საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში - საქმე ჯერ არ დასრულებულა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღდეგ” გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა – ასეთია ქართველი ექსპერტების პოზიცია.
იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ თბილისის მოთხოვნები ნაწილობრივ არ გაიზიარა.
თუმცა, საქმე ჯერ დასრულებული არ არის – სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს დაზარალებული მხარისთვის კომპენსაციის საკითხებზე.
გარდა ამისა, არ არის დასრულებული დაზარალებულთა კერძო სარჩელების განხილვაც როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ.
საქმე გრძელდება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების განადგურება.
საქართველოში გადაწყვეტილებას გამარჯვება და “ისტორიული დოკუმენტი” უწოდეს.
სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ რუსეთის მოქმედებებს ეხება. თუმცა არ დააკისრა რუსეთს პასუხისმგებლობა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილ დარღვევებზე.
- აგვისტო 2008. რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკები
- როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ
- „იმ მინდორზე ოს ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდით“. რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან
გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ პასუხისმგებლობის საკითხს და ჯერჯერობით სასამართლოს სამართლიანი დაკმაყოფილების პრინციპზე საერთოდ არ უმსჯელია, – გვითხრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა თინა ბურჯალიანმა.
მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლომ სწორედ საქართველოს, როგორც დაზარალებული მხარის დაკმაყოფილებაზე უნდა იმსჯელოს და ამაში მხოლოდ მატერიალური კომპენსაცია არ იგულისხმება.
“განზრახ ვიყენებ ამ ტერმინის და არ ვამბობ კომპენსაციას, ვინაიდან ჩვენ სარჩელშივე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამართლიანი დაკმაყოფილება, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციით, უნდა იყოს ამ საქმეში სხვადასხვაგვარი და მრავალფეროვანი.
იქ, სადაც შესაძლებელია უფლებების აღდგენა, ეს უნდა მოხდეს პირვანდელ მდგომარეობაში. მაგალითად, საქმე ეხება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ადამიანების შეზღუდვას დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში.
იქ, სადაც გამოძიება არის ჩასატარებელი და კონკრეტული პასუხისმგებელი პირები არიან გამოსავლენი და მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენი, ეს უნდა მოხდეს და იქ, სადაც სხვა ვერაფერი მოხდება, გარდა კომპენსაციისა, ბუნებრივია პასუხისმგებელმა მხარემ, რუსეთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია”, – ამბობს თინა ბურჯალიანი.
მისი თქმით, გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ პროცედურა მხარეებს შორის პოზიციების წერილობით გაცვლას ითვალისწინებს – საქართველოს სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა დეტალური მოთხოვნა გაუგზავნოს რუსეთს, რომელსაც რუსეთის მხარემ უნდა უპასუხოს. შემდეგ დაკმაყოფილების ფორმაზე სასამართლო იმსჯელებს.
რას მიაღწია საქართველომ
ამ გადაწყვეტილებას ქართული მხარისთვის მინუსები თითქმის არ გააჩნია – მიაჩნია კონფლიქტოლოგს, ყოფილ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს.
“ნებისმიერი მაღალი დონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ეს არის პირველ რიგში ის, რომ სასამართლომ დაადასტურა ცალსახად და მკაფიოდ, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები. ამდენ ხანს რომ ოკუპირებული იყო, ეჭვი არ ეპარებოდა არავის, არსებობს ევროპული ინსტიტუტების რეზოლუციები, მაგრამ ისინი პოლიტიკური რეზოლუციებია, რომლებსაც შეიძლება ვიღაც ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდეს. სულ სხვა საქმეა სასამართლოს გადაწყვეტილება”.
ზაქარეიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ის დოკუმენტია, რომელიც საქართველს ოკუპაციის ფაქტის დასამტკიცებლად შეუძლია ნებისმიერ დონეზე გამოიყენოს, მათ შორის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მიმართულებითაც, რადგან “უკვე ძალიან ბევრ სახელმწიფოს გაუჭირდება იფიქროს ამ ტერიტორიების აღიარებაზე”.
რას ვერ მიაღწია საქართველომ
თინა ბურჯალიანის თქმით, სარჩელის მომზადებისას არსებობდა იმის მოლოდინი, რომ რუსეთს საბრძოლო მოქმედებების დროს დაშვებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.
მისი თქმით, 2011 წლის გადაწყვეტილებით, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი დასაშვებად ცნო, “იყო პირველი შეფასება სასამართლოს მხრიდან, რომ დიახ, რუსეთს ჰქონდა იურისდიქციული ვალდებულებები ამ პერიოდში, ამ ტერიტორიაზე, დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე და ამიტომ სარჩელი არსებითად უნდა განიხილონ”.
ბურჯალიანი ამბობს, რომ თავის საბოლოო გადაწყეტილებაში სასამართლოს არ უთქვამს, რომ 8-12 აგვისტოს მოვლენებზე რუსეთს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
“საუბარია სამხედრო მოქმედებებზე და აქ სასამართლო, სამწუხაროდ, ამბობს, რომ ასეთი ტიპის საომარი მოქმედებების შეფასებაში ვერ შევა.
ამის პირველ მიზეზად დასახელდა ძალიან რთული ფაქტობრივი გარემოებები, სადაც ძალიან ძნელია, რაიმე დაადგინო. და მეორე მიზეზი – სასამართლო არ იყო მზად განევითარებინა აქამდე არსებული პრეცედენტი იურისდიქციის ექსტრატერიტორიული – ანუ სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ, გამოყენების თაობაზე…
სასამართლო ძალიან სწორედ გააკრიტიკეს ამის გამო, რომ მან თავიდან აიცილა ეს პასუხისმგებლობა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს შეუძლია მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე აწარმოოს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი და ომის მიმდინარეობისას გააკეთოს, რაც უნდა ის, იმგვარად, რომ ის პასუხისმგებელი არ იქნება კონვენციის თანახმად”, – ამბობს ბურჯალიანი.
სასამართლოს ეს არგუმენტები არადამაჯერებლად მიიჩნია პაატა ზაქარეიშვილსაც
“ბევრი კითხვები მებადება. მზად ვარ გავიზიარო, რომ 8-იდან 12 აგვისტომდე რუსეთი ბოლომდე ვერ ახორციელებდა იურისდიქციას ამ ტერიტორიებზე, იქ საქართველოს არმიაც იყო…. მაგრამ რა ვუყოთ იმ ხალხს, ვინც ამ დროს იღუპება? სასამართლომ ამ დროს რაღაც უნდა თქვას, თუნდაც, რომ იქ არ იყო რუსეთის იურისდიქცია ბოლომდე, მაგრამ ცოცხალი ადამიანები იყვნენ იქ, რომლებიც იღუპებოდნენ”.
მისი აზრით, ამით სტრასბურგის სასამართლომ ცუდი პრეცედენტი შექმნა თუნდაც ყარაბაღის ომთან დაკავშირებული მომავალი სარჩელების განხილვისათვის.
იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ განიხილოს 8-12 აგვისტოს შუალედში მომხდარი სამართალდარღვევები ინდივიდუალური სარჩელების განხილვის დროს, კიდევ არსებობს, მიიჩნევს თინა ბურჯალიანი. თუმცა ეს “ფრთხილად გასავლელი გზა იქნება”.
დაადგინა თუ არა სასამართლომ ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი მხარე?
თინა ბურჯალიანის განმარტებით, სასამართლომ სიფრთხილე გამოიჩინა ამ საკითხთან დაკავშირებით.
“ვხედავთ, რომ მაგალითად ტალიავინის ანგარიშის ის ცნობილი პარაგრაფი, მთლიანად არის ციტირებული სასამართლო გადაწყვეტილებაში. მაგრამ სამართლებრივად ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და სასამართლო ამბობს კიდევაც ამას ცალსახად. არც საქართველოსთვის და არც რუსეთისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ასევე ცალსახად ამბობს, რომ რუსეთმა კანონიერად გამოიყენა ძალა თუ უკანონოდ, ამას ვერ აფასებს და ეს არ არის ეს მისი საქმე”, – ამბობს ბურჯალიანი.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “ომის დაწყება-არდაწყება არსად განიხილება საქართველოს გარდა. როცა არჩევნები ან 8 აგვისტო მოდის, მაშინ ეს შიდა პოლიტიკური კონტექსტის საკითხი ხდება, იმიტომ რომ ომის დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.”
მის თქმით, “არსად დედამიწის ზურგზე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ომის დაწყება დანაშაულად არ ითვლება”.
იმოქმედებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობაზე?
“მე მეშინია , რომ ამ კარგ დოკუმენტს არ გადავაყოლოთ აფხაზური და ოსური თემები. ამის განცდა მაქვს, ისე არ უნდა გაგვიხარდეს, რომ ყველაფერში რუსეთია დამნაშავე, რომ ვერ დავინახოთ ამ დოკუმენტის უკან აფხაზური და ოსური საზოგადოების ინტერესები”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსეთს შეგვიძლია ძალიან მკაცრად ველაპარაკოთ ამ დოკუმენტით. მაგრამ ასე მკაცრად ვერ დაველაპარაკებით ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზებს და ოსებს”, – მიიჩნევს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, “შეიძლება ეს დოკუმენტი, როგორც ინსტრუმენტი არასწორად გამოვიყენოთ და აფხაზებს და ოსებს ველაპარაკოთ რუსული პოზიციებიდან და კიდევ მეტად მოვიცილოთ”.
კერძო სარჩელები
“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სარჩელის განხილვის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ომით დაზარალებულ მოქალაქეთა სარჩელებს განიხილავს.
ეს არის როგორც საქართველოს მოქალაქეთა სარჩელები რუსეთის წინააღმდეგ, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსების სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ.
თინა ბურჯალიანის თქმით, სარჩელების დიდი ნაწილი, რომელიც რუსმა იურისტებმა ოსების სახელით შეიტანეს, უბრალოდ დაუსაბუთებელი იყო და სასამართლომ ისინი ვერ განიხილა.
“მაგრამ არის რამდენიმე ე.წ სამაგალითო საქმე. თუ ამ საქმეებზე დადასტურდა ის ბრალდებები, რომელსაც მომჩივანი ახმოვანებს, მაშინ შესაძლოა დადგეს კონვენციის ნორმების დარღვევა საქართველოს წინააღმდეგ”.
ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, მისი ვარაუდით, რამდენიმე თვეში დაიწყება.