25 დოლარი
ნინოწმინდას რაიონში ბევრ მარტოხელა ადამიანს შეუძლია სახელმწიფოს მიერ გათვალსიწინებული სოციალური დახმარების მიღება. პრობლემა ისაა, რომ სოციალური დახმარების შესახებ კანონის ერთ-ერთი პუნქტი ძალიან ხშირად არ შეესაბამება რეალობას.
კანონის თანახმად, თუკი იმავე ბინაში ან სახლში, სადაც მარტოხელა პენსიონერი ცხოვრობს, კიდევ ვინმეა დარეგისტრირებული – ამ ადამიანს უკვე დახმარება არ ეკუთვნის, რადგან ის მარტოხელად არ ითვლება.
პირველი ისტორია: გრიზეტა, 75 წლის
ძველი სახლი დანგრეული და დამწვარი აივანით. შეიძლება იფიქროთ, რომ აქ ათ წელიწადს აღარავის უცხოვრია, და რომ სახლი ხანძრის შემდეგ მიტოვებულია.
მაგრამ აქ ერთი 75 წლის ბებია ცხოვრობს – გრიზეტა მნაცკანიანი. ამ ავადმყოფ და უმწეო ქალს ოთხი შვილი ჰყავს – ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ვაჟები რუსეთში წავიდნენ საშოვარზე, დაჰპირდნენ, რომ დედის წასაყვანად დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ,უკვე ათი წელიწადი გავიდა, და ჯერაც არ ჩანან. ქალიშვილები კი გათხოვდნენ, სხვა მხარეში გადასახლდნენ და დედას არ ნახულობენ.
ორი წლის წინათ სახლში ხანძარი გაჩნდა – ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. შუშები ჩაიმსხვრა, სახლი ძლიერ დაიწვა. და ასე დარჩა, მის აღსადგენად არავის უზრუნია.
„მე მხოლოდ პენსიას ვიღებ, თავს მხოლოდ ამით ვირჩენ. ვყიდულობ ფქვილს და ყველაზე აუცილებელ რაღაცებს, წამლებისთვის ფული არ მყოფნის. სოციალურ დახმარებას არ მინიშნავენ, მეუბნებიან, – შვილები გყავს ჩაწერილი და ისინი დაგეხმარონო“, – ამბობს გრიზეტა მნაცკანიანი.
მეორე ისტორია: ანტარამი, 84 წლის
2016 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასეთი კანონი მოქმედებს: ქალები 60 წლის ასაკიდან, მამაკაცები კი 65 წლიდან იღებენ პენსიას – 189 ლარს (დაახლოებით $ 77), ყოველთვიური დანამატი მარტოხელა პენსიონერებისთვის შეადგენს 60 ლარს(დაახლოებით $25).
ანტარამ აბრაამიანი სხვა სოფელში ცხოვრობს – ეშტიაში. ის 84 წლისაა. ის უკვე ბევრი წელია, სრულიად მარტო ცხოვრობს თავის ძმის სახლში. სახლში მისი ვაჟები არიან ჩაწერილები, თუმცა ისინი იქ არ ცხოვრობენ და, ათ წელიწადზე მეტია, საერთოდ არ გამოჩენილან. მაგრამ, ბებია ანტარამი ამის გამო იმ 25 დოლარს ვერ იღებს, რომელსაც ის თავის ხსნად აღიქვამს.
„ფეხებიც მტკივა, ხელებიც მტკივა, თვბრუ მეხვევა. მარტოხელა მოხუცისთვის ყველაფრის კეთება ძნელია; შინიდან მარტო გასვლისაც კი მეშინია – და ამის გამო, ორი თვეა, არ მიბანავია, აბანომდე ვერ ვაღწევ. მხოლოდ ამ პენსიით თავის გატანა შეუძლებელია; ეს როგორ უნდა დავამტკიცო?“- ამბობს ანტარამ აბრაამიანი.
პენსიის გაზრდამ ბევრის მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა
სწორედ ამ, თითქოს დადებითი მოვლენის შემდეგ, როგორიც იყო 2016 წელს პენსიის მომატება, მარტოხელა პენსიონერების პრობლემა მკვეთრად გაუარესდა და მასობრივი ხასიათი შეიძინა. საქმე ისაა, რომ მინიმალური სამომხმარებლო კალათა 150 ლარს შეადგენს – პენსია კი 180 ლარი გახდა. და ყველა ის პენსიონერი, რომელიც დახმარებას იღებდა, ახლა სიიდან ამოვარდა.
„გვესმის, რომ ხანში შესულ ადამიანებს ძალიან უჭირთ, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებით, – ამბობს ნინოწმინდას მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი ჯემალ ხმალაძე, – ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ კანონის შეცვლით შეიძლება“.