ნაციონალური მოძრაობა - ერთიანობის დასასრული
ეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა. ყოფილი მმართველი გუნდი, ქვეყნის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს იმ ფორმით, როგორითაც იგი დღემდე მოვიდა. პარტია მისი ლიდერების ნაწილმა და საპარლამენტო დეპუტაციის უმრავლესობამ დატოვა.
გაყრა მშვიდობიანი არ ყოფილა. პარტიიდან გასულებმა კარი ხმაურიანად მოაჯახუნეს.
12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყოფილმა ლიდერებმა კრიტიკა არ დაიშურეს. სააკაშვილს ისინი უწოდებდნენ პოლიტიკოსს, რომელიც “უკვე აღარ ასხივებს ლიდერობას” და შეადარეს ძველ მანქანას, რომელიც ჯართში უნდა ჩააბარო.
“პასუხისმგებელი ამ დანგრევაზე არის ერთი ადამიანი – ის ადამიანი, რომელმაც ეს პარტია შექმნა”, – განაცხადა პარტიიდან წასულების ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, ერთ დროს სააკაშვილის მეგობარმა და თანამებრძოლმა.
ყოფილ თანამნებრძლთა განცხადებებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუკის საშუალებით უპასუხა. „ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება… ჩემთვის დღეს არის ნაციონალური მოძრაობის გათავისუფლებისა და ხალხისთვის დაბრუნების დღე!“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ასე დასრულდა თითქმის ოთხთვიანი საჯარო დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის, რომელიც 2016 წლის 8 ოქტობრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიწყო.
რა ვერ გაიყვეს სააკაშვილის პარტიაში?
ინფორმაცია პარტიის შიგნით არსებულ პრობლემებზე ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა იმას, რაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, ამ პოლიტიკური გუნდისგან თითქმის არავინ ელოდა.
ამ არჩევნებში ენმ ხმების 27 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა. გამარჯვებულმა ქართულმა ოცნებამ კი 49 პროცენტი მიიღო და მაჟორატარულ ოქლებში გამარჯვებული კანდიატების წყალობით, საკონსტიტუციო უმრავლესოვბაც მოიპოვა.
მეორე ადგილზე გასული “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით გაჩნდა განსხვავებული მოსაზრებები როგორც მარცხის მიზეზების შესახებ, ასევე თავად არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებითაც.
პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა ნაწილი არჩევნების შედეგების აღიარებას დაუშვებლად მიიჩნევდა, რადგან მათი აზრით, არჩევნები არ იყო სამართლიანი. ენმ-ის არჩეული დეპუტატებისგან ისინი საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირებას და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას ითხოვდნენ. მათი აზრით, ბრძოლა ქუჩაში უნდა გაგრძელებულიყო.
იგივე პოზიცია ჰქონდა პარტიის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც არჩევნებს “ტოტალურად გაყალბებული” უწოდა.
8 ოქტომბრის არჩევნების ამგვარი შეფასება რადიკალურად განსხვავდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებისგან, რომელთა თანახმად, ცალკეული ინციდენტების (მათ შორის რამდენიმე საარჩევნო უბნის დარბევის) მიუხედავად, არჩევნებმა ამომრჩევლების ნება ასახა.
სააკაშვილის ამ რადიკალურ პოზიციას “ნაციონალურ მოძრაობაში” ყველა როდი იზიარებდა. პარტიის „ზომიერმა ფრთამ“, რომელშიც პარტიის მოქმედი ხელმძღვალობა და “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო დეპუტაციის უმრავლესობა შედის, საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა, რითაც ოპონენტების რისხვა დაიმხსხურა.
პარალელურად, ენმ-ს წევრებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად მხოლოდ პირად საუბრებსა და სოციალურ ქსელებში, შემდეგ კი უკვე მედიაში, დაიწყეს დისკუსია იმაზე, თუ რატომ დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა”, პარტია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას (2003-2012), ხოლო შემდეგი 4 წელი კი, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყველაზე უხერხული და მწვავე ოპონენტი იყო.
სოციალურ ქსელებში დაწყებული ეს დისკუსია ნადვილ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ პირად შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდნენ; ერთმანეთს “ივანიშვილის მიერ მოსყიდულებად” და “ბელადომანებად” მოიხსენიებდნენ. სოციალური ქსელების მომხმარებლები პირპაპირ რეჟიმში ადევნებდნენ თვალს, როგორ თვალსა და ხელს შუა იშლებოდა პარტია, რომელიც წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური სივრცის ყველაზე ძლიერი, ერთიანი და სტრუქტურულად გამართული პოლიტიკური გაერთიანების შთაბეჭდილებას ტოვებდა.
„ზომიერი“, ე. წ. „ბოკერიას ფრთის“ (გიგა ბოკერია – უშიშროების საბჭოს მდივანი წინა ხელისუფლების დროს და სააკაშვილის დიდი ხნის თანამებრძოლი) წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილის ზედმეტმა აქტიურობამ, მისმა ფეისბუკ-პოსტებმა და ვიდეომიმართვებმა, სადაც ის ხან გვირაბით, ხანაც ზღვით საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებებს აკეთებდა, შესაძლოა, ენმ-ს ცუდი სამსახური გაუწია და “ქართული ოცნების” მმართველობით უკმაყოფილო ნეიტრალური ამომრჩეველი „დააფრხო“.
თანაგუნდელთან მხრიდან მიხეილ სააკავშვილის კრიტიკამ “ნაციონალური მოძრაობის” მეორე ნაწილის ე.წ. “რადიკალების” აღშფოთება და აგრესია გამოიწვია. მათ პარტიის “ზომიერი ფრთა” ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს. მოსაზრება, იმის შესახებ, რომ მისი თანაგუნდელები ხელისუფლებას გაურიგდნენ, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილმაც გაიზიარა. სააკაშვილი ზუგდიდში შეკრებილ “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს უკრაინიდან სკაიპით ჩაერთო და თქვა: „ვიცი, რა გარიგებებს აქვს ადგილი, რა ლაპარაკებზეა საუბარი, ვინ ვის რას პირდება“.
საარჩევნო თემაზე დაწყებული დაპირისპირება შეუქცევადი გახდა და კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც პარტიის მოქმედმა ხემძღვანელობამ “ნაციონალური მოძრაობის” გარდაქმნის შესახებ გააკეთა განცხადება, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევასაც ითვალისწინებდა.
ამჟამად ეს პოსტი ვაკანტურია. მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე 2012 წლამდე, დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილია. მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად, იგი პარტიაში რაიმე ფორმალურ პოსტს ვერ დაიკავებდა.
„ჩვენი აზრით, იმისთვის, რომ დავამარცხოთ [ქართული ოცნების არაფორმალური ლიდერი] ბიძინა ივანიშვილი, უნდა წავიდეთ წინ, როგორც პარტია. ეს გულისხმობს იმას, რომ პარტიაში უნდა იყვნენ ახალი ადამიანები, ახალი თავმჯდომარეები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი გუნდი, რომელიც სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა “ნაციონალურ მოძრაობიდან” ელენე ხოშტარიამ.
ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობას უნდა მიეღო, რომელიც, პარტიის ხელმძღვანელობის აზრით, 2 ათასი დელეგატის შემადგენლობით უნდა შეკრებილიყო.
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ე.წ. “ბოკერიას ფრთის” ეს გეგმა “სააკაშვილის მისივე პარტიიდან დისტანცირების და ჩამოშორების “ მცდელობად შეაფასეს და მას სამკვდრო-სასიცოხლო ბრძოლა გამოუცხადეს. ყოფილმა პრეზიდენტმა უფრო წარმომადგენლბითი – 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას დაუჭირა მხარი, რათა პარტიის თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება პარტიის წევრთა უფრო ფართო წარმოადგენლობას მიეღო.
29 ნოემბერს პარტის 50-კაციანმა პოლიტსაბჭომ, ერთი ხმის უპირატესობით, მხარი მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა წინადადებას – 7 ათასიანი ყრილობის ჩატარებას, დაუჭირა. ყრილობა 20 იანვრისთვის დაიგეგმა.
პროცედურული ომი
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა ბანაკმა საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა და დაიწყო მზადება ყრილობის ჩასატარებლად.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა დავით ბაქრაძემ შემრიგებლური ნაბიჯის გადადგმა სცადა და განაცხადა, რომ პარტიიდან სააკაშვიილს გაძევება არასდროს იგეგმებოდა, თავად იგი კი თავმჯდომარეობაზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს, ამას არც სხვები გააკეთებენ და შესაბამისად, თამჯდომარის პოსტი კვლავ ვაკანტურად დარჩება.
თუმცა, ვითარება განმუხტვის ნაცვლას, დღითი დღე სულ უფრო იძაბებოდა.
სააკაშვილის მოხრე ფრთამ პოლიტსაბჭოსგან დამოუკიდებლად დაიწყო ყრილობის ორგანიზება და შესაბამისი ექვსკაციანი კომისია შექმნა. “სააკაშვილის ფრთამ” რეგიონებში დელეგატების და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება პარტიის ხელმძღვანელობის გვერდის ავლით დაიწყო. „ზომიერებმა“ „რადიკალების“ ეს ნაბიჯი პარტიული გადატრიალების მცდელობად შეაფასეს.
დაპირისპირებულ მხარეებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ, ერთ მაგიდასთან შეკრებაც გაუჭირდათ. 27 დეკემბერს ჩაიშალა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ამ და სხვა სადაო საკითხებზე უნდა ემსჯელათ. პოლიტსაბჭოზე მიხეილ სააკაშვილის მოხმრეები არ გამოცხადდნენ.
“რადიკალების” საპასუხოდ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა – „ზომიერი“ ფრთის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიიდან სააკაშვილის მხარდამჭერი რამდენიმე კანდიდატის ამოღების მოთხოვნთ მიმართა, რამაც „რადიკალების“ ბანაკში აღშფოთება გამოიწვია და სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.
6 იანვარს სააპელაცოო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას, რომელიც სასჯელს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის იხდიდა და რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.
უგულავამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ერთიანობის შენარჩუნების „თუნდაც 1 პროცენტიანი შანსს“ გამოიყენებდა და ორივე ფრთის ლიდერს გაესაბრებოდა. თუმცა, ამავე დროს, მან სააკაშვილის მომხრეები „ბიბლიოთეკის უკლონისტებად“ მოიხსენია (ამ ფრთის წევრებმა დროებით რეზიდენციად სააკაშვილის ბიბლოთეკა აირჩიეს), რამაც ამ უკანასკნელთა აღშფოთება გამოიწვია. უგულავა ტელეფონით მიხეილ სააკაშვილსაც ესაუბრა. მოგვიანებით კი თბილისის ყოფილი მერმა, რომელსაც სააკაშვილის ფრთის წევრები „ბოკერიას დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებდნენ, აღიარა, რომ ერთიანობის შენარჩუნების შანსი აღარ დარჩა.
პროცედურული ომის შედეგად მხარეთა პოზიციები ერთმანეთს რადიკალურად დაშორდა, მათ შორის აგრესიამ და ურთიერთბრალდებებმა კი შერიგება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.
12 იანვარს ეს პარტია უკვე ოფიციალურად გაიხლიჩა შუაზე და ერთ დროს თანამებრძოლები ახლა უკვე პოლიტიკურ ოპონენტებად იქცნენ.
სააკაშვილის დაჯგუფების წევრები 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადებიან. ყრილობაზე 7 ათასი დელეგატის მოწვევა იგეგმება. მათი ლიდერი კი, მომხრეებს უკრაინიდან სკაიპით ჩაერთვება.
სააკაშილის მომხრეთა ჯგუფში დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან განშორებით ნაციონალური მოძრაობა არ დაზარალდება.
ოლიგარქის სამოთხე
ყველა უთანხმოების მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობის” ორივე დაპირისპირებული ერთ რამეს აღიარებს – “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით მიმდინარე პროცესები მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” და მისი არაფორმალური ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია.
ოქტომბრის არჩევნების შედეგად ივანიშვილმა საკუთარ ხელში აქამდე არნახული ძალაუფლების კონცენტრაცია მოახერხა.
8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მთლიანად ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დრამატული ცვლილებები განიცადა. არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციური პარტიები – “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები”, „სახელმწიფო ხალხისთვის“ მათმა ლიდერებმა და წევრებმა დატოვეს. ეს პარტიები დღეს რაიმე ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენენ, მათი ლიდერების ნაწილი კი, არა თუ პარტიულ საქმიანობას, არამედ საერთოდ პოლიტიკა ჩამოშორდა.
“ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთ ძლიერ პროდასავლურ ოპოზოციურ ძალად რჩებოდა, რომელსაც სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, საპარლამენტო რესურსი და საერთაშრისო კავშირები გააჩნია. მიუხედავად, იმისა, რომ 2012 წელს ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ენმ-ის ლიდერების ნაწილი სხვადახვა ბრალდებებით ციხეში აღმოჩნდა ან ქვეყანა დატოვა, ეს პარტია წინამორბედი მმართველი პარტიებისგან განსხვავებით, არ დაშლილა. პირიქით, გასული 4 წლის განმავლობაში მწვავე და ეფექტურ ოპონირებას უწევდა ხელისუფლებას.
თუმცა, როგორც ჩანს, ერთიანობის რესურსი ამოიწურა. საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთი მარცხი ენმ-ს ერთიანობისთის ფატალური აღმოჩნდა. ორივე მხარე მეტ-ნაკლებად აღიარებს, რომ ერთადერთი ძლიერი ოპოზციური ძალის დაქუცმაცებით ქვეყნის ინტერესები და დემოკრატია სერიზულად ზარალდება, თუმცა, ამის მიუხევავად, ამ სცენარის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.
როგორც JAMnews-სთან საუბარში პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა ქვეყანაში შექმნის „დიდ პრობლემას პოლიტიკური სტაბილურობის და პოლიტიკური სისტემის მდგრადობის თვალსაზრისით“.
მისი აზრით, ამ შემთხვევაში ოპოზიციაში აღარ იარსებებენ ტრადიციული პარტიები, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ფენების და ჯგუფების ინტერესებს გამოხატავენ, მმართველ პარტიას კი აღარ ეყოლება ძლიერი ოპოზიცია გავლენიანი პარტიის სახით.
„ეს ტვირთი უნდა იტვირთოს სამოქალაქო სექტორმა ან ბიზნეს-წრეებმა, რაც არ ვიცით, რამდენად გამოვა“.
კაკაჩიას თქმით, ვითარებას ისიც ართულებს, რომ ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური პარტიები კრიზისს განიცდიან, რითაც გარკვეული პოლიტკური ვაკუუმი იქმნება. ეს კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სერიზულ პრობლემას წარმოადგენს.
როგორ ჩანს, მომავალი არჩევნებისთის “ნაციონალური მოძრაობის” „სააკაშვილის ფრთა“ პირადად სააკაშვილის მომხრეების პარტიად ჩამოყალიბდება, რომელსაც მართალია მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც შეზღუდული ელექტორალური რესურსი ექნება. ენმ-სგან გამოყოფულ დაჯგუფებას კი, მართალია, ეყოლება ისეთი გამოცდილი ლიდერები როგორც დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავაა, თუმცა ამორჩევლების სიმპათიების მოპოვება და პარტიული სტრუქტირების შექმნა ფაქტობრივად ნულიდან მოუწევთ.
კორნელი კაკაჩიას აზრით, გაყოფით ორივე მხარე დაზარალდება. თუმცა, რომელი მხარე შეინარჩუნებს მეტ გავლენას, იმაზე იქნება დამოკიდიებული, ფინანსური რესურსი თუ მედიაზე გავლენა რომელს უფრო მეტად დარჩება.
პირველი გამოცდა ყოფილი მმართველი პარტიის ორივე ნაწილისთვის ადგილოვროვი თვითმმართველბის არჩევნები იქნება, რომელიც უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება.