არჩევნები 2020: შედეგები და ტენდენციები. დავით ზურაბიშვილის თვალსაზრისი
2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, საბოლოო შედეგები არ გამოცხადებულა, 30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია, ამასობაში ოპოზიცია აპროტესტებს და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს, მაგრამ გარკვეულ შედეგებსა და ტენდენციებზე უკვე შეიძლება ლაპარაკი.
როგორ ჩატარდა არჩევნები
თავიდანვე ვიტყვი, რომ ცხადია ეს არ იყო სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.
ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერი გამოყენება, მოსყიდვები, დაშინებები, კრიმინალების დამკვირვებლებად და ამომრჩეველთა გასაკონტროლებლად გამწესება და ა. შ. უკვე კარგა ხანია ეროვნული არჩევნების თანამდევი თავისებურებებია და ამჯერადაც საკმაოდ იყო წარმოდგენილი.
•რას ურჩევენ ოპოზიციას ექსპერტები და პოლიტიკოსები
•ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ფოტორეპორტაჟი აქციიდან
•“არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო” – რას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლები
•აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თუმცა, ეს ის ჭირია, რომელსაც საარჩევნო პროცესში შესული ყველა პარტია იმთავითვე ითვალისწინებს. რაც ამ არჩევნებზე ხდებოდა, ვფიქრობ, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნოს.
ასევე არარეალურად მეჩვენება, რომ შედეგებით აღშფოთებული ხალხი, პოლიტიკური პრეფერენციის მიუხედავად, ქუჩებში მასობრივად გამოეფინოს, როგორც ეს ბელარუსში მოხდა.
ტენდენციებზე, რომლებიც არჩევნებმა გამოკვეთა
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა, ეს არჩევნებიც, რეალურად, პოლარიზებული არჩევნები გამოდგა.
“ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, შესაბამისად, 48 და 27 პროცენტი აიღეს. სხვა პარტიებმა კი ოთხ პროცენტამდეც ვერ ააღწიეს.
ამის მიზეზი, ჩემის აზრით, იყო არა იმდენად ის, რომ ხელისუფლების მთელი პოლიტიკური პროცესი ნაცებთან საღვთო ომს წარმოადგენს. მიზეზები უფრო სხვაა.
ერთი მიზეზი ის არის, რომ ქართველი ამომრჩეველი არაა მიჩვეული დივერსიფიცირებული და მულტიპარტიული არჩევანის გაკეთებას.
მისთვის არჩევნები ხელისუფლება-ოპოზიციის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. ამ ბრძოლაში კი ოპოზიცია, ჩვეულებრივ, ერთ აქტორად განიხილება, თუნდაც ფორმალურად ბევრი პარტია იყოს. ეს პოლიტიკური ტრადიცია, თუ შეძლება მას ასე დაერქვას, წლების განმავლობაში მკვიდრდებოდა. შეჩვეულის გადაჩვევა კი, მოგეხსენებათ, რთულია.
კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ყველა პროდასავლური პარტიის დღის წესრიგი “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის კორექტირებული ასლია, ხალხს კი ყოველთვის ორიგინალი ურჩევნია ასლს. მაგალითად, თუ “ნაცმოძრაობის” მთავარი დისკურსი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია, რომლის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ქვეყანაში დაიწყო უკუსვლა, დანარჩენი პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი ან ფაქტობრივად იმეორებს “ნაცმოძრაობის” ამ გზავნილს, ან არანაირად არ ეწინააღმდეგება მას და პრაქტიკულად არც გააჩნია საკუთარი, გამოკვეთილი დღის წესრიგი.
ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი იყო “გირჩი”, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო იდენტობა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი. ვფიქრობ, ამიტომაც მიაღწია წარმატებას ფინანსურად მასზე ძლიერ პარტიებთან შედარებით.
და ბოლოს, პოლარიზების ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ელექტორატი ერთგვარად მიეჩვია, რომ ოპოზიცია მოქმედებს ერთობლივად, ერთი გეგმით და ერთი მიზნის მისაღწევად, “ერთად ერთის წინააღმდეგ“.
ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიები ერთად აწყობდნენ აქციებს, ერთად იდგნენ ბრიფინგებზე, ერთად აპროტესტებენ და ა. შ. ამგვარ ერთობლივ ქმედებებს ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები (20 ივნისი, საარჩევნო ცვლილებების მოთხოვნა და ა. შ.)
ასეა თუ ისე, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მიეჩვია, რომ ოპოზიცია ერთი ბანაკია და ერთ საქმეს ემსახურება. ასეთ ვითარებაში კი, მთავარი აქტორის როლი ავტომატურად ენიჭება ამ ერთობის ყველაზე ძლიერ პარტიას. შესაბამისად, საპროტესტო ელექტორატის დიდი ნაწილიც სწორედ ამ ძლიერის გარშემო აკუმულირდა.
ამ ყველაფერმა ერთად კი განაპირობა ის, რომ საბოლოოდ არჩევანი ისევ ორ პოლუსს შორის გაკეთდა. ეს გარემოება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის საგულისხმო და ნიშანდობლივი უნდა იყოს სამომავლო საქმიანობის თვალსაზრისით.
ასევე, არჩევნებმა ცხადყო, რომ კვლავ კარგად მუშაობს ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი და “ნაციონალური მოძრაობის” მიუღებლობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.
გამოიკვეთა ისიც, რომ ახალი საარჩევნო სისტემა ხელისუფლებაზე აღარ მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც ძველი.
ახალი საარჩევნო სისტემის წყალობით ხელისუფლებას გაცილებით უფრო ცუდად აქვს საქმე, ვიდრე 2016 წელს, როდესაც ორი პროცენტით ნაკლები აიღო.
მაშინ ხელისუფლებამ მოიგო 73 მაჟორიტარული ოლქი (ძველ სისტემაში 150 მანდატიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 73 – მაჟორიტარულით აირჩეოდა. ახალი წესით 120/30-ზე_JAMnews) და უზრუნველყო საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ახლა, თუ ოპოზიცია ბოიკოტს არ გამოაცხადებს და პარლამენტში შევა, ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაშიც კი (რაც ძალიან საეჭვოა, თუ ოპოზიცია სერიოზულად იბრძოლებს მეორე ტურში), ხელისუფლების უპირატესობა ძალიან მყიფე იქნება.
რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის ბრძოლას
თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა მძიმე პოსტპანდემიური ვითარება გველის წინ, რა სოციალ-ეკონომიკური პრობლემები და იმასაც თუ ვიანგარიშებთ, რამდენად შესწევს უნარი “ქართულ ოცნებას” ამ პრობლემებს გაუმკლავდეს, მაშინ უმრავლესობის დაშლა და ოპოზიციური კოალიცია უკვე მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სრულიად რეალური პერსპექტივა შეიძლება გახდეს ყოველგვარი რევოლუციის გარეშე.
მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ჯერჯერობით არ აპირებს შეეგუოს შედეგებს და მასობრივი პროტესტით ცდილობს მიაღწიოს არჩევნების შედეგების გაუქმებას.
განიხილება საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის ვარიანტიც, რაც ჩემი აზრით, ღრმად არასწორი მიდგომაა.
პარლამენტში ხელისუფლებას, როგორც მოგახსენეთ, დიდი უპირატესობა არა აქვს და არც ექნება, ოპოზიციის პოლიტიკური კვალიფიკაცია კი აშკარად უფრო მაღალია და საპარლამენტო დარბაზში ისინი გაცილებით მეტს მოუგებენ ოცნებას, ვიდრე ქუჩის აქციებით.
აქვე დავძენ, რომ პარლამენტში შესვლა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ არ უნდა გააპროტესტონ არჩევნების შედეგები და არ უნდა ეცადონ უფრო ადეკვატური შედეგის მიღებას.
ოღონდ თუ პარლამენტში მარტო ოცნებას დატოვებ “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად, ამით მათ დიდ დისკომფორტს ვერ შეუქმნი, უფრო პირიქით.
____________________________________________________________________________
სტატიის ავტორია დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკური მიმომხილველი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი