როგორ გადავარჩინოთ "არმენფილმი"
93 წლის “არმენფილმის” სავავალო მდგომარეობის გამო, ახალგაზრდების ნაწილმა შექმნა საინიციატივო ჯგუფი სახელწოდებით “არმენფილმის” აღორძინება. ისინი კინოსტუდიის გადასარჩენად იბრძვიან.
“ინტერნეტით დავიწყეთ. ვიდრე ჩვენ ქსელის გარეთ ერთ ნაბიჯს ვდგამთ, ამასობაში ინტერნეტი 100 ნაბიჯის გადადგმას ასწრებს. ინიციატივა იზრდება და ვითარდება. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან გვიერთდებიან ადამიანები, რომლებსაც “არმენფილმის” მომავალი აღელვებთ. როდესაც ვახსენებ სიტყვას “აღორძინება”, ვგულისხმობ იმას, რომ თეატრალური სასწავლებლის სტუდენტს კინოსტუდიის კედლებთან, რეკვიზიტებთან, პავილიონებთან და რეჟისორებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა… “არმენფილმი” შენობა არ არის. ეს ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ათწლეულების განმავლობაში გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა”, – ამბობს რეჟისორი აიკ ბაბაიანი, რომელიც ხელმძღვნელობს ინიციატივას “არმენფილმის” აღორძინება”.
2005 წელს კინოსტუდია “არმენფილმი” 350 მილიონ დრამად [700 ათას დოლარზე მეტი ამჟამინდელი კურსით] შეიძინა სააქციო საზოგადოება “Armenia Studios”-მა, რომელიც ჰოლდინგ “CS Media City”-ის შემადგენლობაში შედის. აღნიშნული ჰოლდინგი სომხური წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენს, ჯერარდ გაფესჩიანს ეკუთვნის.
კონტრაქტის თანახმად, მფლობელი ვალდებული იყო, 10 წლის განმავლობაში სტუდიაში 30 მილიარდი დრამის [ამჟამინდელი კურსით ეს თანხა 60 ათას დოლარზე მეტია] ინვესტიცია განეხორციელებინა. თუმცა, საგადასაღებო პავილიონები მაინც არ აშენდა, კინოსტუდიამ ვერ მიიღო თანამედროვე, მძლავრი აღჭურვილობა, საცავებში შენახული ფილმების “გაციფრულების” სამუშაოები კი მხოლოდ ნაწილობრივ, და თანაც არასათანადო დონეზე შესრულდა. 10 წლის განმავლობაში მფლობელმა არ განახორციელა 30 მილიარდის ინვესტიცია. ამ პერიოდში “არმენფილმში” არ მიმდინარეობდა კინოწარმოების პროცესი. სტუდიაში მხოლოდ სერიალებს იღებდნენ.
გასულ წელს სს “კინოსტუდია არმენფილმის” აქციების 100 პროცენტი 2 მლრდ 702 მლნ 469 ათას დრამად [ამჟამად არსებული კურსით 5 მილიონ დოლარზე მეტი] შეფასდა, სომხეთის მთავრობას დაუბრუნდა და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება.
სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილე არტურ პოღოსიანი ამბობს, რომ “არმენფილმის” პრივატიზაციის დროს სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს კიდევ ერთი პირობა წაუყენა. “არმენფილმის” მფლობელებს კინოსტუდიაში წარმოებული 400 ფილმის ციფრული ვერსია უნდა შეექმნათ.
“მფლობელმა ნაკისრი ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულა და სახელმწიფომ ხელშეკრულება გააუქმა. ამჟამად ჩვენ ვცდილობთ, თავად შევასრულოთ ეს სამუშაოები, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ციფრული ვერსიებს იმ ხარისხით ვქმნით, რომელიც ჩვენთვის მისაღებია და შევეცდებით, რომ ყველა კინოსურათის ელექტრონული ვერსია შევქმნათ. 2015 წელს 18 ფილმის ციფრული ვერსია შეიქმნა”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
“არმენფილმის” ისტორიიდან
1925 წელს გადაღებული კინოსურათი “ნამუსი” პირველი მუნჯური ფილმია, რომელიც კინოსტუდია “არმენფილმში” შეიქმნა.
1935 წელს სომხეთში პირველი ხმოვანი ფილმი “პეპო” გადაიღეს.
1967 წლიდან სტუდიამ ანიმაციური ფილმების გადაღებაც დაიწყო. 1978 წელს “არმენფილმმა” ახალი საწარმოო შესაძლებლობები მიიღო და წარმოებაც უფრო ინტენსიური გახდა. ამ კინოსტუდიაში ყოველწლიურად 6-7 ფილმს იღებდნენ. “არმენფილმი” საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიიდანაც იღებდა შეკვეთებს. ამას გარდა, სომხური კინოსტუდია თანამშრომლობდა “მოსფილმთან” და ერთობლივ კინოსურათებს იღებდა. მე-20 საუკუნის ბოლოს კინოსტუდია “არმენფილმი” ყოველწლიურად დაახლოებით 45 ფილმს ახმოვანებდა.
ამჟამად ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი რესურსები იმისათვის, რათა კინოსტუდიის აღდგენის პროგრამა განახორციელოს. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “არმენფილმის” აღდგენის პროგრამის რეალიზაციისთვის საჭიროა ინვესტიციები, რომლებიც გარკვეული პირობების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
“არმენფილმის” აღორძინების” ხელმძღვანელის, აიკ ბაბაიანის თქმით, სახელმწიფოს არ უნდა მოეთხოვებოდეს ყველა პრობლემის მოგვარება. საჭიროა ამ სფეროში არსებული პრობლემების სწორად გაგება და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება.
“პრემიერმინისტრი გაღვიძებისთანავე ნამდვილად არ ფიქრობს იმაზე, რომ “არმენფილმის” კედლები სავავალო მდგომარეობაშია. თავად უნდა მივიდეთ ადგილზე, არსებული მდგომარეობა უნდა შევისწავლოთ და სათანადო ზომები მივიღოთ. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას უნდა ვგრძნობდეთ, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს რეაბილიტაციის გეგმა. მცირე ხნის წინათ კულტურის ახალ მინისტრს, არმენ ამირიანს შევხვდი და დავრწმუნდი, რომ იგი კონსტრუქციულადაა განწყობილი და არამხოლოდ “არმენფილმის”, არამედ სომხეთის ყველა სხვა კულტურული ძეგლის ბედი აღელვებს. ჩემი აზრით, “არმენფილმის” აღორძინება ყველა იმ ადამიანის გაერთიანებით უნდა მოხდეს, ვინც ხვდება, თუ რას ნიშნავს კულტურული ღირებულებების შექმნა”.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში კინოსტუდიის ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა “შაბათობა”. ახალგაზრდა რეჟისორებმა, მსახიობებმა და “არმენფილმის” მცირერიცხოვანმა თანამშრომლებმა ხეები დარგეს.
“შაბათობის” ერთ-ერთი მონაწილე, რეჟისორი არტიომ ბარკუდრი მიიჩნევს, რომ ეს მცირე ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის გადაიდგა:
“ყველაფერი ერთ დღეში ვერ შეიცვლება. პრობლემას “არმენფილმის” კედლები არ წარმოადგენს. კინოწარმოების განვითარებისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. ამჟამად შურით შევცქერით საქართველოს, რომელსაც კინო აქვს. ქართული კინოს წარმომადგენლები საერთაშორისო კინოფესტივალებში იღებენ მონაწილეობას. ისინი უკვე აღიარებულ კინოკომპანიებთან თანამშრომლობენ და ხშირად ასეთ ორგანიზაციებს კონკურენციასაც უწევენ. ჩვენ კი ვერაფერს წარვადგენთ და ეს მაშინ, როდესაც სომხებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ რუსულ კინობაზარზე. “არმენფილმის” პრივატიზაციამ, პრაქტიკულად, “მოკლა” ხელოვნება”.
თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე კინოსტუდია 25 ჰექტარზეა გადაჭიმული. ერთ მხარეს გადასაღები პავილიონებია განთავსებული, მეორე მხარეს კი დეკორაციების საამქრო, სადაც თავის დროზე ცნობილი ფილმების ანტურაჟს ამზადებდნენ. გამოყენებული დეკორაციები, რეკვიზიტები და კოსტუმები სპეციალურ სათავსოში ინახება.
“არმენფილმის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დავიდ კარაპეტიანი აღნიშნავს, რომ კინოსტუდიის მთელი ტერიტორია და უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს დაუბრუნდა და ახლა მისი შენარჩუნებისთვის კიდევ უფრო დიდი თანხებია საჭირო:
“საკუთარი თავების მოტყუება გამოგვივა, თუკი იმედი გვექნება, რომ ოთხ თვეში მასშტაბური კინოწარმოების დაწყებას შევძლებთ. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ვცდილობთ, კინოსტუდიის მინიმალური დანახარჯები ჩვენს განკარგულებაში არსებული ფინანსური ნაკადების საშუალებით გავისტუმროთ. სტუდიის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირება ჩვენი პავილიონების გაქირავებითა და “არმენფილმის” მიერ გადაღებული ფილმების ჩვენებით ხდება. 12 თვეში ვალების განულებას მივაღწიეთ”.
იგი აღნიშნავს, ამ ფილმების საავტორო უფლებები “არმენფილმს” ეკუთვნის. საავტორო უფლებებთან დაკავშირებული სახელმწიფო ნორმატივების მიხედვით, თითოეული ფილმის გამოყენებისთვის სპეციალურ გადასახადი არსებობს და ხარჯების ძირითად ნაწილს სტუდია სწორედ ამ შემოსავლებით ფარავს.
კინოსტუდიის აღდგენის გეგმებთან დაკავშირებით კარაპეტიანი აღნიშნავს, რომ “არმენფილმის” აქციების ნაწილი შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს უნდა დარჩეს.
აიკ ბაბაიანს კი მიაჩნია, რომ არმენფილმი ნაციონალიზაციას უნდა დაექვემდებაროს: “ისეთივე სტატუსი უნდა მიეცეს, როგორიც მატენადარანს [იგულისხმება ძველი ხელნაწერების საცავი] და ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრს აქვს. “თუ ვინმე ჩამოვა კოლუმბიიდან და გვეტყვის, რომ ყველაფერს გააკეთებს და ფულს დააბანდებს, ასეთ ზღაპრებს აღარ დავიჯერებთ. მფლობელს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც მოესურვება, ჩვენთვის კი “არმენფილმი” უნიკალური კულტურული ღირებულების სიწმინდეა. სტუდიის ნახევრად დანგრეული კედლები და დერეფნები დღემდე შემოქმედებითი ენერგეტიკითაა სავსე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს აქციებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანი “არმენფილმის” აღორძინებაა”.
გამოქვეყნებულია: 14.12.2016