ტრანსგენდერი ქალი, რომელიც კოვიდ-კლინიკაში სანიტრად მუშაობს
გაბრიელა 29 წლის ტრანსგენდერი ქალია. აპრილში, ის თავის მეგობართან, მადონასთან ერთად თბილისის მერიასთან მივიდა და თავის დაწვა სცადა. მადონამ მოასწრო ბენზინის გადასხმა და ცეცხლის წაკიდება, ექიმებმა ის გადაარჩინეს. გაბრიელა კი, პოლიციამ შეაჩერა.
ამ რადიკალურ ზომამდე ტრანსგენდერი ქალები მას შემდეგ მივიდნენ, რაც კორონავირუსის გამო გამოცხადებული მკაცრი “ლოქდაუნის” შემდეგ ელემენტარული შემოსავლისა და ბინის გარეშე დარჩა.
მაშინ ამ ამბავს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. გაბრიელას სამსახური უშოვეს – სანიტრად ერთ-ერთ კლინიკაში.
ახლა ეს კლინიკა კოვიდ-ცენტრია და გაბრიელა დღე და ღამე კორონავირუსით ინფიცირებულ ავადმყოფებს უვლის.
JAMnews-ს ის უყვება თავის ახალ სამსახურზე.
გაბრიელა, 29 წლის, სანიტარი, ვივამედი, თბილისი
არავის დაუძალებია. ერთი თვის წინ მე თვითონ გამოვიჩინე ინიციატივა, რომ კოვიდინფიცირებულებთან შევსულიყავი. მანამდე სხვა სართულებზე ვმუშაობდი, მაგრამ რომ ვხედავდი, რა მძიმე მდგომარეობა იყო, გადავწყვიტე ექიმებს და ექთნებს დავხმარებოდი.
- “გაჩნდა იმედი, რომ ადამიანები შეიცვლებიან”. ქართველი ტრანსგენდერები სოლიდარობასა და სიძულვილზე
- “ერთი გოგო მთელი დღე იდგა და ტიროდა” – კოვიდ-კლინიკაში მომუშავე ექიმების და ექთნების მონოლოგები
- “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”
პერსონალი ცოტაა, პაციენტი ბევრი. ზოგი უჰაერობას უჩივის, ზოგს ყველაფერზე ნერვები ეშლება. ერთი გოგო მთელი დღე იდგა და ტიროდა. ვერ ვაჩერებდით. დანარჩენი პაციენტებიც დასტრესვა. ბოლოს ვუთხარი, აქ შენს გარდა ხუთი ადამიანი წევს და ამ ხალხს ნუ სტრესავ-მეთქი. ისედაც ეშინიათ პაციენტებს, არ იციან რა არის ეს კოვიდი და ნერვიულობენ.
ერთი ქალი იწვა ექვსკაციან პალატაში, საჭმელს მიწუნებდა სულ. ხან რა არ მოეწონებოდა, ხან რა. ვუხსნიდი, რომ მე არაფერ შუაში ვარ და რასაც მომცემენ, ის მომაქვს, მაგრამ მაინც მეჩხუბებოდა. ერთხელ, სამის მაგივრად, ორი ნაჭერი პური მოვიდა. როგორც კი დაინახა რომ ერთი აკლდა, მკითხა, მესამე ნაჭერი სად არისო. ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი, მორჩა არჩევნები და ახლა ორი ნაჭრის ჭამა მოგიწევთ-მეთქი.
მთელი პალატა იცინოდა. ის ქალიც იცინოდა. ახლა ანეკდოტად დადის ეს ამბავი მთელ სართულზე. რა ვქნა, ვცდილობ გავამხიარულო. სხვა რა შემიძლია?
ერთ პალატაში ძალიან მძიმე, ასაკოვანი პაციენტი გვყავდა. გვერდით შედარებით ახალგაზრდა ქალი ეწვა, მსუბუქი სიმპტომებით და სულ თავზე ედგა ხოლმე, როგორც შეეძლო, ისე უვლიდა.
ყველაზე მეტად ეკიპირების ჩაცმა-გახდა მიჭირს. ჯერ ხელთათმანებს ვიცმევ და მერე კომბინიზონს. შემდეგ ხელთათმანებს ვიცვლი და ბახილებს ვიცმევ. პარკებს მუხლამდე ვიხვევ და ვისკოჩავ. და ბოლოს სათვალე, პირბადე, ფარი, ქუდი… და ვიწყებ პალატებში სიარულს.
შევდივარ, საჭმელს ვარიგებ, ვასუფთავებ პალატას და გამოვდივარ. დღეში რამდენჯერმე მიწევს შესვლა. ჩემს სართულზე სანიტარი მარტო მე ვარ. ორი დღე-ღამე ვმუშაობ და მერე ორი დღე ვისვენებ. ჩემი პატარა ოთახი მაქვს და იქ ვიძინებ ცოტა ხნით.
ძალიან ვიღლები. ფეხზე ძლივს ვდგავარ ხოლმე, კლინიკიდან რომ გამოვდივარ, მაგრამ მაინც მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. ვიცი, რომ ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება, მას ვეხმარები და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
მიხარია, რომ სტერეოტიპი დავანგრიე. ტრანსგენდერი ქალი კლინიკაში ვმუშაობ და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ვუვლი.
ერთმა ბაბუამ მითხრა, შვილო, ამდენს რომ გვივლი, ხვალ ქუჩაში რომ გნახო ვერც კი გიცნობ ეკიპირების გარეშეო. გულში გამეღიმა და ვუპასუხე – არა უშავს ბაბუ, მთავარია შენ იყო კარგად.