საქართველოში აშშ-ის ჯარის განთავსების თხოვნით პომპეოს თავდაცვის ყოფილი მინისტრები და ექსპერტები მიმართავენ
საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორმოცდაათამდე ექსპერტი, სპეციალისტი და ყოფილი მაღალჩინოსანი წერილით მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს და სთხოვს საქართველოში აშშ-ს ჯარის მუდმივ განთავსებას, რათა საქართველო დაცული იყოს რუსული აგრესიისგან.
წერილს საქართველოს მთავრობის სხვა ყოფილი წევრებთან ერთად ხელს აწერენ თავდაცვის ყოფილი მინისტრები, თინა ხიდაშელი, დავით სიხარულიძე და ირაკლი ალასანია.
მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოდის. ის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და მთავრობის სხვა წევრებს უნდა შეხვდეს.
ექსპერტების მიერ ხელმოწერილ წერილში წერია, რომ აშშ-ის ლიდერობით შექმნილი ევრო-ატლანტიკური სისტემა არის ერთადერთი გარანტია მშვიდობიანი რეგიონის. დაცვა რეგიონს რუსეთისგან სჭირდება, აღნიშნავენ ექსპერტები.
“ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ადგილი გახდა. უსაფრთხოების რისკების უმეტესობა მომდინარეობს რუსეთის ამბიციისგან რომ აღადგინოს საბჭოთა პერიოდის “გავლენის სფეროები”, რომელსაც მოსკოვი განიხილავს, როგორც “ახლო საზღვარგარეთს”. ახლახან რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალების განთავსებით გააფართოვა მისი რეგიონულ-სამხედრო წარმომადგენლობა,” – წერია განცადებაში.
ექსპერტები აშშ-ს ჯარის განთავსების კონკრეტულ გეგმასაც სთავაზობენ:
“ამგვარი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს მოკავშირე ძალების (ევროკავშირი/აშშ) როტაციას, ასევე საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ამერიკელებისა და მოკავშირე ძალებისთვის შეუფერხებელი ოპერირება შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამავე დროს, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში აღმოფხვრის მყისიერ საფრთხეებს და საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოს წევრობასთან,” – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაზე ხელისმომწერები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მიესალმებიან აშშ-ის მონაწილეობას მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში.
__________________________________________
მაიკ პომპეო 13-23 ნოემბერს სულ შვიდ ქვეყანას ესტუმრება. საქართველოც მათ შორისაა. თბილისში იგი საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ ჩამოვა.
აშშ-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ დაძაბულ ვითარებას ემთხვევა – 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციები არ წყდება – ოპოზიცია არჩევნების შედეგევს არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო მდივანი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს “რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ”.
წერილის სრული ვერსია
ჩვენ, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები საქართველოდან, გულწრფელად მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში ამ ცხელ პერიოდში. ჩვენ გვაერთიანებს სურვილი, გაგიზიაროთ ხედვები საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის გაღრმავებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატები მთავარი მოკავშირეა. ასევე, გვჯერა საქართველოს წვლილის დასავლური ინტერესების განმტკიცებაში ევროპასა და მსოფლიოში. საქართველო არის ქვაკუთხედი ჩვენი მოკავშირეების წარმომადგენლობის აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორში, რაშიც აშშ-ის არაერთმა ადმინისტრაციამ ჩადო ინვესტიცია. ჩვენი ხედვით, ევრო-ატლანტიკური სისტემა აშშ-ის ლიდერობით არის ერთადერთი გარანტია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის.
ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ადგილი გახდა. უსაფრთხოების რისკების უმეტესობა მომდინარეობს რუსეთის ამბიციისგან რომ აღადგინოს საბჭოთა პერიოდის “გავლენის სფეროები”, რომელსაც მოსკოვი განიხილავს, როგორც “ახლო საზღვარგარეთს”. ახლახან რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალების განთავსებით გააფართოვა მისი რეგიონულ-სამხედრო წარმომადგენლობა.
დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან საქართველოს თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეები ცდილობდნენ, შეექმნათ ფუნქციური დემოკრატია. ამ პროექტში აშშ შეუცვლელ მოკავშირედ იქცა, რამაც საქართველო აქცია, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიტყვებით რომ ვთქვათ “მანათობელ ქალაქად გორაკზე”, რომელმაც გადალახა სახელმწიფოებრიობის მარცხი და წარმატებით შეებრძოლა კორუფციის საბჭოთა მემკვიდრეობას.
ქართველები აშშ-სთან მეგობრობას ცალმხრივად არ იღებენ. მათი 90%-ზე მეტი აფასებს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს ჯარისკაცები ამაყად მსახურობენ ამერიკულ მისიებში ერაყსა და ავღანეთში.ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გვჯერა, რომ აშშ-ს რეგიონალური და გლობალური ინტერესების გათვალისწინებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, მთავარი ნაბიჯები იქნება შემდეგი:
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მუდმივად განთავსება საქართველოში.
ამგვარი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს მოკავშირე ძალების (ევროკავშირი/აშშ) როტაციას, ასევე საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ამერიკელებისა და მოკავშირე ძალებისთვის შეუფერხებელი ოპერირება შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამავე დროს, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში აღმოფხვრის მყისიერ საფრთხეებს და საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოს წევრობასთან.
ამავე დროს, საქართველოს შესაძლებლობები შეიტანოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში კიდევ უფრო გაიზრდება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად.
ამ თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით აშშ-ს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში. მადლიერები ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და მდგრადი მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლასრულად ვუჭერთ მხარს საქართველო-აშშ-ის ალიანსის გაძლიერების პროცესს, მათ შორის, აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოშ, რაც საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას წაადგება,
განცხადებას ხელს აწერენ:
● ზვიად აძინბაია, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, LEADx Change-ის დამფუძნებელი
● ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დეკანი
● ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი ელჩი გაეროში
● ირინა არაბიძე, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მკვლევარი
● ფიქრია ასანიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი
● გიორგი ასტამაძე, კარლსრუეს უნივერსიტეტის დოქტორანტი
● ნატო ბაჩიაშვილი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი
● გიორგი ბადრიძე, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი (რონდელის ფონდი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
● ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
● ზაზა ბიბილაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე
● ლევან ბოძაშვილი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე
● ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი
● მიხეილ დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი
● ჯაბა დევდარიანი, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და სივილ.ჯი-ს დამფუძნებელი
● პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, ყოფილი ელჩი ავსტრიაში
● კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
● გიორგი გოგუაძე, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოცირებული პროფესორი
● თორნიკე გორდაძე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, პარიზის პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის პროფესორი
● გიორგი გვალია, ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი
● შოთა ღვინერია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში
● გია ჯაფარიძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსი მკვლევარი, პორტუგალიასა და კვიპროსზე ყოფილი მოვალეობათა შემსრულებელი
● თედო ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი აშშ-ში, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
● ნინო კალანდაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დირექტორი
● ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, დირექტორი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
● თინათინ ხიდაშელი, სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
● ბექა კობახიძე, ილიას უნივერსიტეტის საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
● ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თვმჯდომარის მოადგილე, ყოფილი ელჩი აშშ-ში
● ხათუნა ლაგაზიძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი, უშიშროების საბჭოს ყოფილი უფროსი მრჩეველი
● ეკატერინე მეტრეველი, საქართველოს სტრატეგიული და საერთშორისო კვლევების ფონდის (რონდელის ფონდი) პრეზიდენტი
● გრიგოლ მგალობლიშვილი, ყოფილი ელჩი ნატოში
● ხათუნა მშვიდობაძე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი
● გიორგი მუჩაიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი
● სოფიო პეტრიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი
● ალექსი პეტრიაშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში
● თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
● მირიან ფოფხაძე, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, გაეროში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი
● ირაკლი ფორჩხიძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტი
● დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი 2016-2018 წლებში
● გიორგი რუხაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი
● თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო საქმეთა პროფესორი
● დავით სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი აშშ-ში
● თორნიკე თურმანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთშორისო ურთიერთობათა პროფესორი
● გელა ვასაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის რეგიონული პროგრამის მენეჯერი
● თემურ იაკობაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში (2010-2013)