ნამდვილი აზერბაიჯანი
ავტობუსებში განსაკუთრებული წესები, ტრადიციები და “კასტებად დაყოფის ადათი” არსებობს. ის ადამიანები რომლებიც საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან, ნამდვილად ვერ ხედავენ ისეთ ბაქოს, რომელიც “ქეროღლუ-ბუზოვნას” მარშრუტით მოძრავი ავტობუსით მგზავრობისას შეიძლება დაინახო.
წესები
ავტობუსები დილის ექვსი საათიდან 12-ის ნახევრამდე მუშაობენ. მგზავრობა ოცი გიაპიკი ღირს, რაც დაახლოებით 10 ცენტს უდრის. ხანგრძლივი, პერიფერიული მარშრუტებით (ქალაქის ცენტრიდან ბაქოს გარეუბნებამდე) მოძრავი ავტობუსებით მგზავრობა 40-50 გიაპიკი (დაახლოებით 30 ცენტი) ღირს, აეროპორტამდე მიმავალი ექსპრესით მგზავრობის ღირებულება კი 1,3 მანათია (70 ცენტი).
შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, უფასოდ იმგზავრონ. თუმცა, განცხადებებზე, რომლებსაც ხშირად მუყაოს ნაგლეჯზე ხელით წერენ ხოლმე, ეს ინფორმაცია სხვა ფორმითაა გადმოცემული: “გადაიხადეთ იმ ბავშვების მგზავრობის საფასური, რომელთა ასაკიც შვიდ წელს აღემატება!”
ამჟამად ბაქოში BakuBus-ის თერთმეტი მარშრუტი მოქმედებს. ამ ტიპის ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდის ორი წესი არსებობს. ანგარიშსწორება შესაძლებელია სპეციალური პლასტიკური ბარათით, ან წვრილი ფულით, რომელსაც მგზავრები უშუალოდ მძღოლს აძლევენ ხოლმე. “ძველ” ავტობუსებში კი, შეიძლება ითქვას, რომ არავინ ამოწმებს, გადაიხადა, თუ არა მგზავრმა, მაგრამ ბილეთის შესაძენად საჭირო 20 გიაპიკს ყველა მგზავრი ტოვებს. ზოგჯერ ტურისტებს აოცებთ უკონტროლობის ასეთი დონე. ძნელი იქნება იმის მტკიცება, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე უზადო პატიოსნებით გამოირჩევა – უბრალოდ, ჩვენებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება უბილეთოდ მგზავრობა.
BakuBus
BakuBus მკაცრი წესების სამყაროს წარმოადგენს. ლამაზ, წითელ ავტობუსებში აკრძალულია მძღოლთან კამათი, მზესუმზირის ჭამა, ნებისმიერ ადგილზე ჩამოსვლა და კარზე კაკუნი. ტრანსპორტში ასვლა მხოლოდ წინა კარით შეიძლება, ჩამოსვლა კი დანარჩენი ორი კარიდანაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ადამიანი პრინციპულად არ იყენებს ამ ავტობუსებს.
ივლიან თუ არა BakuBus-ის ავტობუსები გარეუბნებში? თუკი ივლიან, მაშინ ძალიან დიდი გამოცდა ელით მძღოლებს, რადგან მათ ქალაქის ცენტრშიც კი უჭირდათ მგზავრების ცნობიერებამდე მიეტანათ ის, რომ არ შეიძლება ჩამოსვლა იმ ადგილებში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება არ არის ორგანიზებული. მძღოლები მგზავრებს იმასაც უხსნიდნენ, რომ ჩასვლისთვის და ამოსვლისთვის სხვადასხვა კარი არსებობს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეგეძლოთ გაგეგონათ, თუ როგორ უტარებდა მძღოლი მგზავრებს შესაბამის გაკვეთილებს: “უკან გადაიწიეთ, წინ ნუ ჩამოდგებით, უკან ხომ ცარიელია! რატომ დგახართ აქ ისე, თითქოს ავტობუსის მეორე მხარეს წვიმა მოდის? მაინც ხომ უკანა კარით უნდა ჩახვიდეთ?!”
აღარაფერს ვამბობ სოფლების კონსერვატიულ მოსახლეებზე.
არ გადამთელავენ?
პიკის საათი, როგორც წესი, სამუშაო დღის დაწყებამდე, 8-დან 10 საათამდე პერიოდში, ბავშვების სკოლიდან გამოყვანის დროს და საღამოს 6 საათის შემდეგ დგება ხოლმე.
აზერბაიჯანულ მენტალიტეტში ორი პარადოქსული შტრიხი ეწყობა ერთმანეთს. ერთი მხრივ, ავტობუსში დაცემის საშუალებას არ მოგცემენ – ყველა მზადაა, ხელი მიაშველოს ადამიანს, რომელიც ძირს ვარდება, ან ბარბაცებს; ინვალიდებს მოთმინებით ეხმარებიან ავტობუსში ასვლისას და ადგილსაც უთმობენ; როგორც წესი, ახალგაზრდები ასაკოვან ადამიანებსაც თავაზიანად სვამენ ხოლმე იმ ადგილებზე, რომლებსაც მანამდე თავად იკავებდნენ. მაგრამ ამ “ნათესაურ” დამოკიდებულებას მეორე მხარეც აქვს – არავინ მოგიბოდიშებთ, თუ ხელი გკრეს და გადავსებულ ავტობუსში, უნებლიეთ, ზედმეტად ახლო ურთიერთობაში ხართ გარშემომყოფებთან.
“ქალების საკითხი”
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბაქოს ავტობუსში ქალი მეძიებლების ხელების ფათურის მსხვერპლად იქცეს? ამ შეკითხვაზე ყველა ქალი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე პასუხობს. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი შემთხვევები ნამდვილად ხდება ხოლმე. და თანაც საკმაოდ ხშირად.
ამას გარდა,ერთი საინტერესო ფენომენიც უნდა აღინიშნოს – აზერბაიჯანულ ავტობუსებში ქალებისა და მამაკაცების ადგილები არსებობს. ავტობუსის სალონის უკანა მესამედი, “ტრადიციულად”, მამაკაცების “სამფლობელოდ” ითვლება. განსაკუთრებით – სოფლებში. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს წესი ყველგან არ არის დამკვიდრებული, მაგრამ საკმაოდ სიცოცხლისუნარიან ტენდენციას წარმოადგენს.
ერთხელ, ფორუმ disput.az-ზე, საბირაბადში (რაიონი, რომელიც აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს) აღზრდილმა ერთმა მომხმარებელმა მორალური დეგრადაციის ასეთი მაგალითიც კი მოიყვანა: “ადრე ჩვენი სოფლის ავტობუსებში ყველაფერი კულტურის ნორმებს შეესაბამებოდა – ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან განცალკევებით ისხდნენ. და ახლა რა ხდება?! ბიჭები გოგონებს ეხუტებიან და ნერწყვმორეულები აცქერდებიან. რა საშინელი დროება დაგვიდგა!”
***
თითოეულ ადამიანს, რომელიც მყუდრო პაბში ზის და იმპორტულ ლუდს წრუპავს, ვურჩევ, დროდადრო საკუთარი “ჯიპი” ავტოფარეხში დატოვოს და ავტობუსით იმგზავროს. ეს პრაქტიკა საინტერესო აზრებს გაგიჩენთ. დაინახავთ, რამხელა განსხვავებაა ცენტრსა და პერიფერიებს შორის. ნახავთ, როგორ არიან ჩაცმულები ადამიანები და რამდენ ქალს უწევს მძიმე ჩანთების თრევა.
ნახავთ მოდის მიმდევარ, ქურქებში გამოწყობილ ქალებს, მეძუძურ დედებს, სესიების საკითხებზე მოსაუბრე სტუდენტებს და ბიჭებს, რომლებიც ავტობუსის იატაკზე აფურთხებენ და ინსტიტუტზე არც კი ფიქრობენ. იმ ადამიანებს, რომლებიც საშუალო ხელფასსა და საშუალო პენსიას იღებენ.
სწორედ ისინი წარმოადგენენ ნამდვილ აზერბაიჯანს