ომისშემდგომი სინდრომი: როგორ გადაიტანს სომხეთი კაპიტულაციას?
მართალია, პოლიტოლოგები წინასწარმეტყველებდნენ, ყარაბაღის მეორე ომი მაინც მოულოდნელობად იქცა სომხური საზოგადოებისთვის. ლოკალურ ბრძოლებს აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ჯარების შეხების ხაზზე, სომხეთში დიდი ხანია მიეჩვივნენ, გამოიარეს 2016 წლის ოთხდღიანი ესკალაციაც. მაგრამ ასეთი მასშტაბის საბრძოლო მოქმედებებისთვის ადამიანები მზად არ აღმოჩნდნენ.
ინფორმაციას ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგების შესახებ ძალიან მტკივნეულად იღებდნენ, სულ მცირე „დადებითი“ ცნობა კი ეიფორიას იწვევდა. ამიტომ, ომის შედეგები, რომელიც თავიდანვე არაფერ კარგს არ უქადდა სომხეთს, საზოგადოებისთვის შოკი იყო. და ის რამდენიმე ბანაკად დაიყო. ნაწილმა ომში დამარცხებაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას დააკისრა, მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირდაპირი ბრალეულობა არ არსებობს და კაპიტულაცია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გამეფებული კორუფციის ბრალია.
- მოსაზრება: რა ამოცანებს წყვეტს სომხეთის ოპოზიცია, რომელიც პრემიერის გადადგომას ითხოვს
- მოსაზრება: რა ელის ყარაბაღსა და სომხეთს?
ერევანი კაპიტულაციის შემდეგ
ცნობა სომხეთისთვის დამამცირებელ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ 9-დან 10 ნოემბრის ღამეს, ყველასთვის სიურპრიზი იყო. ის, რომ ფრონტზე საქმეები კარგად არ მიდიოდა, თავდაცვის სამინისტროს მწირი შეტყობინებებიდანაც გასაგები იყო.
მაგრამ სრული სურათი მხოლოდ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების პუნქტების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა. დოკუმენტის თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს აძლევს არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ რაიონებს, რომლებიც უსაფრთხოების სარტყლის ფუნქციას ასრულებდა, არამედ აძლევს ტერიტორიებსაც, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს არ დაკარგულა.
ინფორმაციამ კაპიტულაციაზე ხელმოწერის შესახებ, ერევანში არეულობები გამოიწვია. გვიანი ღამის მიუხედავად, მთავრობისა და პარლამენტის შენობების წინ, ასობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ ხალხის ტალღის დაწოლის შეკავება ვერ შეძლო და სტიქიური აქცია შენობებში შეიჭრა.
სპონტანური პროტესტის მონაწილეთა დასამშვიდებლად მივიდა ეროვნული კრების სპიკერი და მმართველო ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის“ ერთ-ერთი ლიდერი, არარატ მირზოიანი.
გაბრაზებული ხალხი ისე გაუსწორდა მას, რომ ორი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ეს იყო პირველი აქცია, რომელმაც სომხეთში მმართველი პარტიის რეიტინგის სწრაფი განულება აჩვენა.
პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია ფაშინიანის წინააღმდეგ
საომარი მდგომარეობის მიუხედავად, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები ოპოზიციის მიერ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით. 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ კონსოლიდაცია ჯერ კიდევ შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მოახდინა, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ კი მათ მოთხოვნებს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ, ათასობით ადამიანი შეუერთდა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „საპროტესტო მასა“ ახლა დიდია – პოსტრევოლუციური სომხეთისთვის, რომელიც, საერთო ჯამში, მხარს უჭერს ხელისუფლებას, მაგრამ ის ჯერჯერობით არასაკმარისია მთავრობის დასამხობად.
პრემიერის გადადგომის აუცილებლობის შესახებ საუბრობდა ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელმაც მანამდე კონსულტაციები გამართა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებთან. მსგავსი განცხადებებით გამოვიდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი და სხვა საჯარო სტრუქტურები.
მათ მიაჩნიათ, რომ ომში დამარცხების შემდეგ, ფაშინიანის მთავრობა ნებაყოფლობით უნდა გადადგეს ან პარლამენტმა გამოუცხადოს პრემიერს იმპიჩმენტი.
ეს მმართველი ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებმა არ გააკეთეს, თავად ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ ქვეყანაში არ არის მისი გადადგომის საზოგადოებრივი მოთხოვნა და ის არჩევნების შემდეგ წავა:
«ჩვენ შიდაპოლიტიკური დაძაბულობა გვაქვს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ იმ მოწოდებებმა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისმის, ვერ ჰპოვეს ფართო გამოხმაურება სომხურ საზოგადოებაში. და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების საკითხი, რომელიც ხალხის მიერ ჩამოყალიბდა, მხოლოდ საზოგადოების ნებით უნდა გადაწყდეს».
მაგრამ ის, რომ ბევრი ადამიანი არ გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, არ ნიშნავს მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერას. ამაზე მეტყველებს განწყობები, რომელიც სოციალურ ქსელებშია.
ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტისა და ომის შედეგების კრიტიკა კოლოსალურია. ძირითადი კითხვები, რომელსაც მომხმარებლები სვამენ:
- რატომ მივიდა სიტუაცია იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც ბაქოს ნებისმიერი მოთხოვნის შესრულება მოგვიწია,
- როგორ დაეცა შეტევისთვის რთულად მისადგომი ქალაქი შუშა,
- რატომ არ დათანხმდა ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტას ადრე,
- შეიძლებოდა თუ არა დანაკარგების გარკვეული ნაწილის თავიდან აცილება,
- რატომ არ ჩატარდა სათანადო მობილიზაცია,
- რატომ განადგურდა მთიანი ყარაბაღის საჰაერო თავდაცვის სისტემა ფაქტობრივად ომის პირველივე დღეებში,
- როგორ მოხვდა პრემიერ-მინისტრის ცოლი სამხედრო ხელმძღვანელობის სამეთაურო პუნქტში, რა გავლენას ახდენდა ის გადაწყვეტილებების მიღებაზე?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პირადად ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებით. მაგრამ მათზე გაკეთებული კომენტარები მეტყველებს, რომ პასუხები არცთუ ისე დამაჯერებელია.
რას ამბობენ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები
ხომ არ უღალატა ფაშინიანმა სომხეთს? და თუ ასეა, როგორ?
სოციალურ ქსელებსა და საპროტესტო აქციებზე განსხვავებული ინტერპრეტაციაა. ზოგიერთები პრემიერს მოღალატეს მხოლოდ იმიტომ უწოდებენ, რომ მან ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას. სხვები ვარაუდობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური კარიერა მან სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა დააყენა, როდესაც ომის საწყის ეტაპზე, არ წავიდა მტკივნეულ დათმობებზე.
ფაშინიანი უნდა წავიდეს, იმიტომ რომ, ვერ შეძლო ომის თავიდან არიდება, მიაჩნია ერევნის მცხოვრებს, ლიანა სამველიანს. ის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ომის შემდეგ, აქტიური სამოქალაქო პოზიცია დაიკავა. ფიქრობს, რომ ფაშინიანის ყოველი დღე ხელისუფლებაში, ნეგატიურად აისახება ქვეყანაზე:
«მიმაჩნია, რომ ფაშინიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მან მიიყვანა სიტუაცია ომამდე თავისი არაშორსმჭვრეტელი საგარეო პოლიტიკით. ომის შედეგები კატასტროფულია: დაახლოებით, 5 ათასი მოკლული, ათასობით დაჭრილი, დაკარგული ტერიტორიები, ბევრი ჩვენიანი აზერბაიჯანელებს ჩაუვარდა ტყვედ.
გაუგებარია, რა ელით მათ, როდის მოახერხებენ შინ დაბრუნებას. დამოუკიდებელ სომხეთს რთული დროება გამოუვლია, მაგრამ ასეთი კრიზისი არასოდეს გამოუცდია. დამნაშავე არა მხოლოდ უბრალოდ უნდა წავიდეს, არამედ პასუხიც უნდა აგოს».
ლიანას მიაჩნია, რომ ფაშინიანს ხელისუფლების შენარჩუნების შანსი აღარ აქვს, პრემიერის რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა – ხალხი მას ყარაბაღის ნაწილის დაკარგვას არ აპატიებს:
«ახლა ერთადერთი გამოსავალი – დროებითი მთავრობის შექმნაა, რომელიც, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ვფიქრობ, რომ ასეთი მთავრობის სათავეში, შეიძლება იყოს მოქმედი პრეზიდენტი. არ მგონია, რომ ვინმემ ქვეყანა უფრო დიდ დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს, ვიდრე ახლა გვაქვს. ასეთი კრიზისი, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა».
ფაშინიანის მხარდამჭერთა მოსაზრებები
კაპიტულაციის შეთანხმებაზე ხელმოწერის ღამეს, ფაშინიანი რამდენჯერმე გამოვიდა პირდაპირ ეთერში სოციალური ქსელების საშუალებით და განაცხადა, რომ მარცხზე პასუხისმგებელია ყველა. კერძოდ, წინა მთავრობების წარმომადგენლები, რომლებიც „მრავალი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ ხალხს“.
ამ მოსაზრებას იზიარებენ ფაშინიანის მხარდამჭერები: სომხეთი ომისთვის მზად არ აღმოჩნდა იმიტომ, რომ ახალმა ხელისუფლებამ 2.5 წელში ვერ შეძლო 30 წლის განმავლობაში შესაძენი შეიარაღების ყიდვა, იმ საკითხების გადაჭრა, რომელიც ასე დიდხანს არ გადაჭრილა. ანაიტ ბაღდასარიანი – ორი შვილის დედაა.
ომმა იძულებული გახადა, ყურადღებით დაკვირვებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ის დარწმუნებულია, რომ ფაშინიანი უნდა დარჩეს:
«ომის შემდეგ, მხოლოდ მისი სიკვდილისკენ მოწოდებები შევნიშნე: თავი მოიკალი, უარი თქვი თანამდებობაზე. არანაირი საუბარი არ ყოფილა ხელისუფლებაზე, რეალურ ადამიანებზე, რომლებსაც ხალხი მის ადგილზე გვთავაზობს. ისინი, ვინც ის აირჩია, 2018-ში უფრო მეტი იყო, იმიტომ რომ, ის ერთადერთი იყო, რომელმაც გადაწყვიტა ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
მიმაჩნია, რომ ფაშინიანი უნდა დარჩეს, სანამ არ ჩატარდება არჩევნები და მას კანონიერი გზით არ შეცვლიან. მას, დიდი ალბათობით, ახლიდან არ აირჩევენ, მაგრამ ის კონკურენტულ ბრძოლაში უნდა წავიდეს. ჩვენ დრო უნდა გვქონდეს, მოვუსმინოთ სხვა კანდიდატების წინადადებებს. ახლა ეს მხოლოდ ოპოზიციის მანიპულაციებია».
ანაიტი ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ფაშინიანს რეალური ალტერნატივა არ გააჩნია, ოპოზიცია კი ომში დამარცხების ფონზე ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას. ფაშინიანს კი ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად საზოგადოების გაერთიანების რესურსები აქვს, თუმცა, ანაიტი არ უარყოფს პრემიერის ბრალს ბრძოლის ველზე მარცხში:
«დიახ, არის. ის ჩვენი საზოგადოების ნაწილია, თანაც, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა დამნაშავე ვართ მომხდარში. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ძველი დანადგარები და გვიანი იყო რაიმეს შეცვლა, ამის დრო არ მოგვცეს. სომხეთში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელმაც არ იცოდა არმიის მდგომარეობის შესახებ, არ არის ადამიანი, რომელმაც არ იცოდა თავდაცვის ბიუჯეტიდან ამ ათწლეულების განმავლობაში მასშტაბური „ატკატების“ შესახებ. და მაინც, დიდ ნაწილს ცივი ოფლი ასხამდა იმაზე ფიქრით, რომ მიწის მიცემა მოუწევდა, რათა ომი არ ყოფილიყო.
მას შემდეგაც კი, რაც ათასობით 19 წლის ბიჭი დაიღუპა, ქვეყანამ შეიცხადა ქალბაჯარის „უსისხლოდ“ გადაცემა. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაღუპულიყო, რათა ხალხს შეემჩნია, რომ ჩვენ წავაგეთ? მას რომ კაპიტულაციაზე არ მოეწერა ხელი, დავწყევლიდი. ომის შედეგებში ბრალი მიუძღვის ჩვენი უუნარო სამხედრო ხელმძღვანელობა, სამი ათეული წელიწადის განმავლობაში მუქთახორობა. მისი ბრალია, რომ ჩვენი იმედი ჰქონდა, ჩვენი ბრძოლისათვის მზაობის, მითების ჩვენი „სულის“ შესახებ, ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არ გვინდა მოვკვდეთ, გვინდა, რომ ჩვენ ნაცვლად ვიღაც სხვა დაიღუპოს».
როგორი შანსები აქვს ფაშინიანს
პოლიტოლოგი და ეკონომისტი გრანტ მიკაელიანი ომის შემდეგ, სომხურ საზოგადოებაში აშკარა განხეთქილებას ამჩნევს. ის ერთდროულად სამ ჯგუფს გამოყოფს:
«ერთი ჯგუფი – ხელისუფლების მხარეს არის. მეორე – წინააღმდეგ და აქტიური პოზიციით გამოირჩევა. მესამე – ხელისუფლების წინააღმდეგია, მაგრამ პასიური პოზიცია აქვს. ყველა ჯგუფი ქვეყნის მოსახლეობის მესამედს შეადგენს, მცირედი გადახრებით».
ექსპერტი ამბობს, რომ ომამდე ფაშინიანის რეიტინგი 65%-მდე იყო. ომის დროს, მაჩვენებელი 80 პროცენტამდეც კი გაიზარდა, მაგრამ კაპიტულაციის შემდეგ 30-მდე დავარდა.
მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ახლა, რამდენიმე ფაქტორი ურტყამს. საზოგადოება უკეთ აცნობიერებს, რა მოხდა. ყარაბაღი აგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას – აქტიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგაც. ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა კიდევ ორი სოფელი. ბევრი ფაშინიანსა და მის გუნდს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ არ შეუძლიათ სამშობლოში დააბრუნონ სამხედრო ტყვეები. მართალია, 45 ადამიანი უკვე დაბრუნდა, მაგრამ გაურკვეველია, კიდევ რამდენი ტყვე დარჩა აზერბაიჯანში.
«ყველაზე მტკივნეული საკითხი – ძალიან ბევრი სამხედრო მოსამსახურის გაურკვეველი ბედი. ქვეყნდება ინფორმაცია 5 ათასი დაღუპულის შესახებ. ამას გარდა, ადამიანები ხვდებიან, რომ ახლა დიდად ეკონომიკური პერსპექტივებიც არ არის. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი კი სწორედ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს. ეს ყველაფერი, ასე თუ ისე, გავლენას ახდენს პოლიტიკურ ვითარებაზე».