ჯობს, ავად არ გახდე
და ამას ჰქვია ამბულატორია
სოფელ ტანდძუტში, 60-იან წლებში აგებულ შენობაში სამედიცნო მოსახურებით თემის 1900 მცხოვრები სარგებლობს. ნახევრად დანგრეული შენობა სოფლის განაპირას დგას, და მისი იერსახის მიხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს სამედიცინო დაწესებულებაა. არ არის აბრა, რომელიც მის დანიშნულებას მიუთითებდა, ხოლო დანგრეული კედლები და ჩამტვრეული ფანჯრები სრულ სურათს ქმნის.
2006 წელს შენობა ავარიულად ცნეს. ამბულატორიის დირექტორმა ანაით ბეგლარიანმა არაერთგზის მიმართა ადგილობრივ საოლქო ორგანოებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არანაირი ზომები არ მიუღიათ. ხუთი წლის წინათ შენობა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, დარწმუნდნენ, რომ ავარიულია და ურჩიეს ახალი აეშენებინათ.
ამბულატორიის დირექტორისთვის გამოცანად დარჩა, თუ ვისი მისამართით იყო მსოფლიო ბანკის რჩევა. ორი წლის წინათ ამბულატორიის აშენების თაობაზე მან ისევ მიმართა არმავირის გუბერნატორს აშოტ კაგრამიანს. გუბერნეტორი დაჰპირდა, რომ საკითხს “პროგრამაში” შეიტანდა, და ამბულატორიის დირექტორიც იმედს არ კარგავს: ვადებზე ხომ არაფერი თქმულა.
დღემდე გაურკვეველია, თუ რომელ პროგრამაში შეიტანეს ამბულატორიის მშენებლობა
ტანდძუტის სასოფლო ადმინისტრაციისთვის არაფერია ცნობილი ამბულატორიის მშენებლობის თაობაზე. ერთი ის იციან, რომ თემის ბიუჯეტით მას ვერ ააშენებენ. აქ ამბობენ, რომ ამბულატორია არავითარ პროგრამაში არ არის შეტანილი. სოფლის მამასახლისმა მხითარ პეტროსიანმა არაერთგზის მიმართა სამხარეო ადმინისტრაციას, თუმცა მკაფიო პასუხი ვერ მიიღო.
ახალი ამბულატორიის აშენებას დიდი სახსრები ესაჭიროება. ხოლო ძველის დაფინანსება იმდენად შეზღუდულია, რომ ავადმყოფების მისაღები ოთახებიც კი არ თბება.
ზამთრის თვეებში მედპერსონალი მთელ საქმეს ერთ ოთახში აკეთებს. საბავშვო კაბინეტს მხოლოდ ვაქცინაციის დღეებში ათბობენ, და ძალინ ხშირად პედიატრი ბავშვებს სახლში სინჯავს. მისი თქმით, ექიმები კაბინეტში პალტოებით სხედან, და ამ პირობებში ბავშვების გახდა და ფილტვების მოსმენა შეუძლებელია.
შენობის მდგომარეობის გარდა, ამბულატორიაში წყლის პრობლემაც არის. წყალგაყვანილობა აქ არ არის, და ყოველდღიურ სახმარ წყალს მედიცინის მუშაკები მეზობლად მდებარე კერძო სახლებიდან ეზიდებიან.
ერთხელაც კიბე ჩაინგრევა და ავადმყოფები დაიმტვრევიან
სხვადასხვა თემის ამბულატორიები ერთნაირად გამოიყურება, შენობები თითქმის ერთნაირადაა დანგრეული, და ერთმანეთს არც პრობლემების რაოდენობით უდებენ ტოლს.
ანაით ტერ-არუთუნიანი, 23 წელია, არმავირის ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორია. ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებებში პრობლემებმა მხოლოდ იმატა.
სასოფლო თემის ამბულატორიებში ავადმყოფებს წინასწარი გამოკვლევა უტარდებათ, დიაგნოსტიკა და პირველადი მკურნალობა. თუკი ავადმყოფს სერიოზული დაავადება აღმოაჩნდება, ექიმი მას სპეციალიზებულ დაწესებულებაში აგზავნის.
პაციენტები უმეტესწილად ამ მიმართვას იღებენ, რადგან სოფლის ამბულატორიების უმრავლესობაში პაციენტის სამკურნალოდ ელემენტარული პირობებიც კი არ არის. მაგალითად, როგორც ანაით ტერ-არუთუნიანი ამბობს, როდესც საჭირო ხდება რაიმე სამედიცინო მანიპულაციის დროს ავადმყოფის მდგომარეობას დააკვირდე, მედპერსონალი საშინელ მდგომარეობაშია ხოლმე, რადგან საამისოდ აუცილებელი ნორმალური საწოლებიც კი არ არსებობს.
ექიმები ყველაზე მეტად ლაბორატორიის დამთრგუნველ მდგომარეობაზე წუხან. ამბობენ, რომ იქ ხელებსაც კი ვერ დაიბან: წყლის ჭურჭელში დაგროვება და ძველსიძველი მეთოდების გამოყენება უწვთ.
არმავირის თემის ჯანმრთელობის ცენტრი მხოლოდ არმავირის მაცხოვრებლებს კი არ ემსახურება, არამედ აიკავანისაც, სულ – 3950 ადამიანს. არმავირის რაიონის ამბულატორიების 50%-ზე მეტი იმავე დატვირთვით მუშაობს. ზოგჯერ ხდება, რომ ერთი ამბულატორია ერთდროულად სამი სოფელის მკვიდრებს ემსახურება.
ანაით ტერ-არუთუნიანს არაერთხელ მიუმართავს ცენტრის რეკონსტრუქციის საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოებისთვის, თუმცა დამაიმედებელი პასუხი არ მიუღია.
მხოლოდ 2013 წელს მოითხოვეს ჯანმრთელობის სამინისტროს პროგრამების განხორციელების ცენტრიდან ფოტოები, რომელთა მიხედვითც შეიძლებოდა შენობის შიდა და გარე მდგომარეობაზე მსჯელობა. ფოტოები გაგზავნეს, თუმცა პასუხი ისევ არ მიუღიათ.
გამოქვეყნებულია: 29.11.2016