როგორ კლავს დინამიკა სიყვარულს
თუ სოციალურ ქსელში ნაცნობები უცნობ ადამიანებზე მსჯელობენ, საუბარი ან ფეხბურთელებს შეეხება, ან – “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟებს. სხვათა შორის, ეს-ესაა დასრულდა მეექვსე სეზონი და სოციალური ქსელები ჯერ კიდევ აფორიაქებულია.
მანამდე იყო კარლი, კარლამდე ათი წლით ადრე კი “Lost”. დღეს “თამაშებს”, ალბათ, ისეთივე საკულტო სტატუსი აქვს, როგორიც – “ვარსკვლავურ ომებს” ორმოცი წლის წინათ. და თანამოაზრეებსაც უსიტყვოდ ვუგებთ, ერთი ბგერაც საკმარისია, რომ მივხვდეთ, რას გულისხმობს.
მაშ რატომ ჩაანაცვლა ასე მასობრივად მასების ცნობიერებაში, უფრო ზუსტად კი – მათ გულებში სერიალებმა კინო?
ნებისმიერი ისტორია ოთხი ნაწილისგან შედგება – ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია და კვანძის გახსნა. მასობრივ კულტურაში სხვანაირად არ ხდება. არ ხდებოდა აქამდე. ეს გაითვალისწინეთ, და მსჯელობა გავაგრძელოთ.
კინოს შესახებ
კინო დღეს “მატარებლის შემოსვლის” პერიოდს დაუბრუნდა. უბრალოდ, კინოფილმების ბიუჯეტები უკვე იმ ზღვარს მიუახლოვდა, როდესაც ა) სტუდიები რეჟისორს ვეღარ ანდობენ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიცაა მსახიობებისა და ღირსეული სცენარების ძიება; ბ) შემოსავლის მთავარი წყარო დიდი ეკრანია. და კინოს ხარჯების ამოგება კინოშივე ხდება. ხარჯის კინოთი ამოგებისთვის კი საჭიროა დინამიკა. დინამიკა სწორედ კინოსთვისაა. ეს ის მატარებელია, რომელიც შემოდის.
ამის შემდეგ კი ასეთი რამ ხდება – რადგან დინამიკა თვითმიზანია (იმიტომ, რომ ეს ბიუჯეტის უქმად ხარჯვისგან თავდასაცავი ერთადერთი გარანტირებული საშუალებაა), უკანა პლანზე ინაცვლებს თხრობის კიდევ ერთი ელემენტი – პერსონაჟის განვითარება.
ზოგჯერ მთავარ გმირი საკუთარ თავს თამაშობს, ზოგჯერ “გმირს მისი გარემოცვა თამაშობს”, ზოგჯერ კი ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟი იხსნება. მაგრამ თუნდაც მხოლოდ მთავარი გმირის განვითარებისთვის საჭიროა, რომ კამერამ ბორიალი დაასრულოს და მაყურებელს რეპლიკების შეფასების საშუალება მაინც მისცეს. ხოლო რეპლიკები სლოგანებივით და ტვიტებივით არ უნდა ჟღერდეს. არადა, კამერის ერთი წამით დგომაც კი (ანუ როდესაც კამერა უბრალოდ დგას და იღებს) მილიონობით ინვესტიციას უქმნის საფრთხეს.
კინოსა და თეატრის პერსონაჟი საკუთარ ბუნებას ქმედებითა და რეპლიკებით ავლენს. პერსონაჟის განვითარება შიდა ქმედებას ქმნის (ეს ჩემი მოგონილი არ არის – დრამატურგიის “ანაბანაა”) ანუ ჩვენ წინაშეა კიდევ ერთი “ექსპოზიცია-კვანძის შეკვრა-კულმინაცია-კვანძის გახსნა”, რომელსაც შესაძლოა, მაყურებელი ვერც კი აცნობიერებს, მაგრამ გრძნობს. იდეალურ შემთხვევაში, აზრთა მეორე ფენაც კი ჩნდება.
მაგრამ ეს ყველაფერი ქრება, როდესაც კინოსტუდია ათობით ათასი სინოპსისს (სცენარსაც კი არა) გაცხრილავს და თავად ირჩევს სასურველს, ირჩევს რეჟისორს, მსახიობებს, წერს სცენარის ასობით ვარიანტს, შემდეგ ტესტავს, მსჯელობს და ფოკუსჯგუფებთან მუშაობს.
ახლა კი სერიალების შესახებ
გახსოვთ, “კვანძის გახსნა” და მსგავსი ტერმინები რომ ვახსენე? სერიალებში კვანძის გახსნა შეიძლება საერთოდ არ იყოს. იმავე ზემოხსენებულ “ლოსთს” არც კულმინაცია ჰქონდა, და არც კვანძის გახსნა. თავგზაარეულმა სცენარისტებმა სიუჟეტის ბოლოს უბრალოდ “გვითხრეს”, რომ “ეს ყველაფერი უბრალო სიზმარი იყო”, და სერიალი ამით დასრულდა. იგივე ხდება სხვა პროექტების შემთხვევაშიც, რომლებიც მანამდე გრძელდება, ვიდრე მათი რეიტინგი არ დაეცემა. ასე რომ, თუკი ადრე ისტორიას დაძაბულობის მატება ახლდა, სერიალში ყველაფერი პირიქითაა.
გამოდის, რომ მასობრივი სერიალიცა და მასობრივი კინოც მასობრივი კულტურის ორასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბებულ კანონებს არღვევს.
მაგრამ რატომ ირჩევს მაყურებელი სერიალებს, და არა კინოს, თუკი ერთიცა და მეორეც წესების საწინააღმდეგოდ ვითარდება?
რატომ არის კამბერბეჩი ჰოლივუდის მსახიობებზე არანაკლებ პოპულარული?
ან რატომ არის შონ ბინი, რომელსაც ათობით ფილმში უთამაშია, ნედ სტარკი?
იმიტომ, რომ სერიალების გმირებს საკმარისი საეკრანო დრო აქვთ იმისათვის, რომ თავი შეგვაყვარონ – მთავარ და მეორეხარისხოვანი პერსონაჟებსაც. როგორც აღმოჩნდა, მაყურებელს პროცესი უფრო აინტერესებს, ვიდრე შედეგი, და საყვარელი გმირი ურჩევნია კულმინაციას და კვანძის გახსნას.
1994 წელს ჩვენ ფორესტ გამპს ვგულშემატკივრობდით, 1975 წელს – მაკ-მერფის, მაგრამ სრულიად არ გვაღელვებს, თუ რა ბედი ეწევა მაიკლ ბეის ფილმების ნებისმიერ გმირს. თუმცა, არ გვინდა, რომ კარლი მოკვდეს. ის გაიზარდა, ბევრი რამ გადაიტანა, შეიცვალა… ეს გზა ჩვენ მასთან ერთად გავიარეთ, და არ გვინდა მისი დაკარგვა.
გარეკანის ფოტო: forbes.com
გამოქვენდა: 02.07.2016