სომხური ოპოზიცია ქვეყანაში ახალი რუსული ბაზის აშენების ინიციატივით გამოდის
სომხეთმა აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ქვეყნის სამხრეთით, ახალი სამხედრო ბაზის აშენების შესახებ. ამის შესახებ, ოპოზიციური პარტია „განათებული სომხეთის“ ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა განაცხადა.
სომხეთის ჩრდილოეთით, ქალაქ გიუმრიში უკვე განთავსებულია 102-ე რუსული სამხედრო ბაზა. 2010 წელს, რუსეთმა და სომხეთმა ამ ბაზის ქვეყანაში ყოფნის ვადა 2044 წლამდე გაახანგრძლივეს.
ახალი ბაზა კი ოპოზიციის აზრით, დაეხმარებათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სომხეთის სიუნიქის პროვინციასა და მთლიანად რეგიონში.
სიუნიქის უსაფრთხოების საკითხი მწვავედ დადგა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი ყარაბაღის ომის 44-ე დღეს მოეწერა, აზერბაიჯანს გადაეცა ზანგილანის რაიონი. ის სომხეთის სიუნიქის პროვინციას ესაზღვრება და ახლა ამ ადგილას სადემარკაციო-სადელიმიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – საბჭოთა დროის ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად.
შედეგად, სიუნიქის პროვინციის ქალაქების, გორისისა და კაპანის დამაკავშირებელი გზა, რამდენიმე ადგილას აზერბაიჯანის ტერიტორიას კვეთს. ბოლო დროს, აქ ხშირად ხდება ინციდენტები იმის გამო, რომ საზღვარი სომხეთის სახელმწიფო ობიექტებსა და კერძო სახლებს შორის გადის.
რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სიუნიქელებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნებაყოფლობით გადასცა აზერბაიჯანს ყარაბაღის ტერიტორია და ახლა სომხეთის მიწებს აძლევს. 21 დეკემბერს, მათ გზებიც კი გადაკეტეს და არ მისცემს პრემიერს პროვინციის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება. ფაშინიანს დაკეტილ გზაზე ვერტმფრენით გადაფრენა მოუწია, რათა სიუნიქის იმ მცხოვრებლებს გასაუბრებოდა, რომლებიც მასთან ურთიერთობის წინააღმდეგნი არ არიან.
- სომხეთი: გაფიცვები და გზების გადაკეტვა. როგორ ცდილობს ოპოზიცია პრემიერის დამხობას
- ფაშინიანი სომხეთის სამხრეთ ნაწილში არ შეუშვეს. მას ვერტმრფენით გადაფრენა მოუწია
რა შეთავაზებით გამოვიდა მარუკიანი
პარტია „განათებული სომხეთის“ ლიდერს მიაჩნია, რომ ამ მომენტში უმნიშვნელოვანესი საკითხი – სიუნიქის პროვინციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რადგან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციები სომხური დასახლებული პუნქტების უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა.
პარტიის დეპუტატები სიუნიქში იმყოფებოდნენ, რათა ადგილზე გადაემოწმებინათ რეგიონიდან მომავალი მთელი ინფორმაცია. ედმონ მარუკიანის თქმით, ვიზიტის შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ „შეიძლება ხელყოფს საზღვრისპირა დასახლებული პუნქტები“.
ოპოზიციონერმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს სამხედრო ბიუჯეტის ზრდას:
„აზერბაიჯანი ახალი ავანტიურისთვის ემზადება. ამ გამოწვევებს წინ რომ აღვუდგეთ, ამისათვის საჭიროა რუსეთთან ახალ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და სიუნიქში ბაზის აშენება. ყარაბაღში მყოფი სამშვიდობოებიც უფრო მარტივად მომარაგდებიან სიუნიქიდან, ვიდრე გიუმრიდან.
ხელშეკრულება ბაზის შესახებ
რუსეთის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის პირობით, ასევე, 5 სომხურ-რუსული სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით, ქვეყანა უსაფრთხოების იმავე ზონაში იმყოფება, რომელშიც რუსეთი, მიაჩნია მარუკიანს.
„განათებული სომხეთი“ წინადადებით გამოდის, გაერთიანდეს სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ყველა სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება, ამასთან, გადაიხედოს და განახლდეს არსებული რისკები და საფრთხეები. დეპუტატების აზრით, ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ ფურცელზე გადავიდეს ის ყველაფერი, რაც უკვე არსებობს, მაგრამ ამავდროულად, ახალ შეთანხმებაში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაიკავოს სომხეთის სიუნიქის პროვინციის უსაფრთხოების საკითხმა.
პარტიის ლიდერის, ედმონ მარუკიანის თქმით, სამხედრო ბაზა გახდება საყრდენი ყარაბაღში მყოფი რუსული სამშვიდობო ძალების ეფექტური ფუნქციონირებისთვისაც. ამას გარდა, ოპოზიციონერები მასზე ამყარებენ უსაფრთხოების გარანტიებს იმ რეგიონში, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების შეთანხმებაში შედის და ირანსა და თურქეთს ესაზღვრება.