კრიზისს ჩვენი გადარჩენა სურდა
სიგარეტის ფასები აზერბაიჯანში: მწეველები არ ნებდებიან და იმარჯვებენ
თამბაქოს კრიზისი
უკვე დიდი ხანია, რაც უსიტყვო რიტუალად იქცა – მეგობრულად ვუღიმი ჯიხურში მდგარ ახალგაზრდა გამყიდველს და სამ კუპიურას ვაწვდი, რის საპასუხოდაც იგი თავს მიქნევს, ფულს მართმევს და სიგარეტის ვიწრო, ცისფერ კოლოფს მაძლევს ხოლმე. მაგრამ დღეს ტრადიცია დაირღვა. გამყიდველმა სიგარეტი მომაწოდა და წარმოთქვა: “შენიც მალე გაძვირდება”. ისეთი ინტონაციით მითხრა, თითქოს საიდუმლო გამანდო.
არასასიამოვნო, მაგრამ სავსებით მოსალოდნელი ამბავია. მანამდე რამდენიმე მარკის სიგარეტი გაძვირდა 20-30 გიაპიკით, რაც აზერბაიჯანული ბაზრის ტრადიციული რეაქციაა დოლარის კურსის მორიგ ცვლილებაზე; ახლა კი, როგორც ჩანს, ჩემი Davidoff-ის ჯერიც დადგა.
გამყიდველი მართალი აღმოჩნდა – იმავე მარკის სიგარეტი, რომელიც მანამდე სამი მანათი ღირდა, მომდევნო დღეს 3,30 მანათად მომყიდეს. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აზერბაიჯანში თამბაქოს ნაწარმის ფასები იზრდება. გასული 1-1,5 წლის მანძილზე სიგარეტი ორჯერ და, ზოგიერთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტჯერ გაძვირდა. მაგალითად, ზემოხსენებული Davidoff-ის მარკის სიგარეტი 1,5 მანათი ღირდა და მაშინ ძვირიან ბრენდად ითვლებოდა. დღეს კი 1,5 მანათად მხოლოდ ყველაზე მდარე ხარისხის თამბაქოს შეძენაა შესაძლებელი. სწორედ ასეთ სიგარეტზე გადავიდა ზოგიერთი მწეველი მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ აღარ ჰქონდა იმ სიგარეტის შეძენის საშუალება, რომელსაც შეეჩვია. ხალხში “მფლანგველობის” ახალი კრიტერიუმიც კი გაჩნდა – ანუ არდანებება და ისევ “თავის” სიგარეტის მოწევა.
მწეველები არ ნებდებიან
ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ნაწარმის სიძვირე მწეველებს თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს. მაგრამ ჩვრნ მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ასეთ შედეგს არ უნდა ველოდოთ.
მაგალითად, ტატიანა კოვალიოვა ამბობს, რომ მოწევას თავს არ დაანებებს. იმ შემთხვევაშიც, თუკი ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
“დღეში დაახლოებით ერთი კოლოფი მჭირდება. ბოლოსდაბოლოს, არც ისე ძვირი გამოდის. თუ საჭირო გახდა ქაღალდის პირსახოცებზე, ან ძეხვზე ვიტყვი უარს, მაგრამ მოწევას თავს არ დავანებებ”, – ამბობს ტატიანა.
ტატიანას ქიამრან აღაბეკოვიც ეთანხმება:
“ჩემი სიგარეტი ორჯერ გაძვირდა, მაგრამ მე კონკრეტულად ამ მარკის სიგარეტს ვეწევი და მოწევის შეწყვეტას არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ფასების ზრდა აიძულებს ვინმეს (მათ შორის, მეც), უარი თქვას მოწევაზე. უკიდურეს შემთხვევაში, თუკი “ჩემი” სიგარეტი ისე გაძვირდება, რომ შეძენას ვეღარ შევძლებ, შედარებით უფრო ხელმისაწვდომი სიგარეტით ჩავანაცვლებ, ან პაპიროსებზე გადავალ”.
თუმცა, ზოგიერთმა მაინც გადაწყვიტა, ეკონომიის მიზნით, უარი ეთქვა ამ ჩვევაზე. ცოლ-ქმარი მუსტაფა და ვალიდა ზაქიროვები აღიარებენ, რომ თამბაქოს ფასის ზრდამ მათ ბიუჯეტს დიდი დარტყმა მიაყენა. თუკი ადრე სიგარეტის საყიდლად 70 მანათს ხარჯავდნენ თვეში, ამჟამად ეს თანხა დაახლოებით 100 მანათს შეადგენს.
“გაძვირების პირველი ტალღის შემდეგ შედარებით უფრო იაფფასიანი სიგარეტის მოხმარება დავიწყეთ, მაგრამ ახლა, როდესაც ეს სიგარეტიც გაძვირდა, ეს ოინი აღარ გაგვივა, რადგან ყველაფერი, რაც ორ მანათზე იაფია, სულ მთლად შხამია, რომლითაც ადამიანს ფილტვები დაენანება. თუკი ფასების ზრდა გაგრძელდება, უკიდურეს ზომას მივმართავ. ყველაზე იაფფასიან სიგარეტზე გადავალ, რომელსაც მუნდშტუკით მოვწევ – მინიმუმამდე რომ შევამცირო ის ზიანი, რომელიც ასეთი სიგარეტის მწეველს შეიძლება მიადგეს”, – ასე აპირებს მუსტაფა “თამბაქოს კრიზისთან” ბრძოლას.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ის ფიქრობს, რომ სიგარეტსა და სხვა დანარჩენზე გაზრდილი ფასები მოწევის სურვილის სტიმულირებას იწვევს.
“როდესაც ვნერვიულობ ამ დევალვაციისა და სხვა პრობლემების გამო, კიდევ უფრო მეტს ვეწევი. და მარტო მე არ ვიქცევი ასე. ბევრი აზერბაიჯანელისთვის მოწევა სტრესის მოხსნის ერთგვარი საშუალებაა – ცხოვრების სიმძიმისგან დათრგუნული ადამიანებს შვებას ჰგვრის მოწევა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად ექცევა ადამიანი სტრესის ქვეშ, მით უფრო მეტს ეწევა. და გაძვირება – თუნდაც ფასის გაორმაგება – სიგარეტზე უარს ათქმევინებს. საერთოდ, მგონია, რომ სიგარეტისატვის თავის დანებებისკენ შეძლებული ადამიანები უფრო არიან მიდრეკილნი. მათ მოწევის დაუძლეველი სურვილი არ აქვთ. ამასთან, მათ ცხოვრებაში გაცილებით უფრო მრავლადაა „პატარა სიხარულები“, ვიდრე ნაკლებად შეძლებული ადამიანების ყოველდღიურ ყოფაში».
საკუთარი ანტიკრიზისული სტრატეგია უკვე ყველა მწეველმა იპოვა. ზოგიერთი სიგარეტს თბილისში ყიდულობს, სადაც თამბაქოს ნაწარმი უფრო იაფიცაა, და არჩევანიც უფრო დიდია. სხვები თამბაქოს, ან იაფფასიან სიგარეტს ეწევიან, მაგრამ არავის უთქვამს, რომ სიგარეტი ეძვირება და ამის გამო მოწევას დაანებებს თავს.
მდგრადი განვითარების კვლევის ცენტრის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აზერბაიჯანში მწეველთა რიცხვი გაიზარდა. მაგრამ მათი მიახლოებითი რაოდენობის დადგენა ძნელია, იმიტომ რომ მსჯელობის ერთადერთი საფუძველი გაყიდული სიგარეტის რაოდენობაა. ამასთან, თუკი ადრე მწეველების ძირითად ნაწილს სრულწლოვანი მამაკაცები შეადგენდნენ, ახლა მათ რიგებს უამრავი ქალი, მოზარდი და 13 წლამდე ასაკის ბავშვიც ავსებს.
მწეველები იმარჯვებენ
ამის შემდეგ გამოხდა ხანი და გაირკვა, რომ მწეველების მიერ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ბევრად უფრო ეკონომიური ხერხების გამოძებნამ სიგარეტის მწარმოებლები იმდენად დააზარალა, რომ თამბაქოს მაგნატები დათმობაზე წავიდნენ. დეკემბრის შუა რიცხვებში იმ სიგარეტის ფასი, რომელიც ორ მანათზე მეტი ღირს, მოულოდნელად შემცირდა. მთლიანობაში, შედარებით ძვირიანი თამბაქოს ნაწარმის ფასი საშუალოდ 15 პროცენტით დაეცა. და ეს დოლარის გაზრდილი კურსისა და პროდუქტების საყოველთაო გაძვირების ფონზე მოხდა.
გამყიდველების თქმით, ეს მოულოდნელი შემცირება ორი ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბევრი მწეველი იაფ სიგარეტზე გადავიდა და, აქედან გამომდინარე, მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა ძვირიან სიგარეტზე. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო იზრდება კონკურენტუნარიანი კონტრაბანდის წილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შვეიცარიული “მარლბოროს” ფასი მისი “აზერბაიჯანული თანამოძმის” ღირებულებას ძალიანაც არ აღემატება. თუმცა, “შვეიცარიული” აზერბაიჯანული აქციზური მარკით დამშვენებულ “მარლბოროზე” უკეთესი ხარისხისაა.
ეკონომისტი თორღულ მაშალლი მოვაჭრეების ნათქვამს ადასტურებს და იმასაც აღნიშნავს, რომ სიგარეტის იმპორტს აზერბაიჯანი, ძირითადად, რუსეთიდან და უკრიაინიდან ახორციელებს. რუსეთიდან იმპორტირებული სიგარეტის ერთი კოლოფის საშუალო ფასი დაახლოებით 54 ცენტია, უკრაინიდან შემოტანილი სიგარეტის კოლოფი კი საშუალოდ 38 ცენტი ღირს. აქციზისა და სხვა სახის გადასახადების დარიცხვის შემდეგ ღირებულება 20-30%-ით იზრდება.
“მარტივად რომ ვთქვათ, სიგარეტის ფასის ზრდა სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. უმრავლეს შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულება მითითებულ ფასზე ბევრად უფრო მცირეა. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობის კონტაბანდული სიგარეტი შემოდის”, – ასკვნის მაშალლი.
მომხმარებლებმა რეალიზატორებს ფასის დაწევა აიძულეს და ამჯერად მწეველებს შეუძლიათ, ძუნწ გამყიდველებზე გამარჯვება იზეიმონ.
• ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მოწევის მიზეზით დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანი იღუპება და ნიკოტინის მიმართ ლტოლვა თავისი ძალით მხოლოდ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ჩამორჩება;
• აზერბაიჯანში არ არის აკრძალული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა;
• ერთ-ერთი დეპუტატი აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ მის შეთავაზებას ყველა გულგრილად შეხვდა;
• 18 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის თამბაქოს მიყიდვა აკრძალულია;
• აზერბაიჯანში სიგარეტი გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე თურქეთსა და ევროპაში, სადაც მაღალი გადასახადები თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის ნაწილია.
გამოქვეყნდა 28.12.2016