ცხოვრება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - საბჭოთა დროიდან დღემდე
არცთუ შორეულ წარსულში მომხდარი მოვლენები
როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში საზღვრები არ არსებობდა. მართლაც, საბჭოთა კავშირში საზღვრები პირობითი იყო. ბუნებრივია, არსებობდა ადმინისტრაციული საზღვრები აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ მათი გადაკვეთისას პასპორტის წარდგენა საჭირო არ იყო. საზღვრებზე არც საკონტროლო გამშვები პუნქტები იყო. მხოლოდ აზერბაიჯანული და ქართული ასო-ნიშნები განიშნებდა ადამიანს, რომ საბჭოთა სომხეთში აღარ იმყოფებოდი.
აზერბაიჯანელები ადრეული ბავშვობიდან მახსოვს. პაპაჩემის ნაცნობი აზერბაიჯანელები ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ ხოლმე. რამდენიმე აზერბაიჯანელს მამაჩემიც იცნობდა. აზერბაიჯანელები (ძირითადად, ქალები) თითქმის ყოველდღე ჩვენი სოფლის გავლით ხილისა და ბოსტნეულის გასაყიდად ნოემბერიანის ბაზარში მიდიოდნენ. გასაყიდი საქონელი ვირებით დაჰქონდათ. უკანა გზაზე სახედრებს ჩვენი სოფლის პარკის ლითონის ღობეზე აბამდნენ და მაღაზიაში შედიოდნენ. ძირითადად, შაქრის თეთრი კუბების დიდ ნატეხებს ყიდულობდნენ ხოლმე.
1984 წლის გვიანი შემოდგომა იდგა. კრემლიდან ხალხი ჩამოვიდა, რომ ჩვენი და აზერბაიჯანული სოფლის გამყოფი საზღვარი დაედგინა. დოვეღი, ჩვენი სოფელი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და აზერბაიჯანულ სოფელ ქემერლის ესაზღვრება. დოვეღსა და ქემერლის 13 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს.
1984 წლის ოქტომბერში უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობები ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანელებმა დოვეღის ტყეებში მდებარე წყაროებიდან ქემერლიმდე წყლის არხი გაიყვანეს, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. სომხეთის ხელმძღვანელი, კარენ დემირჩიანი მოსკოვში აზერბაიჯანის ლიდერს, კიამრან ბაგიროვს შეხვდა. მხარეებმა გადაწყვიტეს, არხის საკითხი ადგილზე განეხილათ. სომხეთის მხრიდან პასუხისმგებელ პირად ვიცეპრემიერი ვლადიმირ მოვსისიანი დაინიშნა, აზერბაიჯანის მხრიდან კი – მისი აზერბაიჯანელი კოლეგა.
პრობლემის მოსაგვარებლად ისინი ინციდენტის ადგილას შეხვდნენ ერთმანეთს. ტყეებისა და წყაროების გამო მომხდარმა უთანხმოებებმა გამოიწვია შეტაკებები, და შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მოვსისიანი, დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა. საბჭოთა პრესა ამ შეტაკებების შესახებ არაფერს წერდა. მაგრამ ინფორმაცია ინციდენტის შესახებ მოსკოვამდე ჩავიდა. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, იგორ ლიგაჩოვმა მოვსისიანი მოსკოვში მიიწვია, რომ ამბავი დაწვრილებით მისგან შეეტყო. ამის შემდეგ სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ადგილი ბაგიროვმა მოინახულა.
სასაზღვრო ზოლზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დაზუსტების სამუშაოები ჩატარდა. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საზღვრები ბევრჯერ შეცვლილა. მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა სწორედ ამის იმედით გადაწყვიტა 1988 წლის თებერვალში, 75% სომხური მოსახლეობით დასახლებული ოლქის სომხეთისთვის მიერთებას მიმხრობოდა.
ყარაბაღის ომის შემდეგ
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირველი სერიოზული დაპირისპირება 1990 წელს მოხდა, როდესაც სომხურმა ძალებმა სომხეთში ერთგვარი პატარა კუნძულის სახით არსებულ რამდენიმე აზერბაიჯანულ დასახლებაზე დაამყარეს კონტროლი. იგულისხმება ქიარქინი (სომხეთისა და ნახიჭევანის საზღვარზე), იუხარი და აშაღი ასკიპარა, ბაგანის-აირუმი (ნოემბერიანი-ყაზახის უბანზე), ჰეირიმლი, სოფულუ, ყიზილხაჯილი და ბარხუდარლი (იჯევან-ყაზახის უბანზე).
1992 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა სომხური სოფელი არწვაშენი დაიკავეს, რომელიც აზერბაიჯანის ქედაბეკის რაიონის პატარა კუნძულად დარჩა. ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ ნოემბერიანის ტერიტორიები (სოფელ ბერეკამავანის სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი), იჯევანის (სოფელ ბერქაბერის კუთვნილი 800 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია) და ბერდის (სოფელ პარავაკარის 1400 ჰექტარი) ტერიტორიები რჩება.
პარავაკარი
ამდენად, საბჭოთა პერიოდის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარმა არსებითი ცვლილებები განიცადა; მეტიც, დღეს აზერბაიჯანული ძალები სომხეთის ტერიტორიის ნაწილს იკავებენ, სომხები კი პირიქით – იმ პოზიციებს აკონტროლებენ, რომლებსაც ოდესღაც აზერბაიჯანი ფლობდა.
1992-1994 წლებში ყარაბაღის ომის დროს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრები აღარ იცვლებოდა, თუმცა, 2,5-წლიანი სისხლიანი კონფლიქტის დროს მხარეები მძიმე ტექნიკის გამოყენებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გამყოფი ზოლის მთელ გაყოლებაზე სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ. ასე გრძელდება დღესაც. 1994 წლის შემდეგ ამ ქმედებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
ჩინარი: ცხოვრება სნაიპერის სამიზნედ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის მთელი ზოლი მოვიარე და ყველა საზღვრისპირა სოფელი მოვინახულე. სომხეთსა და აზერბაიჯანს სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანული სამკუთხედიდან სევანის ტბის აღმოსავლეთ ნაწილამდე 400 კილომეტრის სიგრძის სასაზღვრო ზოლი ყოფს. გარდა ამისა, რამდენიმე ასეული კილომეტრის სიგრძის სასაზღვრო ზოლი არსებობს სომხეთსა და ნახიჭევანს შორის. ეს უბანი მაღალმთიანი რელიეფით გამოირჩევა.
ერთხელ ჩინარიში ჩავედი. ეს სოფელი აზერბაიჯანის თოვუზის რაიონის სოფელ ასრიკ ჯირდახანს ესაზღვრება. ჩინარი ალბათ, ყველაზე სახიფათო სოფელია მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. მის ზემოთ სამხედრო პუნქტებია განლაგებული. ჩინარის საბავშვო ბაღში 5 წლის ალვინა გავიცანი.
ეს გოგონა მამამისის, ლევონის სიკვდილიდან ხუთი თვის შემდეგ დაიბადა. ლევონი 2008 წლის ზაფხულში სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ამდენად, 21 წლის ლევონმა თავისი ქალიშვილის ნახვა ვერ მოასწრო, ალვინამ კი – თავისი მამის. ლევონის ქვრივმა მითხრა: ‘ჩემმა ქალიშვილმა არ იცის, რას ნიშნავს ‘მამა’. როდესაც მამაჩემს მამას ვუწოდებ, ალვინა მეუბნება, ‘მამას’ ნუ ეძახი, პაპა დაუძახე, ის ხომ ჩვენი პაპააო. ვერ ხვდება, რას ნიშნავს მამა.’
საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მშობლები, რომლებმაც საკუთარ შვილებს მოაკითხეს, მიიჩნევენ, რომ ჩინარი ყველაზე სახიფათო სოფელია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. მოწინააღმდეგის თვალსაწიერში სოფლის თითქმის ყველა სახლი ხვდება. ამას გარდა, მტერი ჩინარის ქუჩებს, სკოლასა და საბავშვო ბაღსაც ხედავს. ორგანიზაცია Focus on Children-ის ინიციატივით, სკოლის, საბავშვო ბაღისა და სასაფლაოს გზების გაყოლებაზე 300 კანადური ვერხვი დარგეს. წლების შემდეგ ეს ხეები გაიზრდება და სნაიპერებს ხედს შეუზღუდავს.
ჩვენი საუბრის დროს ალვინამ და სხვა ბავშვებმა მოირბინეს. ალვინა ჩვენ გვერდით დადგა, პატარა ხელებით თმა შეისწორა და ლექსი წარმოთქვა. ლექსი მშვიდობას ეხებოდა, რომელიც ჩინარსა და სხვა სომხურ თუ აზერბაიჯანულ სოფლებში ვერაფრით დადგა.
ომისა და სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ, მთლიანობაში, ჩინარის 22 მშვიდობიანი მკვიდრია მოკლული.
ადამიანები, რომლებსაც მიწის დამუშავების შესაძლებლობა აქვთ შეზღუდული
2014 წლამდე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების დამუშავება შეიძლებოდა. თუმცა, 2014 წლამდეც ისროდნენ და შედეგად მშვიდობიანი, შრომისმოყვარე სომხები და აზერბაიჯანელები იხოცებოდნენ – ისე, როგორც ალვინას მამა. თუმცა, მოსავლის აღება და ოჯახის რჩენა მაინც შეიძლებოდა.
მეშვიდე საუკუნის ეკლესია ვოსკეპარში, რომელიც უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს
2014 წელს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა – სნაიპერული ომი დივერსანტული ომით შეიცვალა. ამჟამად სოფლის მოსახლეები საზღვრისპირა ნაკვეთებს აღარ ამუშავებენ, რადგან სასიკვდილო ჭრილობის მიღების რისკი ძალიან დიდია.
2014 წელს სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო ორი კანონი, რომლებიც უშუალოდ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე 30-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ადამიანებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს.
აღნიშნული კანონებიდან ერთ-ერთის თანახმად, ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური შეღავათები ეკუთვნის – კერძოდ კი ადგილობრივი მოსახლე მთლიანად გათავისუფლებულია მიწისა და ქონების გადასახადისგან და, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სარწყავი წლის გადასახადების მხოლოდ ნაწილს იხდიან.
მეორე კანონის მიხედვით, საზღვრისპირა ზონაში ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობა და წარმოების ორგანიზაცია მთლიანად თავისუფლდება გადასახადებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სომეხ მეწარმეს შეუძლია, რომ საზღვრისპირა ზონაში ახალი ბიზნესი წამოიწყოს, ან უკვე არსებული ბიზნესი ამ რეგიონში გადაიტანოს.
თუმცა, 2014 წლიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ამჟამად სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეიარაღების ისეთი სახეობები გამოიყენება, როგორსაც მხოლოდ 1991-1994 წლებში იყენებდნენ.
აპრილის ოთხდღიანი ომის დროს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებითი სიმშვიდე სუფევდა. 1994 წლის მაისის ზავის შემდეგ ამ საზღვარზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე – სომეხიც და აზერბაიჯანელიც – დაიღუპა, ან დაიჭრა.
ყველაზე მეტად მდგომარეობით, როდესაც ‘არც ომია, და არც მშვიდობა’ (ან ‘ომიცაა და მშვიდობაც’), საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები ზარალდებიან. მათ საკუთარი მიწების დამუშავება არ შეუძლიათ და ყოველ წამს ტყვიების მოლოდინის შიშში იმყოფებიან. მათი ცხოვრება არც ომია, და არც მშვიდობა.
პატარა ალვინასა და სხვა სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვების (იმ პატარების, რომლებმაც მამები დაკარგეს და მათი, ვისაც არ დაუკარგავს) მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
ეს ბავშვები ომის აჩრდილის ქვეშ იზრდებიან.
ჟურნალისტი თათულ აკოფიანი – სომხური კვლევის ცენტრ ‘ანისის’ კოორდინატორი, ფონდ ‘სივილიტასის’ ანალიტიკოსი, ავტორი წიგნებისა ‘მწვანე და შავი: არწახის დღიური’ და ‘მზერა არარატიდან: სომხები და თურქები’.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.
გამოქვეყნდა: 09.05.2016