომ მართალი იყო და ბერძნული პანთეონის ღმერთების სამართლიანობის, ან თუნდაც შურისმაძიებლობის მაინც სწამდა
ახალი ანტიგონე უფრო კატეგორიულია. მას ახლავე სურს შურისძიება.
სასამართლო დავებში გატარებულმა წლებმა ელა კესაევას იურისტის საზრიანობა შესძინა და ზოგჯერ ნაცნობებს საბუთების გაფორმებაშიც კი უწევს დახმარებას. მაგრამ თვის დანიშნულებად და მთავარ საქმედ მას მაინც ბესლანის შესახებ სიმართლის დადგენა მიაჩნია.
იტალიელ ჟურნალისტ მასიმო ბონიფატისთან თან ერთად კესაევამ დაწერა და გამოსცა წიგნი, რომელშიც იმ დღის მოვლენებია აღწერილი. ახლა კიდევ ერთი პროექტი აქვთ გეგმაში – ყველა სასამართლო სხდომის ქრონიკა.
„ახლახან იტალიელი სკოლის მოსწავლეებისგან მივიღეთ წერილები, – ჰყვება ელა კესაევა, – მასწავლებელმა მათ გაკვეთილზე ჩვენი ტრაგედიის და ბოლო აქციის შესახებ უამბო, და მათ წერილები მოგვწერეს. ისეთ გასაოცარ სიტყვებს მიაგნეს. მართლაც ამაოდ არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ადამიანებს ჩვენი ესმით და დაფიქრებას იწყებენ“.
რას გააკეთებს „ბესლანის ხმა“
ისინი უდიდეს იმედს ამყარებენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე. წელს მეათე წელი შესრულდება, რაც იქ ბესლანის შესახებ სარჩელს განიხილავენ.
„თუკი ასეთი რამ მოხდება, რომ მაინც არავინ დაისჯება – ცხოვრება როგორღა უნდა გავაგრძელო?“, – ამბობს კესაევა.
თანაც, როდესაც და თუკი – ევროპის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე დაისჯება. 2015 წელს რუსეთის ფედრაციის სახელმწიფო დუმამ გააუქმა რუსეთში საერთაშორისო სამართლის ეროვნულთან შედარებით პრიორიტეტულობა. კანონს იმის შესახებ, რომ რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებები საერთაშორისო ინსტანციების ვერდიქტებს უნდა აღემატებოდეს, 436-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ სამი იყო.
„ყველაფერს „კოშჩეის კვერცხამდე“ მივყავართ, ხომ გესმით ვისაც ვგულისხმობ. მაგრამ ამ თანამდებობაზე მისი ყოფნაც არ არის სამუდამო. ამიტომ, ჩემს მეგობარ ქალებს ვეუბნები, რომ როდესაც ეს დღე დადგება, ჩვენ ჯანმრთელად უნდა ვიყოთ“, – ამბობს კესაევა.
მათთვის, 2004 წელს დაზარალებულებისთვის, ცხოვრება დიდი ხანია, ორ ნაწილად გაიყო – „ტერაქტამდე“ და „შემდეგ“. კვებითი მრეწველობის მიკრობიოლოგი ელა კესაევა ახლა საზოგადოებრივი კომიტეტის „ბესლანის ხმის“ თვმჯდომარე და თხების მომშენებელია. ელას ქალიშვილი, რომელიც 12 წლის ასაკში იმ სკოლაში მძევლად იყო აყვანილი, ტერაქტამდე იურისტობაზე ოცნებობდა, ახლა კი საექიმო ფაკულტეტზე სწავლობს.