„აზერბაიჯანი სომხებს კულტურულ ავტონომიას სთავაზობს და თან მათ ანადგურებს“ - სომეხი პოლიტოლოგი
2020 წლის 27 სექტემბერს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგი ესკალაცია დაიწყო. ოფიციალურად, ორივე მხრიდან, უკვე ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. არაოფიციალურად – გაცილებით მეტი. მხარეებმა უკვე ორჯერ მოაწერეს ხელი ზავს და ის ორივეჯერ მაშინვე დაირღვა.
ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტში არ არიან ჩართული, ცდილობენ, გაიგონ, რა ხდება და არა მხოლოდ ახლა. უცხოელი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ცდილობენ, გაიგონ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ყარაბაღის პირველი ომის დასრულების შემდეგ, რატომ არ წავიდა სომხური მხარე დათმობებზე, აცნობიერებდა რა მოწინააღმდეგის მატერიალურ-ტექნიკურ უპირატესობას. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რაიმეს დათმობა და არ იქნებოდა ე.წ. ყარაბაღის მეორე ომი.
სომხური მხარის შეხედულება, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტოლოგ ალექსანდრ ისკანდერიანის მოსაზრება ყარაბაღის ომის, მისი გარდაუვალობისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძალთა ბალანსის შესახებ, რატომ არიან შუამავლები უძლურები და რას ნიშნავს გამარჯვება კონფლიქტის თითოეული მხარისთვის.
ომი გარდაუვალია
აზერბაიჯანი ამ ომისთვის, დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში ემზადებოდა, მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი გაიზარდა და ემზადებოდა ყურადღებით.
რა თქმა უნდა, სომხებიც ელოდნენ ომს, მისი მასშტაბების შეფასება იყო განსხვავებული, მაგრამ ომისთვის მასირებული მზადების არდანახვა შეუძლებელი იყო.
მხარეების შესაძლებლობები ასიმეტრიული იყო. ნავთობზე მაღალი ფასები აზერბაიჯანს განუსაზღვრელი რაოდენობით შეიარაღების ყიდვის შესაძლებლობას აძლევდა. მხოლოდ ისრაელიდან შეიძინეს მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა.
აზერბაიჯანი ყიდულობდა უპილოტო თვითმფრინავებს, ამზადებდა პერსონალს, ამზადებდა სპეცრაზმელებს, ყიდულობდა ავიაციასა და არტილერიას, ამუშავებდა საბრძოლო მოქმედებების გეგმებს, ქმნიდა თურქულ სამხედრო მანქანასთან ურთიერთქმედების ფორმატებს და ა.შ. ამ ყველაფრის რამდენიმე წელიწადში გაკეთება შეუძლებელია.
საუბარი იმის შესახებ, რომ რაიმე განცხადება ან გამონათქვამი, ან ადამიანური ფაქტორი გახდა ომის მიზეზი, არასერიოზულია. ომისათვის მზადება და დაგეგმვა დაიწყო მაშინ, როდესაც არც ფაშინიანი და არც ილჰამ ალიევი არ იყვნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები. ომის მიზეზია – ნავთობის მაღალი ფასები და არა ადამიანური ან რაიმე სახის განცხადება.
თუმცა, 1990-იანებში, როდესაც პირველი ომი დაიწყო, ყარაბაღი მოწყვეტილი იყო სომხეთისგან, არ იყო საერთო საზღვარი, არ იყო გზა. ტვირთის, მათ შორის შეიარაღების ჩატანა შეიძლებოდა მხოლოდ ავიაციის საშუალებით – ვერტმფრენებით, რომლებიც პრინციპში ასევე არ იყო.
ძალიან რთული ჰუმანიტარული ვითარება იყო. აზერბაიჯანიდან დევნილების პრობლემა ძალიან აქტუალური იყო, როგორც სომხეთში, ისე ყარაბაღში, ქვეყანაში ყოველი მეათე ადამიანი დევნილი იყო. პლუს ამას, 1988 წელს მოხდა სპიტაკის ძლიერი მიწისძვრა, რამაც ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების ბალანსი 90-იანებშიც ასევე ძლიერ განსხვავდებოდა. ბიშკეკის შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანსა და სომხეთს, როგორც სსრკ-ის სხვა ყოფილ სახელმწიფოებს, კავშირის დაშლის შემდეგ, დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა უნდა დარჩენოდა. თუმცა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფაქტობრივად უფრო მეტი იარაღი იყო, ვიდრე სომხეთში, მით უფრო, ყარაბაღში. ის იქვე დარჩა – შეიარაღება და ადამიანური რესურსები ასიმეტრიული იყო.
და მაინც, მოხერხდა ომის შეჩერება, ხელი მოეწერა ზავის შესახებ შეთანხმებას.
ყარაბაღელებიც მშვიდობიანი ხალხია, მათი დაბომბვაც არ შეიძლება
ბუნებრივია, მიმდინარეობს პროპაგანდისტული ომიც. როგორც აბსურდის თეატრში, შეიძლება მოისმინოთ და წაიკითხოთ კიდეც, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა შეიძლება – მეტ-ნაკლებად – დამოკიდებულია სტატუსზე, რომელშიც ის ცხოვრობს – ბომბდამშენის აზრით.
სტეპანაკერტი საბრძოლო მოქმედებებიდან, დაახლოებით, 50 კილომეტრში მდებარეობს, განჯაც, დაახლოებით, იმავე მანძილზეა. განჯაში სამხედრო ობიექტებია განთავსებული, მაგალითად, აეროპორტი, რომელზეც ბაზირებული იყო F-16 და, მაგალითად, ქალაქ შუშის ტერიტორიაზეც, სამხედრო ობიექტები საერთოდ არ არის.
ჟენევის კონვენციის თანახმად, საერთოდ არ შეიძლება მოსახლეობის დაბომბვა. ყველანაირი ჟურნალისტური და არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს სცდება საუბარი იმაზე, რომ სტეპანაკერტის დაბომბვა შეიძლება, რადგან მისი მცხოვრებლები ამას მიჩვეულები არიან. პირველ რიგში, 1994 წლიდან მოყოლებული, სტეპანაკერტს არავინ ბომბავდა, ისევე, როგორც განჯას, ასე რომ, როგორც მინიმუმ, ახალგაზრდა სტეპანაკერტელები ვერ გამოიმუშავებდნენ ასეთ ჩვევას. მეორეც, რატომ არის სრულიად „სხვა რამ“ იმათი დაბომბვა, ვინც მიჩვეულია? რასიზმზე ალუზიები თავისით მოდის. (აქ ისკანდერიანი რეაგირებას ახდენს გამოცემა „კომერსანტის“ კორესპონდენტის, კირილ კრივოშეევის მოსაზრებაზე: „ერთი საქმეა – დაბომბო ქალაქი, სადაც ომს ძირითადად მიჩვეულები არიან და სრულიად სხვა რამეა – ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრში მდებარე საცხოვრებელი კვარტალების დაბომბვა, სადაც ომი მხოლოდ ტელევიზორში აქვთ ნანახი“).
ამ ომში იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა, ძირითადად, აზერბაიჯანელების მიერ, იმიტომ რომ სტეპანაკერტში, მარდაკერტში, ჰადრუთში, მარტუნსა და ა.შ. მშვიდობიანი ადამიანები ცხოვრობენ. და იმის გამო, რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობაა – ყარაბაღელები ამით მეომრები არ ხდებიან.
აზერბაიჯანი უარს ამბობს კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე
კონფლიქტის ოფიციალური მხარეები განსხვავებულად პოზიციონირებდნენ ომამდეც, მოლაპარაკებების დროს. მაგალითად, სომხეთი თავიდანვე თანახმა იყო კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე. მოლაპარაკებები მიდიოდა მადრიდის პრინციპების გარშემო, რომლიც იდეაც კომპრომისზეა დამყარებული.
ის მდგომარეობს იმაში, რომ ტერიტორიის სტატუსი ორ ნაწილად იყოფა:
• ამ ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს, მეორე ნაწილი – არა,
• და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ ბრუნდება, აზერბაიჯანი აღიარებს პლებისციტის შედეგებს.
ის, რასაც ყოველთვის გვთავაზობდნენ აზერბაიჯანელები – მაშინაც და ახლაც, არანაირი კომპრომისი არ არის. ისინი კომპრომისს იმ ვითარების დაბრუნებას უწოდებდნენ, რომელიც 1988 წლამდე იყო – ავტონომია აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ეს სწორედ ის სიტუაციაა, რომელმაც კონფლიქტი გამოიწვია და ამას შემდეგ ომი მოჰყვა.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანმა თავის დროზე, თავად გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომია. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის თვალსაზრისით, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული აღარ არსებობს.
1991 წლის 26 ნოემბერს, აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭო კონფლიქტის კარდინარული გადაწყვეტის ვარიანტით გამოვიდა. მან მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმა და მის დედაქალაქ სტეპანაკერტს სახელად ხანქენდი დაარქვა.
შედარებისთვის, საქართველოს თვალსაზრისით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა არსებობს და ისინი მზად არიან, ის შესთავაზონ, თუკი აფხაზები დათანხმდებიან ამაზე. აზერბაიჯანის თვალსაზრისით, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს და ამ ტერიტორიაზე, უბრალოდ, რაღაც რაიონებია.
თუკი აზერბაიჯანი მართლაც მზად იყო ყარაბაღისთვის ფართო ავტონომიის მისანიჭებლად, ვინ უშლიდა ამ ავტონომიის კონსტიტუციაში შეტანას? ვინ უშლიდა განემარტათ, ეს რას ნიშნავს, რა უფლებამოსილება შეიძლება ჰქონდეთ? აქედან არაფერი გაკეთებულა.
აზერბაიჯანის პოზიცია ყოველთვის უკომპრომისო იყო და ეს პოზიცია ბოლოს ნათლად გამოჩნდა ყაზანში, 2011 წელს, როდესაც მან უარი თქვა კონფლიქტის კომპრომისულ გადაწყვეტაზე.
ყაზანის შემდეგ, სერიოზული არსებითი მოლაპარაკებები არ ყოფილა. ლაპარაკობდნენ არა უშუალოდ კონფლიქტის დარეგულირებაზე, არამედ იმის შესახებ, როგორ უნდა იცხოვრონ კონფლიქტში: უსაფრთხოების ზომებზე, საზღვარზე ინციდენტების შემცირებასა და მათ გამოძიებაზე. მხარეები დაკავებული იყვნენ არა კონფლიქტის დარეგულირებით, არამედ კონფლიქტის მართვით.
შუამავლები უძლურები არიან აზერბაიჯანისა და თურქეთის ამბიციების გამო
გასაკვირი არ არის, რომ შუამავლები ომის შეჩერებას ვერ ახერხებენ. მათ ეს არ გამოსდით, რადგან აზერბაიჯანსა და თურქეთს არანაირი მოტივაცია არ გააჩნიათ, მათ პრობლემის ომის გზით გადაწყვეტა სურთ.
1990-იან წლებში ომი შეჩერდა, რადგან ამოიწურა. ერთმა მხარემ სასურველ საზღვრებს მიაღწია, მეორეს – ომის ძალა აღარ ჰქონდა.
პირველ პერიოდში, კი უესტის მოლაპარაკებებამდე, ფიქრობდნენ, რომ პრობლემის გადაწყვეტა დათმობით შეიძლებოდა და თავიდანვე, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ რაიონებს „უსაფრთხოების ზონა“ უწოდეს. მაგრამ ეს არ გამოვიდა თავად აზერბაიჯანის სურვილის არარსებობის გამო და ეს ტერიტორია საბოლოოდ მართლაც ცარიელი უსაფრთხოების ზონა გახდა.
შემდეგ, აზერბაიჯანმა ომისთვის მზადება დაიწყო, თანაც, ალიევი ამის შესახებ სრულიად ღიად ლაპარაკობდა და თანათავმჯდომარეები ყოველთვის აწყდებოდნენ აზერბაიჯანის მხრიდან საკითხის კომპრომისის გზით გადაწყვეტის სურვილის არარსებობას. ამის გამო გამკაცრდა სომხური პოზიციებიც.
აზერბაიჯანში ხშირად ახსენებენ გაეროს რეზოლუციებს, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღეს. გაეროს რეზოლუციებში საუბარია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე და მას არ ასრულებს თავად აზერბაიჯანი ამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან.
კონფლიქტის გადაწყვეტის ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატის მთავარი პრინციპი – ეს არის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.
საუბარი სომხებისა და აზერბაიჯანელების ერთობლივი ცხოვრების შესახებ რთულია სწორედ ომისა და ძალადობის გამო, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ყარაბაღში, აზერბაიჯანული ეროვნების ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. მოსახლეობის ოფიციალური აღწერის შედეგად, ისინი ათზე ნაკლები არიან. ომი და ეთნიკური ზიზღის პროპაგანდა აზერბაიჯანში, ძალიან ზღუდავს ერთობლივი ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებლობას.
კულტურული ავტონომიის შეუმდგარი წინადადების შესახებ
მთიანი ყარაბაღი მეორე ომამდე, საკმაოდ კარგად განვითარდა, პირველი ომის შემდეგ, მოსახლეობა გაიზარდა. ქვეყანა, ფაქტობრივად, სრულად დაინგრა 90-იანების დასაწყისში. ამის შემდეგ, ის აქტიურად შენდებოდა, იგებოდა ინფრასტრუქტურა, მოსახლეობა მუშაობდა, სოფლის მეურნეობა ვითარდებოდა, შენდებოდა ქარხნები, ფაბრიკები, ელექტროსადგურები, სახლები.
აზერბაიჯანის აგიტაცია-პროპაგანდის თანახმად, აზერბაიჯანი იბრძვის იმისათვის, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, რომელშიც იცხოვრებს მისივე სომხური ეროვნების მოსახლეობა და ექნებათ იქ კულტურული ავტონომია.
რას ვხედავთ სინამდვილეში? როდესაც აზერბაიჯანის არმია იკავებს სომხურ სოფლებს, ისინი იწვის და ინგრევა. რატომ უნდა მოკლა საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა და დაწვა საკუთარი სოფლები? იმ ადამიანების, რომლებმაც შემდეგ კულტურული ავტონომიით უნდა გაიხარონ იმავე დანგრეულ სოფლებში?
გამარჯვების მნიშვნელობა კონფლიქტის მხარეებისთვის
ყარაბაღი იბრძვის, მათ შორის, თურქეთთან. ყარაბაღის კონფლიქტში თურქული ფაქტორი ყოველთვის არსებობდა. თურქეთი, ამა თუ იმ ფორმით, ყოველთვის აზერბაიჯანის მხარეს იყო, მაგრამ ისე ღიად, ისე გამოკვეთილად და დემონსტრაციულად, როგორც ახლა, კონფლიქტში არასოდეს მონაწილეობდა.
ახლა, ის ფაქტობრივად მონაწილეობს კონფლიქტში ძალიან მრავალმხრივ – დაგეგმვიდან – შეიარაღებამდე და ხანდახან, პირდაპირ ოპერაციების მართვით.
არცახისთვის (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება) – ეს მართლაც ეგზისტენციალური ომია. მათ შორის, აზერბაიჯანის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების შეჩერება მშვიდობას ნიშნავს, ყარაბაღის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების შეჩერება კი – საკუთარი განადგურების, გენოციდის უფლების მიცემას.
ყარაბაღელებისთვის ამ ომში გამარჯვება არ არის ქალაქ ბაქოს ან რომელიმე სხვა ქალაქის დაპყრობა. მათ გაძლება, გადარჩენა და საკუთარ სახლებში ცხოვრების შენარჩუნების შესაძლებლობა უნდათ.