ჩინური ვაქცინა აზერბაიჯანში: კითხვები, რომლებსაც აქვთ პასუხები
აზერბაიჯანში, COVID-19-ზე ვაქცინაცია დაიწყო. სულ რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac-ის პრეპარატი CoronaVac-ით დაიწყებოდა.
რატომ შეარჩიეს სწორედ ეს ვაქცინა და რამდენად ეფექტიანია? შევეცდებით, რომ ვუპასუხოთ, თუნდაც, რამდენიმე შეკითხვას.
რამდენად ეფექტიანია ჩინური ვაქცინა?
თავდაპირველად მწარმოებელმა განაცხადა, რომ CoronaVac-ის ეფექტიანობა, დაახლოებით, 92 პროცენტს შეადგენდა. აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები სწორედ ამ მაჩვენებელზე საუბრობენ.
„აზერბაიჯანმა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა შეიძინა“, – განაცხადა პრეზიდენტის თანაშემწე შაჰმარ მოვსუმოვმა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის პირობებში, შეუძლებელია ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან ზუსტი მონაცემები მოვითხოვოთ ხანგრძლივი ეფექტიანობის შესახებ, იმიტომ რომ, შემუშავებაც და გამოცდაც ძალიან შემჭიდროებულ ვადებში მიმდინარეობს. მაგრამ, რადგან CoronaVac-ის ვაქცინით აცრა უკვე დაიწყეს სხვა ქვეყნებში, გარკვეული ინფორმაცია მისი ეფექტიანობის შესახებ უკვე არსებობს და დიდ ოპტიმიზმს არ აჩენს.
თავდაპირველად უნდა გავიგოთ, როგორ ცდიან ვაქცინებს.
პრეპარატის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასამტკიცებლად, ნებისმიერი დაავადებისთვის შექმნილი ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, მიღებულია კლინიკური გამოცდის სამი ეტაპის ჩატარება. პირველ ეტაპზე, ვაქცინას უკეთებენ ახალგაზრდა და ჯანმრთელი მოხალისეების შედარებით მცირე ჯგუფს. CoronaVac-ის შემთხვევაში, ეს ჯგუფი 144 ადამიანისგან შედგებოდა.
თუკი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, გადადიან მეორე ეტაპზე – ვაქცინაციას უტარებენ უკვე მოხალისეთა დიდ ჯგუფს, თანაც, მათ ნაწილს უკეთებენ არა ვაქცინას, არამედ „საწოვარას“, პლაცებოს ეფექტი – ეს საკონტროლო ჯგუფია, რომელთანაც ადარებენ შემდეგ ვაქცინირებულთა შედეგებს. ამ სტადიისას CoronaVac-ით აცრეს 600 მოხალისე.
და ბოლოს, კვლევის მესამე ეტაპში მონაწილეობას იღებს კიდევ უფრო მეტი მოხალისე, რომელთა შორისაც უკვე არიან რისკჯგუფში მყოფი ადამიანებიც, რომელთათვისაც ვაქცინა შეიძლება ყველაზე სახიფათო იყოს.
იდეალური შემთხვევაში, მასობრივი ვაქცინაციის დაწყება, მხოლოდ მესამე ეტაპის შემდეგ შეიძლება. მაგრამ საგანგებო სიტუაციებისას, როგორც ახლაა – ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა უკვე მეორე ეტაპის შემდეგ გაიცემა, მესამე ეტაპი კი ფაქტობრივად ვაქცინაციის პროცესის დაწყებას უერთდება. სწორედ ეს ხდება ახლა მთელ მსოფლიოში.
რაც შეეხება CoronaVac-ს, თვითონ ჩინეთშიც ცნობილია მხოლოდ გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის შედეგები. სწორედ მათ აჩვენეს 92%-იანი ეფექტიანობა.
BBC წერს, რომ კვლევის მესამე ეტაპის შუალედურმა შედეგებმა თურქეთში 91.25-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა, ინდონეზიაში – 65.3%, ბრაზილიაში კი – თავდაპირველად 78 პროცენტი, მაგრამ შემდეგ საერთოდ 50.4 პროცენტი.
ანუ რიცხვები ძალიან განსხვავებულია.
თუკი ორიენტირებას ბრაზილიურ მაჩვენებლებზე მოვახდენთ, გამოდის, რომ 100 ვაქცინირებულიდან მხოლოდ 50-ს უმუშავდება ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.
მაგრამ საბოლოო დასკვნის გაკეთებას ჯერჯერობით ექსპერტებიც კი ვერ ბედავენ.
აზერბაიჯანმა CoronaVac-ის ოთხი მილიონი დოზა შეიძინა, რაც საკმარისი იქნება ორი მილიონი ადამიანისთვის (საჭიროა ერთი ადამიანისთვის ორი დოზის გაკეთება), ავრცელებს ინფორმაციას APA.
ამავდროულად, ქვეყნის მოსახლეობის ოფიციალური რაოდენობა, დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანია.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება და ვინც უარს იტყვის, არანაირად არ „დასჯიან“.
რას წარმოადგენს CoronaVac-ის ვაქცინა?
CoronaVac-ის ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. უხეშად რომ ვთქვათ, ორგანიზმში ხელოვნურად შეჰყავთ დასუსტებული, არააქტიური ვირუსის ფრაგმენტი, რათა იმუნიტეტს „ჩართვა“ აიძულონ და, რაც მთავარია, დაიმახსოვროს ვირუსი. აღნიშნულ ვირუსს ლაბორატორიებში ზრდიან და ქიმიური საშუალებებით ასუსტებენ.
შედარებისთვის, ბრიტანული ვაქცინა Oxford-AstraZeneca და რუსული „Спутник“-ი სხვა ტექნოლოგიით იწარმოება – ისინი შეიცავენ არა ვირუსს, არამედ მხოლოდ მისი დნმ-ს ფრაგმენტს, რომელიც შერწყმულია სხვა, ადამიანისთვის უსაფრთხო ვირუსთან.
ამერიკული Moderna და ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ი დამზადებულია მესამე, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით. ისინი შეიცავენ ვირუსის ხელოვნურად სინთეზირებულ „გენეტიკურ კოდს“ – სწორედ იმ „ქაცვებს“, რომლითაც კორონავირუსი „ეჭიდება“ ჯანმრთელ უჯრედებს. თავად „ქაცვები“ უსაფრთხოა და ისინი „მრავლდება“ ორგანიზმში, აიძულებს მას ანტისხეულის გამომუშავებას, რომლებიც შემდეგ სწრაფად ანეიტრალებენ კორონავირუსს, თუკი ის ორგანიზმში მოხვდება.
არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ეს ინოვაციური მიდგომა – ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც Moderna და Pfizer-BioNTech-ი ამ დროისთვის ყველაზე ეფექტიანი ვაქცინებია.
ამავდროულად, CoronaVac-ის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ვაქცინის გადატანა და შენახვა სტანდარტული მაცივრით შეიძლება (ისევე, როგორც OxFord-AstraZenec-ისა და „Спутник“-ის). იმ დროს, როდესაც უფრო „წინწასული“ ვაქცინები ძალიან დაბალ ტემპერატურასა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვენ შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის, რისი საშუალებაც ყველა ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ, CoronaVac-ი ამ მომენტში ყველაზე ოპტიმალურ ვაქცინად მიიჩნევა განვითარებადი ქვეყნებისთვის (შესაბამისად, აზერბაიჯანისთვისაც).
ზემოთ უკვე ნახსენები ინდონეზიის, თურქეთისა და ბრაზილიის გარდა, CoronaVac-ი უკვე შეიძინეს ან აპირებენ იყიდონ სინგაპურმა, მალაიზიამ, ფილიპინებმა, უკრაინამ და ჩილემ.
ვის ჩაუტარებენ ვაქცინაციას და როგორ მოხდება ეს?
აზერბაიჯანის მცხოვრებლების ვაქცინაცია, დაახლოებით, ასეთი თანმიმდევრობით მოხდება:
- სამედიცინო სფეროს მუშაკები;
- 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები;
- ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანები, დიაბეტის მქონე მოქალაქეები, მსუქანი ადამიანები და ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირები;
- 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებსაც თუნდაც ერთი ქრონიკული დაავადება აქვთ;
- მასწავლებლები, სოციალური მუშაკები და სხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მოსახლეობასთან;
- ყველა დანარჩენი.
თითოეული მიიღებს ვაქცინის ორ დოზას 21-დღიანი ინტერვალით.
არ აცრიან ბავშვებს და 18-წლამდე მოზარდებს, ასევე, ორსულებსა და მეძუძურ ქალებს.
ვაქცინაცია უფასოა – ტარდება სახელმწიფო საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში. მსურველებს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლიათ ჩაეწერონ.
შეიძლება ჰქონდეს რაიმე საშინელი გვერდითი ეფექტები?
ამ საკითხში, სამეცნიერო საზოგადოება ერთსულოვანია – დასუსტებული ვირუსის შტამი არ შეიძლება უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე თავად ვირუსი. აცრის მოწინააღმდეგეებს ხშირად მოჰყავთ არგუმენტად ის შემთხვევები, როდესაც ადამიანი დაავადდა ვაქცინაციის შემდეგ, მაგრამ ივიწყებენ იმას, რომ „შემდეგ“ სრულებითაც არ ნიშნავს „მის გამო“-ს.
CoronaVac-ის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სექტემბერში, მცირე დისკომფორტი მხოლოდ იმ მოხალისეთა ხუთმა პროცენტმა იგრძნო, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს.
ამავდროულად, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ უმნიშვნელო სისუსტე ნებისმიერი ვაქცინაციის შემდეგ ნორმალურია. ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, საჭიროა გარკვეული დროის საავადმყოფოში გატარება.
თუკი ვაქცინას გავიკეთებთ, შესაძლებელი იქნება მოგზაურობა?
ზოგიერთებს აინტერესებთ არა იმდენად ვაქცინაციის ეფექტიანობა, რამდენადაც ის, შეძლებენ თუ არა ნორმალური ცხოვრების რიტმში დაბრუნებას – კერძოდ, გაიხსნება თუ არა საზღვრები.
უკვე დიდი ხანია მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ დაინერგება სპეციალური „ვაქცინაციის პასპორტები“. ასეთ პასპორტებს თავისი მოქალაქეებისთვის უკვე ამზადებს ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა. თუმცა, ამ იდეას არცთუ ისე მცირე რაოდენობის მოწინააღმდეგეები ჰყავს, რომლებიც მას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. ეს მოგზაურობის შესაძლებლობას წაართმევს მათ, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ სურს. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმით შემოვა ეს პასპორტები.
რაც შეეხება აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ტელეარხ CBC-ის ცნობით, შეეძლებათ ვაქცინაციის შესახებ ცნობის მიღება.
„მირჩევნია, ჯერჯერობით მოვიცადო“. ვინ აიცრება?
საზოგადოებაში, ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას სიფრთხილითა და ცრურწმენით უყურებენ. აი, ზოგიერთი კომენტარი სოციალური ქსელებიდან:
„მეშინია არა იმდენად თვითონ ვაქცინის, რამდენადაც მათი არაკომპეტენტურობის, ვინც პასუხისმგებლები არიან ვაქცინაციაზე აზერბაიჯანში“.
„ამბობენ, რომ ამ ვაქცინაციას, შეიძლება, ძალიან სერიოზული შედეგები ჰქონდეს. არა, არ მინდა“.
„მე თვითონ ექიმი ვარ და, როგორც ასეთი, ვაქცინაციის მჯერა. მაგრამ მაინც, ჩემი ასაკისა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვაქცინა ჯერ კიდევ ძალიან ახალია, ცოტათი მეშინია. ასე რომ, ცოტას მოვიცდი, სანამ ასაცრელად წავალ“.
„ვაქცინაციის არ მეშინია, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მის ეფექტიანობაში ეჭვი მეპარება. მაგრამ, რაღაც ხომ უნდა გააკეთო, რომ მთელი ეს პანდემიასთან დაკავშირებული ეპოპეა, ბოლოს და ბოლოს, დასრულდეს. ასე რომ, როდესაც ჩემი რიგი მოვა, ვაქცინას გავიკეთებ“.
„დაე, თავდაპირველად დეპუტატებსა და სხვა ჩინოვნიკებს გაუკეთონ ის. ჩვენ კი შევხედავთ, რა მოუვათ მათ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“.
არსებობს რამდენიმე ტენდენცია, რომელიც ხსნის აზერბაიჯანის მცხოვრებლების უნდობლობას ვაქცინისადმი. მაგალითად, კონსპიროლოგიური თეორია „დაჩიპვის“ შესახებ, ისეთივე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. არის ასევე ანტივაქსერული მოძრაობა, რომელიც კორონავირუსის გარეშეც არსებობდა. არსებობს ხელისუფლებისადმი უნდობლობის ტენდენცია, რომელიც პრინციპში არის პასუხი ხელისუფლების მოქმედებაზე, რომელიც ყოველთვის, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ხშირად, ეს ყველაფერი ემატება განათლების დაბალ დონეს და წარმოშობს რწმენას იმის თაობაზე, რომ „არანაირი ვირუსი არ არსებობს“.