მოსაზრება: რა ამოცანებს წყვეტს სომხეთის ოპოზიცია, რომელიც პრემიერის გადადგომას ითხოვს
სომხეთის ოპოზიციის მოქმედებები და განცხადებები, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს, გააანალიზა დიპლომატმა, ისტორიკოსმა, სომხეთის პრეზიდენტის მრჩეველმა 1991-1997 წლებში, ჟირაირ ლიპარიტიანმა.
- ულტიმატუმის საწინააღმდეგოდ: ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან არ გადადგა
- მოსაზრება: რა ელის ყარაბაღსა და სომხეთს?
გაერთიანებული 17 ოპოზიციური პარტია და მათი ათასობით მხარდამჭერი ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით აქციებს 10 ნოემბრიდან მართავს – მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა სამმხრივ განცხადებას ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. მათ მიაჩნიათ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა „მოღალატეობრივ შეთანხმებას“ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ.
16-მა პარტიამ პრემიერის პოსტზე საერთო კანდიდატი წარმოადგინა, რომელიც უხელმძღვანელებს დროებით მთავრობას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს არის სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი. 17-დან მხოლოდ ერთი პარტია არ უჭერს მხარს მის კანდიდატურას და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის შემთხვევაში, აპირებს, პრემიერის პოსტზე თავისი ლიდერი წარადგინოს.
რა პრობლემებს წყვეტენ ვაზგენ მანუკიანი და მისი მოკავშირეები?
8 შეკითხვა და პასუხი ჟირაირ ლიპარიტიანისგან
– გადაჭრიან ისინი პრობლემებს იმ ვითარებაში, რომელიც 10 ნოემბრის განცხადებაზე ხელმოწერის შემდეგ შეიქმნა?
ვერა, იმიტომ, რომ ვაზგენ მანუკიანი თავისი ენობრივი უნარებით მხოლოდ ხალხის გულის სიმებზე უკრავს.
„ჩვენ არ შევურიგდებით ამ განცხადებას (ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ)“, – ამ განცხადების შემდეგ, ის მაშინვე ამბობს: „ჩვენ ამაზე უარის თქმა არ შეგვიძლია“.
– გადაწყვეტენ ისინი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მძიმე პრობლემებს?
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მათ ეს საკითხები აღელვებთ, რომ მათ განსხვავებული მიდგომა ექნებათ იმისგან, რაც ახლა ხელისუფლებაში მყოფებს აქვთ. ისინი სარგებლობენ ამ ოჯახების განუზომელი მწუხარებითა და რისხვით, საერთოდ მთელი ჩვენი ხალხის, ასევე, ზოგიერთი ადამიანის დემოკრატიისგან იმედგაცრუებით, რათა ძალაუფლება მოიპოვონ. მიაღწიონ იმას, რაც ვერ შეძლეს სახალხო კენჭისყრით (გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი პარლამენტში წარმოდგენილი არ არის – JAMnews). ასეთი იყო ისტორიაში ჰიტლერების გზა ძალაუფლებისკენ.
– მოაგვარებენ ისინი ხელისუფლების ლეგიტიმური ცვლილების პრობლემას?
ვერა, ისინი მხოლოდ ხელისუფლების მანუკიანისთვის გადაცემას ითხოვენ და მორჩა.
– გადაჭრიან ისინი შერყეული დემოკრატიის პრობლემას?
ვერა, იმიტომ რომ, მანუკიანის აზრით, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი, ანუ მთავრობა და ეროვნული კრება, უნდა წავიდეს და ძალაუფლება მანუკიანს გადასცეს, მისი თქმით, ერთი წლით, ახალი არჩევნების გარეშე.
უკვე სახეზეა მოუთმენლობის ნიშნები, როდესაც მანუკიანი უცხო ქვეყნის აგენტად და მოღალატედ აცხადებს ხალხის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც არ ეთანხმებიან მასა და მის მეგობრებს. და ის საუბრობს მათ „წმენდაზე“. როგორ ფიქრობთ, ეს რას ნიშნავს?
– გადაჭრის ეს პოლიტიკური ლეგიტიმაციის დაცვისა და შენარჩუნების საკითხს?
ვერა, იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებას თავისთვის ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „გაბრაზებულ“ ხალხს პრემიერ-მინისტრის განადგურებას სთავაზობენ.
– გადაჭრიან ისინი არცახისა (მთიანი ყარაბაღის) და არცახელების გადარჩენის საკითხს, იმის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება 10 ნოემბრის განცხადების შემდეგ?
ვერა, რადგან, როგორც მანუკიანი ამბობს, გააკეთებს ამას, მაგრამ არ აკრიტიკებს საკუთარ და თავისი მოკავშირეების მიდგომებს, რომლითაც ჩვენ ამ ომამდე მოვედით. ოც წელზე მეტია, მან და მისმა 17-მა მეგობარმა შექმნეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობოდა ომს და არა მშვიდობას ან მხარს უჭერდნენ ამ აზრებს. არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ახლა ისინი სხვა შედეგთან მივლენ.
ის (მანუკიანი) თავიდანვე ამბობს, რომ სომხეთის დიპლომატია დამარცხდება. ამის საფასური კი ყველაფერი დანარჩენის დაკარგვა შეიძლება გახდეს.
– ნუთუ მათ ვერ მიიღეს გაკვეთილი ამ ომით და მარცხით ისტორიული მასშტაბით?
მათ თითქოს მიიღეს გაკვეთილი, მაგრამ არა ის, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ნათელია.
როგორც პრეზიდენტი არმენ სარგსიანი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გასული წლის აგვისტოში, ვაზგენ მანუკიანი და მისი მეგობრები ახლა ომს უცხადებენ თურქეთს, როდესაც მანუკიანი ამბობს, რომ სომხეთი შეუერთდება იმ სახელმწიფოთა ჯგუფს, რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
საერთო მიმართულებებით, თურქეთი რუსეთთან თანამშრომლობს. თურქეთი – აზერბაიჯანის უპირობო მოკავშირე და მთავარი მხარდამჭერია. რომელ ქვეყნებთან აწარმოებს მანუკიანი მოლაპარაკებებს ან ვის აზრს გაითვალისწინებს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს 10 ნოემბრის განცხადებიდან? შვეიცარიასთან?
მანუკიანსა და მის მეგობრებს არ აქვთ არანაირი მინიშნება სიფხიზლეზე, სიბრძნეზე, რომელიც აუცილებელია შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად.
პირიქით, როგორც ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ აღიარონ წარსული შეცდომები, ისინი უღრმავდებიან ამ შეცდომებს და ცდილობენ აჩვენონ, რომ მათ არ დაუშვიათ შეცდომები. და იწყებენ ისტორიის ფალსიფიკაციას, ცოტა ხნის წინანდელი წარსულისასაც კი.
– გადაჭრიან ისინი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პრობლემას?
როგორ აპირებენ ისინი ამ „გაძლიერებას“, როდესაც კონსტიტუციის, ეროვნული კრების იგნორირებასა და მონოპოლიის დამყარებას გვთავაზობენ? ვაზგენ მანუკიანი და მისი 17 კოლეგა ვერ გადაწყვეტენ ვერცერთ ამ საკითხს.
რა საკითხს გადაჭრიან – მკითხველმა განსაჯოს. თუ მართალია, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი უნდა წავიდეს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი პოსტი უნდა დაიკავოს ვინმემ ან გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც არა მხოლოდ ვერაფერს მოიტანს ავანტურის გარდა საგარეო პოლიტიკაში, არამედ მცირეოდენი პატივისცემაც კი არ აქვს კონსტიტუციის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და დემოკრატიის.
ისტორიაში ყველაზე დიდი ზიანი მოიტანეს იმათ, ვინც „მხსნელებისა“ და „ადამიანთა ტკივილის გამზიარებლების“ როლში გვევლინებოდნენ. და მათ, ვინც ძალაუფლებას ამ „გრძნობის“ საფუძველზე ითხოვდა, და მიიღო, ის ბოროტად გამოიყენა.