მოსაზრება: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ყარაბაღის მეორე ომის პრიზმაში
ყარაბაღის მეორე ომის კონტექსტში, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა და ოფიციალური ერევნისთვის გამანადგურებელი მარცხით და დამამცირებელ ზავზე ხელმოწერით დასრულდა, სამხრეთ კავკასიაში მეორე გადაუჭრელმა კონფლიქტმა – ქართულ-აფხაზურმა – ახალი საინფორმაციო იმპულსი მიიღო.
ყარაბაღის მეორე ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 45 დღის შემდეგ, 10 ნოემბერს, მას მერე დასრულდა, რაც სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ზავის შესახებ შეთანხმებას. ის ითვალისწინებს აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონზე კონტროლის დაბრუნებას; რეგიონში რუსი სამშვიდობოების შესვლას; ტყვეების გაცვლასა და დევნილების დაბრუნებას.
სიტუაციის საკუთარ კონფლიქტთან შედარება სოხუმსა და თბილისში ასე თუ ისე იმ მომენტიდანვე დაიწყეს, როდესაც ცხადი გახდა, რომ 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები – ლოკალური შეტაკებები კი არა, ნამდვილი ომი იყო.
ალბათ, ამ მოვლენებმა არგუმენტები შემატა იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ადრეც მიაჩნდათ, რომ „აფხაზური პრობლემის“ გადაწყვეტა მხოლოდ ძალისმიერი გზით შეიძლება.
საქართველოს მთავრობის მიერ ახალი შეიარაღების შეძენა, მათ შორის, 2021 წელს დაგეგმილი ოპერატიულ-ტაქტიკური, სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავების შესყიდვა, სრულად ეწერება ამ სურათში.
სოხუმშიც, ასევე ძალიან ფრთხილად მიიღეს მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული დაპირისპირების შედეგები. აფხაზურ ელიტაში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის შეშფოთება იმის შესახებ, რომ საქართველოს, იმით შთაგონებულს, თუ როგორ დაიბრუნა აზერბაიჯანმა ტერიტორიები, ადრე თუ გვიან სამხედრო რევანშის მცდელობა ექნება.
აფხაზეთში შეიარაღებული ძალების მოდერნიზების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უკვე ისაუბრა ამ თემაზე ცოტა ხნის წინ, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე.
თუმცა, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ახალ სამხედრო დაპირისპირებას უახლოეს პერსპექტივაში ნაკლებად უნდა ველოდოთ, რადგან ამ კონფლიქტებს შორის ანალოგიები ძალიან პირობითია.
დამოუკიდებლობის აღიარება და პირადი ურთიერთობები
მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა ერევანსაც კი არ აქვს აღიარებული. ეს თავიდანვე ილუზიურად აქცევდა სომხური საზოგადოების იმედებს რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც სამოკავშირეო ვალდებულებები აქვს სომხეთის წინაშე.
მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშეც, ერევანს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონოდა ომში რუსეთის ღიად ჩართვის იმედი – თუკი მოსკოვს გადაულახავი წინააღმდეგობები ექნებოდა ბაქოსთან.
მაგრამ რუსეთს აზერბაიჯანთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა, სახელმწიფო მეთაურების დონეზე – განსაკუთრებით სანდოც კი.
რასაც ვერ იტყვი, მაგალითად, არცთუ ისე მარტივ კომუნიკაციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.
აფხაზეთის შემთხვევაში – მისი სახელმწიფოებრიობა არა მხოლოდ აღიარებულია კრემლის მიერ, არამედ რუსეთია აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიც.
ასევე, 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და თბილისი მოსკოვისთვის ღია მტერია. აფხაზეთი კი – ერთგული მოკავშირე.
და ბოლოს, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოფნა, საქართველოსთან საზღვარზე კი რუსი მესაზღვრეების, რევანშის იდეას ფაქტობრივად ნულის ტოლს ხდის.
თურქეთი – აფხაზეთის სავაჭრო პარტნიორია და მას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია
ამის მიუხედავად, ყარაბაღის მეორე ომმა, პერსპექტივაში, შეიძლება, მცირედით შეცვალოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტის შემადგენელი ნაწილი.
მთელი საქმე თურქეთშია.
ის კავკასიის რეგიონში ფარულად ადრეც იყო. ახლა კი, აზერბაიჯანისადმი ღია მხარდაჭერის შემდეგ, ფაქტობრივად, აქ ადგილი გაინაღდა.
უფრო მეტიც, თურქეთმა აქ თავის დამკვიდრება დაიწყო და არ შემოიფარგლება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკვე გამოდის სამხრეთ კავკასიაში, სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის „ექვსი ქვეყნის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივით, სადაც თავად თურქეთის გარდა შევლენ – რუსეთი, ირანი, საქართველო, აზერბაიჯანი და ერევნის სურვილის შემთხვევაში – სომხეთი.
თურქული მიმართულება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთისთვის.
პირველ რიგში, იქ ცხოვრობს აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი – დაახლოებით, 500 ათასი ადამიანი.
მეორეც – თურქეთი რუსეთის შემდეგ ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია აფხაზეთისთვის. ქართულ-აფხაზური ომის (1992-1993) დასრულების შემდეგ, პირველ წლებში, რუსეთმა მკაცრი ეკონომიკური ბლოკადა დაუწესა აფხაზეთს. მაშინ თურქეთთან შეუფერხებელმა ვაჭრობამ არავის მიერ აღიარებულ აფხაზეთს გადარჩენის საშუალება მისცა.
რუსეთის თანხმობა თურქეთის რეგიონში ყოფნაზე, შეიძლება, ანკარასა და მოსკოვს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის ნაწილი გახდეს, სადაც მათ საერთო ინტერესები აქვთ.
სრულებით შესაძლებელია, აფხაზეთი ჩართული იყოს, მაგალითად, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში – კერძოდ, რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის აღდგენაში აფხაზეთისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით.
სულ ცოტა ხნის წინ, ამ იდეის რეალიზაცია შეუძლებელი ჩანდა. თუმცა, სხვა წარმოუდგენელი იდეები უკვე იწყებს განხორციელებას.
ყარაბაღის მეორე ომის შედეგების თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფნის ლეგალიზებას ახდენენ, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.
თურქეთი აზერბაიჯანთან იღებს დერეფანს სომხეთის ტერიტორიისა და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით.
მოსკოვი და ანკარა ერთმანეთს გაუცვლიან ჩრდილოეთ კვიპროსისა და აფხაზეთის აღიარებას?
აფხაზურ ექსპერტულ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ რუსულ-თურქული თანამშრომლობის ფართო პროცესი, შეიძლება, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების გაფართოებაზეც აისახოს – თავად თურქეთის ხარჯზე.
ასეთ ვარიანტს სოხუმში შესაძლებლად მიიჩნევენ, როგორც საპასუხო ნაბიჯს – თუკი რუსეთი აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას.
თუმცა, სამხრეთ კავკასიაში გლობალური პროექტების რეალიზაციის პერსპექტივა, მათ შორის აფხაზეთში, კვლავინდებურად პირდაპირ მოსკოვსა და ანკარას შორის ნდობის ხარისხზეა დამოკიდებული.