პირველი საინფორმაციო
ყარაბაღთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში საინფორმაციო ფაქტორი თავიდანვე არსებობდა. პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდს ორივე მხარე იყენებოდა. თავიდან ეს ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა – ინსტინქტების დონეზე. მოგვიანებით, ომის შემდეგ, ინტერნეტის განვითარების ეპოქაში კიბერაქტივისტების პარტიზანული ჯგუფების შექმნა და განვითარება დაიწყო და ეს დაჯგუფებები ფორუმების ასპარეზზე მძვინვარე ომებს აჩაღებდნენ.
ტექნოლოგიური პროგრესი და კონფლიქტში სახელმწიფოს როლის გაძლიერება იქამდე მივიდა, რომ დღეს ორივე მხარეს აქვს საგანგებოდ სტრუქტურები, რომლებიც საინფორმაციო უსაფრთხოებას, პროპაგანდასა და კონტრპროპაგანდას მეურვეობს. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საინფორმაციო ომის სხვადასხვაგვარი მიდგომები გამოვლინდა.
აზერბაიჯანმა სახელისუფლებო ვერტიკალის შექმნა დაიწყო და პარტიზანული ჯგუფებმა თანდათან გაქრობა დაიწყეს. ქვეყნის მედიაარხები, ფაქტობრივად, მთლიანად მართული გახდა. შედეგად, მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული, ოპერატიული, უფრო საბჭოთა სისტემაზე ორიენტირებული სტრუქტურა შეიქმნა. სომხეთში ჰიბრიდული მოდელი არჩიეს, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედი სახელმწიფო სტრუქტურებისა და თავისუფალი ჯგუფების ერთიან ქსელში ინტეგრირების საშუალებას იძლევა.
სამხედრო მოქმედებების დაწყებისთანავე თითოეული მოდელის რაობა გამოვლინდა. აზერბაიჯანის ვერტიკალურმა მოდელმა დასაწყისშივე უმტყუნა თავის გამომგონებლებს. აზერბაიჯანის ძალების ოპერაციამ, რომელიც ‘ბლიცკრიგის’ ტიპის ომსა და ყარაბაღის თავდაცვითი პოზიციების სიღრმეში შეჭრას გულისხმობდა, კრახი განიცადა. ყარაბაღის უწყებების განცხადებების მიხედვით, უკვე დილით მთელ რიგ მიმართულებებზე სომეხმა სამხედროებმა კონტრიერიში წამოიწყეს და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას სერიოზული ზიანი მიაყენეს. საინფორმაციო სფეროში მკვეთრი დამუხრუჭება დაიწყო.
აზერბაიჯანული პრესა შუადღემდე საერთოდ არაფერს გადმოსცემდა. არადა, სომხეთი უკვე სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ იტყობინებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ვერტიკალურმა, განსაზღვრულმა დამოკიდებულებამ შეუშალა ხელი პრესას, რომ რაიმენაირად გაეშუქებინა არსებული მდგომარეობა. სამხედრო პირებმა კი არ იცოდნენ, თუ როგორ აღეწერათ ის, რაც პირველადი გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა.
თუმცა, დღის ბოლოს მხარეებმა სიტუაციას ალღო აუღეს და ნამდვილი საინფორმაციო ომი დაიწყეს. ფაქტობრივად, ორივე მხარე ყველა შესაძლო საინფორმაციო საშუალებას იყენებს. ორივე მხარე აწყობს კიბერთავდასხმებს. DDoS თავდასხმების გამო, სომხური და აზერბაიჯანული საინფორმაციო და ოფიციალური ვებგვერდები მუდმივად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს. ამ თავდასხმების ორგანიზებაში აზერბაიჯანის მხარეს ჰაკერების ერთი თურქული ჯგუფიც ეხმარებოდა.
პრესით პროპაგანდული მასალები ვრცელდება. რად ღირს, თუნდაც, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის მიერ ერევნელი კოლეგისადმი მიწერილი წერილი, რომელიც უამრავი ბავშვური შეცდომითაა ნაწერი და რომელიც, თითქოსადა დაზვერვამ მოიპოვა. თუმცა, შიდა მოხმარებისთვის სავსებით გამოსადეგია.
ყველაზე მწვავე ომი, ალბათ სოციალურ ქსელებშია გაჩაღებული, რადგან აქ თითქმის ყველაა გაერთიანებული. თითოეულს შეუძლია, საკუთარი შესაძლებლობებისა და თავისუფალი დროის შესაბამისი სათამაშო მოედანი იპოვოს. ყველაზე ცბიერები (რომლებიც, ალბათ, სპეცსამსახურებზე მუშაობენ) ცდილობენ, სომხური სახელებით მომხმარებლების ნდობა მოიპოვონ და გაარკვიონ, რა ხდება ერევანსა და სტეფანაკერტში. არის თუ არა პანიკა, სად მიემართება ჯარი და ა.შ. ან პანიკას თესავენ – ფრონტის ხაზზე მყოფ ახლობლებზე წერენ, რომლებმაც თავად ნახეს, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდა.
სხვები სტატიების ქვეშ კომენტარებს წერენ – კამათობენ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც თავად ავრცელებენ სტატიებს – საზღვარგარეთ უგზავნიან მეგობრებს. თუმცა ყველაზე დიდი ჯგუფს მაგინებლები შეადგენენ. იგინებიან, როგორც შეუძლიათ, რა ენაზეც შეუძლიათ. და თუ არ შეუძლიათ, ‘გუგლით’ თარგმნიან და მაინც იგინებიან.
ბრძოლაში საინფორმაციო საშუალებების გამოყენება ბოლო წლებში ყარაბაღის კონფლიქტის მუდმივი თანმდევი კომპონენტი იყო. თუმცა, ახლანდელმა საომარმა მოქმედებებმა ეს ყველაფერი ნამდვილ საინფორმაციო დაპირისპირებად გადააქცია, რამაც, შესაძლოა, ფრონტის მოვლენებზეც მოახდინოს გავლენა.
ორივე საზოგადოების ასეთი მასშტაბის საინფორმაციო დაპირისპირებაში ჩათრევა რაღაც ახალია და ეს ყველაფერი თავის შედეგს უდავოდ გამოიღებს.
მომავალში პოლიტიკოსებს იმის გათვალისწინება მოუწევთ, რომ მათი გავლენით, პრაქტიკულად, მთელი საზოგადოება ჩართულია აქტიურ საინფორმაციო დაპირისპირებაში; და ომის შემდეგ, ჯარისკაცებიგან განსხვავებით, რიგითი ადამიანების უკან, ყაზარმაში გახმობა გაჭირდება.
სტატიაში გამოთქმული აზრები და გამოთქმები, ასევე ტერმინოლოგია, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს
გამოქვეყნებულია 06.04.2016